Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამარჯვების დღე“ პანდემიის ფონზე


სამხედრო აღლუმი მოსკოვში
სამხედრო აღლუმი მოსკოვში

24 ივნისს მოსკოვში ჩატარდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვე-ნახევრით გადადებული სამხედრო აღლუმი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური დათვალიერება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი განიხილავს როგორც მოსახლეობის კონსოლიდაციის შესაძლებლობას მოახლოებული საყოველთაო კენჭისყრის წინ.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გამარჯვების დღის აღსანიშნავად კრემლი არ მოერიდა საკმაოდ დიდ ხარჯებს. ალექსეი ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის შეფასებით, 24 ივნისის პომპეზური სამხედრო აღლუმის ორგანიზება რუსეთის ბიუჯეტს მხოლოდ მოსკოვში, სულ მცირე, 1 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

სამხედრო ძალის ტოტალური დემონსტრირება

სამხედრო შოუს ელემენტები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყნის სახელმწიფო დღესასწაულებს ახლავს თან, მაგრამ ყველა სახეობის ჯარებისა და მძიმე ტექინიკის ტოტალური დემონსტრირება ერთბაშად რამდენიმე ლოკაციაზე მხოლოდ პუტინის რუსეთისთვის არის დამახასიათებელი.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა სერიოზული კორექტივი შეიტანა 9 მაისისთვის დაგეგმილ „გამარჯვების ზეიმში“, 24 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმი პომპეზური გამოსულიყო.

მოსკოვში, წითელ მოედანზე, გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა 14 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა, 75 თვითმფრინავი და შვეულმფრენი.

სამხედრო აღლუმი მოსკოვში
სამხედრო აღლუმი მოსკოვში

ოფიციალური ინფორმაციით, 24 ივნისის აღლუმი მასშტაბით აღემატებოდა ყველა ადრინდელს და, მთლიანობაში, საათ-ნახევარი გრძელდებოდა.

აღლუმი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ჩაიბარა. საზეიმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მინისტრმა სამხედროებს მიულოცა დღესასწაული და შემდეგ გაბმული „ვაშას“ ფონზე ადგილი ლენინის მავზოლეუმის წინ, რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა სახელმწიფოთა ლიდერების გვერდით, დაიკავა.

ბოლო დროის ტენდენციის თანახმად, რუსეთის ლიდერმა თავის საზეიმო სიტყვაში კვლავ სავალდებულოდ მიიჩნია იმის ხაზგასმა, რომ საჭიროა „დიდი სამამულო ომის შესახებ ჭეშმარიტი სიმართლის“ დაცვა და ყოველთვის გახსენება, რომ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის „ძირითადი სიმძიმე“ საბჭოთა ხალხმა და მისმა წითელმა არმიამ იტვირთა.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„მის ჯარისკაცებს არ სჭირდებოდათ ომები, არც სხვა ქვეყნები, არც დიდება, არც პატივი. მათ სურდათ მტრის განადგურება, გამარჯვება და სახლში დაბრუნება. და მათ ევროპის გათავისუფლებისათვის გადაიხადეს აუნაზღაურებელი ფასი: მრავალი ასეულათასი ჯარისკაცი დაეცა უცხოეთის მიწაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის საიტის ცნობით, რუსი სამხედროების მხარდამხარ აღლუმში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ჩინეთის, მოლდოვის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და სერბეთის ქვედანაყოფებმა. სერბული დანაყოფი წელს პირველად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ აღლუმში, რაზეც ბევრჯერ გააკეთა აქცენტი 24 ივნისს რუსეთის ოფიციოზმა.

ეროვნული სამხედრო ქვედანაყოფებისგან განსხვავებით, ორჯერ ნაკლები იყო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების რაოდენობა.

კორონავირუსის გამო მოსკოვში ჩასვლაზე უარი განაცხადეს აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა.

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის, მოსკოვში ჩაუსვლელობის მიზეზად პრეზიდენტის თვითმფრინავის გაფუჭება დასახელდა.

საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ყირგიზეთის პრეზიდენტის ამბავი. სოორანბაი ჟეენბეკოვი დელეგაციასთან ერთად, მართალია, მოსკოვში ჩაფრინდა, მაგრამ წითელ მოედნამდე მისვლა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ყირგიზეთის ლიდერის დაცვის წევრსა და აპარატის თანამშრომელს შემოწმების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.

აღსანიშნავია, რომ, რუსეთში ჯერ კიდევ მძვინვარე კორონავირუსის მიუხედავად, სამხედრო აღლუმზე მიპატიჟებულ მაღალ სტუმართაგან არავის ეკეთა პირბადე.

ოფიციალური და საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა COVID19-ის ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით.

ეპიდემიის განმავლობაში დაინფიცირდა 606 881 ადამიანი, 8 513 პაციენტი გარდაიცვალა, 368 822 განიკურნა.

კორონავირუსი გადაიტანა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა. რუსეთის მთავრობაში კორონავირუსის ინფექცია შეხვდა ასევე მშენებლობისა და კულტურისა მინისტრებს. კორონავირუსი დაუდგინდა პუტინის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს, და დუმის რამდენიმე დეპუტატს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, ქალაქელებს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ და აღლუმისთვის თვალი ტელევიზორით მიედევნებინათ.

24 ივნისს მავზოლეუმის წინ ვლადიმირ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს თვალს ადევნებდნენ ბელარუსის, მოლდოვის, სერბეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები.

გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერების გარდა, მოსკოვში ჩავიდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი.

სამაგიეროდ, რუსეთში არ ჩასულან „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ლიდერები. რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის დროს ანტიჰიტლერული კოალიციის ორ წევრს, საბჭოთა კავშირის ორ მოკავშირე ქვეყანას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, 24 ივნისის აღლუმს მხოლოდ ამ ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ.

თავის საზეიმო სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა იმ ქვეყნების დამსახურებაც, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს პლანეტაზე მშვდობის დაცვის საქმეში.

„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენი მოკავშირეების წვლილს გამარჯვების მოტანაში, 1944 წლის ივნისში გახსნილი მეორე ფრონტის მნიშვნელობას. პატივს მივაგებთ ანტიჰიტლერული კოალიციის ყველა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, გმირობას ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა მეომრისა, რომლებიც უშიშრად მოქმედებდნენ ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

15 წლის წინ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-60 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში მრავალი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა, მათ შორის აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე.

5 წლის წინ, 70-ე წლისთავზე, მოსკოვში დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აღარ ჩასულან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების შეიარაღებული ამბოხის გამო. 2015 წელს გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრნენ გაეროს გენერალური მდივანი, ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები და დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის ყველა პრეზიდენტი, გარდა, ცხადია, უკრაინისა.

„პუტინის მიღწევათა გამოფენა“

ზუსტად ერთ კვირაში რუსეთში გაიმართება რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საპრეზიდენტო ვადის „განულებას“, რათა პუტინს 2024 წლის შემდეგაც მიეცეს შესაძლებლობა პრეზიდენტად კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ, გასული კვირის ბოლოს მან არაორაზროვნად ილაპარაკა იმ საფრთხეზე, რაც სახელისუფლებო ვერტიკალს ემუქრება, თუ იგი 2024-ის შემდეგ დაასრულებს საპრეზიდენტო საქმიანობას.

„გეტყვით აბსოლუტურად გულწრფელად: თუ ასე არ მოხდა, ორი წლის შემდეგ, მე ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ნორმალური, რიტმული მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლების ძალიან ბევრ დონეზე დაიწყება თვალების ცეცება შესაძლო მემკვიდრეების მოსაძებნად. მუშაობაა საჭირო და არა მემკვიდრეების ძებნა!“, - განაცხადა 21 ივნისს ვლადიმირ პუტინმა, ცნობილ პროპაგანდისტულ პროექტზე - „რუსეთი.კრემლი.პუტინი“ - საუბრისას.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ რა შედეგით დასრულდება 1 ივლისს გამართული კენჭისყრა.

„ლევადა-ცენტრის“ მიერ 11-17 ივნისს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახად, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატისა და პირადად ვლადიმირ პუტინის მოწონებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის მოქალაქეთა 25 % უჭერს მხარს, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ალტერნატიულ პროექტებს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საპრეზიდენტო შესწორებათა პაკეტის მომხრეები იმათზე უფრო ნაკლები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც სურს მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო საბჭოსა (ОКС) და პარტია „იაბლოკოს“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„თავისუფალი ადამიანების კონსტიტუციის“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ პროექტს მხარს უჭერს გამოკითხულთა 28 %. „ლევადა-ცენტრის“ თანახმად, 26 % არც ერთ პროექტს არ ემხრობა.

ამგვარად, 1 ივლისისათვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ კრემლს სჭირდება პოზიტიური ამბები, საჭიროა პოზიტიური საინფორმაციო ფონი, ხოლო 24 ივნისს მოსკოვსა და რუსეთის კიდევ 27 ქალაქში გამართული სამხედრო აღლუმები, ექსპერტების აზრით, კრემლისთვის ამ ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობას წარმოადგენს.

„ჩემი აზრით, ეს აღლუმი ვლადიმირ პუტინის მიღწევათა გამოფენაა. ეს არის ადამიანებში თვითშეფასების, პატრიოტული გრძნობების, სამშობლოთი სიამაყის მომატების, მათი სოციალური ოპტიმიზმის ამაღლების ინსტრუმენტი. ამით ხალხს თითქოს ეუბნებიან: „რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ომისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსმა პოლიტოლოგმა, კონსტანტინ კალაჩოვმა.

ანტიკორუფციონერი ბლოგერის, ალექსეი ნავალნის, კორუფიციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა აღლუმის დაწყების წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, მხოლოდ მოსკოვში სამხედრო აღლუმისა და სხვა ღონისძიებების, მათ შორის სტუმრების დახვედრა-გაცილებისა და საზეიმო ბანკეტის ორგანიზება რუსეთის ბიუჯეტს, სულ მცირე, ერთი მილიარდი რუბლი დაუჯდა.

ეს თანხები, ცხადია, ბევრად უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 24 ივნისს სამხედრო აღლუმი გაიმართა რუსეთის 24 ქალაქში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში - ქერჩში, სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG