Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯვების მოკრძალებული აღლუმი მოსკოვში, ევროპის დღე კიევში - ვის რა აკავშირებს 9 მაისთან


2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში.
2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში.

9 მაისის სამხედრო აღლუმის სცენარში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, უცვლელია რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკა „დასავლეთის გლობალისტური ელიტის“ მისამართით, რომელსაც რუსეთის ლიდერი უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის მთავარ მიზეზად მიიჩნევს.

„გადაჭარბებული ამბიციები, ქედმაღლობა და დაუსჯელობა აუცილებლად მთავრდება ტრაგედიებით. ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების და მის საფუძველზე დასავლელი პატრონების მიერ ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმის მძევალი, მათი სასტიკი, ანგარებიანი გეგმების განხორციელების მსხვერპლი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 78 წლის წინ ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ უჩვეულოდ მოკრძალებულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პუტინისგან განსხვავებით, უკრაინას ევროპული ერთიანობისა და მშვიდობის დღის აღსანიშნავად დღეს ყველაზე შესაფერისი ადგილი უწოდა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტი 9 მაისს უკრაინაში ჩავიდა, რათა უკრაინელ ხალხთან ერთად ეზეიმა „ევროპის დღე“.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს პუტინის სამხედრო მანქანა.

„მათ დაავიწყდათ, თუ რით დასრულდა ნაცისტების გიჟური პრეტენზიები“

მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, დილის 4 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, ასევე სარაკეტო შეტევა განახორციელეს სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრინავ ტუ-95-ით.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, რომელიც დასავლეთის ქვეყნების დახმარებით ერთი წლის განმავლობაში სერიოზულად გაძლიერდა, - მოწინააღმდეგის ყველა რაკეტა ჰაერშივე გაანადგურა.

თუმცა ამ იერიშმა აჩვენა, თუ რა ფასი აქვს იმ სიტყვებს, რომელიც მოგვიანებით ვლადიმირ პუტინმა 9 მაისის საზეიმო სამხედრო აღლუმზე წარმოთქვა.

„ჩვენთვის, რუსეთისთვის, არ არსებობს არამეგობრული, მტრული ხალხები არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში. პლანეტის ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ჩვენ გვინდა დავინახოთ მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

ამ „მშვიდობიან და სტაბილურ მომავალში“ პუტინი ვერ ხედავს უკრაინის ხელისუფლებას და მისი მხარდამჭერი კოლექტიური დასავლეთის ადგილს. მან „დასავლეთის გლობალისტური ელიტები“ დაადანაშაულა „სისხლიანი კონფლიქტების და გადატრიალებების პროვოცირებაში“, „სიძულვილის დათესვაში“, „რუსოფობიასა და აგრესიულ ნაციონალიზმში“ და განადგურებაში „ოჯახური, ტრადიციული ფასეულობების, რომლებიც ადამიანს ადამიანად ხდის“.

აღლუმის წინ ამ ტალღაზე მომართულმა რუსეთის ლიდერმა რუსეთის მტრებს ნაცისტური რეჟიმის ხვედრი შეახსენა.

„მათ დაავიწყდათ, თუ რით დასრულდა მსოფლიო ბატონობის შესახებ ნაცისტების გიჟური პრეტენზიები. მათ დაავიწყდათ, ვინ დაამარცხა ეს ამაზრზენი, ტოტალური ბოროტება, ვინ აღიმართა კედლად მშობლიური მიწის დასაცავად და სიცოცხლე არ დაიშურა ევროპის ხალხთა განთავისუფლებისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, დასავლეთს სურს რუსეთის დაშლა და განადგურება და გლობალური უსაფრთხოების სისტემის და საერთაშორისო სამართლის საბოლოოდ დანგრევა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებითვე, უზომო ამბიციები და ქედმაღლობა ყოველთვის იწვევს ტრაგედიებს და „სწორედ ეს არის მიზეზი კატასტროფის, რომელსაც დღეს განიცდის უკრაინელი ხალხი“.

„დღეს ცივილიზაცია ისევ გადამწყვეტ, გარდამტეხ მიჯნაზეა. ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ისევ გაჩაღებულია ნამდვილი ომი. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მოსახლეობასაც და უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას“, - თქვა პუტინმა, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მის მიერვე გაჩაღებული მასშტაბური აგრესიული ომის განმავლობაში რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს, რაც მიმდინარე წლის 9 მაისის „გამარჯვების“ აღლუმმაც დაადასტურა.

„შეკვეცილი“ სამხედრო აღლუმი და გაუქმებული „უკვდავი პოლკის“ მარში

2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში

ასევე წელს არ ჩატარდა ტრადიციული აქცია სახელწოდებით „უკვდავი პოლკი“, რომლის იდეაც თავად ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.

ამ ღონისძიების გაუქმება „უსაფრთხოების ზომებით“ ახსნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომლის თქმით, რუსეთს „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოსთან“ უხდება საქმის დაჭერა.

„ამის [უკვდავი პოლკის მარშის] გაუქმება ორგანიზატორების გადაწყვეტილებაა. მაგრამ მათი გაგება შეიძლება. როდესაც საქმე გვაქვს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოსთან, უმჯობესია მივიღოთ სიფრთხილის ზომები“, - თქვა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის კრიტიკოსთა აზრით, რუსეთის ხელისუფლება უფრო მეტად იმაზე შიშობდა, რომ „უკვდავი პოლკის“ მარშზე რუსეთის მოქალაქეები არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში, არამედ უკრაინაში კრემლის მიერ გაჩაღებულ ომში დაღუპულ ნათესავთა სურათებსაც გამოიტანდნენ და ეს სურათები იქნებოდა ძალიან ბევრი.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ 9 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშით, ომში რუსეთის დანაკარგებმა 195 ათასს გადააჭარბა.

რუსეთს დიდი ხანია აღარ გამოუქვეყნებია პირადი შემადგენლობის რიგებში დაღუპულთა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების ოფიციალური მონაცემები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა საბრძოლო მოქმედებებში (მას კრემლი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. რედ.) 5937 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაჟონა მედიაში, ნათქვამია, რომ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ომში რუსეთის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგი 35 ათასიდან 43,5 ათასამდეა (უკრაინისა - 16-17 ათასი). სამხედრო ექსპერტების შეფასებით, დანაკარგების სტატისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბახმუტისათვის მრავალთვიან და სისხლისმღვრელ ბრძოლაზე მოდის.

„9 მაისთან არაფერი არ უნდა გვაკავშირებდეს“

წლევანდელი წელი წყალგამყოფი აღმოჩნდა უკრაინის ხელისუფლებისთვის, რომელიც აქამდე რუსეთის და სხვა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მსგავსად, 9 მაისს აღნიშნავდა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღეს.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინელებმა შეცვალეს დამოკიდებულება 9 მაისისადმი.

„საერთოდ ჩვენ მარიუპოლიდან ვართ. აქ [კიევში] დროებით ვართ, როგორც დევნილები. ბუნებრივია, 9 მაისთან არაფერი არ უნდა გვაკავშირებდეს. გამარჯვება იყო 8 მაისს, მშვიდობა დაიდო 8 მაისს. ეს არის დაღუპულთა ხსოვნის დღე და არა დღესასწაული“, - უთხრა კიევის ქუჩებში ჩატარებული „ვოქს პოპის“ დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ რადიო თავისუფლებას.

2023 წლის 8 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც წელს პირველად 9 მაისს აღინიშნა ევროპის დღე. მოსახლეობისადმი მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვერხოვნა რადაში გაგზავნა კანონპროექტი, რომელიც 8 მაისს ითვალისწინებს ხსოვნის დღის და მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების აღნიშვნას.

9 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევს „იდეალური ადგილი“ უწოდა ევროპის დღის აღსანიშნავად.

„ყოველდღე, უკრაინის მამაცი ხალხი იცავს ზუსტად იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველია“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა 9 მაისს ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთ ეფექტიანობასა და გამძლეობას.

„ყოველი წარმატება რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში არის იმის დასტური, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი“, - თქვა ზელენსკიმ.

კიევში მყოფმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას უწოდა „გული, რომელიც ევროპული ფასეულობებით ძგერს“ და განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის სწორედ იმ იდეალებისა და ღირებულებებისთვის, რომლებიც „პუტინმა და მისმა რეჟიმმა [თავიანთ ქვეყანაში] გაანადგურეს და ახლა ცდილობენ მათ განადგურებას უკრაინაში“.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს პუტინის სამხედრო მანქანა. მისი თქმით, აგრესორი უკვე დრამატულად დამარცხდა და უკრაინას შეუძლია ევროპის დახმარების იმედი ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.

  • დაახლოებით ერთი თვის წინ ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევრო დაამტკიცა.
  • ამ გადაწყვეტილებით ძალაში შედის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დაჩქარებული მიწოდების შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის 20 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილი. საბჭოს ინფორმაციით, ასევე 4.6 მილიარდ ევრომდე იზრდება ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ოდენობა.
  • 9 მაისს კი ცნობილი გახდა აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების შეთავაზების შესახებ.
  • Associated Press-ის თანახმად, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს, საზენიტო საბრძოლო მასალას და უპილოტო თვითმფრინავებს საჰაერო თავდაცვისთვის. გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის საარტილერიო სისტემებს, რაკეტებს და სხვა იარაღს, ასევე დააფინანსებს მათი ექსპლუატაციისა და სხვადასხვა იარაღის სათადარიგო ნაწილების ხარჯებს.
  • ახალი პაკეტის გამოყოფის გათვალისწინებით, აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG