Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განაჩენი რუსეთის ბაზაზე მომსახურე ოსი სამხედროების მიმართ


სელიმ ალბეგოვი და არსენ სლანოვი სასამართლო პროცესზე
სელიმ ალბეგოვი და არსენ სლანოვი სასამართლო პროცესზე

ავტორი: მურატ გუკემუხოვი (ვლადიკავკაზი)

ჩრდილოეთ ოსეთში დასრულდა თვითგამოცხადებული სამრეთ ოსეთის ორი სერჟანტის - სელიმ ალბეგოვისა და არსენ სლანოვის - ხმაურიანი სასამართლო პროცესი.

4 სექტემბერს ვლადიკავკაზის სამხედრო გარნიზონის სასამართლომ ცხინვალში მდებარე რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის ორი სერჟანტის, სელიმ ალბეგოვისა და არსენ სლანოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ივან კალიტამ ისინი დამნაშავედ ცნო რუსი ოფიცრების - კაპიტნების ანტონ ზაინუტდინოვისა და ბოგდან პატიკას - ცემაში. მოსამართლემ სელიმ ალბეგოვს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. მას ჩამოერთმევა სამხედრო წოდება და აღარ ექნება სახელმწიფო თუ სამხედრო სფეროებში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა.

კატეგორიულად არ ვეთანხმებით ჩვენი სერჟანტების მიმართ გამოტანილ განაჩენს. ეს არის მოსამართლესა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის დანაშაულებრივი გარიგების შედეგი. გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ასეთ უწყებებში მსგავსი ადამიანები მუშაობდნენ...
ოლეგ თეზიევი

მოსამართლე კალიტამ არსენ სლანოვს 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კოლონიის ტიპის დასახლებაში მოხდით. სასჯელის ვადა აითვლება სასჯელის მოხდის ადგილზე მისი მიყვანის მომენტიდან.

4 სექტემბერს დილიდან სასამართლოს შენობასთან განსასჯელების მხარდასაჭერად შეიკრიბა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სერჟანტების ჯგუფი - დაახლოებით, 300 პირი. განაჩენი მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. წინა დღით სახელმწიფო ბრალმდებელი გაცილებით მსუბუქ სასჯელს მოითხოვდა - პირობით სასჯელებს: 2 წელს სლანოვისთვის და 3,5 წელს ალბეგოვისთვის. ამიტომაც არავინ მოელოდა, რომ საქმე ასე შემობრუნდებოდა და განსასჯელებს სასჯელის რეალურად მოხდას მიუსჯიდნენ.

მსჯავრდებულთა გულშემატკივრები სახელმწიფო ბრალმდებლისა და მოსამართლის შეთანხმებულ მოქმედებაზე ლაპარაკობენ. მათ მცდარი მოლოდინი შექმნეს საზოგადოების ყურადღების მოსადუნებლად და ამით მოსამართლისთვის გაიოლდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

სამხედრო გარნიზონის სასამართლომ დაადგინა, რომ ოსმა სამხედროებმა, რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რუს ოფიცრებს სცემეს. ერთ-ერთ მათგანს, ანტონ საიტუდინოვს, სერჟანტმა სელიმ ალბეგოვმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. სასამართლომ არაფრად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ოფიცრებს ერთი ნაკაწრიც არ აღენიშნებოდათ, როცა ალბეგოვს ცხვირი ჰქონდა გატეხილი, სლანოვს კი მყესები - გაწყვეტილი.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის ყველა ჩვენება, მაშინ როცა დაცვის მხარის მოწმეების მტკიცება, რომ ყველაფერი პირიქით იყო და ოფიცრებმა სცემეს სერჟანტებს, მოსამართლე კალიტამ უგულებელყო.

საქმის მთავარი მოწმის ანდრეი კატრიჩის ჩვენება, რომ ოფიცრები სცემდნენ სერჟანტებს, მოსამართლე კალიტამ მხედველობაში არ მიიღო, თუმცა გაითვალისწინა სერჟანტების წინააღმდეგ მისი პირველი ჩვენება, რომელიც კატრიჩმა, მისივე თქმით, რუსი ოფიცრებისგან ზეწოლის ფონზე მისცა. ზეწოლის შესახებ კატრიჩმა არაერთხელ განაცხადა სასამართლოზეც და სოციალურ ქსელებშიც.

განსასჯელთა დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და 10 დღის ვადაში გასაჩივრებას აპირებს. საზოგადოებრივმა დამცველმა ოლეგ თეზიევმა განაცხადა:

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ჩვენი სერჟანტების მიმართ გამოტანილ განაჩენს. ეს არის მოსამართლესა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის დანაშაულებრივი გარიგების შედეგი. გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ასეთ უწყებებში მსგავსი ადამიანები მუშაობდნენ. ბუნებრივია, ეს განაჩენი გასაჩივრდება და, ამას გარდა, ჩვენ მოვითხოვთ ამ მოსამართლისა და სახელმწიფო ბრალმდებლის სამსახურიდან გათავისუფლებას. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ამ საკითხში ჩვენთვის გასაგები სოლიდარობა გამოავლინა და, ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით მივმართავთ სააპელაციო უწყებებს“.

ოლეგ თეზიევის თქმით, განაჩენის გამოტანისთანავე ვლადიკავკაზში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება რუსეთის პრეზიდენტისთვის სლანოვისა და ალბეგოვის დამცველი მიმართვის გასაგზავნად. მიმართვა გაეგზავნება, აგრეთვე, რუსეთის უზენაეს სასამართლოს.

სასამართლოს შენობასთან განსასჯელების მხარდასაჭერად შეიკრიბა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სერჟანტების ჯგუფი
სასამართლოს შენობასთან განსასჯელების მხარდასაჭერად შეიკრიბა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სერჟანტების ჯგუფი

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი ვიაჩესლავ ბიტაროვი შეხვდა სერჟანტების ნათესავებსა და დამცველებს. ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ გუბერნატორი ალბეგოვისა და სლანოვის საქმეში მონაწილეობას აპირებს, თუმცა იმის ნიშანია, რომ ეს საქმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.

გარდა ამისა, ეს ამბავი მტკივნეულად ეხება სამხრეთ ოსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - რუსეთისა და ცხინვალის სამხედრო სფეროში ინტეგრაციას. ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმია გააუქმეს და სანაცვლოდ ოს სამხედროებს შესთავაზეს რუსეთის მე-4 ბაზაზე სამსახური. და, აი, ახლა აღმოჩნდა, რომ იქ სამხედრო სამსახური არ შეიძლება. უბრალოდ, საშიშია.

სერჟანტების მხარდამჭერი ჯგუფის წევრების თქმით, საზოგადოებას აღელვებს იმ სამხედროების ბედი, რომლებიც დღეს ცხინვალის ბაზაზე მსახურობენ. ისინი აპირებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვონ შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც შეისწავლის ბაზაზე არსებულ ვითარებას და იქ წესრიგს დაამყარებს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG