Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაწვევას ყველა მოელის, ომისთვის მზად ვართ“ - რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი


„ხალხი ელოდება გაწვევას და იარაღის მიღებას. ყველა მზად არის ომისთვის“.- მიხეილ აჯიაშვილი
„ხალხი ელოდება გაწვევას და იარაღის მიღებას. ყველა მზად არის ომისთვის“.- მიხეილ აჯიაშვილი

მიხეილ აჯიაშვილი (მიხაილ არდენ) საქართველოდან ისრაელში 22 წლის წინ გადასახლდა, როცა 17 წლისა იყო. დღეს ის ისრაელის მოქალაქეა, თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობს და როგორც ისრაელის ყველა მოქალაქე, ვისაც სამხედრო სამსახური აქვს გავლილი, ისიც მოელის ომში გაწვევას, თუ ეს ქვეყანას დასჭირდა.

ისრაელმა უკვე გაიწვია 300 ათას რეზერვისტზე მეტი ისრაელ-„ჰამასის“ ომის ფრონტზე.

მიხეილი პროფესიით ეკონომისტია, ახლა ბანკში მუშაობს. ამ ინტერვიუს ჩაწერის დროსაც სამსახურში იყო - ბანკს მუშაობა არ შეუწყვეტია.

- სამსახურში მაინც დადიხართ? გუშინ ისრაელში მცხოვრებ რამდენიმე ქართველს ვესაუბრეთ და გვითხრეს, რომ სამსახურების ნაწილმა ამ ეტაპზე მუშაობა შეწყვიტა.

- კი, ასეა. სამსახურების ნაწილი მუშაობს. მე ისეთ სამსახურში ვარ, რომ სავალდებულოა სიარული. ნაწილი სახლიდან აკეთებ საქმეს. თუმცა, სამსახურების ნაწილი გაჩერებულია.

დაცარიელებული საბავშვო სკვერი თელ-ავივთან ახლოს, 10 ოქტომბერი, 2023
დაცარიელებული საბავშვო სკვერი თელ-ავივთან ახლოს, 10 ოქტომბერი, 2023

იმას, რაც 7 ოქტომბრის გამთენიისას მოხდა, ისრაელში არავინ ელოდა - გვეუბნება მიხეილი. მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის გამაფრთხილებელი სირენა ბოლო დროს ძალიან იშვიათად ისმოდა ისრაელის ცენტრშიც და ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლებებშიც. შაბათს დილით, მეზობელ ქალაქში ჩართული სირენა კი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მიმდებარე ქალაქებში მცხოვრები ხალხი და მათ შორის, მიშაც, მისმა ხმამ გააღვიძა.

„დილის შვიდის ნახევარი იყო. რაღაც აბსურდი გავიფიქრე იმ წამს - ნეტავ, ამის გამო ბრუნო მარსის კონცერტი არ გააუქმონ-მეთქი. აღარც დამიძინია. ხუთ წუთში კი სირენა ჩემს ქალაქშიც ჩაირთო. თუმცა, მაშინაც კი ვერ ვიფიქრებდით, ერთ და ორ საათში რა კადრებს ვნახავდით ტელევიზორში. ეს წარმოუდგენელი იყო“.

აჯიაშვილის სამსახურის გარშემო სავაჭრო მოლები და მაღაზიები ჯერჯერობით ღიაა, კაფეები და რესტორნები ნაკლები დატვირთვით მუშაობს, ნაწილი კი დაიკეტა. შემცირებულია ტრანსპორტით გადაადგილება - დატვირთულია გზების დაახლოებით, 30%. თუმცა, როგორც მიხეილი შენიშნავს, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შეინიშნება, ეს ხალხის განწყობაა.

„ასეთი რამ არ მომხდარა 1973 წლის იომ-ქიფურის ომის დროის მერე, მასშტაბიც გაცილებით დიდია და ხალხის სულიერი მდგომარეობაც სხვანაირი - შოკი ახლა უფრო დიდი მასშტაბისაა. ძალიან ბევრი ემოცია ტრიალებს, მაგრამ მათგან ყველაზე გამოკვეთილად, ბრაზი“.

- ამას, ალბათ იმ ვიდეოკადრებმაც შეუწყო ხელი, რაც მალევე გავრცელდა.

- კი. წარმოიდგინეთ, ადამიანებს ფეისბუკლაივში ხოცავდნენ. მე მგონი, ხალხმა მთელ მსოფლიოში უნდა იცოდეს, რა ხდებოდა, როგორი იყო ამ სისასტიკის მასშტაბი - ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვხედავდით მასობრივ გაუპატიურებებს, მკვლელობებს - დაუჯერებელ სურათებს ვუყურებდით.

- მიხეილ, რადგან თქვენც გავლილი გაქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, იმ ადამიანების სიაში ხართ, ვინც შესაძლოა, ხვალ ომში გაიწვიონ, ასეა?

- დიახ, თუმცა, ჯერჯერობით მე გაწვევა არ მომსვლია. ყველა, ვინც ჯარშია ნამყოფი და ასაკი და ჯანმრთელობა უწყობს ხელს, რაღაც ეტაპზე, თუ მასშტაბური ომი დაიწყო, ყველას გაიწვევენ. აქ ასე ვფიქრობთ, რომ თუ ამ ბოროტებას ახლა ბოლომდე არ შევებრძოლეთ, მაშინ ისრაელის სახელმწიფოს იდეას, რისთვისაც ის თავის დროზე შეიქმნა, გამართლება არ ექნება. დღეს აქ ყველაზე დიდი მემარცხენეებიც მაგას ამბობენ, რომ მშვიდობით ამ პრობლემის გადაჭრა არ გამოვა. იქ უკვე სკოლებში ასწავლიან ბავშვებს, რომ ებრაელი უნდა მოკლა. ჩემს გარშემოც და ისედაც, ჩემი დაკვირვებით, აქ ყველა ხვდება, რომ ის რეალობა, რაც იყო 7 ოქტომბრამდე, აღარ იქნება 7 ოქტომბრის შემდეგ.

ყველა სახლშია. ისრაელი, 10 ოქტომბერი, 2023
ყველა სახლშია. ისრაელი, 10 ოქტომბერი, 2023

- ეს ბრაზი, რომელიც ახსენე, „ჰამასის“, როგორც ტერორისტული დაჯგუფების მიმართ არსებობს თუ სცდება მას და უკვე პალესტინელების მიმართაც ვრცელდება?

- ოფიციალურად ომი „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიდის. მიზანდასახულად ისრაელს არასოდეს მოუკლავს მშვიდობიანი მოსახლეობა. კი, ომის დროს იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობაც, თუმცა ჩვენსა და მათ შორის განსხვავება ის არის, რომ რამდენი ბავშვიც მოკვდება პალესტინაში, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა - დღეს ისრაელში, ციხეშიც სხედან ჯარისკაცები იმის გამო, რომ არათანაბრად და მიზანდასახულად გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით. მაგრამ, მეორე მხრივ, მათთვის, ყოველი მოკლული ებრაელი ბავშვი დღესასწაულის მიზეზია. ისიც მინდა ვთქვა, რომ ყველა გამოკითხვით, პალესტინური საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იმ გზას, რა გზასაც „ჰამასი“ ირჩევს და ალბათ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჰამასი“ მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაცია კი არ არის, ღაზის სექტორის მთავრობაცაა, რომელიც პალესტინელმა ხალხმა დემოკრატიულად აირჩია. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ისრაელის სახელმწიფოს და არც ჩვენ, მის ხალხს, მათ მიმართ შურისძიების მიზანი არ გვქონია.

მიხეილ აჯიაშვილი ამბობს, რომ თუ ომი რამდენიმე ფრონტზე გაიშლება და ამის ალბათობა დღეს არსებობს, ყველას გაიწვევენ. ბოლო ინფორმაციით, უკვე გაწვეულია 360 000 რეზერვისტი.

- შიში თუ იგრძნობა ხალხში, თქვენ გარშემო?

- აქ ყოველთვის იყო მიკროტერორისტული აქტების შიში, თუმცა ამას არასდროს გაუჩერებია ცხოვრება. ახლა გაცილებით დიდი იყო შეტევის მასშტაბიც და ცხადია, როცა გავიგეთ, რომ ქვეყანაში 1500 ტერორისტი იყო შემოსული, ამან შიშიც გაზარდა. თუმცა, დღეს, ვიცით, რომ აღარ არიან ამ ტერიტორიაზე, მაგრამ რაკეტები მაინც ცვივა. აშკელონამდე, ღაზის ახლოს დასახლებებში, საკმაოდ აქტიურია ეს შეტევები. ცხადია, ეს რაკეტა სად ჩავარდება, არავინ იცის. ამიტომ ზოგადი სიფრთხილე შეინიშნება, კი.

ქუჩაში კანტი-კუნტად შენიშნავთ ავტომობილებს
ქუჩაში კანტი-კუნტად შენიშნავთ ავტომობილებს

მიხეილ აჯიაშვილი გვიყვება, რომ გუშინ [9 სექტემბერს] ისრაელში მოსახლეობას ურჩიეს, მოიმარაგონ 72 საათის სამყოფი წყალი და საკვები პროდუქტები და ამის გამო რამდენიმე სუპერმარკეტში დროებით დეფიციტი გაჩნდა. სხვა მხრივ, მისივე თქმით, არც ფასები გაზრდილა საგრძნობლად და არც საკვების ნაკლებობა შეინიშნება.

დაცარიელებული დახლები ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ისრაელი
დაცარიელებული დახლები ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ისრაელი

მისივე დაკვირვებით, ისრაელის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას არათუ არ აპირებენ, არამედ პირიქით, საწინააღმდეგო ტენდენციაც შეინიშნება - საზღვარგარეთ მცხოვრები ისრაელელები სპეცრეისებით ბრუნდებიან სამშობლოში.

რეზერვისტების ცენტრებში კი, როგორც მიხეილი გვეუბნება, უზარმაზარი რიგები დგას:

„ხალხი ელოდება გაწვევას და იარაღის მიღებას. ყველა მზად არის ომისთვის“.

ერთ-ერთი ქუჩა, ისრაელი, 10 ოქტომბერი, 2023
ერთ-ერთი ქუჩა, ისრაელი, 10 ოქტომბერი, 2023
ისრაელის არმიამ 10 ოქტომბერს, განაცხადა, რომ სრულად უზრუნველყოფს ღაზის სექტორთან საზღვრის უსაფრთხოებას. ეს საზღვარი 7 ოქტომბერს რამდენიმე ადგილას გაარღვიეს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა და ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორზე დარტყმებს გასული ღამის განმავლობაშიც განაგრძობდა. სარდლობის მონაცემებით, განადგურებულია „ჰამასის“ 200-მდე ობიექტი. ისრაელის არმიის წარმომადგენლის, რიჩარდ ჰეხტის განცხადებით, ღაზის სექტორის საზღვართან, სადაც 35 ბატალიონი განთავსდება, იქმნება მომავალი ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სავარაუდოა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიან სახმელეთო შეტევას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საავიაციო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG