Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახელაძის ოჯახი ცხინვალიდან პასუხს ისევ ელოდება


საოკუპაციო გამყოფი ზოლი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, მეოთხე დღეა, ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში იმყოფება. ზაზა გახელაძე ფეხშია დაჭრილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის თანამშრომლებმა კი მისი მონახულება ამ დრომდე ვერ შეძლეს. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების მთავარი მოლოდინი ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცხინვალიდან ინფორმაციის მიღებაა. ოჯახმა წითლი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 11 ივლისს ზაზას დაკავებისთანავე მიმართა. მეორე კონტაქტი 13 ივლისს შედგა და ოჯახმა ზაზას ორი წერილი მისწერა. მათი სკანირებული ვერსიები ცხინვალის ოფისში უკვე გაიგზავნა. ზაზას ცოლს, ირმა ბუთხუზს, იმედი აქვს, რომ წითელი ჯვარი ზაზას მონახულებას, მისთვის წერილის გადაცემას და იქიდან საპასუხო წერილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოტანას მალე შეძლებს:

„დაგვპირდნენ დახმარებას, აუცილებლად შევლენ, გუშინ ვეღარ მოასწრეს სხვადასხვა ფორმალობების გამო და გამოგვიტანენ, ალბათ, საიმედო ინფორმაციას“.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა პირველი პროცედურული ნაბიჯები უკვე გადადგა და დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველოს დაჭრილი მოქალაქის მონახულების სურვილი გადასცა, თუმცა წითელ ჯვარში არ იციან, ბიბილოვის ხელისუფლება როდის გასცემს ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის შესაბამის ნებართვას, ამ ყველაფერს კი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ცხინვალში არსებული შეზღუდვებიც ემატება, ამიტომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ქარდავა, არ გამორიცხავს, რომ წითელი ჯვრის თანამშრომლების ვიზიტი გარკვეული დროით შეფერხდეს:

ტერიტორია ჩვენია, მაგრამ იქ რუსები იყვნენ შემოსულები, ფაქტის შემდეგ გაზომეს ეგ ტერიტორია და თქვეს, რომ 150 მეტრით აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე დაიჭირეს.
მიხეილ გახელაძე

„შესაბამის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვაქვს დიალოგი, რათა მოგვცენ უფლება, რომ მოვინახულოთ ადამიანი. ჩვენი კონკრეტული პირობაა, რომ აუცილებლად უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა პირისპირ შევხვდეთ ადამიანს, ვესაუბროთ მას. თუკი მას უნდა რაღაცას მოუყვეს წითელი ჯვრის დელეგატებს, აუცილებლად უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა. როდის მოინახულებენ მას, ამის შესახებ, სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული. ჩვენ რაც უნდა გაგვეკეთებინა ამ მიმართულებით, უკვე გაკეთდა. შედგა ოფიციალური მოთხოვნა და მე იმედი მაქვს, რომ შეძლებისდაგვარად მალე მოხერხდება ეს, თუმცა კონკრეტულ ვადას, სამწუხაროდ, ვერ ვასახელებ. კორონავირუსის პანდემიიის გამო ცხინვალში დამატებითი შეზღუდვები არსებობს და ვიზიტს, ალბათ, ცოტა მეტი მომზადება დასჭირდება. ჩვენი კოლეგები ეცდებიან მოიპოვონ ინფორმაცია გახელაძის მდგომარეობის შესახებ და ოჯახს აცნობონ“.

ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ, ცხინვალში მიმდინარე პროცესების შესახებ ბევრი არაფერი იცის. მან მხოლოდ ის გაარკვია, რომ მისი შვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაჭრეს და დააკავეს:

„ეგეც არ არის ცნობილი ჩვენთვის, რას ედავებიან. ტერიტორია ჩვენია, მაგრამ იქ რუსები იყვნენ შემოსულები, ფაქტის შემდეგ გაზომეს ეგ ტერიტორია და თქვეს , რომ 150 მეტრით აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე დაიჭირეს. ყველა მაგას გვეუბნება, რომ დაგეხმარებით და თქვენს გვერდში ვართო, აუცილებელიაო, რომ კარანტინი გაიაროსო“.

საქართველოს მოქალაქე აქ ახალგორიდან გადმოიყვანეს თუ არა, მაშინვე საკარანტინო ზონაში შეიყვანეს და მხოლოდ ექიმებმა მოინახულეს, სხვა იქ ვერავინ შევა, ამიტომ ორკვირიანი კარანტინის შემდეგ გადაწყდება, რას იზამენ აქაური საგამოძიებო უწყებები.

ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, დილით ადრე, სამთავისელ მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მეგობარი გზაში ჩამორჩა, ზაზამ კი გზა ციხის გაღმა გააგრძელა. ციხიდან ოკუპირებულ სოფელ ახმაჯამდე დიდი მანძილია და ქვემოჭალელები იქ არაერთხელ ყოფილან. მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ზაზას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უკან ჩამორჩენილმა ზაზას მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტიდან ცოტა ხანში დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა კაგებეს პრესსამსახურის ცნობა გაავრცელეს.

„11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებმა 1987 წელს დაბადებულმა ზაზა გახელაძემ, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ლენინგორის მიმართულებით სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე, მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა იარაღიდან. საპასუხო ცეცხლით ზაზა გახელაძე ტერფში დაიჭრა და ამის შემდეგ ის დაკავებულ იქნა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ზაზას დაკავების ამბავი ოჯახს მისმა მეგობარმა აცნობა და მხოლოდ ის თქვა, რომ ერთი გასროლის ხმა გაიგონა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი, გვატყობინებს, რომ გახელაძე მსუბუქადაა ფეხში დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ცხინვალის საავადმყოფოს ერთ ნაწილში საკარანტინო ზონაა და იქაა მოთავსებული საქართველოს მოქალაქე. როგორც ვიცი, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა, რადგან საკარანტინო ზონაში გამომძიებლები, კორონავირუსის საფრთხის გამო, არ შედიან. საქართველოს მოქალაქე აქ ახალგორიდან გადმოიყვანეს თუ არა, მაშინვე საკარანტინო ზონაში შეიყვანეს და მხოლოდ ექიმებმა მოინახულეს, სხვა იქ ვერავინ შევა, ამიტომ ორკვირიანი კარანტინის შემდეგ გადაწყდება, რას იზამენ აქაური საგამოძიებო უწყებები. სავარაუდოდ, მას კარანტინიდან ცხინვალის იზოლატორში გადაიყვენენ და ამის შემდეგ დაიწყება გამოძიება“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან.

ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტს უკვე მოჰყვა საერთაშორისო რექცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სპეციალური განცხადებები გაავრცელეს და დაკავებულის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვეს.

"ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე..." - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

2008 წლის ომის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმს მოქალაქის დასაკავებლად ცეცხლი არ გაუხსნია და არ დაუჭრია, თუ არ ჩავთვლით არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეებს. ყოფილა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლის შემთხვევები, მაგრამ მოქალაქის მიმართ დამიზნებით სროლა და მისი დაზიანება აქამდე არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG