Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი გვიშიანი და საჯინიბოში ამობუგული სოფელი ჰაიბახი

ჰაიბახი, ადგილი სადაც 700 ადამიანი დაწვეს. ფოტო გადაღებულია 1956 წელს.
ჰაიბახი, ადგილი სადაც 700 ადამიანი დაწვეს. ფოტო გადაღებულია 1956 წელს.

1944 წლის 27 თებერვალს ჩეჩნეთის სოფელ ჰაიბახში ადგილობრივი მოსახლეობა, ქალიან-ბავშვიანად, საჯინიბოში შეყარეს და ცეცხლი წაუკიდეს. ოპერაციას გენერალი გვიშიანი ხელმძღვანელობდა. გადასასახლებლად გამზადებული ჩეჩნები დიდთოვლობის გამო მატარებლამდე ვერ ჩაიყვანეს და გადაწყვიტეს, იქვე მოეშორებინათ თავიდან.

„ყველა ვაინახს ახსოვს ჰაიბახი“, - ასე ამბობენ ჩეჩნები და ინგუშები დეპორტაციის გახსენებისას. 1944 წელს სტალინის ბრძანებით, კავკასიიდან ნახევარ მილიონამდე ჩეჩენი და ინგუში აყარეს და ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადაასახლეს. ამ პროცესს 200 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

სოფელი ჰაიბახი, ჩეჩნეთში, გალანჩოჟის რაიონში მდებარეობს. დღეს იქ მხოლოდ ნანგრევები და მემორიალია დარჩენილი, მაშინ კი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. 27 თებერვალს შინსახკომის ჯარებმა ლავრენტი ბერიას სახელობის კოლმეურნეობის საჯინიბოში ცოცხლად დაწვეს 700-ზე მეტი ადგილობრივი, იმ დღეს დაბადებული ჩვილებით დაწყებული, ღრმად მოხუცებით დამთავრებული.

ოპერაცია „ჩეჩევიცა“

ოპერაცია „ჩეჩევიცა“ (ქართულად „ოსპი) 23 თებერვალს დაიწყო და 9 მარტს დასრულდა. ხალხი რკინიგზის სადგურამდე სატვირთო მანქანებით ჩაჰყავდათ და საქონლის ვაგონებში ანაწილებდნენ. შუა აზიამდე მატარებლები თითქმის ერთ თვეს მიდიოდნენ. საჭმელი არ ჰქონდათ. შიმშილობისა და ავადმყოფობის გამო გზაში ათასობით ადამიანი დაიღუპა. გაჩერებებზე ჯარისკაცები მიცვალებულებს ვაგონიდან თოვლში ყრიდნენ და გზას აგრძელებდნენ.

მაგრამ ჩეჩნეთში იყო მაღალმთიანი სოფლები, სადაც სატვირთო მანქანები დიდთოვლობის გამო ვერ ავიდა. ასე გაჩნდა ხალხის ცალკე კატეგორია. მათ „არატრასპორტირებადებს“ ეძახდნენ და ადგილზე ხოცავდნენ. არატრანსპორტირებადები იყვნენ ავადმყოფები, მოხუცები, ბავშვები, ორსულები…

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სოვლაბი“ მიუთითებენ უამრავი შემთხვევაზე, როდესაც სხვადასხვა სოფელში ადგილზე დახვრიტეს ან ტბებში ჩაახრჩვეს ადამიანები, რომელთა წაყვანაც არ შეეძლოთ.

თუმცა ყველაზე დიდი ტრაგედია მაინც ჰაიბახში დატრიალდა.

„და მერე სიჩუმე ჩამოვარდა“

წლების წინ სტუდია МХ-მა და „ნოვაია გაზეტამ“ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „უპასუხოდ“. მასში ჯერ კიდევ ცოცხალი თვითმხილველები მომხდარის შესახებ ჰყვებოდნენ.

აბუხაჯი ბატუკაევი, რომელსაც ცოლი და ოთხი შვილი დაუწვეს, ჰყვება: „მაშინ სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. გენერალ გვიშიანის ბრძანებით რაიონულ ცენტრში გამგზავნეს. ოთხი შვილი მყავდა, ბიჭი და სამი გოგო. ბიჭი რვა-ცხრა წლის იყო, ყველაზე უმცროსი გოგო მხოლოდ ერთი დღის. იმ დღეს დაიბადა და იმ დღესვე დაიღუპა... ჰაიბახის გზაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი ვიხილე. დახვრეტილი ხალხი ეყარა. ახლაც თვალწინ მიდგას მკვდარი ქალი, ორი ბავშვი ჰყავდა ჩახუტებული. ერთი ჩვილი და მეორე ორი-სამი წლისა“.

მეორე მოხუცი მუსა ხაბილოვი ამავე ფილმში იხსენებს, როგორ ეძებდა მიცვალებულებს ფერფლსა და ნაცარში, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იმ დღეს სოფელში არ იყვნენ და შემთხვევით გადარჩნენ. ამბობს, რომ 700-მდე ცხედარი დათვალეს.

„იმ დღეს ცხვარში ვიყავი. დავინახე, როგორ შეყარეს ხალხი თავლაში და ბენზინი გადაასხეს. საშინელი ყვირილი ისმოდა. ხალხმა კარი გამოამტვრია და გარეთ გამოცვივდნენ. ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს და მერე სიჩუმე ჩამოვარდა“.

ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ მოწმეები არ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ჰაიბახიდან ავარდნილი კვამლი შორ მანძილზეც ჩანდა.

ცოცხლად დამწვარი სოფელი

ჰაიბახზე ღიად მხოლოდ 90-იან წლებში ალაპარაკდნენ. პირველად ინფორმაცია გაზეთებში გამოჩნდა. იურისტი ჩეჩნეთიდან მუსა ჰადისოვი 2014 წელს რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს მოუყვა, თუ როგორ დაავალა მათ პროკურორმა საკითხის შესწავლა. წავიდნენ და ჰაიბახის საჯინიბოს საძირკველს მიადგნენ, დამწვარი ძვლები და ტანსაცმლის ნარჩენები ჯერაც იქ იყო.

„კომისიამ შეადგინა აქტი, რომ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები დადასტურებულია“, - ჰყვება იურისტი. მან შემდეგ წიგნიც დაწერა: „ჰაიბახი. გამოძიება გრძელდება“.

გამოძიების პროცესში დაკითხეს თვითმხილველები ახლომდებარე სოფლებიდან.

„ხალხი ყვიროდა, შველას ითხოვდა. მამაკაცები კარს შიგნიდან აწვებოდნენ, მაგრამ ჯარისკაცებს უკვე ტყვიამფრქვევები გაემზადებინათ და გამოსულებს ესროდნენ. შესასვლელი მალე ცხედრებით ჩაიხერგა, დანარჩენები კი შიგნით ამოიბუგნენ“, - ამბობს მუსა ჰადისოვი.

გენერალი გვიშიანი

ღია წყაროებში მოხვედრილი მონაცემებით, გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ გვიშიანი აბასთუმანში დაიბადა. მხოლოდ ორი კლასის განათლება ჰქონდა, მაგრამ თანდათან დაწინაურდა და ბოლოს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც კი გახდა.

ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი, რომელიც დეპორტაციის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ჰაიბახელების ამოწყვეტაში გვიშიანის მონაწილეობაზე მიანიშნებს მისი 5 მარტით დათარიღებული ტელეგრამა, რომლითაც ზემდგომ ორგანოებს ანგარიში ჩააბარა:

„მოხდა რამდენიმე შეტაკება ჩვენს ჯარებსა და ბანდებს შორის. მოკლულია 18 ბანდიტი, ჩვენი მხრიდან მოკლულია ოთხი ადამიანი (ერთი საშუალო რგოლის მეთაური და სამი რიგითი), დაჭრილია ერთი წითელარმიელი - ყველა 137-ე მსროლელი პოლკიდან. გადასახლებულთა შორის გზაში გარდაიცვალა და მოკლულ იქნა 19 ადამიანი“.

მიხეილ გვიშიანი
მიხეილ გვიშიანი

არის თვითმხილველების ჩვენებებიც, მათგან მთავარი მოწმეა ძიაუდინ მალსაგოვი - ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე 1944 წელს. ის ჰყვებოდა, რომ სოფელში ასულს გვიშიანი აღელვებული დახვდა. გენერალს მოსახლეობა დიდთოვლობის გამო ვერ გაჰყავდა და ეშინოდა ბერიასი, რომელიც იქვე, გროზნოში, იყო და გადასახლების პროცესს აკონტროლებდა.

26-დან 27 თებერვლის ღამით ისევ მოთოვა, მანქანებით მოძრაობა შეუძლებელი გახდა. ფეხით სიარულიც სარისკო იყო. ეშინოდათ, რომ რამდენიმე კილომეტრზე გაწელილ კოლონას ვერ გააკონტროლებდნენ და ხალხი გაექცეოდათ. მალსაგოვი ჰყვებოდა, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გვიშიანმა ხალხი დაეხოცა, ანგარიშში კი ჩაეწერა, რომ ისინი გაქცევის მცდელობისას „იქნენ ლიკვიდირებულნი“.

ვაჩაგაევი ამბობს, რომ ამის შემდეგ მალსაგოვი ცდილობდა მომხდარი ზემდგომი ორგანოებისთვის შეეტყობინებინა. მისწერა სტალინს, პასუხად კი ის მიიღო, რომ სამსახურიდან მოხსნეს. როდესაც სტალინის ადგილი ხრუშჩოვმა დაიკავა, მასაც მიაწვდინა ხმა.

მაირბეკ ვაჩაგაევი
მაირბეკ ვაჩაგაევი

„შეიქმნა სახელმწიფო კომისია. მასში შედიოდნენ სსკპ-ის ცენტრალური კომიტეტის, პროკურატურისა და სსრკ-ის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები. თუმცა გამოძიების შედეგები გასაიდუმლოვდა და არასოდეს გამოქვეყნებულა. კომისიას არ უცდია გამოძიებული ფაქტების უარყოფა. თუ არაფერი მომხდარა, რატომ უნდა დაემალათ? განა თავად ხელისუფლებისთვისაც არ ჯობდა ეთქვათ, გამოძიებამ ფაქტები არ დაადასტურაო? აშკარაა, რომ კომისიამ ფაქტები დაფარა, - ამბობს ვაჩაგაევი, - მოსკოვში დღემდე არ უყვართ ცოცხლად დამწვარ ადამიანებზე ლაპარაკი“.

და მართლაც, 23 თებერვალს, როდესაც კავკასიაში დეპორტაციის მსხვერპლებს იხსენებენ, რუსეთში ზეიმია - იქ სამშობლოს დამცველების დღე აღინიშნება.

რაც შეეხება გენერალ გვიშიანს, ვაჩაგაევი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 1954 წელს გვიშიანს გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჩამოერთვა. მიზეზი ფორმულირებული იყო ასე: „ორგანოებში მუშაობისას ის დისკრედიტირებულ იქნა... და ამიტომ არ იმსახურებს ატაროს გენერლის წოდება“.

განცხადება გაზეთში. 1938 წელი
განცხადება გაზეთში. 1938 წელი

„შესაძლებელია მისი გათავისუფლება ჰაიბახს უკავშირდება. თუმცა ოფიციალურად მითითებულია, რომ გაათავისუფლეს და წოდება ჩამოართვეს ბერიასთან მჭიდრო ურთიერთობის გამო“, - ამბობს ვაჩაგაევი.

მერაბ ჩუხუა, ავტორი წიგნისა „ჰაიბახი“, ჰყვება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოშიც შეიქმნა სპეციალური კომისია.

„ზვიად გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება გვიშიანის დაპატიმრებისა და გასამართლების შესახებ, მაგრამ რომ მივიდნენ დასაპატიმრებლად, გვიშიანი მკვდარი დახვდათ“, - ამბობს ის.

მიხეილ გვიშიანი ამ დროისთვის მართლაც აღარ იყო ცოცხალი. ის 1966 წელს გარდაიცვალა.

რატომ ასახლებდნენ ვაინახებს?

1943 წლის 11 თებერვალს ცეკას პოლიტბიუროს დახურულ სხდომაზე სტალინმა დააყენა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს ლიკვიდაციის საკითხი, ჩეჩნების და ინგუშების სრული დეპორტაციის გათვალისწინებით.

ჩეჩნებსა და ინგუშებს საბჭოთა ხელისუფლება დეზერტირობასა და გერმანელებთან თანამშრომლობას აბრალებდა.

"სოვლაბის" მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ფიქრობდა თურქეთის საბჭოთა ბანაკში მოქცევაზე. სსრკ-ს სრუტეზე გასასვლელი სჭირდებოდა. კავკასიელებს კი არ ენდობოდნენ - შამილის ბრძოლებიდან არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული. ისედაც, მთელი კავკასია ჯერ რუსეთის იმპერიამ და მერე ბოლშევიკებმა ძალით დაიმორჩილეს. ამიტომ „წმენდა“ ჩაატარეს და ის ერები, რომლებიც ოსმალურ თუ ისლამურ კულტურასთან ასე თუ ისე ასოცირდებოდნენ, გადაასახლეს: ვაინახები, ყაბარდოელები, ბალყარელები, მუსლიმი მესხები, აჭარლების ნაწილი.

სოვიეტოლოგი, ეროვნებით ჩეჩენი აბდურახმან ავტორხანოვი გადასახლების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც მიიჩნევს, რომ მოსკოვს სურდა მაქსიმალურად დაეცვა კავკასიის ნავთობით მდიდარი რეგიონები.

ჩემოდანში ნაპოვნი ჩანაწერები

ოპერაცია „ჩეჩევიცას“ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ლავრენტი ბერიასთან ერთად ხელმძღვანელობდა მისი მოადგილე ივან სეროვი - სტალინის მეგობარი და თანამებრძოლი. მას ხშირად ავალებდნენ მასობრივი გადასახლებების ორგანიზებას.

სეროვის დღიურები, „ჩანაწერები ჩემოდნიდან“, წიგნად არის გამოცემული. ის ბევრ რამეს დეტალურად აღწერს, მაგრამ ნახევარი მილიონი ვაინახელის გადასახლებას მხოლოდ ორი ფურცელი ეთმობა. ჰაიბახი მას არც კი უხსენებია.

ივან სეროვი
ივან სეროვი

„გროზნოში ჩაფრენილმა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოთხმა მოადგილემ (მე, კრუგლოვი, ქობულოვი და აპოლონოვი) გავანაწილეთ რაიონები, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, უნდა აღგვერიცხა ჩეჩნები… ბრძანების თანახმად, მე საერთო ხელმძღვანელობაც დამეკისრა.

...ყველას ავუხსენი, საიდან უნდა დაეწყოთ და რა უნდა გაეკეთებინათ, დავინახე, რომ ყურადღებით მისმენდნენ, თუმცა შემდეგ კითხვები რომ დამისვეს, მივხვდი, ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა ოპერაცია ერთ დღეში დაწყებულიყო და დასრულებულიყო...

თათბირზე მე და ივანოვმა განვაცხადეთ სსრკ-ის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტისა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გადასახლების თაობაზე და იმის შესახებაც, თუ რა ბრალდებებს უყენებდა საბჭოთა ხელისუფლება ჩეჩნებსა და ინგუშებს.

მე მოვიყვანე ჩეჩნებისა და ინგუშების მოღალატეობრივი ქცევის რამდენიმე მაგალითი, მათ შორის ვახსენე ჩეჩნებისა და ინგუშებისგან შემდგარი ბანდიტური რაზმი, რომელიც გროზნოს ზურგში, მთებში იმყოფებოდა და რომელსაც ფაშისტი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ; ასევე იარაღი, რომელიც გერმანელებმა იქ გადაისროლეს, და ის, რომ ჩეჩნები და ინგუშები სიხარულით ემზადებოდნენ მძიმე მომენტში გროზნოსთვის ზურგში დანის ჩასარტყმელად...

...რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩეჩენი და ინგუში ასე არ იყო განწყობილი. ბევრი მათგანი მუშაობდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში და სხვა ორგანიზაციებში, კარგი ანაზღაურება ჰქონდათ და ძნელად თუ იფიქრებდნენ ასე.

...ოპერაციის დღეს დაიწყო მოძრაობა. გადასახლებულებს ნება მიეცათ, წაეღოთ პირადი ნივთები, საკვები…

საღამოსთვის ყველაფერი დასრულდა, მატარებლები გავიდნენ. ჩვენ შევიკრიბეთ თათბირზე, სადაც უკვე საბოლოოდ დადგინდა გადასახლებულთა რაოდენობა - 475 ათასი ადამიანი. მოსკოვს მოვახსენე, რომ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის დადგენილება შესრულებული იყო."

ერთი წლის შემდეგ ივან სეროვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს. თუმცა 1963 წელს ისევ ჩამოართვეს, რასაც ცხოვრების ბოლომდე ძალიან განიცდიდა. 1964 წელს სტატუსის აღდგენის თხოვნით ცეკას წერილიც კი მისწერა. ნაწყენი იყო, სამშობლოსა და პარტიის წინაშე დამსახურება ხელისუფლებამ არ დამიფასაო. არ ველოდი, ამ სიბერეში ამხანაგური დამოკიდებულების ნაცვლად შეურაცხყოფასა და დამცირებას თუ მივიღებდიო.

ივან სეროვი 1990 წელს 85 წლისა გარდაიცვალა.

ბოგდან ქობულოვი

თბილისელი ჩეკისტი ძმები ბოგდან და ამაიაკ ქობულოვები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ბოგდანი ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.

განცხადება გაზეთში. 1938 წელი
განცხადება გაზეთში. 1938 წელი

"სოვლაბის" საიტზე წერია, რომ ბოგდან ქობულოვი გადასახლების დაწყებამდე ჩეჩნეთში ჩავიდა და ბერიას სახელზე მოამზადა ანგარიში, განზრახ გაყალბებული მონაცემებით. ანგარიშში ეწერა, რომ ჩეჩნებსა და ინგუშებში მასობრივად იყო გავრცელებული ბანდიტიზმი და დეზერტირობა.

ბოგდან ქობულოვი 1953 წელს ბერიასთან ერთად დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით დახვრიტეს.

უკან სამშობლოში

გადასახლების შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საბჭოთა რეჟიმმა ნაწილებად დაშალა. და შეეცადა ამ მიწაზე ვაინახების ცხოვრების კვალი წაეშალა. სოფლებსა და ქალაქებს რუსული ან ოსური სახელები დაარქვეს. გაძარცვეს მეჩეთები და სასაფლაოები. დაწვეს ინგუშური და ჩეჩნური წიგნები...

ვაინახებმა უკან დაბრუნება მხოლოდ სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1957 წელს, შეძლეს. აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ც.

რა ზეგავლენა მოახდინა ჰაიბახის მოვლენებმა ვაინახებისა და ქართველების ურთიერთობაზე? ჩეჩენმა უფლებადამცველმა რუსლან კუტაევმა, რომელიც დეპორტაციის საკითხებზე მუშაობს, 2019 წელს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა:

„არასოდეს გამიგია, რომ ჩეჩნებს ამ ყველაფერში ქართველები დაედანაშაულებინათ. მეტსაც გეტყვით, ჩეჩნების დეპორტაციის შემდეგ ქართველების ნაწილი ჩაასახლეს ჩეჩნეთის მთიან სოფლებში, სადაც მათ საქონელი დარჩათ. ქართველები ერთადერთები იყვნენ, ვინც ჩეჩნების დაბრუნების შემდეგ პირუტყვი ისევ მათ დაუტოვეს, ბოდიში მოიხადეს და სახლებში გაბრუნდნენ. ჩეჩნებს ქართველებისადმი საუკეთესო დამოკიდებულება აქვთ“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG