დღეს ეს აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ ძალაში დატოვა.
საქალაქო სასამართლოს პატარა დარბაზში სხდომა ბრალდებულის გარეშე ჩატარდა. გიორგი გახარია ნახევარ წელზე მეტია, საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში არ ჩამოდის.
სასამართლომ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომლებიც პროკურორ მარიამ გიგაურის თქმით, ან პროცედურის დაცვით არ იყო მოპოვებული ან საქმეს არ ეხებოდა. ძირითადად, საუბარია „ოცნების“ მთავრობის წევრების - ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის - ძველ განცხადებებზე, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ „გავრილოვის ღამეს“ გახარიამ სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ბრალდების მხარეს თავადაც აქვთ წარმოდგენილი მტკიცებულებებად ინტერვიუები, მაგალითად, სადაც გახარია ამბობს, რომ ივანიშვილის საქმის კურსში არ იყო 20 ივნისის მოვლებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გახარიას ადვოკატმა სხდომაზე.
დღეს სასამართლოზე გახარიასთვის წაყენებული ბრალდებებიდან უფრო „გავრილოვის ღამეზე“ ლაპარაკობდნენ.
2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ჩამოვიდა. იმის გამო, რომ ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ხალხი პროტესტის ნიშნად რუსთაველზე გამოვიდა. სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რამდენიმემ დაკარგა თვალისჩინი.
„გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით გიორგი გახარიას ბრალი 25-117 მუხლის მე-3 ნაწილის (მ) ქვეპუნქტით აქვს წაყენებული, რაც ორი ან მეტი ადამიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება ცხრიდან ცამეტ წლამდე პატიმრობით.
ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ სხდომაზე განაცხადა, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა მომიტინგეებს სურვილს - შეჭრილიყვნენ პარლამენტში. ადვოკატის მტკიცებით, გახარიას არ გაუცია ბრძანება ესროლათ რეზინის ტყვიები, განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები კი სწორედ რეზინის ტყვიებმა გამოიწვიეს.
ადვოკატი ამბობს, რომ აწ უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია პოლიტიკური მოტივით იდევნება. ამის დასტურად მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მოიყვანა: ,,ამ გარეწარს [გულისხმობს გიორგი გახარიას - რ.თ.] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ“.
ადვოკატის მოთხოვნა, „გავრილოვის საქმესთან“ დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა შეეწყვიტათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ასევე უცვლელი დატოვა განაჩენი გახარიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის არგუმენტი, რომ ბრალდებულს შეუძლია ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე.
„ალბათ, საერთოდ აზრი არა აქვს, რას ვიტყვი. წინასწარ განსაზღვრულია ყველაფერი... საქმეში წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომ გიორგი გახარიამ დააორგანიზა ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. არ არსებობს ასეთი მტკიცებულება. ერთი ჩვენება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ახალ დანაშაულს ჩაიდენსო. ახალ დანაშაულზე რომ ვლაპარაკობთ, ჯერ ძველი სად არის?!“ - თქვა ბერდია სიჭინავამ სასამართლოზე.
გახარიას საქმე ასზე მეტ ტომს ითვლის, აქედან ხუთ ტომს გრიფით საიდუმლო ადევს. ამის გამო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნულია 22 იანვარს, 15 საათზე.
ფორუმი