Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თვალიაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი


გიორგი თვალიაშვილი
გიორგი თვალიაშვილი

კვირა, 29 ივლისი

დილით გამოძინებას ვგეგმავდი, მაგრამ მეგობრის ზარმა გამაღვიძა. ტელეფონს ვუპასუხე. მახსოვს, დასმულ კითხვასაც შესაბამისი პასუხი გავეცი და კვლავ შევიბრუნე ძილი, თუმცა დილის ძილის ნეტარება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან, ერთმანეთზე მიყოლებით უმცროსიდან-უფროსისკენ, ჟრიამულით მოცუნცულდნენ ჩემი პრინცესა გვირილები (პრინცესა-გვირილებს ჩემს 3 შვილ გოგონას ვეძახი: თეკლა, რომელიც 9 წლის არის; ანამარია - 7 წლის და ლოლა, რომელიც ჯერ 5 წლისაა). ჩახუტებისთანავე სამივეს ერთი კითხვა აწუხებდა, რომელზეც წინა დღეს შევთანხმდით, რა დროს უნდა წავიდეთ კინოში, და იმასაც განიცდიდნენ, რომ ლუკა, ჩემი 11 წლის ვაჟი, მათთან ერთად ვერ იქნებოდა კინოში. სეანსების განრიგი შევამოწმე და საათიც ვაცნობე...

კინოში წასვლამდე დილის ყოველდღიური პროცედურები გავიარეთ, ლალი ბებოს მომზადებული გემრიელი საუზმე მივირთვით, სუპერმარკეტში შესაძენი პროდუქციის ჩამონათვალი ჩამოვწერეთ და „ისთ პოინტისკენ“ გავემგზავრეთ.

სეანსამდე თითქმის 1 საათი იყო დარჩენილი. ამ დროში მოვასწარით „დომინოში“ სახლის დეკორაციების და ეზოს ინვენტარის დათვალიერება, რათა სამომავლო გეგმები ჩამოგვეყალიბებინა.

სეანსის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივედით. შევიძინეთ გამაგრილებელი სასმელები და პოპკორნი და გრილ დარბაზში დავსხედით. მულტფილმ „ტრანსილვანია 3 - ოჯახური არდადეგებით“ ძალზედ ვისიამოვნეთ. კარგი განსახილველი სიუჟეტია და ჩვენც სხვანაირად არ მოვქცეულვართ, თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით...

ფილმის დასრულების შემდეგ ჩემს გოგონებს ვთხოვე ბოთლები და პოპკორნის ყუთები ტრადიციულად კინოში არსებულ სანაგვე ურნებში არ ჩაეყარათ და თან წამოეღოთ, რადგან სუპერმარკეტ „კარფურის“ შესასვლელთან ნაგვის დამახარისხებელი დგას. პრინცესა-გვირილებმა სიხარულით მიუჩინეს შესაბამისი ადგილი პოლიეთილენს, მინას და ქაღალდს. ამავდროულად, თეკლამ და ანამარიამ წაიკითხეს გამოკრული ინფორმაცია, შემდეგ კი ნაგვის დახარისხებისა და ნარჩენების შემცირების აუცილებლობაზეც ვიმსჯელეთ.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროდუქტების შეძენა და ლოლასთვის საჩუქრების ყიდვა იყო (2 აგვისტოს იუბილარია. ტრადიციისამებრ, დედმამიშვილები სიურპრიზს უკეთებენ იუბილარს და წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტში საჩუქრებს ურჩევენ ინდივიდუალურად). ახლა კი ეს ისე უნდა მოეხერხებინათ, რომ ლოლას ვერ შეემჩნია... პროდუქტების ყიდვა წარმატებით მოვახერხეთ მე და ლოლამ. აი, საჩუქრების მისია კი ჩავარდა. ლოლამ დაინახა და ორივე საჩუქარი დაიწუნა... გადავდეთ მომავლისთვის...

ამის შემდეგ იყო მგზავრობა და საყვარელ საპელმენეში პელმენისა და ჩებურეკის მირთმევა. გზაც და საპელმენეც, ტრადიციულად, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ფილმის განსახილველად, ოჯახურ სიმტკიცესა და ჩვენს ფასეულობებზე სასაუბროდ...

მოსაღამოვდა. მეგობარი ირაკლი მესტუმრა, რომლის მეუღლე თეკლას ნათლიაა. ირაკლი დაუზარელი და შრომისმოყვარე ადამიანია, არ ჰგავს ტიპიურ ხელოსანს. წინა დღეს დახმარება ვთხოვე და, როგორც კი შეძლო, გვერდში დამიდგა. საქმეც გავაკეთეთ და თან ჩემი ცოლისდის მომზადებული უგემრიელესი ცივი ყავაც მივირთვით.

ამასობაში დაღამდა. სახლში დავბრუნდით. ლიკა ნათლია ჩემს 3 გოგონას და თავის 2 შვილს ართობდა... სტუმრები გავაცილეთ, საღამოს პროცედურებს შევუდექით და დასაძინებლად დავაწვინე გოგონები. ორივე ლოყაზე ვაკოცე და ტკბილი ძილი ვუსურვე.

ორშაბათის გეგმას გადავხედე, კალენდარზე დამატებითი მონიშვნები გავაკეთე და..

ის იყო დაწოლას ვაპირებდი, ამასობაში თითქმის ჩემს ხელში გაზრდილი, ყოფილი კოლეგა დამიკავშირდა: მეგობარს სიურპრიზს უკეთებდნენ - დაბადების დღეზე Nightwish-ის კონცერტის ბილეთის მირთმევას აპირებდნენ საჩუქრად. მთხოვა, თუ შემეძლო, ფერადად ამომებეჭდა პრინტერზე კონცერტის ბილეთი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენი სურვილების ახდენაზე ზრუნავენ მეგობრები...

ორშაბათი, 30 ივლისი

ახალი სამუშაო კვირა დაიწყო. დილის საუზმის შემდეგ მძინარე შვილებს ნაზად ვაკოცე და სამსახურისკენ გავეშურე.

ბოლო ხანებში ვცდილობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიმგზავრო, თუ თბილისში მხოლოდ სამსახურში მივდივარ და სხვადასხვა ადგილას არ მაქვს საქმე.

დილაობით შარტავას მოედნიდან ე.წ. ტაქსით მოვდივარ დელისის მეტრომდე. ე.წ. ტაქსი ვახსენე, რადგან ეს არიან ავტომობილის მფლობელები, რომლებიც თბილისში მუშაობენ ან ტაქსაობენ და დილაობით 4 მგზავრს გამოაყოლებენ ხოლმე. თითო მგზავრი 2 ლარს იხდის. ამით მძღოლს საწვავის ხარჯი უმცირდება, მგზავრი კი კომფორტულად გადაადგილდება სასურველ დანიშნულებამდე.

პირადად ჩემთვის 5 ძირითადი პლუსი აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას:

1. გაცილებით იაფია, ვიდრე საკუთარი ავტომობილით გადაადგილება;

2. როდესაც სხვა მართავს მანქანას, არ მიწევს ზედმეტი ფიქრი და უფრო მეტად ვისვენებ ან შემიძლია დრო უფრო სასარგებლოდ გამოვიყენო: წავიკითხო, დავწერო ან თუნდაც, დავიძინო...

3. ვუფრთხილდები გარემოს და ჩემი 1 მანქანით ნაკლებით სიარულითაც მცირდება გამონაბოლქვი;

4. ისედაც ავტომობილებით გადატვირთულ ქალაქს ვცდილობ შეღავათი მივცე და 1 მანქანით ნაკლებმა იმოძრაოს...

5. და როდესაც მანქანით არ ვარ, არ მიწევს პარკინგის ძებნა და დარდი, თუ სად გავაჩერო მანქანა.

რა თქმა უნდა, მინუსებიც ბევრი აქვს უმანქანოდ სიარულს, მაგრამ ზემოხსენებული არგუმენტები უფრო მძლავრია ჩემთვის...

ამ დღესაც, მსგავსად სხვა დღეებისა, „დელისამდე“ მივედი ტაქსით, დელისიდან კი ფეხით 10 წუთის სავალზე სამსახურისკენ გავეშურე. სხვათა შორის, ფეხით სიარულიც ძალიან მიყვარს.

ჩემი ძირითადი სამსახური ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაა“, სადაც “მცირე ბიზნესის განვითარების პროექტ 3”-ის მენეჯერი ვარ. პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ს და მისი პარტნიორების მიერ. პროექტის ფარგლებში ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ აღმოსავლეთ მონაკვეთზე მდებარე 60 სოფელში მცირე ბიზნესს ვავითარებთ. პროექტის მე-3 ფაზა ახლახან დაიწყო და საკმაოდ დატვირთული და აქტიური დღეები გვაქვს. ორშაბათი დღეც მთლიანად დაგეგმარებასა და ლოჯისტიკის საკითხებს დავუთმეთ. თანამშრომლებთან შეხვედრა მქონდა და დეტალურად დავგეგმეთ მიმდინარე ნაბიჯები. ამ კვირაში დაიგეგმა შეხვედრები და პროექტის პრეზენტაციები 5 მუნიციპალიტეტში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სხვადასხვა სოფლებში თემის წარმომადგენლებთან. ამავე დღეს გავამზადე ბიზნესიდეის საბოლოო ფორმა, რომელიც უნდა გავრცელდეს სამიზნე სოფელში და რის მიხედვითაც უნდა შეირჩეს კონკურსანტები შემდეგი დაფინანსებისთვის. გამზადდა და დასაბეჭდად გადაიგზავნა სოფელში გამოსაკრავი პოსტერები. ამასობაში სამუშაო დღეც დასრულდა.

სამსახურიდან ფეხით გამოვუყევი გზას და ყაზბეგის გამზირზე გაჩერებაზე დაველოდე ტრანსპორტს. მიკროავტობუსი ძალიან მალე მოვიდა. არცთუ ისე ცხელი დღე იყო. ტრანსპორტს ფანჯრები ღია ჰქონდა. კონდიციონერის ჩართვის საჭიროება არ ყოფილა...

მიკროავტობუსით მგზავრობა იდეალური დრო აღმოჩნდა რადიო თავისუფლების დღიურის საწერად, თუმცა რომ არა დღიური, მაშინ წიგნს წავიკითხავდი ან სხვა საქმით დავკავდებოდი მგზავრობისას. ორთაჭალის მახლობლად ერთი ჩემი მეგობარი ამოვიდა ტრანსპორტში, თუმცა წერაში იმდენად ვიყავი გართული, ბევრი არ გვისაუბრია.

სახლში მისვლამდე თეკლამ რამდენჯერმე დამირეკა და შემახსენა, რომ დღეს მისი ნათლიის დაბადების დღე იყო. სახლში მისვლისას პრინცესა-გვირილები მზად დამხვდნენ. საჩუქარი შევარჩიეთ და დაბადების დღეზე წავედით. ბავშვები ერთად გაერთნენ. მშობლებსაც არ მოგვიკლია მხიარულება, თუმცა ალკოჰოლს არავინ ეძალებოდა. ისე, ბოლო პერიოდში ვამჩნევ, რომ ალკოჰოლზე მოთხოვნა შემცირდა...

დაღამდა.მასპინძლებს დავემშვიდობეთ და სახლისკენ გამოვეშურეთ. ძილისწინა პროცედურები ჩაიტარეს გოგონებმა და დაწვნენ. მეც, ტრადიციისამებრ, ყველას ორივე ლოყაზე ვაკოცე და ტკბილი ძილი ვუსურვე.

სამშაბათი, 31 ივლისი

მსუბუქი საუზმის შემდეგ ბანკში გავეშურე, სავალდებულო თანხა მქონდა შესატანი. ვერ ვიტან ამ პროცესს, მაგრამ საბოლოო შედეგი სასიამოვნოა.

ბანკის მერე „ქორთიარდ მერიოტში“ მივდიოდი, სადაც „ელკანას“ ერთ-ერთი პროექტის დასკვნითი ღონისძიება იმართებოდა.

დღეს თბილისში მგზავრობა საკუთარი მანქანით გადავწყვიტე. დიდად არ მიყვარს, როგორც აღვნიშნე, რადგან მართვის დროს სხვა ვერაფერს ვაკეთებ და მგონია, რომ დროს ვკარგავ. გაჩერებაზე ჩემი მეგობრები, თეო და შაკო, დავინახე. გავაჩერე მანქანა. აღმოჩნდა, რომ თბილისში მოდიოდნენ. გზაში ბევრ თემაზე ვისაუბრეთ - დაწყებული ხორავას საქმიდან, გაგრძელებული უსახური მშენებლობებით. შაკომ ისიც კი იხუმრა: დილით თბილისში მანქანას რომ გაიყვან ავტოსადგომიდან, საღამოს მის ადგილზე შეიძლება მშენებარე კორპუსი დაგხვდესო... ისე აგიხდეს ყველაფერი, მშენებლობებისა და უამრავი მანქანის გამო, ძლივს ვიპოვე საპარკინგე ადგილი, ისიც დანიშნულების ადგილიდან საკმაოდ მოშორებით...

პროექტის დახურვამ საინტერესოდ ჩაიარა: გამომსვლელების პრეზენტაციები -„ელკანას“ დირექტორ მარიამ ჯორჯაძით დაწყებული, პროექტის მენეჯერ მიხეილ პაკაცოშვილით თუ სოფო ბარბაქაძით გაგრძელებული და ბენეფიციარებით დასრულებული - საკმაოდ საინტერესო იყო. ბევრი ნაცნობი შემხვდა და სამახსოვრო ფოტოები (სელფები) თითქმის ყველასთან გადავიღე და ავტვირთე „ფეისბუკზე“.

ამავე დღის ბოლოს კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა იყო დაგეგმილი. რადგან დრო მქონდა, პროექტის თანამშრომლებს საორგანიზაციო საკითხებში სიამოვნებით დავეხმარე...

შეხვედრაზე დროულად მივედი. არ ვიყავი ამ ორგანიზაციის ოფისში ნამყოფი და მოხიბლული დავრჩი. ამ შემთხვევაში EMT-ს - „განათლებისა და მართვის გუნდს“ -წარმოვადგენდი, რომელსაც ეს ორგანიზაცია 100-ზე მეტი თანამშრომლისთვის კორპორაციულ გუნდად შეკვრის ღონისძიებას გვიკვეთს. სტრატეგიაზე შევჯერდით. ახლა ჯერი დღის წესრიგსა და წვრილმან დეტალებზეა, თუმცა ეს EMT-სთვის რთული არ არის, რადგან გუნდი მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმეზე ორიენტირებულობით გამოირჩევა. მსგავსი აქტივობაც არაერთი განუხორციელებია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეგობარი შემეხმიანა, რომელმაც მცირე ოპერაცია გაიკეთა. ისიც რუსთავში მოდიოდა, რაც მგზავრობას უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდიდა.

საღამო გრილი და სასიამოვნო იყო.

სახლში მხოლოდ ანამარია და ლალი ბებო დამხვდნენ. თეკლა და ლოლა ნინიამ და მიამ წაიყვანეს, რის შესახებაც წინასწარ მაცნობეს. ანამარიას ორივე ლოყაზე ვაკოცე, ტკბილი ძილი ვუსურვე და დავიძინეთ.

ოთხშაბათი, 1 აგვისტო

დილით, სანამ მაღვიძარა დარეკავდა, ანამარია მესტუმრა ოთახში და ჩამეხუტა. მსუბუქი საუზმის შემდეგ შარტავას მოედანზე გავედი, იქ ჩვეულ ტრანსპორტში ჩავჯექი და თბილისში წამოვედი. დილის მგზავრობა რადიო თავისუფლებისთვის გასული დღის დღიურის წერას დავუთმე. დრო ძალიან სწრაფად გავიდა. „დელისიდან“ სამსახურამდე ფეხით მივედი.

თანამშრომლებთან ერთად პროექტის საქმეების საორგანიზაციო დეტალებს შევუდექი. ხვალიდან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს და ყველა დეტალი უნდა იყოს დაგეგმილი.

თანამშრომელი თავისი შვილის ამბებს მოგვიყვა: თუ როგორ გაფრინდა ამერიკაში FLEX-ის პროგრამით და ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ჩასული. ძალიან მომწონს ეს პროგრამა და სურვილი მაქვს ჩემმა 4-ვე შვილმა მიიღოს მონაწილეობა. ასევე მსურს, სოციალურად აქტიურ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ ჩემი შვილები.

საღამოს ლუკას ბანაკის ლიდერ გვანცასაგან გამოგზავნილი ფოტოები და ვიდეოები ვნახეთ. გვიხარია ლუკას ემოციები და ერთი სული გვაქვს, როდის ჩამოვა და CISV-ის ბანაკში მიღებულ შთაბეჭდილებებსა და თავის განცდებს გაგვიზიარებს. ამ ორგანიზაციას 1952 წლიდან აქვს ბანაკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უკვე ძალზე დიდია მისი გამოცდილება. ამ პროგრამაში ჩართვა კი ბავშვს პიროვნულად ძალიან ზრდის და ავითარებს.

დღეს თეკლას და ანამარიას მოუხერხებიათ ლოლასთვის საჩუქრების შეძენა და მისალოცი პოსტერის გამზადება, რაშიც ლალი ბებოს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

საღამოს თეკლასა და ანამარიასთან ერთად მაღაზია „მადაგონში“ გავედით, ჭიამაიას ტორტი შევუკვეთეთ, შუშხუნები და მოსართავები შევიძინეთ და დავბრუნდით სახლში.

ძილის დრო მოახლოვდა, პრინცესა-გვირილები მოწესრიგდნენ, დაწვნენ, ტრადიციულად ორივე ლოყაზე ვაკოცე ყველას და ტკბილი ძილი ვუსურვე.

მე კი იუბილარისთვის ოთახის მორთვას შევუდექი, რომ დილით სიურპრიზი დახვედროდა. შემდეგ ჩემს ფეისბუქის გვერდზე მისალოცი ტექსტი დავწერე და დავწექი...

ხუთშაბათი, 2 აგვისტო

მაღვიძარამ დარეკა. ავდექი, მოვწესრიგდი, სახლიდან გასვლამდე ლოლას დაბადების დღე მივულოცე და მანაც მომენტალურად გაახილა თვალები. დანარჩენებიც წამოხტნენ. იუბილარმა ნახა მორთული ოთახი და ძალიან გაუხარდა. საჩუქრებიც მისთვის სასურველი და სასიხარულო მიიღო.

მე სამსახურში წავედი. ტრანსპორტირების დროს ლოლას მილოცვებს ვკითხულობდი. ძალიან სასიამოვნოა ბევრი გვერდში მდგომი რომ გყავს ადამიანს, თბილ და სასიამოვნო სიტყვებს რომ ისმენ, შენი ოჯახის მისამართით ნათქვამს. ეს კი უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ მეც ანალოგიური სიკეთით ვუპასუხო ყველას...

დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე მაქვს. მცირე ბიზნესის საგრანტო კონკურსის გამოცხადებას ვიწყებთ, პირველი შეხვედრები კი მცხეთის, წეროვანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში გვაქვს, რათა გავაცნოთ თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტი, მიზანი და სამომავლო გეგმები.

შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიხარულით მიიღო ჩვენი ინიციატივა და, საჭიროების შემთხვევაში, გვერდში დგომა შემოგვთავაზა.

სახლში დაბრუნებამდე მაღაზიიდან ტორტი წამოვიღე. ძალიან ლამაზი გამოსულა... დღეს სტუმრებს სახლში ველოდებით. ზუსტად არც ვიცით, ვინ მოვა. სახლში „სიქადან“ - „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციიდან“ -ნათხოვარი პროექტორი და აუდიოაპარატურა მოვიტანე, რომ კარაოკე სიმღერები და ცეკვები ჩავრთოთ. ასევე ჩემი ძმის ოჯახიდან ელექტროცელი ვითხოვე, რომლის მოხმარების ინსტრუქციაც შოთამ დეტალურად ამიხსნა (შვილის დაბადების დღეზე პირველად გამოვიყენე ელექტროცელი. საკმაოდ მარტივი ყოფილა მოხმარება). ამით ჩემს ცხოვრებას კიდევ ერთი პატარა ცოდნა და გამოცდილება შევმატე.

მოსაღამოვდა. სტუმრებიც მოვიდნენ. ბევრი ვიმხიარულეთ: ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ბევრი ითამაშეს, უფროსები კი ბავშვების გართობით ვხარობდით...

სტუმრების ნაწილი წასვლას აპირებდა, როდესაც ლუკამ ავსტრიიდან ვიდეოზარით დარეკა, რომ ლოლასთვის იუბილე მიელოცა. მაშინვე პროექტორით ჩავრთე, რომ ყველას დაენახა და პოზიტიური ემოცია გაეზიარებინა. ლუკას ზარი ფინალური აკორდი იყო ამ დღის.

სტუმრები გავაცილეთ. გოგონები მოწესრიგდნენ და დაწვნენ. მეც, ტრადიციისამებრ, დავემშვიდობე სამივეს...

პარასკევი, 3 აგვისტო

საუზმეზე ანუშკის გამომცხვარი კექსი მივირთვი - დილა ტკბილეულით დავიწყე, შემდეგ კი კასპში გავემგზავრე ადგილობრივ მთავრობასთან შეხვედრაზე. კასპის შემდეგ შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში მქონდა, შემდეგ კი იძულებით გადაადგილებულ პირთა 3 დასახლებაში მოსახლეობას შევხვდით, სადაც ბიზნესიდეის ფორმები გავავრცელეთ, პოსტერები გამოვაკარით და საგრანტო კონკურსის პირობები გავაცანით ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

საკმაოდ დატვირთულმა სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

დღის ბოლომდე მოვახერხე და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ბილეთები შევათანხმე, რომ ხვალ შევიძინო. პროგრამაში საქართველოდან 9 ადამიანი მივფრინავთ სექტემბერში, მათ შორის, ანამარიას წაყვანასაც ვახერხებ.

სასიამოვნო საღამო იყო. გრილოდა. ჯაზს ვუსმენდი და შემდეგ პერიოდს ვგეგმავდი.

ამაღამ ლუკა მოფრინავს. უცნაური განცდაა, როდესაც 1 თვე არ გინახავს შვილი. ის საერთაშორისო ბანაკში იმყოფებოდა 12 სხვა ქვეყნის წარმომადგენელ თანატოლებთან ერთად... და მის ჩამოსვლაზეა დამოკიდებული შემდეგი დღე. გოგონებს გასართობად წასვლა უნდათ სადმე. კვირას კი ნუნისში დასასვენებლად ვაპირებ ბავშვებისა და დედაჩემის წაყვანას. ნუნისიდან პატარები რაჭაში, დიდები კი ჯერ სკაუტების, შემდეგ EMT-ისა და „სიქას“ ერთობლივად ორგანიზებულ ბანაკში მინდა გავუშვა. მოკლედ, ბევრი საფიქრალი მაქვს...

შაბათი, 4 აგვისტო

მოკლედ, ძილი, ალბათ, არ მიწერია, რადგან ახლა 03:30-ია. მალე უნდა გავიდე ლუკას დასახვედრად...

თვითმფრინავმა 1 საათით დაიგვიანა. ალბათ, ეს 1 საათი უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მთელი თვე. აეროპორტში დანარჩენ მშობლებთან ერთად ნინია და მიაც იყვნენ.

ლუკა ჩამოფრინდა. შაბათი დღე იყო, 4 აგვისტო.

სახლში მოსვლისას უკვე გათენებული იყო. ლალი ბებო გველოდა. ზღურბლზე შესვლისას თეკლაც წამოხტა და ლუკას ჩაეხუტა. ამ მცირე ხმაურზე ანამარიამ და ლოლამაც გაიღვიძეს... ძალიან თბილი და ემოციური სანახავი იყო ოთხივე დედმამიშვილი როგორ ეხუტებოდა ერთმანეთს. საოცრად დიდი სითბო ვიგრძენი. კარგი იქნებოდა ნინისაც (გვირილების დედოფალასაც) დაენახა და ეგრძნო ეს ყოველივე...

ლუკამ საჩუქრები დაგვირიგა ყველას: პავლე ძიას, თეა ბიცოლას, ანა დეიდას, ლალიკოს და მარისთვისაც ცალკე გადაალაგა. მე მაისური ჩამომიტანა - ზუსტად ისეთივე, როგორიც თავისთვის უყიდია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ზომა.

გვირილა-პრინცესებს უკვე აღარ ეძინებოდათ. მე და ლუკამ ცოტა ხნით დავიძინეთ.

შუადღისას რომელიმე გასართობ ცენტრში გავისეირნებთ. გავერთობით. შევქმნით კიდევ ერთ დღეს, რომელიც სასიამოვნო გასახსენებელი იქნება. ხვალიდან კი დასასვენებლად გავემართებით. მე ბავშვებს დავტოვებ და სამსახურს დავუბრუნდები.

ძალზედ საინტერესო გამომივიდა ეს კვირა, არც თუ ბევრად ნაკლები სხვა კვირებისგან, მაგრამ ამ ყველაფრის ყოველდღიურად წერა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვა რაკურსით დავინახე ჩემს თავს მიმდინარე მოვლენები. მადლობა რადიო თავისუფლებას, დათოს და ნინოს ამ საშუალებისთვის და მიპატიჟებისთვის. ეს გამოწვევა იყო ჩემთვის და ვფიქრობ თავი გავართვი... იმედი მაქვს მკითხველი თუ მსმენელი ვინც გაეცნობა ჩემს ერთ ჩვეულებრივ კვირას რამე საინტერესოს იპოვის მისთვისაც :). მშვიდობას გისურვებთ!

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG