Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მამალაძე სალომე ზურაბიშვილისგან ელის შეწყალებას


ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახმა საქართველოს პრეზიდენტს პატიმარი სასულიერო პირის შეწყალების თხოვნით მიმართა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეკანოზის ადვოკატებმა შეიტანეს. დეკანოზის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ წერილობით მიმართეს ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რათა დეკანოზის შეწყალებისთვის საპატრიარქომ პრეზიდენტთან იშუამდგომლოს.

ადვოკატების განმარტებით, მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების მოთხოვნის განახლება ობიექტური აუცილებლობით იყო განპირობებული. კერძოდ, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მისი სრულყოფილი მკურნალობა საპატიმრო პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოლოდინები და იმედები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით პირველად მიმართეს, თუმცა პრეზიდენტის წყალობის მოლოდინი მათ მანამდეც ჰქონდათ. მაგალითად, მიმდინარე წლის 25 აპრილს, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის გიორგი მამალაძის არყოფნის გამო მაშინ უკმაყოფილება გამოხატა მსჯავრდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. იგი წერდა, რომ საპატრიარქომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი დეკანოზ გიორგი მამალაძესაც შეხებოდა. თორნიკე მამალაძე მაშინ იმედგაცრუებული იყო იმით, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს დაპირება ანუ არ იშუამდგომლეს პრეზიდენტთან, რათა მსჯავრდებული დეკანოზი პატიმრობიდან აღდგომის დღესასწაულამდე გათავისუფლებულიყო.

​დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამჯერად იმედოვნებს, რომ მისი ძმა მარიამობის დღესასწაულზე მაინც გათავისუფლდება:

თორნიკე მამალაძე
თორნიკე მამალაძე

„სადღესასწაულო დღეებშია შეწყალებები, უახლოესი დღესასწაული მარიამობაა და წინა პრეზიდენტები მარიამობის დროს იწყალებდნენ და ვნახოთ, შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს“, - გვითხრა თორნიკე მამალაძემ, რომლის განმარტებითაც, ხუთი თვეა მისი ძმა წევს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია: „აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს ეს ადამიანი და გაათავისუფლოს. ჩვენთან არც საპატრიარქოს და არც სახელმწიფოს მხრიდან არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ მაინც ვცდით“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან შუამდგომლობის საკითხზე ჯერჯერობით უცვლელია საპატრიარქოს ის პოზიცია, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვლის განცხადებაშია ასახული. განცხადების თანახმად, "საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს".

„ცდა ბედის მონახევრეა“ - შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს?

„მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის განმარტებით, შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რომელიც გარკვეულ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული.

სალომე ზურაბიშვილთან შეწყალების თხოვნით მიმართვამდე, მის წინამორბედს, გიორგი მარგველაშვილს გიორგი მამალაძის ოჯახმა ორჯერ მიმართა, თუმცა ორჯერვე უშედეგოდ. გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოს წარმომადგენელთა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ვერ წავიდა.

მიხეილ რამიშვილი
მიხეილ რამიშვილი

„მე ვიმედოვნებ,რომ იგივე ზემოქმედების განხორციელებას სალომე ზურაბიშვილზე ვერ მოახერხებენ. მე ვიმედოვნებ, მაგრამ აქამდე ეს ჩემი იმედი მხოლოდ სიტყვად რჩებოდა. ქმედებები რეალურად აბსოლუტურად სხვა შედეგს გვაძლევს. ვნახოთ. ცდა ბედის მონახევრეა“, - გვითხრა მიხეილ რამიშვილმა, რომლის თანახმად, ახალი რეალობა გიორგი მამალაძის საქმეში ისაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.

როგორია გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თანახმად, ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს ექვსი თვეა რაც პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები და დამოუკიდებლად ეტლით გადაადგილებაც არ შეუძლია. ადვოკატის თქმით, სამედიცინო პერსონალის შეფასებით, მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატიმრობაში მყოფისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ არის იმისთვის, რომ მინიმუმ ხელ-ფეხის ამოძრავება შეძლოს.

კვლევებით გიორგი მამალაძეს არ დაუდასტურდა ინსულტის დიაგნოზი. მიმდინარე წლის თებერვალში პატიმარს ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში დისოციაციური მოტორული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ნერვოლოგების კონსილიუმის საფუძველზე დადგინდა, რომ თავისა და ზურგის ტვინში არ გამოვლენილა მწვავე კეროვანი პათოლოგია და თავის ტვინის ორგანული დაზიანებების ნიშნები.

კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა. დასკვნის მიხედვით მკურნალობის მეთოდია ფსიქოთერაპია, ფარმაკოთერაპია კი გამოყენებული უნდა იყოს თანმხლები დარღვევების (მაგალითად, დეპრესიის ან შფოთვის) სიმპტომების რედუქციის მიზნით.

ინფორმაციის თანახმად კი, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან 16 აგვისტოს მივიღეთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი საჭიროებიდან გამომდინარე ყველანაირი სათანადო სერვისი მიეწოდება, დიაგნოზი კი პერსონალურ მონაცემია და უწყება მისი გასაჯაროვებისგან თავს იკავებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ეგრეთ წოდებულ „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG