Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?


საქართველოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემაზე ახალი, გაუგებარი და ბევრისთვის სახიფათო თავსატეხი გაჩნდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს გაკეთებულ ბუნდოვან განმარტებებს, 29 სექტემბერს პროკურატურის ბუნდოვანი განცხადებაც დაემატა. საქმეში ჩაუხედავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თავგზა მეცნიერებსაც აებნათ. უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები მრავალგვარი ინტერპრეტაციის სივრცეს აფართოებს.

ვინ, როგორ და საქართველოს რა ტერიტორიებს უთმობდა აზერბაიჯანს? რა ვიცით ამ დროისთვის? რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? უკავშირდება თუ არა გამოძიების დაწყება მოახლოებულ არჩევნებს?

რას (არ) ამბობს პროკურატურა?

29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ:

  • გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით - „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“;
  • გამოძიება დაიწყო თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული „წერილობითი ინფორმაციის“ საფუძველზე;
  • თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია შეეხებოდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას“.
  • თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მიერ „საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“.
  • 9 სექტემბერს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა.

პროკურატურის მიერ 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და დღემდე, აზერბაიჯან-საქართველოს ეს მონაკვეთი შეუთანხმებლად ითვლება.

ამ განცხადებით შესაძლებელია იმის ვარაუდიც, რომ გამოძიება საერთოდ არ შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის იმ მონაკვეთს, სადაც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. ჩნდება მრავალი შეკითხვა:

  • უკავშირდება თუ არა გამოძიების ინტერესი უშუალოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსაც თუ ლაპარაკია მხოლოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის სხვა, უკვე შეთანხმებულ მონაკვეთებთან დაკავშირებით?
  • რომელი წლებით თარიღდება მოპოვებული რუკა (თუ რუკები)?
  • რუკა (თუ რუკები) მოპოვებულია საქართველოში თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ?
  • რომელ წლებშია ჩადენილი ეს სავარაუდო დანაშაული ?
  • რა სახის შეთანხმებაა მიღწეული და გაფორმებულია თუ არა კონკრეტული დოკუმენტები ამა თუ იმ ტერიტორიის გადაცემის შესახებ?

რადიო თავისუფლების ამ შეკითხვებს პროკურატურამ არ უპასუხა. გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი განმარტებები არ გაკეთდება. ასევე მრავალი უპასუხო შეკითხვა დაუტოვა 24 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა - როცა თბილისში აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობდა.

პირველად სწორედ მან ახსენა, მაგრამ საერთოდ არ ახსნა ახალი მასალებისა და მათ შორის - რუკების მოძიების თემა.

გამოძიების დაწყების გამო საზოგადოებაში გაჩენილი ინტერესის შესაბამისი, დეტალური ინფორმაცია დავით ზალკალიანს არც 30 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაუხმაურებია.

  • 29 სექტემბერს გამოკითხვაზე იყო დაბარებული გარეჯის ლავრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი კირიონი.
  • პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე უკვე გამოკითხულია ათეულობით პირი.

ამ ეტაპზე საზოგადოება მხოლოდ ფრაგმენტულად გავრცელებული, დაუზუსტებელი ინფორმაციის ამარა რჩება. ასეთ მგრძნობიარე თემაზე საინფორმაციო ვაკუუმს პრობლემურად მიიჩნევენ ისტორიკოსებიც.

„ეს თემები ისეა გასაიდუმლოებული, რომ საზოგადოებაში დიდ ეჭვებს იწვევს... ახლა კიდევ პროკურატურამ გამოაქვეყნა ეს გაუგებარი განცხადება... თუკი ვიღაცამ წლების წინ რუკები დამალა და საქართველოს ტერიტორიები დაარიგა, აქამდე რატომ არ გაირკვა ეს საკითხი?! გვიმსჯელია ოდესმე ღიად დავით გარეჯზე?

თუკი მეგობრული ქვეყნები ვართ, რატომ არ უნდა გამართულიყო აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით თუნდაც ერთი ღია კონფერენცია მეცნიერებისა და ექსპერტების ჩართულობით ?! ვიცით, რა რუკა მიაწოდა ვიღაცამ ქართულ მხარეს მოსკოვიდან? რამდენად სანდოა?“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

ვის და რა ბრალდება?

ვიდრე პროკურატურის განცხადება გამოქვეყნდებოდა, რამდენიმე დღით ადრე, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ გაახმაურა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მზადდებოდა ახალი საქმე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

„მთავარი არხის“ მიერ 29 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი:

  • კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, დავით ხიდაშელმა ქართულ მხარეს თვენახევრის წინ მიაწოდა გასული საუკუნის 20-იანი წლების რუკები, რომლებიც მან მოსკოვის არქივში მოიპოვა.
  • რუკები საქართველოში ჩამოტანილია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის შესათხზველად და სავარაუდოდ იმ სცენარის გასათამაშებლად, რომ ქართულმა მხარემ სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში არ გამოიყენა მის ხელთ არსებული მომგებიანი რუკები.
  • ინფორმაცია პროკურატურას უნდა გაეხმაურებინა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ „მთავარმა არხმა“ მას დაასწრო.

„BUSINESS MEDIA“-ს ინფორმაციით, დავით ხიდაშელი, რომელმაც მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში გაზაფხულზე 1.2 მილიონი ლარი ჩარიცხა, ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

  • 1998-1999 წლებში მას დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა;
  • ხოლო 2007-2014 წლებში რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის - АФК “Система”-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტი იყო. .

მასალების მოწოდებისთვის დავით ხიდაშელს 30 სექტებერს მადლობა გადაუხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ხიდაშელის წყალობით მოპოვებულ იქნა არა გასული საუკუნის 20-იანი წლების, არამედ 1938 წლის რუკის „ორიგინალური ვერსია“.

სესიაშვილმა ასევე თქვა:

  • „აქ არ არის საუბარი მხოლოდ დავით გარეჯზე,აქ საუბარია მთლიანად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე“;
  • „რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ჩემი აზრით, ამ რუკების ან შეგნებულად არმოძიება მოხდა, ანდა არსებული რუკები უბრალოდ გაქრა“;
  • „2006 წლის წინასწარი შეთანხმებით ზიანდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესი“;
  • „კომისიის ფარგლებში დემარკაციის უზრუნველყოფა საჭირო იყო 1938 წლის რუკებზე დაყრდნობით“.

ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი ლადო მირიანაშვილი, რომელსაც ძირეულად აქვს შესწავლილი დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სადემარკაციო პროცესების 1938 წლის რუკის მიხედვით წარმართვის შესახებ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, კომისიის ფარგლებში, ჯერ კიდევ 1996 წლის ივნისში შეთანხმდნენ.

თუმცა ,მეცნიერის ინფორმაციით, კომისიის ხელთ აქამდე არსებული 1938 წლის რუკა წვრილმასშტაბიანი იყო (1:250 000), მისი ზუსტად წაკითხვაც ჭირდა და შესაბამისად, დღის წესრიგში ყოველთვის იდგა 1938 წლით დათარიღებული უფრო მსხვილმასშტაბიანი (1:50 000) რუკების მოძიება.

ლადო მირიანაშვილმა ზუსტად იცის, რომ 1996 წლისთვის ყველაფერი უკვე რუსეთში იყო გაზიდული:

„1995 წელს, სასაზღვრო ჯარის შტაბში, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ რუსი მესაზღვრეები, შევხვდი ერთ ქართველ პოლკოვნიკს, რომელიც მუშაობდა ზუსტად საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე და ვთხოვე მას, რომ ყურადღება მიექცია გარეჯის მონაკვეთის ამსახველი რუკებისთვის.

მაშინ მან მითხრა - რუსი მესაზღვრეები რომ გადიან, ყველა რუკა თან წაიღესო... ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე ბოლოს რუსი მესაზღვრეები გავიდნენ და მთელი ეს მასალა მათ გაიტანეს. არაფერი არ დაუტოვებიათ საქართველოში აბსოლუტურად“.

2019 წლის ოქტომბერში, ვიდრე პრემიერი გიორგი გახარია ბაქოში ჩავიდოდა, საქართველოს საპატრიარქომ კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილი გამოაქვეყნა.

  • საქართველოს პატრიარქი გამოხატავდა იმედს, რომ გიორგი გახარიას ჩარევით საბოლოოდ - „ისტორიული სამართლიანობაცაღდგებოდა და საკითხი გადაწყდებოდა „1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით“.
  • ორმხრივად აღიარებული ამ რუკით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით ბერთუბნისა, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ნაწილია, აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული)“ - წერდა პატრიარქი.

თუკი ერთი წლის წინ ასეთი მდგომარეობა იყო და საპატრიარქო აცხადებდა, რომ - "იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია", ხომ არ ფლობს ინფორმაციას - რატომ ფერხდებოდა ეს საკითხი აქამდე?

30 სექტემბერს რადიო თავისუფლების შეკითხვებს არ უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თუმცა მოგვიანებით გავრცელებული მისი კომენტარის თანახმად, კომისიაში, რომლის შემადგენლობაც ახლა მთლიანად განახლებულია, "გადაწყვეტილებები მიღებული იყო საქართველოს საზიანოდ“.

მღელვარება არჩევნების წინ

30 სექტემბერს გაკეთებულ კომენტარში, როგორც უკვე ვთქვით, ირაკლი სესიაშვილმა 2006 წლის „წინასწარი შეთანხმება“ ახსენა; ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამ ჯერჯერობით უცნობ დოკუმენტს 2006-2007 წლების შეთანხმებად მოიხსენიებს.

ასეთ შეთანხმებას ვერც აკადემიურ წრეებში იხსენებენ და ვერც ოპოზიციაში.

ბევრს უჩნდება ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ქულების დაწერასა და ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობს. თუმცა ასეთები იქვე აზუსტებენ, რომ დავით გარეჯის თემა საამისოდ საკმაოდ სახიფათოა, მათ შორის - ყარაბაღის კონფლიქტის უკიდურესი გამწვავების ფონზე.

  • „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს ერთადერთი მიზნისთვის და ეს არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ სისტემის გამოყენება“ - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „მე მაქვს შეკითხვა საქართველოს ხელისუფლებასთან - რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს ქართული მიწა უკანონოდ გადაეცა? ჩვენ ტერიტორიულ პრეტენზიებს ვუყენებთ აზერბაიჯანს? დღეს, როდესაც ისედაც ომის პირას დგას მთელი კავკასია, დღეს ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიულ პრეტენზიას უყენებს აზერბაიჯანს?“ - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“.

ოპონენტები ხელისუფლებას ასევე ეკითხებიან, რომ თუკი უფრო მომგებიანი რუკების მოძიება იყო შესაძლებელი და თუკი უკანონო ქმედებებზე იყო ეჭვი, სად იყო ის მთელი 8 წლის განმავლობაში?

რადიო თავისუფლებისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დავით გარეჯთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესწავლა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო; იყო ლაპარაკი, რომ „კომისიაში გარკვეული ცუდი საქმეები ტრიალებდა“; „დაიწყო კომპრომატების მოგროვებაც“ და ამ პროცესს სათავეში ედგა პირი, რომელიც „დღემდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობს“. შესაბამისად, წყარო სვამს შეკითხვას - თუკი ეს წინასაარჩევნო სვლა არ არის, სად იყვნენ ამდენი ხნის განმავლობაში?

თუ რამე კონკრეტული იციან, კონკრეტულად და გასაგებად უნდა თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათასნაირი ეჭვი გაჩნდება - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე.

„ან საერთოდ არ უნდა ეთქვათ, ან თუ ამბობენ, უნდა თქვან გარკვევით... საზოგადოებას უნდა უთხრან - საზღვრის კონკრეტულად რა მონაკვეთზეა საუბარი და რა იყო მოტივაცია?

ვინც ეს გააკეთა - ფული აიღო? არაპროფესიონალი იყო? სათანადოდ არ მოინდომა? თუ რა ხდება?... როდესაც ისე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამატებითი კითხვები ჩნდება, ეს იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას... ასეთ სიტუაციაში კი ჩნდება ეჭვი მიზანზე - რომ კიდევ ერთი მინუსი დავუწეროთ წინა ხელისუფლებას“ - ამბობს ბახტაძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG