Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაისჯებიან თუ არა სარალიძის მკვლელები?


პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

პროკურატურის მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ზეგავლენით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამოძიება მიკერძოებულად წარიმართა და დამნაშავეებს ხელი დააფარეს - ასეთია „ევროპული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამოტანილი უმთავრესი დასკვნა. „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილმა, მ.კ.-მ, რომელსაც ამჟამად დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი, პასუხი აგოს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს პოლიტიკურ მიკერძოებაში სდებს ბრალს და მათ მიერ წარმოდგენილ შეფასებებს „აბსოლუტურად არაკომპეტენტურს“ უწოდებს. 3 სექტემბრის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის სახელით მომზადებული საკუთარი დასკვნით გამოცხადდა, რომლის განხილვაც, სავარაუდოდ, 4 სექტემბერს შედგება.

„ევროპული საქართველო“: საგამოძიებო პროცესი მირზა სუბელიანის ზეგავლენით

პროკურატურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს გამოძიების ტენდენციურად წარმართვის განზრახვა ჰქონდათ, მიიჩნევს „ევროპული საქართველო“ და ამ განზრახვის საფუძველს ის პირდაპირ უკავშირებს პროცესში პროკურატურის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის, ჩართვას. სუბელიანის დაინტერესება კი გამოწვეული იყო ხორავას ქუჩის საქმეში მისი შვილისა და ცოლის დისშვილის მონაწილეობით.

კომისიის საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა და 3 სექტემბრის სხდომაზეც არაერთხელ აღინიშნა, რომ მირზა სუბელიანის შვილის მიმართ, რომელმაც 2017 წლის 1 დეკემბრის ფაქტის მონაწილეთა ორგანიზება მოახდინა, გამოძიებამ არ ჩაატარა მთელი რიგი აუცილებელი პროცედურები, მაგალითად: არ აიღო ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა საცხოვრებელი ბინა და ასე შემდეგ. ასევე დიდწილად გამოძიების ყურადღების მიღმა დარჩა მირზა სუბელიანის დისშვილიც, ხორავას ქუჩის ინციდენტის უშუალო მონაწილე, მ.კ. მაგალითად: არ იქნა ამოღებული მისი ტანსაცმელი, არ იქნა ამოღებული და შემოწმებული მისი მობილური ტელეფონი, არ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, არ დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მ.კ.-ს შესახებ, და ასე შემდეგ. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განმარტა, საგამოძიებო პროცესი, რომელიც თავიდან აქტიურად დაიწყო, შემდეგ სუბელიანის ფაქტორის გამო დამახინჯდა - შს სამინისტროსა და პროკურატურის მთელი რიგი თანამდებობის პირთა ჩართულობით.

ირაკლი აბესაძე ხორავას ქუჩის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:44 0:00

„ევროპული საქართველოს“ ხელთ არსებული ინფორმაციით, მ.კ.-ს ხელში ეჭირა და დავით სარალიძეს ურტყამდა დაუდგენელ საგანს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ხელნაკეთი ნივთი, რომელიც იარაღად იქნა გამოყენებული. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ მოვლენებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, არ სურს შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლების დასჯა და უგულებელყოფს აბსურდულ რეალობას, როდესაც არსებობს მოკლული მოზარდი და არავის უმტკიცდება მისი მკვლელობა.

„ქართული ოცნება“: არ გამოიკვეთა, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდა

მართალია, თავად ბოიკოტად არ აღიქვამენ და ასეთი შეფასებისთვის გაუბრაზდნენ კიდევაც „ევროპულ საქართველოს“, მაგრამ ფაქტია, რომ 1 და 2 სექტემბერს საგამოძიებო კომისიის სხდომებს არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლები, 3 სექტემბერს კი კომისიის სხდომისთვის ისინი უკვე საკუთარი ალტერნატიული დასკვნით გამოცხადდნენ. როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, დასკვნა ობიექტურია და მას ვერც კი შეედრება „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული „აბსოლუტურად არაკომპეტენტური“ დასკვნა.

ანრი ოხანაშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

„ევროპული საქართველოს“ დასკვნა ხშირ შემთხვევაში „ბელეტრისტიკაა“კომისიის წევრისთვის „ქართული ოცნებიდან“, დიმიტრი ცქიტიშვილისთვის. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დასკვნას, მასში აღწერილია ხარვეზები, მაგრამ ცქიტიშვილის თქმით, არ გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ საგამოძიებო პროცესში ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს ხარვეზები ვერ მოახდენდნენ ზეგავლენას გამოძიების საბოლოო შედეგზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

„გამოძიების ვერსიით, მკვლელი დადგენილია, სასამართლომ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. ეს არის მოცემულობა“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი და, მისი აზრით, საგამოძიებო პროცესში კომისიის მიერ აღმოჩენილი დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, „შესაძლოა, პროკურატურას უფრო ძლიერი მტკიცებულებები ჰქონოდა“.

ზაზა სარალიძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელი დააფაროს ჩემი შვილის მკვლელებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა - ზაზა სარალიძე უნდობლობას უცხადებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ჩართულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი დამნაშავეების მფარველობას ცდილობს.

ზაზა სარალიძე "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების დასჯას უკვე 9 თვეა ითხოვს. ამ მოთხოვნით თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციებიც ჩატარდა და შს სამინისტროში საგამოძიებო პროცესიც განახლდა, თუმცა მოკლული დავით სარალიძის მამა ფიქრობს, რომ დამნაშავეთა დასჯის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და, შესაბამისად, აპირებს საპროტესტო აქციები განაახლოს. ზაზა სარალიძისთვის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა ერთადერთ იმედს წარმოადგენდა და, მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ გამოვლენილი ფაქტები და ინფორმაცია ზუსტად ემთხვევა მის მიერ მოძიებულ ინფორმაციას, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად აქვს კონკრეტული შედეგის გამოღების პერსპექტივა „ევროპული საქართველოს“ მიერ მოძიებულ მასალებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, კომისიის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა 3 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე განიხილება „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დასკვნაც და უმრავლესობის კვოტით კომისიაში ჩართული პირები საბოლოოდ იმ დასკვნას მოაწერენ ხელს, „რომელსაც პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG