Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიცავს თუ არა შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმები დასაქმებულებს უბედური შემთხვევებისგან?


შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 19 თებერვალს შევიდა, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ ნორმასა და ვალდებულებას უწესებს როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციის დეპარტამენტს.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, საქართველოში იმაზე ორჯერ ნაკლები შრომის ინსპექტორია, ვიდრე უნდა იყოს, ხოლო შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა ათობით ათასს სცდება, პროფკავშირებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებზე მუშაობენ, ფიქრობენ, რომ სექტემბრიდან ამოქმედებული ნორმები წინ გადადგმული ნაბიჯია დასაქმებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

რა შეიცვალა კანონში?

მნიშვნელოვნად გაფართოვდა შრომის ინსპექციის მანდატი. ანუ:

  • თუკი პირველ სექტემბრამდე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, პირველი სექტემბრიდან მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.
  • თუკი პირველ სექტემბრამდე შრომის ინსპექციას საწარმოსა და დაწესებულების არაგეგმიური კონტროლის განხორციელება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს წინასწარი ნებართვით, ამიერიდან, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე და დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

გარდა ამისა, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია:

  • გამოკითხოს დამსაქმებელი და დასაქმებულები ობიექტზე არსებული შრომის უსაფრთხოების ნორმების თაობაზე;
  • მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ზედამხედველი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ეს შეეხება დამსაქმებლების ვალდებულებების გაფართოებას:

  • პირველი სექტემბრიდან დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.
  • დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. ხოლო თუკი დაწესებულებაში 20-დან 100-მდე დასაქმებულია, მაშინ ის ვალდებულია ადგილზე ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური შრომის უსაფრთხოების არანაკლებ ორი სპეციალისტით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუცილებელია ჰქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.
  • ცვლილება კანონში ვრცელდება ყველა დაწესებულებაზე, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც.

იქიდან გამომდინარე, რომ შრომის უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ფართოვდება შესამოწმებელი ობიექტების არეალიც, აუცილებელია შრომის ინსპექტორების რაოდენობის ზრდაც.

40 ინსპექტორი 40 ათასამდე ობიექტის პირისპირ

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით სულ შრომის 40 ინსპექტორია დასაქმებული. შესამოწმებელ ობიექტთა რაოდენობა კი პირველ სექტემბრამდე 40 ათასზე მეტი იყო.

იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სექტემბრიდან კანონში შევიდა ცვლილება და ამჯერად უკვე შრომის ინსპექტორების ვალდებულებაა შეამოწმონ ყველა საწარმო თუ დაწესებულება, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს, მნიშვნელოვნად იზრდება შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობაც.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მომავალი თვიდან იგეგმება შრომის ინსპექტორების გადამზადება და მათი რაოდენობის 100-მდე ზრდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის გამოყოფას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან:

„უკვე დაწყებულია მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენი სამსახური გახდეს ცალკე სსიპი. შესაბამისად, მის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონული ოფისების შექმნა, რათა ინსპექტორები იყვნენ რეგიონებშიც. სავარაუდოდ, კანონპროექტის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება პარლამენტში და გადაწყვეტილებაც დროულად იქნება მიღებული, რათა ჩვენც უფრო ოპერატიულად და ხარისხიანად შევამოწმოთ ობიექტები საქართველოს მასშტაბით“.

საჭირო ცვლილებები, რომლებიც ჯერ არ განხორციელებულა

„ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მათი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის და საწარმოო შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.

კერძოდ, EMC-ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და ამისათვის, დროულად უნდა დაიწყოს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ტრანსფორმირების პროცესი. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს ინსპექტორთა რაოდენობა, რაც საერთაშორისო სტანდარტზე ორჯერ ნაკლებია, და ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის არარსებობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შრომითი პირობების ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას თბილისის გარეთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

ასევე, აუცილებელია, მოხდეს შრომის ინსპექციის მანდატის იმგვარი გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს ინსპექციას, ზედამხედველობა განახორციელოს არამარტო შრომის უსაფრთხოების ნორმებზე, არამედ ზოგადად შრომის კანონმდებლობის ნორმების აღსრულებაზეც.

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მზადდება კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას იმ დონეზე, რომ ინსპექტორს საშუალება ჰქონდეს შეამოწმოს არა მხოლოდ უსაფრთხოების ნორმები, არამედ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად, ზეგანაკვეთური სამუშაოების ანაზღაურება, შვებულებები, ხელშეკრულებები, დეკრეტული შვებულებები და ა.შ.

EMC-ის განცხადებით, საწარმოო შემთხვევები ხშირად სწორედ შრომითი უფლებების, ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა და სხვა მსგავსი გარემოებებითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ სექტემბრამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ევალებოდა მიეღო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, სადაც უნდა განისაზღვროს უბედური შემთხვევის დაზღვევის წესები და პროცედურები.

უბედური შემთხვევების დაზღვევის რეგულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ გარდაცვალებების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე.

EMC-ში აცხადებენ, რომ არასათანადო რეგულირების პირობებში, დამსაქმებლები ხშირად კანონის მოთხოვნის ფორმალურად შესრულების მიზნით, დაზღვევის ყველაზე მინიმალურ პაკეტს იძენენ, რაც უბედური შემთხვევის პირობებში, ხშირად, დასაქმებულთა მინიმალური საჭიროებების დაფარვასაც ვერ ახერხებს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, აქტების მომზადების მიზნით მთავრობამ გადადგა რიგი ნაბიჯები, თუმცა, ისინი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომლითაც დამსაქმებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისას, ჯერ კიდევ არ არის მზად.

პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით:

  • სამუშაო ადგილებზე 2017 წელს დაიღუპა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი;
  • 2018 წელს დაიღუპა 39, ხოლო მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი;
  • 2019 წლის დღეის მონაცემებით, დაღუპულია 21 და დაშავებულია 26 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG