Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობა „წიგნის ცენტრსა“ და „მწერალთა სახლს”


მწერლების განცხადებით, კონსულტაციების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება საეჭვოს ხდის სამინისტროს მოტივაციას.
მწერლების განცხადებით, კონსულტაციების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება საეჭვოს ხდის სამინისტროს მოტივაციას.

ავტორი: ცირა გურგენიძე

50-ზე მეტი მწერალი და გამომცემელი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მოთხოვნით ღია წერილს ავრცელებს.

ხელმომწერები ამბობენ, რომ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „საქართველოს მწერალთა სახლის“ გაერთიანების გადაწყვეტილება კულუარულად მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

მათი თქმით, ორგანიზაციების თანამშრომლებთან, მწერლებთან თუ გამომცემლებთან კონსულტაციების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება საეჭვოს ხდის სამინისტროს მოტივაციას, რომ გაერთიანება ემსახურება ორგანიზაციების მოდერნიზაციასა და მართვის გაუმჯობესებას.

2019 წლის 3 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აპირებს მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების (სსიპ-ები), „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „საქართველოს მწერალთა სახლის“, გაერთიანებას „ლიტერატურის ეროვნულ ფონდში“.

წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ ორგანიზაციების გაერთიანება მექანიკურად ხდება და მათი გამსხვილების აუცილებლობა არ არსებობს.

„შესაძლო ახსნა, წარმატებული ორგანიზაციებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევა, ახლად შექმნილი ჰიბრიდის ხელმძღვანელად რომელიმე უფუნქციოდ დარჩენილი ჩინოსნის დანიშვნა და ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციაზე კონტროლის გაძლიერებაა“, - ვკითხულობთ ღია წერილში.

მწერალი რატი ამაღლობელი ამბობს, რომ სამინისტროს განცხადებაში გაერთიანების მიზანშეწონილობა და არგუმენტაცია არ ჩანს. მისი თქმით, ლიტერატურული პროცესების მართვის გამოცდილება ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე ნებისმიერ მინისტრის მოადგილეს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. მწერალი გამოსავალს ასეთი ადამიანების გამოცდილების გათვალისწინებაში ხედავს.

რატი ამაღლობელი
რატი ამაღლობელი

„სფეროს არანაირი ცოდნა არ ეტყობა ამ გადაწყვეტილებას. შეთანხმების გარეშე გაგვაცნეს პოლიტიკური ნება. თუ შევხედავთ ფინანსური და პოლიტიკური კუთხით, ალბათ, პოლიტიკური იმარჯვებს. არჩევნების წელი მოდის და უნდათ პარტიული მენეჯერები იყვნენ ყველა სფეროში და ყველა ტიპის რესურსი იყოს გამოყენებული“, - ამბობს რატი ამაღლობელი.

მწერალი ლაშა ბუღაძე ფიქრობს, რომ ორგანიზაციების გაერთიანების საკითხს "არსაიდან მოსული" ჩინოვნიკები წყვეტენ.

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

„პროფილურად აბსოლუტურად განსხვავებულია წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი. თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. ვხედავთ სრულ არაკომპეტენტურობასა და არაპროფესიონალიზმს. ორ დღეში, ჩარაზული კარების მიღმა, წყვეტენ ამ წარმატებული სტრუქტურების გაერთიანებას“, - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.

“საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ“ ღია წერილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ხელმოწერის მსურველებმა ასოციაციას უნდა მიმართონ.

XS
SM
MD
LG