7 იანვარს, აშშ-ის ოფიციალური პირები იტყობინებოდნენ ეკიპაჟის წევრების სისხლის სამართლის წესით გასამართლების გეგმის შესახებ. მათ სანქცირებული ტანკერით სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში ედებათ ბრალი.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული რა ეტაპზეა გამოძიება და როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
9 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართვის საფუძველზე, აშშ-ის პრეზიდენტმა გაათავისუფლა ტანკერის ეკიპაჟის 2 რუსი წევრი და ისინი მალე დაბრუნდებიან სამშობლოში.
რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პასუხები ვერც საქართველოს ოფიციალური უწყებებისგან მივიღეთ.
ბოლო დაზუსტებული ცნობებით, BELLA 1-ს [Marinera] ეკიპაჟს წარმოადგენდა: 17 უკრაინელი, 6 ქართველი, 3 ინდოელი და 2 - რუსი.
რა ვიცით ტანკერის ეკიპაჟზე, კაპიტანზე?
მეზღვაურები გვეუბნებიან, რომ აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერს BELLA 1 [Marinera] 47 წლის კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე მართავდა - გამოცდილი მეზღვაური, პროფესიონალი. მას 7 იანვრის შემდეგ ვერავინ უკავშირდება.
ამ დრომდე (13 იანვარი, 2026) დაუდგენელია ეკიპაჟის სხვა ქართველი წევრების ვინაობა.
ავთანდილ კალანდაძის ოჯახი ბათუმში ცხოვრობს - ცოლი და არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. რადიო თავისუფლებას ოჯახთან გასაუბრების საშუალება ჯერჯერობით არ მიეცა.
კოლეგები ვარაუდობენ, რომ კაპიტანი, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, კვლავ ბორტზე იმყოფება მას შემდეგ, რაც, 7 იანვარს, ტანკერი ამერიკელებმა, ბრიტანელების მხარდაჭერით - ისლანდიასთან ახლოს დააკავეს. ბოლო დღეების ცნობებით, ტანკერზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩხრეკის შედეგების შესახებ მხოლოდ არაოფიციალური და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.
ახლა სად დგას BELLA 1 [Marinera], ზუსტად არავინ იცის და საზღვაო ნავიგაციის მაკონტროლებელ პორტალებზე მხოლოდ ძველი ინფორმაცია იძებნება.
მეზღვაურებმა გვითხრეს, რომ:
- „ქართველი მეზღვაურების დაახლოებით 90% ყველა მუშაობს რუსეთის ტვირთებზე, მათ შორის - სანქცირებულ ტვირთებზე - იმიტომ, რომ სხვა სამსახური საერთოდ არ არის“.
- „ძალიან ძნელია, რომ ქართველი მეზღვაური ევროპულ გემებზე მოხვდნენ და შეხება არ ჰქონდეთ რუსულ ტვირთთან“
შესაბამისად, ავთანდილ კალანდაძისა თუ ეკიპაჟის სხვა ქართველი წევრების ადგილას შესაძლოა ნებისმიერი მათგანი აღმოჩენილიყო.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბათუმში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ავთანდილ კალანდაძეს კონკრეტულ ტანკერზე დასაქმებაში დაეხმარა. თუმცა კომპანიაში ფაქტი არ დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ მეზღვაურებს ისინი მხოლოდ აკვალიანებენ, საბუთების მომზადებაში ეხმარებიან, მაგრამ არ იციან, „სად მიდიან და სად მუშაობენ“. გვითხრეს, რომ ავთანდილ კალანდაძეს კარგად იცნობენ, მაგრამ დამატებითი შეკითხვების დასმის შესაძლებლობა აღარ მოგვეცა.
NDTV-ის მიერ 12 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არის ინდოეთის მოქალაქემ 26 წლის რიკშიტა ჩაუხანა, რომელიც ტანკერზე რუსულმა კომპანიამ დაასაქმა. 7 იანვარს შედგა ბოლო კონტაქტი, როცა რიკშიტამ ოჯახს აცნობა, რომ აშშ-ს მიერ ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო [როდესაც პრეზიდენტი მადურო და მისი ცოლი დააკავეს] გემის მფლობელმა კომპანიამ მათ უკან დაბრუნების ინსტრუქცია მისცა და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდით ის ვეღარ შეძლებდა ოჯახში დარეკვას. მშობლები ინდოეთის მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ინდოეთის მთავრობამ წინა კვირაში განაცხადა, რომ დეტალებს არკვევდა.
Bella 1-ის დაკავების შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მხარემ 7 იანვარს გავრცელა.
აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა - პამელა ბონდიმ განაცხადა, რომ სანქცირებული ტანკერი მონაწილეობდა სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში - ვენესუელიდან და ირანიდან; ჩართული იყო სანქციების გვერდის ასავლელად შექმნილ ქსელში, რომელიც უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს. მანვე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის ყველა გასამართლდება.
- ოფიციალური ცნობებით, Bella 1-ს აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახური კვირების განმავლობაში ეძებდა. 21 დეკემბერს, აშშ-ის სამხედროებმა მისი დაკავება კარიბის ზღვაში სცადეს, მაგრამ ტანკერმა GPS-კონტროლი გამორთო და ატლანტის ოკეანეში გაბრუნდა.
- როცა 2026 წლის 1 იანვარს, რადარებზე კვლავ გამოჩნდა, მანამდე გაიანის დროშით მცურავ ტანკერს, უკვე რუსეთის დროშა ეხატა.
- რუსეთი აცხადებს - რომ ტანკერმა «Маринера“-მ 2025 წლის 24 დეკემბერს მიიღო რუსეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცურვის დროებითი უფლება, „საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის კანონმდებლობის“ შესაბამისად.
რატომ არ გააჩერა?
აშშ-ის საგამოძიებო სტრუქტურების ინფორმაციით, Bella 1-ის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის ძალების მითითებებს და ტანკერი არ გააჩერა.
ქართულ სოციალურ ქსელებში ტანკერის კაპიტანს ბევრი საყვედურობს - რატომ არ გააჩერა ტანკერი და რატომ ჩააგდო საფრთხის ქვეშ ეკიპაჟის სხვა წევრები.
თუმცა რადიო თავისუფლებას საქმეში ჩახედული მეზღვაურები ეუბნებიან, რომ, დიდი ალბათობით, ტანკერის კაპიტანს გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა.
აბა ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს?
“ამ კომპანიას, ვისაც ეკუთვნის ტანკერი - ყოველთვის ჰყავს თავისი წარმომადგენელი ბორტზე, რომელიც წყვეტს ძირითად საკითხებს, კაპიტნის გვერდის ავლით", “არის გადაწყვეტილებები, რასაც კაპიტანს არ უთანხმებენ და არც გაჩერებაზე ან რუსეთის დროშის დახატვაზე დაელოდებოდნენ მის ნებართვას”, “არც გემის გაჩერება იქნებოდა კაპიტანზე დამოკიდებული - მას რომ ჩაბარება ნდომებოდა, მაინც ვერ გააჩერებდა” - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას მეზღვაურები და დასძენენ, რომ ინფორმაცია მათთვის ნაცნობია, რადგან მათ წრეში ტანკერის მმართველ კომპანიასთან სხვადასხვა დროს არაერთ მეზღვაურს ჰქონდა შეხება.
- რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერი Marinera (Bella 1) ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს, რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ილია ბუგაი ასევე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორია. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის - ტანკერებით.
- “სისტემისა” და “რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის მიერ დაზუსტებული ცნობებით, ტანკერი ასევე დაკავშირებულია კრემლის ძველ მეგობრებთან - უკრაინის ყოფილ დეპუტატთან, ვიქტორ ბარანსკისთან (უკრაინის მიერ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული და რუსეთისთვის გადაცემული ოლიგარქის - ვიქტორ მედვედჩუკის თანაგუნდელი) და პროკრემლისტ მოლდოველ ოლიგარქ ილან შორთან (შორი რუსეთის მოქალაქეა და მოლდოვაში დაუსწრებლად არის გასამართლებული. მას მოლდოვის პოლიტიკაში "რუსეთის ხელად" მიიჩნევენ).
რას ამბობენ თბილისში?
სპეცოპერაციის შედეგად, ტანკერი 7 იანვარს დააკავეს. 12 იანვარს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სიახლე არ აქვთ და მედიამ ისევ 8 იანვრის განცხადებით უნდა იხელმძღვანელოს.
8 იანვარს - სააგენტომ განაცხადა, რომ „ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას”.
საქართველოს მოქალაქეების დაკავების მე-5 დღეს სიახლეები არც საგარეო უწყებას გამოუქვეყნებია. როდესაც დავუკავშირდით, გვითხრეს, რომ გაარკვევენ და შეგვატყობინებენ, თუმცა ჯერჯერობით - პასუხები ვერ მივიღეთ.
8 იანვარს - საქართველოს საგარეო უწყება აცხადებდა, რომ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად. "ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, - თქვეს 8 იანვარს საგარეო უწყებაში.
ამასობაში დაკავებული ტანკერიდან რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 9 იანვარს განაცხადა, რომ რუსები გაათავისუფლა პრეზიდენტმა ტრამპმა - მოსკოვის მიმართვის საფუძველზე.
„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მადლიერებას გამოვხატავთ აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ”, - ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი შეუდგა ინტენსიურ მუშაობას თავისი მოქალაქეების სამშობლოში სწრაფად დასაბრუნებლად.
მოსკოვი აღარ დაინტერესებულა ტანკერზე მყოფი სხვა ეროვნების ადამიანებით, მიუხედავად იმისა, რომ - ტანკერი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა და მის დასაცავად, როგორც იუწყებოდნენ - მოსკოვმა გემებიც კი გაგზავნა ატლანტის ოკეანეში.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაკავებული უკრაინელების უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს უკრაინის სახელმწიფო.
უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ „საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ამერიკის ხელისუფლების ორგანოებთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან მოქალაქეებთან საკონსულოს წვდომისთვის“.
რა ბედი ეწევათ ეკიპაჟის ქართველ წევრებს?
საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თბილისსა და ვაშინგტონს შორის დღეს არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ჯო ბაიდენის დროს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის ერთი წლის მანძილზე განახლებულა. კვლავ ძალაშია “ქართლი ოცნების” წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციები. სანქცირებულია მმართველი პარტიის დამფუძნებელი - ბიძინა ივანიშვილიც. აშშ-ის საქართველოში ჯერ ისევ არ ჰყავს ახალი ელჩი, პოსტიდან რობინ დანიგანის გადადგომის შემდეგ.
როგორ ხვდებიან ქართველები საეჭვო გემებზე?
როდესაც საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებს უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სკანდალში ეხვევიან, ყოველ ჯერზე ჩნდება შეკითხვა - როგორ ხვდებიან ისინი ასეთ სიტუაციებში.
ეს პრობლემა წინა წლებშიც იყო, მაგრამ როგორც მეზღვაურები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთს მკაცრი საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, მეზღვაურებისთვის ვითარება კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა.
მეზღვაურების თქმით: სანქციების ფარგლებში, ბარელ ნავთობზე დაწესებული დაბალი ფასის [60 დოლარამდე] გამო გემთმფლობელი კომპანიების ნაწილს მუშაობა აღარ უღირდა, შეუძლებელი გახდა ძველი გემების დაზღვევა, დოკუმენტების გაყალბების გამოც ბევრი კომპანია დაასანქცირეს, ნაწილი კი - ვეღარ ახერხებს რუსეთის პორტებში შესვლას. ამის გამო, ბევრმა კომპანიამ გაყიდა გემები და შესაბამისად, „სხვა ვაკანსიები და არჩევანი პრაქტიკულად აღარ არის, გარდა რუსულ ტვირთზე მუშაობისა“.
ვინ აკავშირებს მეზღვაურებს გემის მფლობელებთან, ვინ სთავაზობს მათ ვაკანსიებს?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოში, მათ შორის - ბათუმში მუშაობენ კერძო პირები ან კომპანიები, ხშირად - არალიცენზირებულები - რომლებიც მეზღვაურებს სამუშაოს შოვნაში ეხმარებიან და გასამრჯელოსაც იღებენ.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თუკი მეზღვაური გამოცდილია, მისგან 500-1000 დოლარზე მეტს არ იღებენ, მაგრამ თუკი კარიერის საწყის ეტაპზეა და პოზიციური წინ წაწევაც სწრაფად სურს, შუამავლები, ერთჯერადად - მეზღვაურისთვის შეთავაზებული ერთი თვის ხელფასის 60-100%-ს იღებენ.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მეზღვაურებმა გვითხრეს, რომ შუამავალი კომპანიები პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ.
რა ანაზღაურება აქვთ მეზღვაურებს?
მეზღვაურთა ხელფასები დამოკიდებულია - მათ კვალიფიკაციაზე, დამსაქმებელ კომპანიაზე, პოზიციებსა და შესასრულებელი საქმის სირთულეზე:
- კაპიტანს - ყოველთვიურად 12-15 ათას დოლარს უხდიან;
- უფროს თანაშემწეს - 9.5 -12.5 ათას დოლარს;
- მეორე თანაშემწეს - 3.5-4.5 ათას დოლარს;
- მესამე თანაშემწეს - 3-3.5 ათას დოლარს.
ეს ანაზღაურება ბევრისთვის, ერთი შეხედვით, საკმაოდ მაღალია, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - მეზღვაურების მძიმე შრომისა და სარისკო თავგადასავლების გათვალისწინებით. ისინი გვეუბნებიან, რომ „ძალიან სარისკო სამუშაო აქვთ და 2022 წლიდან - მით უმეტეს“, რადგან „რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები შავ ზღვაშიც იბომბება“ და ქართველი მეზღვაურები „ნოვოროსიისკის პორტშიც მოყვნენ ასეთ სიტუაციაში“.
ფორუმი