Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Marinera (Bella 1) - რა გავიგეთ აშშ-ის მიერ დაკავებულ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერზე


ტანკერი Marinera (Ex-Bella 1) დაკავებამდე - ატლანტის ოკეანეში
ტანკერი Marinera (Ex-Bella 1) დაკავებამდე - ატლანტის ოკეანეში

აშშ-ის მიერ რუსეთის დროშით მცურავი ტანკერის დაკავება და ეკიპაჟის წევრების პასუხისგებაში მიცემა მოსკოვს მკაფიოდ აჩვენებს, რომ ვენესუელის ნავთობისკენ გზები მისთვისაც გადაკეტილია. რუსეთში მსჯელობენ, რომ ქვეყანა პოზიციებს კარგავს.

არ შესრულდა მოსკოვის მოწოდებები ტანკერ Marinera-ს [BELLA 1] დაკავებული ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების შესახებ, რომელთა შორისაც სავარაუდოდ, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. რუსეთის საგარეო უწყება „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს და მომხდარს „უკანონო ძალისმიერ აქტს“ უწოდებს.

ექსპერტები რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში მორიგ დაძაბულობას აკვირდებიან. ტანკერის დაკავებას დროში დაემთხვა საუბრები რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

ვაშინგტონში, მაღალი რანგის თანამდებობის პირები მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ სანქცირებული და უკანონო ნავთობის ბლოკადა „მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში“ ვრცელდება და რომ ვენესუელაში არაფერი ესაქმებათ ამერიკის მოწინააღმდეგეებს.

რა ვიცით დაკავებულ ტანკერზე

დაკავებული ტანკერი აშშ-ის ოფიციალურ განცხადებებში მხოლოდ BELLA 1-ის სახელით არის მოხსენიებული. არ ახსენებენ Marinera-ს - მის მეორე სახელს, რომელიც ტანკერმა რუსეთის დროშით ცურვის უფლებასთან ერთად, 2025 წლის დეკემბერში მიიღო.

ტანკერი ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს აშშ-ის სამხედროებმა დააკავეს ისლანდიასთან, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით - აშშ-ს ფედერალური სასამართლოს ორდერის საფუძველზე.

საჯარო წყაროების მიხედვით:

  • ტანკერი 2025 წლის აგვისტოში დაიძრა ირანიდან ვენესუელისკენ;
  • 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც ტანკერი ვენესუელის სანაპიროს მიუახლოვდა, თეთრი სახლის ინფორმაციით - ის არცერთი სახელმწიფოს დროშის ქვეშ არ ცურავდა; თუმცა სხვა ინფორმაციით - [რუსეთის დროშის ქვეშ გადასვლამდე] ის გაიანის დროშით მოძრაობდა.
  • 21 დეკემბერს, აშშ-ის სამხედროებმა მისი დაკავება კარიბის ზღვაში სცადეს, მაგრამ ტანკერმა GPS-კონტროლი გამორთო და ატლანტის ოკეანეში გაბრუნდა.
  • რადარზე ის 2026 წლის 1 იანვარს გამოჩნდა. ამ დროს მას უკვე რუსეთის დროშა ეხატა.
  • რუსეთის რეესტრში ის Marinera-ს სახელით არის შეტანილი და მიწერილია სოჭის პორტზე.


რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერი Marinera (Bella 1) ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს, რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ილია ბუგაი ასევე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორია. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის - ტანკერებით.

“სისტემისა” და “რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის მიერ დაზუსტებული ცნობებით, ტანკერი ასევე დაკავშირებულია კრემლის ძველ მეგობრებთან - უკრაინის ყოფილ დეპუტატთან, ვიქტორ ბარანსკისთან (უკრაინის მიერ სახელმწიფოს ღალატში ბრალდებული და რუსეთისთვის გადაცემული ოლიგარქის - ვიქტორ მედვედჩუკის თანაგუნდელი) და პროკრემლისტ მოლდოველ ოლიგარქთან, ილან შორთან (შორი რუსეთის მოქალაქეა და მოლდოვაში დაუსწრებლად არის გასამართლებული).

აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა - პამელა ბონდიმ 7 იანვარს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, მცდელობის მიუხედავად, ტანკერმა გაქცევა ვერ შეძლო; ხოლო ეკიპაჟი, რომელიც არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის ძალების მითითებებს, აუცილებლად გასამართლდება.

ბონდის თანახმად, ბრალდებები მძიმეა:

  • BELLA 1 მონაწილეობდა სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში - ვენესუელიდან და ირანიდან.
  • მანამდე, ეს ტანკერი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC-მა) მიერ შეტანილი იყო სანქცირებულთა სიაში [2024 წელს], მისი ჩართულობისთვის სანქციების გვერდის ასავლელად შექმნილ ქსელში;
  • ეს ქსელი პასუხისმგებელია უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაზე


პემ ბონდის თანახმად, აკვირდებიან კიდევ რამდენიმე ტანკერს და ვინც არ დაემორჩილება აშშ-ის სანაპირო დაცვასა და სხვა ფედერალურ სამსახურებს - „კანონის მთელი სიმკაცრით“ აგებს პასუხს.

აშშ-მა 7 იანვარს ასევე გამოაცხადა, რომ კარიბის ზღვაში დააკავეს კიდევ ერთი ტანკერი, სახელად - „სოფია“, რომელიც არცერთი სახელმწიფოს დროშას არ ატარებდა.

2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა საზღვაო ბლოკადა ვენესუელის მარშრუტზე მოძრავი სანქცირებული ტანკერებისთვის. ამავე პერიოდში ტრამპი ვენესუელას დაემუქრა ზომების გაძლიერებითა და „დღემდე არნახული შოკით“, თუ აშშ-ს არ დაუბრუნებს ადრე მოპარულ ნავთობს, მიწებს და სხვა აქტივებს. დაიწყო ტანკერების დაკავება, მათ შორის იყო არასანქცირებულიც.

20 დეკემბერს დაკავებულ ერთ-ერთ არასანქცირებულ ტანკერს [Centuries] ჩინური კომპანიის მიერ ნაყიდი ნავთობი გადაჰქონდა. პეკინში ამ ფაქტს „საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ უწოდეს. აშშ-ში კი განაცხადეს, რომ ტანკერზე სანქცირებული ნავთობი იყო. აშშ-ის სანქციების შიშით, ბოლო პერიოდში ტანკერების ნაწილმა მარშრუტი შეიცვალა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი დეტალები Marinera-ს (BELLA 1) ეკიპაჟის 28 წევრის შესახებ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეკიპაჟის 28 წევრს შორის: 20 უკრაინელი, 6 - ქართველი (მათ შორის - კაპიტანიც) და კიდევ 2 - რუსეთის მოქალაქეა, თუმცა სხვა წყაროებით და მათ შორის - „დოიჩე ველეს“ თანახმად, ტანკერის ეკიპაჟს რუსეთის, უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.

რუსეთის შეშფოთება

რუსეთის საგარეო უწყება „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს და ნავთობის ტანკერის დაკავების „უკანონო ძალისმიერ აქციას“ უწოდებს. მოსკოვის პოზიციაა, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდა:

  • ტანკერმა «Маринера“-მ 2025 წლის 24 დეკემბერს მიიღო რუსეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცურვის დროებითი უფლება, „საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის კანონმდებლობის“ შესაბამისად;
  • ტანკერი ჩრდილოეთ ატლანტიკის საერთაშორისო წყლებში „მშვიდობიანად“ გადაადგილდებოდა და გეზი რუსეთის ერთ-ერთი პორტისკენ ჰქონდა აღებული;


რუსეთი თვლის, რომ ტანკერის გაჩერების უფლება აშშ-ს მათგან უნდა ეთხოვა, რაც არ მომხდარა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ამერიკულ მხარეს, მათ შორის - ოფიციალურ დონეზე, რუსეთის საგარეო უწყების ხაზით, მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას Marinera-ის რუსეთის კუთვნილებისა და მისი „სამოქალაქო, მშვიდობიანი სტატუსის“ შესახებ, როდესაც, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტანკერს აშშ-ის სანაპირო დაცვა ეძებდა. რუსეთმა აშშ-ის ხელისუფლებასთან „ოფიციალური პროტესტიც“ გამოხატა; ამერიკულმა მხარემ რუსეთის პოზიციები არ გაითვალისწინა.

განცხადების ტექსტის თანახმად, აშშ-ის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციები „არალეგიტიმურია“.

ამავე ტექსტში ჩანს, რომ რუსეთს განსაკუთრებით აღიზიანებს აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებები კონტროლის დაწესების შესახებ ვენესუელის ნავთობზე.

რუსეთში საგანგებო ყურადღება მიიპყრო თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის კომენტარმა და უფრო კონკრეტულად - აქცენტმა ისმის შესახებ, რომ „მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში“ მოქმედებს ბლოკადა „ვენესუელის სანქცირებული და უკანონო ნავთობზე“.

„სავარაუდოდ ეს პირველი ნაბიჯია რუსეთისა და ჩინეთის იძულებისთვის - უარი თქვან ვენესუელაში მუშაობაზე“, - წერენ რუსი ექსპერტები.

მოსკოვს ვენესუელის ნავთობზე ხელი რომ აღარ მიუწვდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 4 იანვარს, NBC NEWS-თან ინტერვიუში მიანიშნა მარკო რუბიომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას- „რაში სჭირდება აშშ-ს კონტროლი ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიაზე?“

„ჩვენ არ გვჭირდება ვენესუელის ნავთობი. ჩვენი ნავთობიც ბევრი გვაქვს შეერთებულ შტატებში. რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, არის ის, რომ ვენესუელის ნავთობინდუსტრია გააკონტროლონ აშშ-ის მოწინააღმდეგეებმა. რაში სჭირდება ჩინეთს მათი ნავთობი? რაში სჭირდება რუსეთს მათი ნავთობი? რაში სჭირდება ირანს მათი ნავთობი?“, - მარკო რუბიომ დასძინა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არ უნდა იქცეს შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების ოპერირების ბაზად და სარგებელი მხოლოდ ვენესუელის ხალხმა უნდა მიიღოს.

მოსკოვიდან ვაშინგტონს ამაოდ მოუწოდებენ, რომ უკან წაიღოს მიღებული გადაწყვეტილებები.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტანკერის დაკავების ინციდენტი შესაძლოა იქცეს - „სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის“ მიზეზად ევროატლანტიკურ სივრცეში და სხვებმაც შეიძლება ჩათვალონ, რომ ასეთი ქმედებები მისაღებია.

რუსეთის დროშით მცურავი ტანკერის აშშ-ის მიერ სამაგალითო დაკავების შემდეგ - კრემლის იდეოლოგად ცნობილ ანტიგლობალისტ ფილოსოფოსს, ინსტიტუტ “ცარგრადის” დირექტორს, ალექსანდრ დუგინს უჩნდება განცდა, რომ რუსეთი პოზიციებს კარგავს.

„ცუდია, რომ რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში ტემპორიტმს კარგავს. ეს რაღაცნაირად ერთბაშად გამოჩნდა ყველაფერში... თანამედროვე ომი სისწრაფეა. და ეს მკაფიო სიმბოლური [სიგნალია]. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან საზიზღარი სურათი გვექმნება. დიდი ხანია მოვიდა მომენტი - კაშკაშა და თავხედური ძალისმიერი გადაწყვეტილებებისთვის. რაღაც არა სერიიდან „არ წამოეგოთ პროვოკაციებს“. თანამედროვე ომები სუფთა პროვოკაციებია. არ ხარ მზად ასეთისთვის, ვერ გაიმარჯვებ“, - დუგინის სიტყვებს, 8 იანვარს, TV “ცარგრადი” ავრცელებს.

ტანკერის დაკავების გარდა, დუგინი ყურადღებას ამახვილებს რუსეთისთვის არასახარბიელო სხვა მოვლენების ჯაჭვზე. ამ ჩამონათვალშია:

  • პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით - „რაც დიდი ხნის წინ უნდა შეგვეწყვიტა“.
  • დრონებით უკრაინის შეტევა პუტინის რეზიდენციაზე [რაც არ დასტურდება და ამისი არც აშშ-ში სჯერათ].
  • ვენესუელაში განვითარებული მოვლენები [აშშ-ს მიერ კრემლის მოკავშირის - პრეზიდენტ მადუროსა და მისი ცოლის დაკავება და მძიმე ბრალდებებით გასამართლება].


რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერის დაკავებას დროში ემთხვევა განცხადებები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა 7 იანვარს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ეხება.

სენატორ გრემის თანაავტორობით შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს ზომების მიღებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანს და ზოგიერთ სხვა პროდუქტს. სენატორი აზუსტებს, რომ ეს სვლა დროულია - როცა უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკობს და უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას განაგრძობს.

ლინდსი გრემს იმედი აქვს, რომ კანონპროექტს კენჭს მომავალ კვირაში უყრიან.

ოქტომბერში აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ ნავთობკომპანიას - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“.

რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერის წინააღმდეგ ატლანტის ოკეანეში ჩატარებულ ოპერაციას “უდიდეს წარმატებას” უწოდებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც რუსეთისა და ირანისთვის დამდგარ ახალ რეალობაზე მიუთითებს და კიდევ ერთი კანონპროექტის დამტკიცების საჭიროებას უსვამს ხაზს.

“პუტინმა და აიათოლამ უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] გულისხმობს იმას, რასაც ამბობს: გააგრძელეთ აშშ-ის სანქციების გვერდის ავლა და ნახეთ რაც მოხდება. ჩემი კანონპროექტი ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ პრეზიდენტს მისცემდა დამატებით უფლებამოსილებებს“, - წერია სენატორის განცხადებაში.

რუსეთში აინტერესებთ სად არის «Маринера“-ს საშველად რუსეთის მიერ გაგზავნილი წყალქვეშა გემი.

კრემლის მომხრე სამხედრო ექსპერტები საჭიროდ თვლიან, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა მუდმივად რუსეთის სამხედრო დაცვით იარონ - თავისი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებითა და შეტევის საშუალებებით. სწორედ ამ შესაძლებლობებზე მსჯელობისას თავადვე იხსენებენ პრობლემას, რომ რუსეთს ავიამზიდები არ ჰყავს და რომ ერთადერთი - „ადმირალი კუზნეცოვი“ - თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

ბევრს ეეჭვება - რომ რუსეთს ვენესუელის სანქცირებული ნავთობის გადასაზიდად სამხედრო შესაძლებლობები უშველიდა, მაშინ როცა აშშ ამ პროცესს პრინციპულად აკონტროლებს.

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კავშირი ვენესუელასთან

ტანკერები ვენესუელის პორტებში ჩადიან ორი ამოცანის შესასრულებლად: ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისა და კარაკასისთვის ნაფთის მისაწოდებლად - პროდუქტის, რომელიც გამოიყენება ვენესუელის მძიმე და ზემძიმე ნავთობის გასათხელებლად.

დიდი ხნის განმავლობაში ვენესუელაში ნაფთის მთავარი იმპორტიორი და ვენესუელური ნავთობის ექსპორტიორი შეერთებული შტატები იყო, თუმცა 2019 წელს ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა PDVSA-ს - სახელმწიფო კომპანიას, რომლის მეშვეობითაც კარაკასი ნახშირწყალბადების ექსპორტს ახორციელებს. შემდგომ პერიოდში აშშ პერიოდულად გასცემდა დროებით ნებართვებს ვენესუელასთან ოპერაციებისათვის და ხან აღადგენდა ნავთის იმპორტსა და ნავთობის ექსპორტს, ხოლო სრული სანქციების მოქმედების დროს კარაკასისთვის გამათხელებლის ძირითად მომწოდებლად უმეტესად ირანი გამოდიოდა. 2025 წლის აპრილში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ყველა დროებითი ნებართვა ამოიწურა, თუმცა ამჯერად ვენესუელისთვის ნაფთის მთავარი მომწოდებელი ირანი კი არა, რუსეთი გახდა. დაახლოებით ამავე პერიოდიდან ჩინეთი ვენესუელური ნავთობპროდუქტების მთავარ მყიდველად ჩამოყალიბდა: თუ 2024 წელს აშშ-სა და ჩინეთს ვენესუელიდან ნავთობის იმპორტში დაახლოებით თანაბარი წილი ჰქონდათ, 2025 წელს ჩინეთზე დაახლოებით 75 პროცენტი მოდიოდა; ვენესუელის ხარჯზე ჩინეთი საკუთარ ნავთობზე მოთხოვნის 4 პროცენტამდე ფარავდა.

ვენესუელის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები

შესაბამისად, ბოლო თვეებში ვენესუელის სანაპიროებთან ძირითადი ტანკერული ტრეფიკი ასე გამოიყურებოდა: ტანკერები ქვეყანაში რუსულ ნაფთას აწვდიდნენ, ამ ნაფთით ვენესუელის მძიმე ნავთობს ათხელებდნენ, ხოლო სხვა ხომალდებს გათხელებული ნავთობპროდუქტი ჩინეთში გადაჰქონდა. ამ ოპერაციებს სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავი და სხვადასხვა მფლობელის ტანკერები ემსახურებოდა: ზოგი მათგანი სანქციების ქვეშ იყო, როგორც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი, ზოგი — ირანთან კავშირის გამო, ხოლო სხვები სანქცირებული არ იყვნენ. გზად რუსული ნაფთა შესაძლოა ერთ ხომალდიდან მეორეზე გადატვირთულიყო, ხოლო ამ რთულ ლოგისტიკაში ჩართული ყველა ხომალდი ხშირად ტრანსპონდერებს თიშავდა. ამერიკული სამხედრო ძალები რუსული ნაფთის ვენესუელაში მიწოდებას ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს უშლიდნენ ხელს. შესაძლოა ერთ ხომალდიდან მეორეზე გადატვირთულიყო, ხოლო ამ რთულ ლოგისტიკაში ჩართული ყველა ხომალდი ხშირად ტრანსპონდერებს თიშავდა. ამერიკული სამხედრო ძალები რუსული ნაფთის ვენესუელაში მიწოდებას ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს უშლიდნენ ხელს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG