Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2024 წლის არჩევნები: დაფინანსების 1%-იანი ბარიერის ხიბლი და საფრთხე


ფოტოილუსტრაცია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის და პარტიების დაფინანსების 1%-იანი ბარიერის შესახებ
ფოტოილუსტრაცია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის და პარტიების დაფინანსების 1%-იანი ბარიერის შესახებ

5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის მიზანთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საზრუნავია, რომ - ჯამში, რაც შეიძლება ნაკლები ხმა „დაიკარგოს“ და „ოცნების“ ყულაბას რაც შეიძლება ნაკლები გაუნაწილებელი ხმა შეემატოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათვლით, ამ მიზნის საწინააღმდეგოდ მუშაობს კანონის ჩანაწერი - დაფინანსების 1%-იანი ბარიერის შესახებ. ეს საფრთხეს ქმნის - ოპოზიცია დაიქსაქსოს.

მით უმეტეს, რომ, მცდელობების მიუხედავად, კვლავ უშედეგოა ძალების გაერთიანების იდეა.

1%-იანი ცდუნება

კანონი ამბობს, რომ ყოველწლიურად დაფინანსდება ყველა პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 1%-ს მაინც მიიღებს. ზღვარი [2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით] დაახლოებით 20 ათას ამომრჩეველზე გადის.

ამ ფორმულით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წელიწადში 300 ათასი ლარი ბიუჯეტიდან გარანტირებული ექნება ნებისმიერ პარტიას, რომელიც, სულ ცოტა, 20 ათას მხარდამჭერს მოაგროვებს.

პარტია ყოველწლიურად მიიღებს: თითო ხმაზე - 15 ლარს, საპარლამენტო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში, ხოლო 5 ლარს - ამ ზღვრის მიღმა მიღებული თითოეული ხმისთვის.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ 5%-იან საარჩევნო ბარიერთან ერთად, ცალკე ბრძოლა 1%-იანი ბარიერის დაძლევისთვისაც გაიმართოს.

„არ მგონია, სწორი იყოს დაფინანსების ბარიერი 1%-ზე და ძირითადი ბარიერი 5%-ზე. ეს არის მიმართული შემდგომი დაქუცმაცებისკენ და არა გამსხვილებისკენ. [„ოცნება“ აცხადებს ], 5%-იანი ბარიერი იმიტომ გვინდა, პარტიები გამსხვილდნენ და გაძლიერდნენო; ამ დროს, 1%-იანი დაფინანსების ბარიერით ხელი სხვა რამეს ეწყობა - ცალსახად ასეა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

„ლელო“ დარწმუნებულია, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს. როგორც პარტიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე გამსხვილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არავისთან მიმდინარეობს, არჩევნებისთვის პარტია დამოუკიდებლად ემზადება; მაგრამ „თუკი პატრიოტული ინტერესი და საჭიროება მოითხოვს“, მზად არის „პარტიული იდენტობა მეორე ფლანგზე გადადოს“.

5%-იანი ბარიერის დასაძლევად, პარტიას დაახლოებით 100 ათასი ამომრჩევლის ხმა ესაჭიროება.

გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ თვლიან, რომ დაფინანსების ბარიერი საარჩევნო ბარიერზე უნდა იყოს მიბმული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიებს ბრძოლის მოტივაციაც ერთმევათ.

„[ასეთ შემთხვევაში] პოლიტიკური პარტიების მოტივაცია პოლიტიკური ცვლილებების მოტანის ნაცვლად არის ის, რომ როგორმე ეს 20 ათასი ხმა მოაგროვონ, რომ წლიური დაფინანსება მიიღონ... პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს გაძლიერებისა და საარჩევნო ბარიერის [5% - რ.თ.] გადალახვის მოტივაცია, მაგრამ ამ მოტივაციას უქვეითებს სწორედ ის 1%-იანი დაფინანსების ბარიერი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.

გახარიას პარტია გაერთიანებას კვლავ არავისთან აპირებს. „საქართველოსთვის“ დარწმუნებულია, რომ გადალახავს 5%-იან ბარიერს და, როგორც აცხადებს, საარჩევნო ბარიერის არათუ შემცირებას, არამედ კიდევ უფრო გაზრდასაც დაუჭერდა მხარს - „რადგან ეს პარტიებს გაძლიერების მეტ მოტივაციას მისცემს“.

ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ, დაფინანსების 1%-იანი ზღვრის ხიბლით, „ქაღალდზე არსებულ პარტიებთან“ ერთად, 2024 წლის საარჩევნო ბიულეტენში ბევრი სრულიად ახალი პარტიაც გამოჩნდეს.

შედეგი კი ასეთი იქნება: მათი დიდი ნაწილი 1%-ის მიღებასაც ვერ შეძლებს, მაგრამ ოპოზიციის საერთო ყულაბას „რაღაც ხმებს მაინც წაართმევს“.

  • 2020 წელი საპარლამენტო არჩევნებში, როცა 1%-იანი იყო როგორც საარჩევნო ბარიერი, ასევე დაფინანსების ბარიერი, 50 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
  • მაშინ, როცა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობდა ამის ნახევარი - 25 პარტია [5%-იანი ბარიერისა და ამ ბარიერზე მიბმული დაფინანსების პირობებში].

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ( ISFED) ვარაუდობს, რომ 2020 წელს სწორედ 1%-იანმა ბარიერმა „განაპირობა მცირე პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებისა და არჩევნებში მათ მიერ დამოუკიდებლად ჩართვის შემთხვევების ზრდა“.

პატარა პარტიების გეგმები

არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მაგალითად, პარტია „ტრიბუნა“, რომლის დამფუძნებელია ერთ დროს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამავე გუნდიდან, დაპირისპირების გამო, 2018 წელს გარიცხული დავით ჭიჭინაძე.

პოლიტიკოსი გვეუბნება, რომ მომავალ არჩევნებზე ბრძოლას აპირებს არა 1%-იანი ბარიერისთვის, ანუ დაფინანსებისთვის, არამედ - „რეალური ცვლილებებისთვის“, რაც მხოლოდ ძალების გამსხვილების პირობებში წარმოუდგენია.

„ყველა პარტია, რომელიც დაფინანსების 1%-იანი ბარიერისთვის მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმეს გააკეთებს და უღიარებს იმას, რაც მას [„ოცნებას“] სჭირდება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა გაუჭირდეთ ადამიანებს დაჯგუფება. რაღაც კონსულტაციები გვაქვს უკვე“, - ჭიჭინაძე თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ „ყველაფერი ფულამდე მიჰყავს“ და მისი დამარცხება იდეის გარშემო გაერთიანებით უნდა მოხდეს.

ჯერჯერობით არ ასახელებს - ვისთან წარმოუდგენია ძალების გაერთიანება.

ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში „ტრიბუნამ“ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ პარტია ამ მონაცემებს გაყალბებულად თვლის.

პარტია „ტრიბუნა“ 2020 წლის არჩევნებისთვის შეიქმნა და მაშინ 4 ნომრით იყრიდა კენჭს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 4 ნომერი ცესკომ მიანიჭა პარტიას „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“.

ხოლო უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 4 ნომრის ქვეშ ბრძოლას აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე - ნიკა მელია. მის პოლიტიკურ გუნდს პარტია ჯერ ისევ არ დაურეგისტრირებია. მელიამ ახლახან თქვა, რომ შესაძლო პარტნიორების შერჩევა მეტ დაფიქრებას მოითხოვს.

მელიას გუნდში დარწმუნებული არიან, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ.

„2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4“, - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.

„პატივისცემა დამეუფლება იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც იციან, რომ ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და საერთოდ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“, - ამბობს „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“. თავად „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას არ გეგმავს, მაგრამ არც სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებას მალავს.

ძიძიგურის შეფასებით, დაფინანსების 1%-იანი ბარიერისთვის მებრძოლ პარტიებს ხელისუფლება „ძეხვის მომლოდინე კატის გამომეტყველებით“ უყურებს, რადგან მათ მიერ აღებული ხმების დიდ ნაწილს სწორედ ხელისუფლება „გადასანსლავს“.

პოლიტიკურ სპექტრში არის არაერთი პარტია, რომელთა მაჩვენებლები, კვლევების თანახმად, ახლოსაც არ არის 5%-იანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივასთან, მაგრამ არც სხვებთან გაერთიანებას განიხილავენ. ისინი თვლიან, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დიდი დროა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნებას შეძლებენ.

„დაკარგული“ ხმების გადანაწილება

ყველა ხმას, რომელსაც 5%-ს მიღმა დარჩენილი პარტიები მიიღებენ, პოლიტიკურ წრეებში „დაკარგულ“ ხმებს არქმევენ, რადგან ამომრჩევლების ხმები, ასეთ შემთხვევაში, მათთვის სასურველ პარტიებს არ დაეწერებათ.

ეს ხმები პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს გადალახავენ.

კანონის ენაზე - „გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“.

  • რაც მეტი პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს, მით ნაკლები გაუნაწილებელი მანდატი დარჩება. რაც ნაკლები ოპოზიციური პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს, მით უფრო იზრდება შანსი, რომ პროპორციულად მეტი გაუნაწილებელი მანდატი მიიღოს მმართველმა პარტიამ.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იბრძვის არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის მე-11 მოწვევის პარლამენტში. მთავრობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად, სულ მცირე, 76 მანდატია საჭირო.

ISFED-მა 2020 წლის არჩევნების შედეგები 2024 წლისთვის დაწესებული პარამეტრებით გამოთვალა:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში 1%-იანი ბარიერი გადალახა 9 პოლიტიკურმა ძალამ;
  • მაგრამ 5%-ზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა;
  • „დაკარგულად“ ჩაითვლებოდა ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 25%;
  • შესაბამისად, 5%-იანი ბარიერის პირობებში, „დაკარგული ხმები“ ორ პარტიაზე გადანაწილდებოდა - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამასთან, პირველს 2-ჯერ მეტი გაუნაწილებელი მანდატი შეხვდებოდა.

გაუნაწილებელი მანდატების საკითხი დღის წესრიგში დგება იმ შემთხვევაში, თუკი პარტიების მიერ მიღებული მანდატების ჯამი 150-ზე [მანდატების საერთო რაოდენობა პარლამენტში] ნაკლებია.

ძირითადი ხმების პროპორციული წესით გასანაწილებლად კი, საარჩევნო კოდექსში მოცემულია ფორმულა:

კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე [მანდატების საერთო რაოდენობა] და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც, სულ ცოტა - 5% მიიღეს.

ექსპერტების მიერ ყველაზე ხშირად გახმაურებული პროგნოზით, თუ პოლიტიკურ სარბიელზე არაფერი შეიცვლება, 5%-იან ბარიერს, „ოცნების“ ჩათვლით, 2 ან 3 პარტია გადალახავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG