Accessibility links

დაღუპული მუშის ცოლი: „ვიხმაუროთ, რომ ხვალ სხვა არ მოკვდეს“


იმ დილით, როგორც ყოველთვის, ერთი ჭიქა ყავა დალია, ჩაეხუტა შვილს, დაემშვიდობა ცოლს და სამსახურში წავიდა. 29 წლის ვეფხია სახლში აღარ დაბრუნებულა.

2019 წლის 16 მარტს, ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსის მეთერთმეტე სართულიდან, ორ მუშასთან ერთად, ე.წ. სამშენებლო კალათით მოწყდა.

შალვა ფუტკარაძე ადგილზე დაიღუპა. რამდენიმე საათში გარდაიცვალა ნოდარ ჩაკვეტაძე. ვეფხიამ შვიდი დღე იცოცხლა.

თბილისში, ნაქირავებ ბინაში დარჩა 28 წლის ცოლი, ნინო მჭედლიძე და 3 წლის ილია. გარდა იმისა, რომ ნინომ ქმარი დაკარგა, ის და მისი შვილი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ვეფხია იყო ერთადერთი, ვინც ოჯახში მუშაობდა და ცოლ-შვილს ინახავდა:

„თავიდან ვერც ვაცნობიერებდი, რა დაგვემართა. ვერც იმას ვაცნობიერებდი, რა მელოდა წინ და დრო რას მომიტანდა. დავრჩი მარტოდ-მარტო ჩემს შვილთან ერთად. რომ არა დედამთილი, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, სრულიად ულუკმაპუროდ დავრჩებოდით“.

მშენებელი კომპანია „ემ ჯი ალიანსი“, მერიამ და შრომის ინსპექციამ 55 ათასი ლარით დააჯარიმა. ერთი წლის თავზე, გამოძიება მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის (ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე) მუხლით ისევ გრძელდება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

მუშების ჩამოვარდნის შემდეგ, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები თითქმის ერთი თვე იყო შეჩერებული. ერთი თვის თავზე კი სამუშაო პროცესი კვლავ განახლდა.

დღეს ნინო 4 წლის ილიასთან ერთად მამიდის სახლში ცხოვრობს. არ მუშაობს. ამბობს, რომ ბავშვს მის გარეშე დარჩენა უჭირს და გამუდმებით მასთან ყოფნას ითხოვს. უკვე ერთი წელია ცდილობს შეეგუოს იმ აზრს, რომ ვეფხია მის გვერდით აღარ არის, ვერ ივიწყებს იმ დღეებს, როდესაც მისი ქმარი სიცოცხლისთვის იბრძოდა. გამუდმებით ახსენდება ვეფხიას შიშები და წინათგრძნობა:

„მშიშარა არასდროს ყოფილა, გაბედული ადამიანი იყო, ხშირად უწევდა გარე ფასადებზე სამღებრო სამუშაოების შესრულება, თუმცა, არასდროს დასცდენია, რომ ეშინოდა. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე კი, სახლში რომ ბრუნდებოდა ხოლმე, ხშირად ახსენებდა, რომ ეშინოდა. „გული გადამიტრიალდაო“, - ერთხელ ესეც კი თქვა. ამ სიტყვების მერე, მეც დამჩემდა შიში. ამას რომ მოისმენ, აბა რა იქნება? მაგრამ მაინც ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ეს დაგვემართებოდა“.

16 მარტს, იმ დღეს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, ნინოსთვის ამის შესახებ არც დამსაქმებელსა და არც პოლიციას არ შეუტყობინებია. მძიმედ დაშავებული ვეფხია სწორედ იმ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც მისი ბიძაშვილი მუშაობდა. ვეფხია მან იცნო და ოჯახს შეატყობინა:

„ელემენტარული პასუხისმგებლობაც კი არ გამოიჩინა კომპანიამ, რომ დაერეკათ ჩემთან. ოპერაციაზე იყო უკვე შეყვანილი, როცა ამ ამბის შესახებ შემატყობინა ნათესავმა“.

ვეფხიას გარდაცვალების შემდეგ, დამსაქმებელმა კომპანიამ მის ოჯახს 10 ათასი ლარი მისცა. ეს თანხა მოხმარდა დაკრძალვის ხარჯებს. ამ თანხაში შევიდა ვეფხიას სამუშაოს ანაზღაურებაც, რომელიც მას უბედური შემთხვევიდან ორ დღეში უნდა აეღო:

„შეიძლება ითქვას, მოწყალება გაიღეს. ამ თანხაში შევიდა ის ხელფასიც, რომელიც ჩემ ქმარს უნდა აეღო, დაახლოებით 500 ლარი. რამდენიმე ხნის შემდეგ, კომპანიამ შემომთავაზა 8 ათასი ლარი, მაგრამ უარი ვთქვი. თან იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ თანხა გადაგიხადოთ და ამ ყველაფერს კეთილი ნებით ვაკეთებთო. როდესაც დასრულდება ეს გაჭიანურებული გამოძიება, აუცილებლად ვაპირებ შევიტანო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი კომპენსაციის მოთხოვნით. თავიდან არც ამას ვაპირებდი. მეგონა, რომ უხერხული იყო რაიმეს მოთხოვნა. თუმცა, ყველა ოჯახს, ვისაც საყვარელი ადამიანი ასე უკვდება, მარტო რჩებიან, არ აქვს მნიშვნელობა უჭირთ, არ უჭირთ, ყველამ უნდა მოითხოვოს კომპენსაცია. ვერანაირი თანხა ვერ აანაზღაურებს იმას, რაც დავკარგე, მაგრამ რაც დამსაქმებელს ეკუთვნის, რომ გააკეთოს, ის უნდა გააკეთოს“.

ნინო მოუწოდებს სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს, არ დათანხმდნენ დამსაქმებლების ფინანსურ შეთავაზებას იმის სანაცვლოდ, რათა შემდეგ, უბედური შემთხვევა დაღუპულებს დაბრალდეთ:

„ნუ ავიღებთ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ თითქოს ჩვენმა ოჯახის წევრებმა არ დაიცვეს უსაფრთხოების წესები და ამის გამო დაიღუპნენ. ვეტყოდი მათაც, ვინც სამუშაო ადგილებზე დაშავდა, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ, ნუ დაიდანაშაულებთ თავს. კი, შეიძლება ჩვენც ვიჩენთ უპასუხისმგებლობას სამუშაო ადგილებზე, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ უნდა გვქონდეს, ამის უფლება არ უნდა მოგვცეს დამსაქმებელმა. ნუ გავჩუმდებით, ვილაპარაკოთ, ვიხმაუროთ, რომ ხვალ სხვა არ აღმოჩნდეს ჩვენს დღეში“.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის მონაცემებით, 2019-2020 წლებში, სამუშაო ადგილზე, ჯამში 45 ადამიანი დაიღუპა და 205 დაშავდა.

პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG