Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეტალები 17 წლის ლამბალოელ გოგოსთან დაკავშირებით


2015 წელს დაწყებული არასრულწლოვანთა ქორწინების საწინააღმდეგო კამპანიის პოსტერი
2015 წელს დაწყებული არასრულწლოვანთა ქორწინების საწინააღმდეგო კამპანიის პოსტერი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგო (ჰ.მ.) არ ადასტურებს, რომ 12 ოქტომბერს ის საკუთარი სახლიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. მისი მონათხრობის თანახმად, ოჯახის შექმნის მიზნით ის საკუთარი ნებით გაჰყვა თანასოფლელ ს.ი.-ს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება, შს სამინისტრო კვლავაც განაგრძობს საგამოძიებო პროცესს. 5 დღის განმავლობაში გაუჩინარებულ გოგოს პოლიციამ 17 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მიაკვლია. იმის გამო, რომ ოჯახის წევრების რისხვის ეშინია, გოგო ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი. მისი ოჯახი ქორწინების წინააღმდეგია და ისევ ძალადობაზე ლაპარაკობს. იმის გამო, რომ აზერბაიჯანულ თემში ხშირია ქორწინებაზე არასრულწლოვანი გოგოების ძალით დაყოლიების შემთხვევები, სიმართლის დადგენამდე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება იყო საჭირო.

ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია ვთქვა, რომ წყვილი გაიპარა იძულებითი ქორწინების თავიდან აცილების მიზნით...
ბაია პატარაია

„რჩევას ვეკითხებით იურისტებს და ვეძებთ გზებს გოგოსთან დასალაპარაკებლად. გვინდა გავიგოთ, ვინ დააშინა ის ჩვენი სახელით, რომ თითქოს ოჯახი მას აგრესიულად მოექცეოდა და გვინდა, დავამშვიდოთ, რომ აგრესია არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჩვენი მხრიდან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ, კაზანფარ მამედოვმა. თუკი ის მანამდე უფრო კატეგორიულად ლაპარაკობდა არასრულწლოვანი გოგოს სახლიდან გატაცებაზე, რომელსაც თითქოს მისი უმცროსი დაც შეესწრო, 18 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მისი ტონი გაცილებით შერბილებული იყო.

გატაცების ვერსიამ დამაჯერებლობა ჰ.მ.-ს პოვნისა და გამოკითხვის შემდეგ დაკარგა. შს სამინისტროს მიერ 19 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად:

  • გოგოს გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით.
  • გამოკითხვისას 17 წლის ჰ.მ.-მ განმარტა, რომ მან რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნაც საკუთარი ნებით გადაწყვიტა.
  • გოგოს განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად.
  • ასეთივე ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ბიჭმა (ს.ი.-მ) და მისმა თანმხლებმა პირმა.

გარდა ამისა, არასრულწლოვანმა გოგომ უარი განაცხადა ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატის დახმარებაზე. როგორც ადვოკატმა ქართლოს ვაშაკიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ის 17 ოქტომბერს საგანგებოდ ჩავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, მაგრამ გოგომ მას უთხრა, რომ არ საჭიროებდა ადვოკატის დახმარებას.

გოგო თავშესაფარშია, ოჯახი ჩივის

გამოკითხვის შემდეგ არასრულწლოვანი გოგო თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან მან გამოკითხვისას ასევე განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. როგორც გოგომ თქვა, ეს შიში ემყარება მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებულ სიტუაციას. შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ჰ.მ. თავშესაფარში გადაიყვანეს, ერთთვიანია, თუმცა ვადის გაგრძელება შესაძლებელია. ოჯახის წევრებს მასთან კონტაქტის უფლება არა აქვთ.

მართლა არავინ ემუქრება მას ოჯახში. ვუთხარით კიდეც, 18 წლამდე კანონი ქორწინების უფლებას მაინც არ გაძლევს და მერე შენი საქმისა შენ იცი, თუ გიყვარსო... ამასობაში აწონის, დაწონის და თუ იტყვის, რომ უყვარს, ვინ შეუშლის ხელს?! არავინ...
კაზანფარ მამედოვი

თუმცა ოჯახს დღემდე სჯერა, რომ არასრულწლოვანზე ზეგავლენა მოახდინეს გარკვეულმა პირებმა, რომელთა შორისაც, მათი თქმით, ს.ი.-ს მეგობარი სამართალდამცველიც არის და ის მუდმივ კავშირზე იყო ს.ი.-სთან 12-დან 17 ოქტომბრამდე (როდესაც გოგოს ეძებდნენ). შესაბამისად, კაზანფარ მამედოვის თქმით, ოჯახმა განცხადებით მიმართა შს სამინისტროს გენინსპექციასა და მთავარ პროკურატურას. რადიო თავისუფლებას განცხადების შეტანის ფაქტი დაუდასტურეს მთავარ პროკურატურაში.

„მართლა არავინ ემუქრება მას ოჯახში. ვუთხარით კიდეც, 18 წლამდე კანონი ქორწინების უფლებას მაინც არ გაძლევს და მერე შენი საქმისა შენ იცი, თუ გიყვარსო... ამასობაში აწონის, დაწონის და თუ იტყვის, რომ უყვარს, ვინ შეუშლის ხელს?! არავინ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კაზანფარ მამედოვმა.

ტყუილისა და მართლის გარჩევა ძნელია

იმის გამო, რომ აზერბაიჯანულ თემში, გოგოების გატაცების შემთხვევებშიც კი, დაბრუნებული გოგო თითქმის ყოველთვის ამბობს, რომ ნებით გაჰყვა გამტაცებელს, ტყუილისა და მართლის დადგენა ძალიან ძნელია. ამიტომ, შს სამინისტროს განცხადების გამოქვეყნებამდე კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებდა კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია. 18 ოქტომბერს კი განაცხადა, რომ, ყველა მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, მასაც სწორედ ის ინფორმაცია აქვს, რომ გოგო არ გაუტაცებიათ, ის ნებით გაჰყვა ს.ი.-ს.

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

„ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია ვთქვა, რომ წყვილი გაიპარა იძულებითი ქორწინების თავიდან აცილების მიზნით... რადგან შეუძლებლად მიიჩნიეს საერთო მომავალი: ბიჭი სხვა გოგოზე იყო დანიშნული და ეს დიდ პრობლემას ქმნიდა. აზერბაიჯანულ თემში ნიშნობას ხშირად ოჯახები წყვეტენ და ნიშნობის ჩაშლა სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა ბაია პატარაიამ. მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გოგო თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან იქ მას გაუწევენ დახმარებას, მათ შორის - ფსიქოლოგიურს, რასაც ის ახლა ყველაზე მეტად საჭიროებს.

„საფარში“ იმედოვნებენ, რომ კონფლიქტი მოგვარდება და არავინ დაზარალდება. პარალელურად, შს სამინისტრო განაგრძობს 12 ოქტომბერს დაწყებულ გამოძიებას. საქმე აღძრულია სს კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას (წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ).

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG