Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიალოგი" ქუჩაში გაგრძელდება?


ოპოზიციური ერთობა არ აპირებს დაუბრუნდეს ხელისუფლებასთან დიალოგს, რომელსაც ის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ გამოეთიშა. ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლებამ დიალოგს თავად დაუსვა წერტილი და ამას ადასტურებს აშშ-ის საელჩოს მიერ 11 თებერვალს გავრცელებული განცხადებაც. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კვლავაც დარწმუნებულია თავის სიმართლეში.

რა გეგმით აპირებს ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირებას 2020 წლის არჩევნებზე? რომელი მხარე უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია დიალოგის შეწყვეტის შემდეგ? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

არანაირი დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც გიგი უგულავას დაპატიმრებით აშკარად გადალახა წითელი ხაზები, გაააქტიურა პოლიტიკური ანგარიშსწორება და წავიდა ავტორიტარიზმისკენ - ასეთია ოპოზიციური ერთობის საერთო სულისკვეთება.

11 თებერვალს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ, წინასწარი გეგმაც გამოცხადდა:

  • 4 აპრილს, 4 საათზე ჩატარდება მასშტაბური აქცია, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციური ერთობა საზოგადოებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმასა და მოქმედების ტაქტიკას გააცნობს;
  • მანამდე, გაიმართება ქუჩის აქციები, მიტინგები, პიკეტირება; ასევე გავლენ რეგიონებში და ხალხს უშუალოდ დაელაპარაკებიან;
  • შეთანხმდებიან ოლქებში წარსადგენ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, რათა პარტიებმა ერთობლივად მანდატების მაქსიმალური რაოდენობა მიიღონ (პრინციპი პარტიათა უმრავლესობაში უკვე შეთანხმებულია).

ოპოზიციურ ერთობას საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ თანდათან სულ უფრო გაძლიერდება დასავლეთის კრიტიკული რეაქციები. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, აშშ-ის საელჩომ 11 თებერვლის განცხადებაში ნათლად თქვა, რომ დიალოგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებამ ჩაშალა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ:

  • აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს ოპოზიციის ლიდერისთვის (გიგი უგულავასთვის) თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი.
  • დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების შეფასებებში საპირისპიროა ასახული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გიგი უგულავას დაპატიმრებას არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, არამედ წმინდა სამართლებრივი პროცესის შედეგად მიიჩნევენ.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, 11 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მაგალითად, ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის კრიტიკულ შეფასებებს არასწორი ინფორმაცია უდევს საფუძვლად და საფუძვლიანი ახსნა-განმარტებების პირობებში ყველაფერს შესანიშნავად გაიგებენ დასავლელი პარტნიორებიც. ამასთან, გიგი უგულავას დაპატიმრება, მდინარაძის აზრით, საბაბად გამოიყენა ოპოზიციამ, რომელსაც დიალოგის შეწყვეტა ისედაც უნდოდა.

მამუკა მდინარაძე საერთაშორისო პარტნიორებზე და შეწყვეტილ დიალოგზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:06 0:00

10 თებერვალს, ვიდრე გიგი უგულავას დააპატიმრებდნენ, ოპოზიცია მსჯელობდა საარჩევნო სისტემის კომპრომისულ ვარიანტზე, რომელსაც ხელისუფლებას სავარაუდოდ დიალოგის მე-5 რაუნდზე წარუდგენდნენ. თუმცა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წინადადებები არასერიოზული და მოჩვენებითი იყო.

თუკი დიალოგი არ გაგრძელდება

ანალიტიკოსების აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავაც შეეცდება, რომ რაიმე სახით (თუნდაც მხარეების უშუალო კონტაქტის გარეშე) გაგრძელდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - რადგან კონსენსუსი მათ მიერ ყოველთვის კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად განიხილებოდა.

მაგრამ თუკი ეს ვერ მოხერხდება, 2020 წლის არჩევნები ისევ ძველებურად ჩატარდება და 150-კაციანი პარლამენტი შერეული სისტემით დაკომპლექტდება:

  • 73 დეპუტატი - მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული;
  • 77 დეპუტატი - პროპორციული წესით (პარტიული სიით) იქნება არჩეული.

„უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ დღეს მოქმედი სისტემა უსამართლოა და, როგორც წესი, ხელსაყრელია მმართველი პარტიისთვის. პირველ ადგილზე გასულ პარტიას ეს სისტემა აძლევს გაცილებით მეტ მანდატს, ვიდრე მას რეალურად ეკუთვნის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი.

ის არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაძლოა არასწორად ჩათვალოს ოპოზიციის გადაწყვეტილება - გამოეთიშოს დიალოგის ფორმატს - „ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია, როდესაც საეჭვო გარემოებებში აპატიმრებენ მოლაპარაკების პროცესში მონაწილე მხარის ოპოზიციონერ ლიდერს“.

თუკი ოპოზიციის განცხადებებით ვიმსჯელებთ, გამარჯვებისთვის მთავარია ძირითადად ორი რამ:

  • ერთიანი ფრონტით მოქმედება და, მაგალითად, არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების შეთანხმებული კანდიდატების წარდგენა;
  • „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ამომრჩევლების გააქტიურება როგორც არჩევნებამდე, ასევე საარჩევნო ურნებთან.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტია 2020 წლის არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, ხოლო ოპოზიციას გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არა აქვს.

ოპონენტები სულ ტყუილად წვალობენო, კედელს თავს ურტყამენო, - ამბობდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. 2019 წლის ნოემბრის ინტერვიუში, როცა ოპონენტებს კრებით „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებდა, ივანიშვილმა თქვა ასეთი ფრაზაც - „ზოგი წლობით იხდის [სასჯელს] და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა“.

ევროპელმა თუ ამერიკელმა პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება არაერთხელ ახსენეს თავიანთ კრიტიკულ შეფასებებში, რომლებიც, მათ შორის, საქართველოში პოლიტიკური დევნის საეჭვო ტენდენციებს უკავშირდება.

როგორც ანალიტიკოსი ალექსანდრე კუხიანიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრების გამო შესაძლოა ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, მაგრამ თავის უარყოფით დამოკიდებულებას (რაც, მისი აზრით, ნათლად შესამჩნევია) ამომრჩეველი არჩევნების დღეს დააფიქსირებს.

ალექსანდრე კუხიანიძე ფიქრობს, რომ თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცდება, მასობრივად ხალხის ქუჩაში გამოსვლა სწორედ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG