Accessibility links

დისკრიმინაციული გარემო, რომელშიც შშმ პირები ცხოვრობენ


"პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის" კვლევის პრეზენტაცია. 2018 წელი

პანსიონში ეტლით მოსარგებლე მამაკაცს ჰიგიენური საკითხების მოგვარებაში მომვლელი ქალები ეხმარებიან, რაც მას უხერხულობას უქმნის. ნ.მ. სკოლაში ვერ დადის, რადგან მუნიციპალიტეტში მისთვის არ არის ადაპტირებული ტრანსპორტი. ეტლით მოსარგებლე იძულებული იყო ბუნებრივი მოთხოვნილებები მანქანაში დაეკმაყოფილებინა, რადგან პატრულმა ავტომობილიდან გადასვლის საშუალება არ მისცა. ეს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია იმ საქმეებიდან, რომელთაც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განიხილავს.

​კვლევა “ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად” მოიცავს 2017 (ივლისი)- 2018 (ივლისი) წლებში დისკრიმინაციის თემაზე შესულ საქმეებს, რომელთა ნაწილსაც სახალხო დამცველი დღესაც განიხილავს, ნაწილი კი სასამართლო დავის საგანია, ჯამში - 28 საქმე.

დოკუმენტში დასახელებულია ის სამი ორგანიზაცია, რომელთაც ყველაზე ხშირად უჩივიან:

„ორგანიზაციის პრაქტიკაზე დაყრდნობით, საჯარო დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი განცხადება/სარჩელი მიემართებოდა:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
  • სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

​​ანგარიშში მოხვედრილი მონაცემის მიხედვით,შშმ პირები ყველაზე ხშირად დისკრიმინაციას საჯარო დაწესებულებებში ხვდებიან. PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა აბაშიძე პრობლემის მოგვარების საჭიროებას რამდენიმე მიმართულებით ხედავს:

  • „ პირველი ეს არის ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის ადრესატიც პარლამენტია.
  • მეორე ეს არის სასამართლო, რომელმაც უნდა იფიქროს მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდაზე როგორც დროის.
  • მხრივ, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს საქმეები, რომლებიც პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხება. ორ წელიწადზე მეტია გასული და ერთი სხდომაც არ ჩატარებულა.
  • აღმასრულებელ ხელისუფლებას მოვუწოდებთ ანტიდისკრიმინაციული კანონის პოზიტიური მხარის წარმოჩენას და საზოგადოებამდე მიტანას, რათა საზოგადოებამ შეძლოს თავისი უფლებების დაცვა ამ კანონის გამოყენებით“.

საქმეების განხილვის პროცესში სახალხო დამცველის დასკვნას სარეკომენდაციო სახე აქვს, რომელსაც ესა თუ ის უწყება ან ითვალისწინებს, ან არა. სასამართლო დავები დიდ დროს მოითხოვს, შშმ პირთა საჭიროებები კი ხანდახან არ ითმენს და პრობლემის სწრაფი მოგვარება აუცილებელია.

იმის გამო, რომ სასამართლოს გადატვირთულობის მიზეზით საქმეების განხილვა ჭიანურდება, ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში; ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემო გონივრულად მიესადაგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს; ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი თანასწორობის პრინციპით იხელმძღვანელოს, როდესაც სოციალური პროგრამებით მოსარგებლეთა სამიზნე ჯგუფებს განსაზღვრავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG