Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია: რა იწვევს მოქალაქეების პროტესტს


ბათუმის დემოკრატიის სკოლაში ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე, საზოგადოებრივი პროტესტის გამომწვევ მიზეზებსა და იმ შედეგზე იმსჯელეს, რომელიც ქუჩის აქციებმა მოიტანა.

დისკუსია: რა იწვევს მოქალაქეების პროტესტს
please wait

No media source currently available

0:00 0:06:22 0:00
გადმოწერა
რამხელა უნდობლობის მუხტია საზოგადოებაში! მოქალაქეები მოდიან ჩვენთან და მათი მომართვიანობა იზრდება დღითი დღე, უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი, რომლებიც არიან განაწყენებულნი ადმინისტრაციულ ორგანოებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე და იმდენად დიდი აგრესიული მუხტია უკვე დაგროვილი, რომ პირველი, რასაც ამბობს, მე მივდივარ სტრასბურგში...
ანა მდინარაძე

მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილვის საგნად იქცა საპროტესტო აქციები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, რასაც საფუძვლად დაედო დედაქალაქის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია; აგრეთვე აქცია, სახელწოდებით „ნუ მომკლავ“, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის საქმის სამართლიანი გამოძიება და მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებების გატარება. საპროტესტო აქციებს თბილისთან ერთად გამოეხმაურნენ მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც, სადაც აქციის „ნუ მომკლავ“ ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისი იყო. ორგანიზაციის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ განაცხადა, რომ ბათუმის მაგალითით გამოჩნდა, რომ მოქალაქეებს სურდათ დამოუკიდებლად, პოლიტიკური პარტიების ჩართულობის გარეშე გამოეხატათ პროტესტი. მისივე თქმით, საპროტესტო გამოსვლებმა არასამათავრობო სექტორს ახალი რეალობა აჩვენა, ეს რეალობა კი ქვეყნის მთავრობამაც სწორად უნდა შეაფასოს:

„ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა იმ პირობით, რომ აღადგენდა სამართლიანობას და დააბალანსებდა ძალაუფლებას, ამ გადაჭარბებული ძალაუფლების ხელიდან გაშვება არ სურს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ ძალოვანები დღემდე მონსტრებად რჩებიან. ამის გამოხატულებაა ის ნარკოპოლიტიკა, რაც გვაქვს; ის, რომ მინისტრს არ უშვებენ ხელიდან, რომელიც ამ პოზიციაზე უკვე ექვსი წელია. იმაზეც გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, მოგვიწევს ბევრი რამის გადახედვა და, ვფიქრობ, დიდი თუ პატარა ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე გრძნობენ ამ საჭიროებას, იმიტომ რომ ჩვენ დავცილდით და იმ დოზით არ ვართ ველად გაჭრილები, როგორც უნდა ვყოფილიყავით“.

მოქალაქეების ადვოკატირებაზე ბათუმში მომუშავე ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა კი დისკუსიაზე აღნიშნა, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართვიანობამ. საიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ანა მდინარაძემ თქვა, რომ მოქალაქეები ადვოკატების დახმარებას სულ უფრო ხშირად ითხოვენ, რაც მართლმსაჯულების სისსტემურ პრობლემებზე მიანიშნებს:

როცა საქმეში ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ორგანიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ კატეგორიის საქმეებზე შედეგის მიღება ძალიან რთულია და პრაქტიკულად შედეგი არ ჩანს...
ანა მდინარაძე

„რამხელა უნდობლობის მუხტია საზოგადოებაში! მოქალაქეები მოდიან ჩვენთან და მათი მომართვიანობა იზრდება დღითი დღე, უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი, რომლებიც არიან განაწყენებულნი ადმინისტრაციულ ორგანოებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე და იმდენად დიდი აგრესიული მუხტია უკვე დაგროვილი, რომ პირველი, რასაც ამბობს, მე მივდივარ სტრასბურგში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უნდა პირდაპირ გაასაჩივროს, იმდენად აქვს დაკარგული შიდა ინსტიტუციის მიმართ რწმენა და ჰგონია, რომ სამართალს და კანონიერებას ვერ იპოვის“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა ანა მდინარაძემ ილაპარაკა აგრეთვე იმ საქმეებზე რომელთა გამოძიებას დღემდე უშედეგოდ ითხოვს ორგანიზაცია და რომლებშიც იკვეთება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ბრალეულობა, მათ შორის პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, თუმცა მსგავსი ბრალდებით ჯერ არავინ დასჯილა, ამბაობს ანა მდინარაძე:

„როცა საქმეში ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ორგანიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ კატეგორიის საქმეებზე შედეგის მიღება ძალიან რთულია და პრაქტიკულად შედეგი არ ჩანს. მე არ მახსენდება, რომ ასეთი საქმის გამოძიებით შედეგი დამდგარიყო. პირველ რიგში, არ არის ნება, რომ ამ საქმეების გამოძიება მოხდეს. ეს არ შედის ხელისუფლების ინტერესებში და, ალბათ, მიზანმიმართული პროცესია“.

დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ, რომელიც გაზეთ „ბათუმელებისთვის“ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს აშუქებს, განაცხადა, რომ, მისი დაკვირვებით, მოქალაქეებისთვის სიღარიბეზე მეტად მტკივნეულია, როდესაც მოსამართლე, პროკურორი ან პოლიციელი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მოსახლეობას უსამართლობის განცდა რჩება, როცა საქმეში იკვეთება დანაშაული, ჩადენილი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. ასეთი საქმეების შესახებ ჯაბა ანანიძე ხშირად წერს, მათ შორის კი ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმე გაიხსენა:

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა 2014 წელს დააკავეს ღირსებაშემლახველი მოპყრობის ბრალდებით. ეს საქმე კი დღემდე არ დასრულებულა სასამართლოში. ამ დროის განმავლობაში კანონი შეიცვალა, რომლის მიხედვით, თუ იმ წლებში დაწყებული საქმეები არ დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ეს ადამიანები განთავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამ საქმეში დასაკითხია 140 მოწმე, მათგან კი დაკითხულია მხოლოდ 40. ამ საქმის სასამართლო განხილვა ერთი წელი იყო შეჩერებული და თუ ამ ტემპით გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ვერ მოასწრებს პროცესის დასრულებას სასამართლო, ეს ბრალდებულები კი განთავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან“.

სწორედ უსამართლობის განცდა იყო ის მთავარი მიზეზი, რომელმაც სხვადასხვა მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა, განაცხადა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა თამარ მამეიშვილმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ბოლო დროს უფრო ჩამოყალიბდა და ორგანიზებულად გამოხატავს პროტესტს კონკრეტული მოთხოვნით, რომელმაც გარკვეული შედეგიც მოიტანა. თუმცა თამარ მამეიშვილი ფიქრობს, რომ ეს არ არის საკმარისი და ხელისუფლებამ უფრო რადიკალური ცვლილებები უნდა განახორციელოს და რეალურად იზრუნოს სისტემური პრობლემების მოგვარებაზე:

„ამ პროტესტებმა შექმნა ახალი რეალობა და ხალხის ძალა, ჯგუფების ძალა, იგივე ახალგაზრდების, მშრომელების ძალა გამოკვეთა. ისიც შედეგია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ჩვენ გადასახედი გვაქვს ჩვენი მუშაობის დღის წესრიგი, ჩვენ უფრო კონკრეტულები უნდა გავხდეთ და ჩვენი განცხადებები აღარ უნდა იყოს ზოგადი. შედეგია ისიც, რომ ოპოზიცია დაფიქრდა ფაქტზე, რომ მათი ჩართულობა საპროტესო აქციებიდან ადამიანების წასვლას იწვევს და სწორედ ნდობის პრობლემა აქვს საზოგადოებას. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფერმა დააფიქროს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს ხელისუფლება, რომელმაც უნდა გაატაროს სწორედ ეს პოლიტიკური ცვლილებები, რასაც ითხოვდა საზოგადოება ამ საპროტესტო აქციებზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG