Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოპოლიტიკა: კი თუ არა ნარკოტიკებს?


ახალგაზრდებს, რომლებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ, „ნარკომანების“, „დამნაშავეებისა“ და „უზნეობის პროპაგანდისტების“ იარლიყი მიაწებეს საზოგადოების აგრესიულმა და რადიკალურმა ჯგუფებმა, თუმცა ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფო სტრუქტურებსაც, თავიანთი განცხადებებით, ქმედებებითა თუ უმოქმედობით. უგულებელყოფილია ის აზრი, რომ ამ ახალგაზრდების და მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლების მოთხოვნა ერთია - ნარკომომხმარებლების შემთხვევაში, ციხე მკურნალობითა და ზრუნვით უნდა ჩანაცვლდეს. ეს ერთიანი პოზიციაა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებშია ჩამოყალიბებული. რა შანსები აქვს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეალურად რეფორმირებას 12-13 მაისის აქციების შემდეგ?

ჯერჯერობით არავინ იცის, კონკრეტულად რას გულისხმობდა შს მინისტრი გიორგი გახარია, როცა 13 მაისს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას დაჰპირდა. შესაბამისად, უცნობია, თუ რომელი წერტილიდან დაიწყებს მსჯელობას სპეციალურად ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. პირველი შეხვედრა შს სამინისტროში 16 მაისს უნდა გაიმართოს. ამ ჯგუფში შედიან საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები, რომელთა მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტიპარლამენტში ერთი წლის წინ („ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის საშუალებით) დარეგისტრირდა, მაგრამ განხილვის პროცესი შორს არ წასულა.

პლატფორმის წარმომადგენლები შს მინისტრისგან მიღებულ დაპირებას მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ უყურებენ, რადგანაც მათი საკანონმდებლო პაკეტი ჩიხში დიდწილად სწორედ შს სამინისტროს წინააღმდეგობის გამო მოექცა. ექიმი ნარკოლოგი, "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ პლატფორმა უკვე ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა და მეტი კომპრომისი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ციხე მკურნალობითა და ზრუნვით უნდა ჩანაცვლდეს

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი გულისხმობს: ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცის, ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი სანქციების ლიბერალიზებას, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრას, ნარკოტიკის მომხმარებელთათვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებასა და ქვეყანაში პირველადი პრევენციული სისტემის დანერგვას. მათი თქმით, ეს არის იმის აღიარება, რომ ნარკომომხმარებელი დამნაშავე არ არის, ის დაავადებულია და მას არა ციხეში გაგზავნა, არამედ მკურნალობა და ზრუნვა ესაჭიროება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარკორეალიზატორების დასჯას და, ზოგ შემთხვევაში, უფრო მკაცრადაც, ვიდრე ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა.

EMC-ის იურისტს, გურამ იმნაძეს, ხშირად უწევს იმის განმარტება, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკომოხმარების პროპაგანდას არ ნიშნავს:

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიისა და საჭირო გამოცდილების ადამიანებს: იურისტებს, ექიმ-ნარკოლოგებს, ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, ყოფილ ნარკომომხმარებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ აქტივისტებს - მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებს.

ჩიხში მოქცეული კანონპროექტი

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ერთიანი კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, 2017 წლის ზაფხულში იქნა ინიცირებული პარლამენტში, თუმცა განხილვის პროცესი ჯანდაცვის კომიტეტს ვერ გასცდა.

2018 წლის იანვარში საპარლამენტო განხილვის შეჩერების მოთხოვნით გამოვიდა საპატრიარქო. მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული იყო ის ფაქტი, რომ, თითქოს, პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონპროექტი არ ასახავს „ნარკოტიკებთან ბრძოლის რეალურ მექანიზმებს“. საპატრიარქოს განცხადება ბევრისთვის იმის სიგნალი იყო, რომ სახელმწიფოც სწორედ ამას აპირებდა.

პარალელურად აქტიურობდა იუსტიციის სამინისტროს ეგიდით მოქმედი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც უმთავრეს პრეტენზიებს გამოხატავდა შს სამინისტრო, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი მთავარი სტრუქტურა.

ავტორთა მხრიდან მრავალმხრივი დათმობების მიუხედავად, კანონპროექტის კანონად ქცევა ვერა და ვერ მოხერხდა და ეროვნული პლატფორმის ოპტიმიზმს თანდათან სულ უფრო დიდი პესიმიზმი ცვლიდა. იმედი პრაქტიკულად გადაიწურა მაისის დასაწყისში, 12-13 მაისის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა კიდევ ერთხელ გადაიდო განხილვა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში.

საიდან მოდის ახალგაზრდებზე მიწებებული იარლიყები?

ის, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების მომხრე ახალგაზრდები ნარკოტიკების მოხმარებას უწევენ პროპაგანდას, ხშირად ისმის აგრესიულად განწყობილი რადიკალური ჯგუფების მხრიდან და ეს 12-13 მაისს მიმდინარე მოვლენების ფარგლებშიც კარგად გამოჩნდა.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებისთვის ნათელია, რომ ასეთ დეზინფორმაციას სახელმწიფოც ასაზრდოებს. ამ ჭრილში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ 8 მაისს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.

რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს შს სამინისტრო?

როცა საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის რეფორმირებაზე ლაპარაკობენ, ხშირად იხსენებენ ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას, რომელიც მარიხუანის ლეგალიზებას შეეხება და ეს სიმღერა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 13 მაისს, რამდენიმე საათით ადრე მანამდე, ვიდრე შს მინისტრი პარლამენტის შენობის წინ თავმოყრილ ახალგაზრდებს ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დაპირებას მისცემდა.

გამართლდება თუ არა ბევრის მიერ გაკეთებული პროგნოზი, რომ სახელმწიფო ეროვნულ პლატფორმასა და მის მომხრეებს მარიხუანის ლეგალიზებას შესთავაზებს? ამის თქმა ჯერ არავის შეუძლია, თუმცა, კანონპროექტის ავტორების თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, რადგანაც მარიხუანას უკვე შეეხო დეკრიმინალიზების პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG