Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ რამსფელდი და საქართველო


დონალდ რამსფელდი თბილისში. 2016 წელი
დონალდ რამსფელდი თბილისში. 2016 წელი

30 ივნისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მსოფლიოში უძლიერეს არმიას სათავეში ედგა ორ ეპოქაში - მეოცე საუკუნის ბოლოს, 1975-77 წლებში, და 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2001-2006 წლებში.

თუ რამსფელდის პირველი მინისტრობის დროს აშშ „ცივ ომში“ იყო ჩაბმული თავის სტრატეგიულ მოწინააღმდეგე საბჭოთა კავშირთან, 21-ე საუკუნის დასაწყისში, აშშ-ში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, პენტაგონმა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური საომარი კამპანია წამოიწყო ერაყსა და ავღანეთში.

ამ საომარი კამპანიების ერთ-ერთი არქიტექტორი მსოფლიოს „ცხელი წერტილებიდან“ უკან დაბრუნების დროს გზად ხშირად ჩერდებოდა ხოლმე საქართველოში, ქვეყანაში, სადაც 19 წლის წინ სწორედ დონალდ რამსფელდის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით აიღო სტარტი შეიარაღებული ძალების „წვრთნისა და აღჭურვის“ ქართულ-ამერიკულმა პროგრამამ, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა ამერიკულ ყაიდაზე მომზადებული და აღჭურვილი მძლავრი სამხედრო ძალა და დაეხმარა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, თავიდან აერიდებინა რუსეთის კიდევ ერთი შესაძლო აგრესიის საფრთხე მშფოთვარე პანკისის ხეობაში.

აშშ-ის დახმარება რუსეთის მორიგი აგრესიის ფონზე

2002 წლის 27 მაისს, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და მასმედიის წარმომადგენლების ტევა არ იყო. 19 წლის წინ თბილისში ოფიციალურად გაიხსნა „საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა”, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს წლიური ბიუჯეტისოდენი თანხით - დაახლოებით, 64 მილიონი დოლარის ფარგლებში - დააფინანსა.

სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თითქმის დაემთხვა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის მორიგ დღესასწაულს. თუმცა მაშინ საქართველოს ნამდვილად არ ედღესასწაულებოდა - ქვეყანას შიგნიდან ხრავდა კორუფცია, კლანური დაპირისპირება, უმუშევრობა და სიღატაკე და ამას ემატებოდა რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფრონტაციის მორიგი საფრთხე, რამაც პანკისის ხეობაში ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის რაზმის შემოსვლის შემდეგ იჩინა თავი.

ამ ფონზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ დაწყება იყო დახმარება, რომელმაც საქართველო კიდევ ერთ საგარეო აგრესიას გადაარჩინა და ჩამოყალიბებაში დაეხმარა სავალალო მდგომარეობაში მყოფ იმდროინდელ ქართულ ჯარს, - იხსენებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი, რომელიც 2000-იან წლებში შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებდა.

„მისი (რამსფელდის) როლი - ზოგადად, აშშ-ის როლი - იმ წლებში იყო, ისევ როგორც ახლა არის, განუზომელი. აბსოლუტურად განუზომელი. ამ პერიოდში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ დაწყება საქართველოში იყო ძალიან სერიოზული, რადგან შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ფაქტობრივად რღვევის ზღვარზე მყოფი საქართველოს ჯარის ამოქაჩვა. მე მახსოვს ის პერიოდი და ყველას ახსოვს ის პერიოდი, როდესაც ჯარი დარბოდა ფლოსტებით და ყველაზე პოპულარული სიტყვა, რომელიც არმიას უკავშირდებოდა, იყო „სეკვესტრი“. ჯარს აჭრიდნენ და აჭრიდნენ ფულებს. არც ერთი წლის ბიუჯეტი - და, თუ არ მეშლება, ეს ბიუჯეტი 50 თუ 60 მილიონი (ლარი) იყო - არ სრულდებოდა არასოდეს და, სულ ცოტა, მესამედი იჭრებოდა. და ეს მესამედი არ იყო მხოლოდ ხელფასები - საწვავი იჭრებოდა, საბრძოლო მასალის თანხა იჭრებოდა და, მოკლედ, ჯარს არ ჰქონდა ფუნქციონირების არანაირი საშუალება. და ასეთ პირობებში ოთხი ქვეითი ბატალიონისა და სატანკო ასეულის გაწვრთნა - და კიდევ მესაზღვრეების რაღაც რაზმზე იყო საუბარი - იყო ძალიან დიდი საჩუქარი და ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მით უმეტეს, რომ საქართველო მაშინ აღმოჩნდა მსოფლიო გლობალური ანტიტერორისტული ომის წინა ხაზზე. პრობლემები პანკისში, საზღვარი ჩეჩნეთთან - გახსოვთ თქვენ ის ოპერაცია, რომელიც კახა თარგამაძემ და ედუარდ შევარდნაძემ ჩაიფიქრეს კოდორის ხეობაში რუსლან გილაევის მონაწილეობით - ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ - არ მიყვარს ეს გამოთქმა, მაგრამ - გამოწვევებს უქმნიდა ამ ქვეყანას და, მადლობა ღმერთს, რომ, შეძლებისდაგვარად, უსისხლოდ გავიარეთ ეს გზა, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ამერიკელების მონაწილეობით, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელიც ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქვეყანა, აშშ, ზუსტად მაშინ გახდა ჩვენი უპირველესი და უმთავრესი თანამშრომელი, უპირველესი და უმთავრესი მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში“, - ამბობს თენგიზ გოგოტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აშშ-ის ფინანსური დახმარების მოცულობა, დაახლოებით, 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2001 წლის ტერაქტის შემდეგ დაწყებული პარტნიორობა

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის, გარდაცვალების ცნობას საქართველოში ყველზე უფრო პოპულარულ სოციალურ ქსელ ფეისბუკში სამძიმრის სიტყვებით ბევრი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა.

„ორი დღის წინ გარდაცვლილა. გული დამწყდა, ვინაიდან არაჩვეულებრივი მეგობრობა იცოდა. აშშ დაემშვიდობა პოლიტიკოსს, მე ვემშვიდობები მეგობარს... კიდევ ერთს, სანდოს... ნათელში ამყოფე მისი სული, უფალო“, - დაწერა ფეისბუკში დავით თევზაძემ, 1998-2004 წლებში სქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელთანაც დონალდ რამსფელდის მეგობრობა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც გრძელდებოდა.

„როცა თანამდებობის პირები ურთიერთობენ, ძალიან ბევრნაირია ეს ურთიერთობა. მაშინ ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი სერიოზული სახელმწიფოს თავდაცვის მდივანი, მე ვიყავი საქართველოს თავდაცვის მინისტრი. და, აი, პირველი შეხვედრიდან მან გარკვეულწილად მოახერხა ის, რომ ეს სხვაობა მე არ მეგრძნო. აქედან დაიწყო გარკვეულწილად ეს ურთიერთობა. ახლა, დღედაღამ გადაბმულები არ ვყოფილვართ, მაგრამ როდესაც ჩადიოდა ავღანეთში და, ძალიან ხშირად ჩადიოდა ხოლმე იქ, უკანა გზაზე რამსფელდი ყოველთვის ჩერდებოდა თბილისში. ღამეს აქ ათევდა და მერე მიფრინავდა აშშ-ში. ეს რამდენჯერმე ხაზგასმით გააკეთა. უსაფრთხოების გარდა, მისი ერთადერთი თხოვნა იყო, რომ არ შეეწუხებინათ ჟურნალისტებს. და ვერც ვერავინ შეაწუხა და ვერც ვერავინ გაიგო, რამდენჯერ ისე ჩამოვიდა თბილისში“, - გვითხრა დავით თევზაძემ.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოს არმიის მასშტაბური დახმარებისა და საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლის საკითხზე ვაშინგტონსა და თბილისს შორის 2001 წლამდეც მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის მძლავრი ზეწოლის გათვალისწინებით, აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა თავს იკავებდა და არც საქართველოს ხელისუფლების შიგნით იყო ამ საკითხზე ერთსულოვნება.

დავით თევზაძე ამტკიცებს, რომ საკითხის გადაწყვეტა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტმა დააჩქარა.

„ტერაქტის შემდეგ მე წერილი გავუგზავნე დონალდ რამსფელდს, რომელშიც ასეთი სიტყვები იყო: თუ თქვენ თვლით, რომ მე შემიძლია რამის გაკეთება, მიგულეთ თქვენს გვერდით-მეთქი. და ამ წერილზე საკმაოდ დაძაბული საუბარი მქონდა უშიშროების საბჭოს მდივანთან, რომელიც ასეთ მიმოწერას არ მიესალმებოდა. მე პირდაპირ ვუთხარი ნუგზარ საჯაიას, რომ აქ სახელმწიფოს სახელით არ ვწერ, მე მივწერე მეგობარს-მეთქი. ამის შემდეგ, როდესაც (რამსფელდს) შევხვდი, ჩვენ რამდენიმე ხანი ძალიან სერიოზულად ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა შეიძლება მოგვეფიქრებინა იმისათვის, რომ რუსეთს შეემცირებინა სქართველოზე ზეწოლა და ან შედარებით უმტკივნეულოდ აღექვა ამერიკელი სამხედროების საქართველოში გამოჩენა. და მოფიქრებული იქნა სწავლება საქართველოში ანტიტერორისტული შესაძლებლობის ზრდის ფორმულირებით. ანუ ამერიკელები უნდა დაგვხმარებოდნენ ჩვენ, რომ აქ შექმნილიყო ანტიტერორისტული შესაძლებლობები და ჩვენ თავად მიგვეხედა იმ (პანკისის) ხეობისთვის, რომელიც რუსეთს ასე აწუხებდა. როცა ეს პროგრამა იწყებოდა, მახსოვს შევარდნაძესთან ლაპარაკი, როდესაც მან მითხრა, კარგია, თუ გამოგვივიდაო. მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოგვივიდოდა, იმიტომ რომ რამსფელდი არ ხუმრობდა, როდესაც დახმარებაზე მიდგებოდა საქმე, ის არასოდეს არ ხუმრობდა“, - ამბობს დავით თევზაძე.

საბოლოო ჯამში, ქართულ-ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოში 5 000-ზე მეტი პროფესიონალი ჯარისკაცი და მესაზღვრე მომზადდა და აღიჭურვა.

ქართული მადლიერება და რამსფელდის სტიპენდია

საქართველომ კი აშშ-ს მადლობა იმით გადაუხადა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართველი ჯარისკაცების პირველი თაობა და მათი მემკვიდრეებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯერ ერაყში, ხოლო შემდეგ ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში.

და ყველგან ყოველთვის ესმებოდა ხაზი ნატოს მოწინავე ქვეყნების დანაყოფებთან ქართველი ჯარისკაცების თავსებადობას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის თავის დროზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის მიერ საძირკველჩაყრილ „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“.

„მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ თავდაცვის მდივნობის დროს, არამედ შემდეგაც რამსფელდი რჩებოდა ჩვენს ძალიან დიდ მეგობრად, რომელმაც არაერთხელ ძალიან სერიოზული დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას. და ძალიან მიხარია, რომ მისი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ის დაგვეჯილდოებინა ერთ-ერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი - ოქროს საწმისის ორდენით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი.

ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დონალდ რამსფელდი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოქროს საწმისის ორდენით 2016 წელს დააჯილდოვა.

დონალდ რამსფელდის აქტურობა ბოლო წლებში საქართველს მიმართ განსაკუთრებით უკავშირდებოდა იმ პროგრამას, რომელსაც რამსფელდის სტიპენდია ჰქვია და რომლის საშუალებითაც არაერთ ქართველ ახალგაზრდას, პოლიტიკოსს, ლიდერს და ბიზნესმენს მიეცა შესაძლებლობა, რომ რეალობაში, როგორც იტყვიან, შეულამაზებლად, გასცნობოდნენ აშშ-ის ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსებისა და წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენელთა მოსაზრებებს სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებზე, რომელთაც თავისი როლი აკისრიათ გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ამ პატარა ქვეყნებს შავი ზღვიდან, ცენტრალური აზიის ჩათვლით, აქვთ პოტენციალი, დააბალანსონ დიდი იმპერიები - ჩინეთი, რუსეთი, ირანი - და, თუ საჭირო გახდა, სხვა დანარჩენიც. ესაა სწორედ ის გზა, რომელიც ავღანეთამდე სამხედრო ოპერაციის დროს აშშ-მ გაიარა. არსებობს ტერიტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჯერ კიდევ გადაუნაწილებელია. და აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ამ რეგიონის კონტროლისთვის აუცილებლად დაიწყებენ ბრძოლას რუსეთი, ირანი, ჩინეთი და თურქეთი“, - ამბობს ბიზნესმენი გიორგი არველაძე, 2019 წელს დონალდ რამსფელდის სტიპენდიატი.

„დონალდ რამსფელდს ჰქონდა ხედვა, რომ ამ რეგიონის ინტერესები წამოეწია წინა პლანზე ამერიკაში გაგზავნილი სტიპენდიატების სახით და, ამავდროულად, სტიპენდიატებისთვის დაენახვებინა, თუ როგორ უყურებს ამ რეგიონს ამერიკა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში - დაენახვებინა „ვარდისფერი სათვალის“ გარეშე და ეთქვა, თუ როგორ განსხვავდება ხშირად ცვალებადი ადმინსტრაციების ხედვა ჩვენს რეგიონზე“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG