Accessibility links

site logo site logo

დუგინის მანიფესტი ათ თეზისად და ათი პასუხი მას


დავით დარჩიაშვილის თვალსაზრისი

შესავალი: დუგინის „დიდი გამოღვიძების მანიფესტი“ 2021 წლის მარტში გაჩნდა და უკვე თარგმნეს ინგლისურად, ფრანგულად თუ პოლონურად. ტექსტს რეზონანსი აქვს საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა არა იმიტომ, რომ დუგინი დიდი ფილოსოფოსი ან პოლიტოლოგია. ამბიცია უდავოდ კი აქვს - პლუს ამ ყველაფერს - დიდი იდეოლოგის. მას იცნობენ, როგორც პუტინზე უფრო პუტინს მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის დესტაბილიზაციის მოსურნეობის თვალსაზრისით. ოპუსისათვის „მანიფესტის“ დარქმევა, მე პირადად, მარქსს და ენგელსს მაგონებს, მაგრამ რახან რუსია, და შინაარსობრივადაც, უფრო ლენინის ეპიგონია. შეუძლებელია არ გაგახსენდეთ ამ უკანასკნელის თეზისი „იმპერიალიზმზე, როგორც კაპიტალიზმის ბოლო სტადიაზე“. დუგინის ვერსიაში ეს რელიგიურ-მარქსისტული მიდგომა, რომლითაც სამყარო მანიქევლურად, ანუ საბრძოლო ველად უნდა აღიქვა, შემდეგნაირად ჟღერს - გლობალიზმი ლიბერალიზმის უკანასკნელი სტადიაა. დუგინი ლიბერალიზმის წინააღმდეგ საბოლოო ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებს „ადამიანურ“ თუ „რეალისტურ“ ძალებს, რადგან ლიბერალიზმი „ანტიადამიანური“ და „ნომინალისტურია“. მივყვეთ თანამიმდევრულად.

მისი ოპუსი ოთხნაწილიანია. ოთხივეს რიგრიგობით გადმოცემა და ანალიზი უმადური საქმე მგონია, რადგან აკადემიურობის არაფერი ეტყობა ამ ნაწერს, რომელიც უფრო იდეოლოგიური ბანგის ქვეშ, თუ ამ ბანგის შესაქმნელად დაწერილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, გადავწყვიტე, ყველაფერი ეს რამდენიმე თეზისად ჩამოვაყალიბო და რამდენიმე მოკლე პასუხით ვუპასუხო მათ.

თეზისები ჩემ მიერ მოგონილ კითხვებზე პასუხების ფორმითაა. ისინი გადმოცემულია დუგინთან წარმოსახვითი დისკუსიის ფორმატში. თავად კითხვები დუგინის მტკიცებულებებიდან ავაწყვე. „მანიფესტში“ იგი, მაგალითად, ამტკიცებს, რომ ლიბერალიზმი ტოტალიტარიზმშია გადასული, ხოლო ისლამიზმი ან/და იმპერია - დადებითი მოვლენებია. ეს უკანასკნელი დუგინისათვის „კატექონია“. მეც ვეკითხები - ასეა? ის „მპასუხობს“ თავისი ოპუსიდან ამოკრეფილი მარგალიტებით. და მერე ვცდილობ, მისი ლოგიკა უარვყო.

ერთი დამატებაც შესავლისათვის: მიჭირს გავიგო, რაა კატექონი. ვფიქრობ, ეს არც ამ სიტყვის საჯარო, დოკუმენტირებულ სივრცეში პირველგამომყენებელს, პავლე მოციქულს ესმოდა ბოლომდე. ყოველ შემთხვევაში, რაც შემოგვრჩა მისი ქადაგებებიდან, კითხვებს აღძრავს. დუგინისათვის კი „კატექონი“ ანტიქრისტეს შემაკავებელი ძალაა და ასეთად მას იმპერია მიაჩნია (?!). კატექონია მისი, მალოფეევის და ვინმე ზურაბ ჭავჭავაძის ვებსაიტის სახელიც. არ ვიცი, ღირს თუ არა ამ საკითხზე განგრძობადი ფოკუსირება, მაგრამ ვიტყვი, რომ კატექონის იდეით გატაცებული იყო ჰიტლერისდროინდელი გერმანელი „სქოლარი“, კარლ შმიტი, რომლის მდიდარი ინტელექტუალური მემკვიდრეობის მიმდევრები ასკვნიდნენ, რომ კატექონი სხვა არაფერია, თუ არა ეკლესია, which in its coming to terms with secular political institutions always needs “more time” before the end of time. [1]

დუგინს სჭირდება მისტიკისა და სქოლასტიკის ნაზავი, სხვაგვარად თავის მსჯელობებს ვერ ააგებს. ბუნებრივია, საჭირო ინგრედიენტებს იგი ევროპის ინტელექტუალურ წიაღში ეძებს. დუგინი საჯაროდ გმობს დღევანდელ ევროპას, მაგრამ ინსპირაცია მაინც იქიდან უნდა, რადგან, ვფიქრობ, თავის მანიფესტში ისლამსა და ჩინეთზე მსჯელობის მიუხედავად, აღმოსავლური კულტურებისა მან ბევრი არაფერი იცის. ევროპა, ამერიკა კი უნახავს და წაუკითხავს - ოღონდ დასკვნები აქვს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, რაც ქვემოთ ჩამოთვლილი თეზისების სათაურებშია არეკლილი. მოკლედ, გავყვეთ დუგინის „ლოგიკას“ და მისი გაბათილების ბილიკს. თუმცა ერთიცაა: რატომ შევწუხდეთ ამით? არა მარტო იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებშიც დაინტერესდნენ და, ესე იგი, დუგინი წასაკითხია. არამედ უფრო იმიტომ, რომ რასაც ის წერს, ჩვენში გავრცელებული ანტიდასავლური პროპაგანდის კვინტესენციაა.

რატომაა ლიბერალიზმი არაადამიანური?

დუგინის პასუხი: ბაიდენის ირგვლივ შემოკრებილი ლიბერალური ძალები ისტორიული პროცესის კულმინაციაა. ყოველივე შუა საუკუნეებში დაიწყო, როდესაც პლატონ-არისტოტელეს მემკვიდრეობაზე მდგომ „რეალისტებს“, რომელნიც ინდივიდუალურ საგანთა განზოგადებას, სახეობებად დაყოფას ნორმად მიიჩნევდნენ, დაუპირისპირდნენ ე.წ. ნომინალისტები, რომელთათვისაც მარტო ინდივიდუალური არსებობს, ხოლო დანარჩენი „უბრალო ბგერაა“, ფიქციაა. შემდეგ პროტესტანტიზმმა უარყო ტრადიცია, რამაც ქრისტეს სხეული-ეკლესია დაშალა. მერე სოციალური წოდებებიც გაუქმდა და მათი ადგილი „განუსაზღვრელმა მოქალაქემ“ დაიკავა. ლიბერალებმა სქესსაც შეუტიეს, რადგან იგიც განზოგადებაა, ადამიანთა სახეობებად დაყოფაა. მთავარი ინდივიდია - რა შუაშია მისი კლასიფიკაცია სქესითო? - აცხადებდნენ ლიბერალები.

ამის მერე რჩება ერთადერთი - ადამიანის გაუქმება, რადგან „ადამიანობაც“ კლასიფიკაციაა. ინდივიდუალიზმი ნელ-ნელა „დივიდუალიზმით“ იცვლება ანუ ადამიანებს ანაცვლებენ კიბორგები, რომელნიც სხვადასხვა, შეცვლადი ნაწილისაგან აიწყობიან. დგება ან უკვე დადგა პოსტჰუმანიზმი. „ზუსტად აქეთ მივყავართ თანამიმდევრულ ინდივიდუალიზმს, რომელიც აბსოლუტადაა აღებული“.

პასუხის პასუხი:

პლატონი და არისტოტელე ნამდვილად არ ქადაგებდნენ თანამედროვე ინდივიდუალიზმს. ისინი არც დიდი დემოკრატები იყვნენ, მაგრამ მოქალაქის ხოტბა არისტოტელესაგან მოდის. მაშინდელი თუ შემდგომი დავები კერძოსა და ზოგადის მომხრეთა შორის რატომ უნდა წყდებოდეს რომელიმეს სასარგებლოდ, ან სად წერია, რომ საზოგადო სიკეთე ლიბერალიზმისათვის უცხოა? ინდივიდის უფლებებზე აქცენტირება იმისათვისაცაა საჭირო, რომ მასამ იგი არ გადათელოს. დუგინს ეს არ აფიქრებს და რატომღაც ჰგონია, რომ იუდეველურ-ქრისტიანული ღირებულებათა სისტემა, საიდანაც ლიბერალიზმი აღმოცენდა, შეუთავსებელთა შეთავსებაა. კი, იქ არის საუბარი იმაზეც, რომ კერპი არ უნდა შეიქმნას ადამიანმა, კერპს არ უნდა დაემონოს. მაგრამ იქვეა მშობლების პატივისცემის თეზაც. და სადაა აქ წინააღმდეგობა? რატომ არ შეიძლება ინდივიდუალური თავისუფლება დუგინისეული ოჯახის პატივისცემასთან თანაარსებობდეს? პასუხი ერთადერთია - დუგინს რაღაც სხვა აწუხებს და ეს სხვა რაა, დანარჩენ თეზისებში გამოჩნდება.

რატომაა ნაციონალიზმი თან ცუდი, თან კარგი?

დუგინის პასუხი: ნაციონალიზმი კი იყო მოდერნული, ლიბერალიზმთან შეწყვილებული პროექტი, ერთგვარი „პოლიტიკური ინდივიდუუმების“ მშენებლობა იმპერიათა ნანგრევებზე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნაციონალიზმი ინდივიდუალიზმს და ნომინალიზმს უარყოფს. მეოცე საუკუნეში უკიდურესი ნაციონალიზმები გაჩნდა. ახლაც ნაციონალიზმები გლობალიზმს უპირისპირდება.

პასუხის პასუხი: თავისთავად, რაიმე სოციალური ფენომენის ერთდროულად მომხრეობა და მოწინააღმდეგეობა არათუ ამბივლენტობაა, არამედ აკადემიურ მიდგომასაც ნაკლებად შეეფერება. გაცილებით ლოგიკურიცაა და ადვილიც, რომ ნაციონალიზმის აღზევება საზოგადოებრივი პროგრესის და მოდერნიზაციის პროდუქტად ჩათვალო, ოღონდ თან თქვა, რომ, გარკვეულ ეტაპზე (ან თუნდაც თავიდანვე) იგი ძალზე კონფლიქტურ, ქსენოფობიურ თვისებებს ავლენს. მაგრამ ასე რომ თქვა, იქნები კონფლიქტების რეგულირებაზე ორიენტირებული მკვლევარი. როცა იდეად სამყაროს ძალისმიერი ამოტრიალება გაქვს, განსახილველ თემებს პოლიტიკურად უდგები და ნაციონალიზმი ხან მოკავშირედ მიგაჩნია, ხან მტრად.

რატომაა სოციალიზმი თან ცუდი, თან კარგი?

დუგინის პასუხი: ეს იდეოლოგიაც თან ებრძვის ორგანულ ერთობებს, თან კოლექტივიზმს ანუ ერთობას ქადაგებს. მას ლიბერალიზმის აპოლოგეტები - ჰაიეკი და პოპერი უპირისპირდებოდნენ - ნაციონალიზმთან ერთად, ღია საზოგადოების მტრულ იდეოლოგიებად მიიჩნევდნენ.

პასუხის პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნაციონალიზმის, ისე სოციალიზმის მიმართ დუგინი ამბივალენტობას ინარჩუნებს, მას აშკარად მოსწონს ყველაფერი, რაც „ღია“ ანუ ლიბერალურ ცხოვრების წესს დაუპირისპირდება. გარდაუვლად, ეს კოლექტივიზმის გზაა, რომლის ბირთვი მოძღვრება სოციალიზმია. რიგი იდეური თუ პრაგმატული მიზეზების გამო, დუგინს არ მოსწონს ა) პალეოსოციალისტთა ბრძოლა ძველ იმპერიებთან და ბ) ნეოსოციალისტთა სიახლოვე ლიბერალებთან. მას სოციალიზმის თავის მოძღვრებაში ჩაქსოვა უნდა. რა გამოსდის, ეს სხვა საკითხია.

რატომაა შესაძლებელი და სასურველი ნაციონალიზმის და სოციალიზმის შერწყმა?

დუგინის პასუხი: დღეს ევროპაში „დიდი გამოღვიძება“ პოპულიზმის სახით ვლინდება. ესაა ბრძოლა მსოფლიო გლობალისტური ელიტის წინააღმდეგ. მაგრამ მას ასუსტებს განხეთქილება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის. საჭიროა „ინტეგრალური პოპულიზმი“. ეს იქნება იდეოლოგიური მოდელი, რომელიც შეათავსებს სოციალურ თანასწორობასა და ტრადიციული კულტურული იდენტობებისათვის ბრძოლას გლობალიზმის წინააღმდეგ.

პასუხის პასუხი: არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ლიბერალიზმისათვის არასოდეს ყოფილა უცხო არც ერთი და არც მეორე. ვთქვათ, ლიბერალური ელიტები თვალთმაქცობენ, თან ყველაფერს საძულველ „ინდივიდუალურ თავისუფლებას“ უქვემდებარებენ. მერე ეს „ინტეგრალური პოპულიზმი“ რითია მომტანი რამისა, გარდა ახალი რევოლუციების, რევოლუციური ელიტების ხელახალი ფორმირების, ახალი იერარქიების გაჩენის და გარდაუვალი ქსენოფობიის? ეს ყოველივე კაცობრიობას ხომ უკვე გავლილი აქვს? ჯერ კიდევ ჰიტლერამდე ულტრანაციონალიზმის ფრანგული ვერსია „ინტეგრალური ნაციონალიზმის“ სახელით იყო ცნობილი და, საერთოდ, ნაციონალ-სოციალიზმი ძველიცაა და სისხლიანიც. ნაციონალისტური შეფერილობის იყო (ხან ანტიებრაული, უფრო კი რუსულ-იმპერიული) საბჭოთა კავშირიც.

რატომაა ისლამიზმი კარგი?

დუგინის პასუხი: „დიდი გამოღვიძება“ სახეზეა ისლამური ცივილიზაციის ხალხებშიც. ისინი არ იღებენ გლობალიზმს. „დიდი გამოღვიძების“ კონტექსტი შეიძლება დღეს დაყოფილი ისლამური ქვეყნების გაერთიანების პლატფორმა გახდეს.

პასუხის პასუხი: ვფიქრობ, ეს პასაჟები, უბრალოდ, გადამღერებაა ბოლშევიკური თეზისებისა აღმოსავლეთის ანტიკოლონიური ბრძოლის წახალისების თუ „რევოლუციური შარიათის“ შესახებ. ეს კურსი დასრულდა ნაციონალიზმით, ავტორიტარიზმით, ფუნდამენტალიზმით. დუგინი არც ერთ მსგავს პერსპექტივას არ უარყოფს, ოღონდ არ იყოს კანონის უზენაესობა, სამართლიანი არჩევნები და ადამიანის უფლებების დაცვა, რადგან ამით ისევ „გლობალური ელიტა“ ისარგებლებს. პატარა ადამიანმა რომ ისარგებლოს დემოკრატიის სიკეთეებით ადგილობრივი კლანების საპირწონედ, ეს დუგინს ვერ ან არ წარმოუდგენია. თანაც, თუ საქმე ისლამიზმზე, ანუ სახელმწიფო პოლიტიკის რელიგიისათვის დაქვემდებარებაზე მიდგა, ძნელად წარმომიდგენია სუნიტებისა და შიიტების თანხმობა. ამ საზოგადოებათა ინტეგრაციის საფუძველი მხოლოდ სეკულარიზმი შეიძლება იყოს.

რატომაა იმპერია კარგი?

დუგინის პასუხი: ნაციონალიზმი გლობალიზმს კი უპირისპირდება, მაგრამ ევროპისათვის სასარგებლო კოლექტიური იდენტობები იყო კათოლიკური ეკლესიის საყოველთაო ზეობა და იმპერია, რომლებიც ნაციონალიზმმა შეარყია.

პასუხის პასუხი: ეს ნოსტალგია საუკუნეების წინანდელი ვითარების მიმართ ან რომანტიკულია, ან შიზოფრენიული. ამ უკანასკნელში პიროვნების გაორებას და ეპოქალურ განსხვავებათა ვერდანახვას ვგულისხმობ. არც კი ვიცი, რაზე შეიძლება აქ საუბარი: იმაზე, რომ რომელიმე „ღვთივკურთხეული“ ოჯახის ქვეშევრდომობა მარაზმია, როგორც კი ადამიანები ბუნებით თანასწორობას იაზრებენ, თუ იმაზე, რომ რელიგია კი არის ხალხის (და არა ხალხისათვის) ოპიუმი, მაგრამ რაც უფრო დიდია რელიგიური ინსტიტუტი, მით უფრო შორდება იგი უბრალო ადამიანებს, მით უფრო იქცევა ბიუროკრატიულ წარმონაქმნად, რომელსაც სულიერებაზე უფრო პოლიტიკა და მეურნეობა აინტერესებს? თუმცა ვაცნობიერებ, რომ ასეთი მსჯელობა დუგინების მიერ ჩაითვლება ლიბერალიზმად, რომელიც უაპელაციოდაა უარსაყოფი. ოღონდ გაუგებარია, სანაცვლოდ რა უნდა მივიღოთ - ბალთაზარ კოსა თუ ფილიპე მეორე ესპანელი. ან იქნებ ასეთი წარსულისავე მოტრფიალე გენერალი ფრანკო?

რატომაა ტოტალიტარული მსოფლიო მთავრობა კარს მომდგარი თუ უკვე დამდგარი რეალობა?

დუგინის პასუხი: „დიდი გამოღვიძება“ ლიბერალურ-გლობალისტური „დიდი გადატვირთვის“ პასუხია. ეს უკანასკნელი ტრამპის და ევროპელი პოპულისტების მიერ მიყენებული ზიანის განეიტრალებას გულისხმობს. ეს ელიტა თუ მისი გლობალური ლიბერალიზმი მსოფლიო უპოლუსობისაკენ მიილტვის და ამით ამერიკასაც ემუქრება. ბაიდენი ამერიკის განაჩენია და „დიდი გამოღვიძება“ მრავალპოლუსიანობით უნდა დაიწყოს. ესაა კაცობრიობის გადარჩენა „ლიბერალური კაპიტალისტური ელიტების ტოტალიტარული დიქტატურისაგან“. ხალხები უნდა დაუპირისპირდნენ ინტერნაციონალურ ელიტებს. ეს ელიტები ადამიანთა გონებაში მანიაკალურად ჩაბეჭდილი სიმულაკრებით, ილუზიებით ბატონობენ. გლობალისტურ-ლიბერალური პროგრესი სიკვდილია. „მსოფლიო მთავრობა“ ჯერ სულიერად, მერე კი სხეულებრივადაც გაანადგურებს კაცობრიობას. დღეს უკვე ადამიანთა დიდი ნაწილი ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშაა.

პასუხის პასუხი: სხეულებრივ განადგურებაში დუგინი ძირითადად გულისხმობს კლონირებას, კიბორგებს და ა.შ. მე კი ამ სიტყვების ფონზე ისევ ჰიტლერი და ლენინი მახსენდება. მაშინ კლონირებისა თუ ელექტრონული კონტროლისა არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ მითიურ მსოფლიო მთავრობაზე განსაკუთრებით ჰიტლერს უყვარდა საუბარი. უნდა ვაღიაროთ, დუგინის მანიფესტი სიონიზმზე დუმს - ყველაფერი სრული სისავსით ვერ განმეორდება. მაგრამ მას ნატო, ტრანსნაციონალური ფინანსური თუ სხვაგვარი კორპორაციები მსოფლიო მთავრობად წარმოუდგენია. შესაბამისად, მსოფლიოსა და საერთაშორისო ურთიერთობების არა მარტო ლიბერალური, არამედ რეალისტური ხატიც ინგრევა - ეს უკანასკნელი ხომ მიიჩნევს, რომ ეროვნულ ინტერესებს ვერავითარი საერთაშორისო ალიანსები ვერ აწონასწორებს. საინტერესოა, რომ ამ დღეებში „მსოფლიო მთავრობა“ ცდილობს პაწაწინა საქართველოს პოლიტიკური ელიტის ორი ფლანგის შერიგებას, მაგრამ ვერაფრით ახერხებს ამას. ეჭვი მაქვს, იმიტომ, რომ ევროპული ეროვნული ელიტების ნაწილს ეს თემა არ ადარდებს, ნაწილს კი რუსეთის გაღიზიანება არ უნდა. მაგრამ ეს კერძო თემაა. რაც შეეხება მოქალაქეთა პირადი მონაცემების სახელმწიფოებრივ კონტროლს - ეს დრომ მოიტანა და თუ სადმე ებრძვიან ამას, ეს ისევ დასავლეთში, ანუ „მსოფლიო მთავრობის“ ეპიცენტრში ხდება. აბა, რუსეთსა და, განსაკუთრებით, ჩინეთში, ელექტრონიზებული მმართველობის შეკავება-გაკონტროლების მექანიზმები ან შეზღუდულია, ან არც არსებობს. დაბოლოს, მე არ მესმის, როგორ თავსდება დუგინის გონებაში ანტიკური და შუასაუკუნეობრივი რომის იმპერიებით აღფრთოვანება და მსოფლიო მთავრობის შიში. მე მგონია, მანიფესტში ეს თემა ნაციონალისტური ზმანებების და რომის იმპერიის დაცემაზე საყმაწვილო დარდის უცნაურ სიმბიოზს წარმოადგენს.

რატომაა ამერიკაში სამოქალაქო ომი?

დუგინის პასუხი: ტრამპი დაუპირისპირდა გლობალიზმს, მაგრამ ბაიდენმა სწორება ისევ პოსტჰუმანურ პარადიგმაზე აიღო. არალიბერალები ამერიკაში მტრებად ცხადდებიან. საერთოდაც, გლობალისტებმა ტრამპი არჩევნების გაყალბებით და „ფერადი რევოლუციით“ ჩამოაგდეს. მაგრამ ამერიკელ გლობალისტებს მიწა ეწვით ფეხქვეშ. ამერიკული მასა ზურგს აქცევს გლობალისტებს. „დიდი გამოღვიძება“ ამერიკელი ანტიგლობალისტის, ალექს ჯონსის ლოზუნგია. იგი სოციალური ქსელებიდან გააძევეს. ორუელის „1984 წელი“ ამერიკელი გლობალისტების მიერ ხორციელდება, მაგრამ ტრამპს 70 მილიონი მომხრე ჰყავს, რაც ძალაა.

პასუხის პასუხი: დაპირისპირებაზე, უფრო სწორად კი ბაიდენის „უკანონო“ გამარჯვებაზე, საუბარს უცებ მოსდევს პასაჟი - Но Гражданская война никогда не имеет заведомого исхода. ასე რომ, დუგინი შეიძლება ხედავს ამგვარ ომს თანამედროვე შტატებში, მოელის ომს ან ოცნებობს ომზე. რა თქმა უნდა, ამერიკაშიც წარმოიქმნა გაყოფილი საზოგადოების ნიშნები. ყველას გვსმენია ამერიკული ელიტების მგრძნობელობაზე პოლიტკორექტულობის მიმართ. ვიცით, რომ რამდენიმე თვის წინ ზოგიერთ ქალაქში არეულობები იყო, და კამპანიამ Black Lives Matter ახალი რეალობა შექმნა. მაგრამ 2000-იან წლებში ამერიკამ ნახა არანაკლებ ხმაურიანი და პოპულისტური მოძრაობა Occupy Wall Street, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქვეყანამ გამოცადა რასობრივ სეგრეგაციასა და ვიეტნამის ომთან დაკავშირებული მასობრივი ვნებათაღელვები. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მსგავს მოძრაობებში სამოქალაქო ომის ნიშნები დავინახოთ. ომს ან ეკონომიკის ჩამოშლა და მასობრივი უმუშევრობა განაპირობებს, ან ელიტის სრული გახლეჩა და არაადეკვატურობა. ვაშინგტონში თუ თავად შტატებში არც ერთი შეიმჩნევა და არც მეორე. იდეოლოგიური დავების გაგრძელება თუ რეგულირება კი იმ ინსტიტუტებით და ნორმებითაა შესაძლებელი (ძლიერი ბიზნეს- თუ სხვა ასოციაციები, პროფკავშირები, რელიგიური სათვისტომოები, სამოქალაქო საზოგადოების ტრადიციები, ხელისუფლებათა შტოების შეკავება-გაწონასწორების მექანიზმები და პროფესიონალური ბიუროკრატია, დეპოლიტებული უსაფრთხოების სექტორი და ბოლოს, პოლიტიკური პარტიები, რომელთა მსგავსი დუგინის სამშობლოში არ იძებნება), რომელებიც სიცოცხლისუნარიანია. დუგინს უყვარს საუბარი ტრადიციებზე იქ, სადაც მათი კვალი ხელოვნურად თუა შექმნილი. ასეთებს, პირველ რიგში, განეკუთვნება რუსული სიღრმისეული სახელმწიფოებრიობა თუ ხალხი, რომელზეც ვლადისლავ სურკოვიც ბევრს წერს. მაგრამ ცოცხალი ტრადიცია არა პროპაგანდა და სუროგაციაა, არამედ მოქმედი პრაქტიკა. რუსეთში მოქმედი მმართველობითი პრაქტიკა რუსულივე ენის ხატოვანებით გადმოსცა რუსმა ხალხმა - я начальник, ты дурак, ты начальник, я дурак. ამ ტრადიციას ისევ რუსი ლიბერალები ებრძვიან, დუგინი კი მას ბრჭყვიალა ქაღალდებში ახვევს. აი, შტატების მმართველობითი ტრადიცია კი ისაა, რაზეც უკვე ვისაუბრე. რაც მთავარია, ლიბერალები მას კი არ ებრძვიან, თაობების მანძილზე აშენებენ.

რუსეთი და მისი მისია?

დუგინის პასუხი: რუსეთი მოწოდებულია გახდეს „დიდი გამოღვიძების“ უმნიშვნელოვანესი პოლუსი. იგი ნაწილობრივ ჩართული იყო დასავლურ ცივილიზაციაში (განმანათლებლობა, ბოლშევიზმი, 1991 წელი). მაგრამ რუსი ხალხის სიღრმისეული იდენტობა უნდობლობითაა გამსჭვალული დასავლეთის, ლიბერალიზმის, გლობალიზაციის მიმართ. მიზეზი ნომინალიზმშია - რუსი საერთოობას ეყრდნობა - გვარს, სახეობას, ეკლესიას, ტრადიციას, ხალხურობას, დერჟავას. კომუნიზმიც ხელოვნური, მაგრამ კოლექტიური იდენტობა იყო. რუსეთს ეკონომიკაში, განათლებაში, კულტურაში, მეცნიერებაში გაბატონებული ლიბერალიზმი ასუსტებს. რუსეთი „დიდი გამოღვიძების“ ავანგარდში უნდა იყოს, ლიბერალიზმის საწინააღმდეგო „ხალხთა ინტერნაციონალი“ გამოაცხადოს. რუსული გზა თავისებურია - ბიზანტინიზმიდან მართლმადიდებლობა ავიღეთ, ჩინგის ხანისგან კი - სახელმწიფოებრიობა. ანუ იგი ორი იმპერიის მემკვიდრეა. იმპერია ჩვენი ბედისწერაა და ბოლშევიკთა ხელშიც რუსეთი იმპერია იყო. ჩვენი გამოღვიძება იმპერიულ მისიასთან დაბრუნებაა. ჩვენ უნდა ვიყოთ „კატექონი“. რუსული გამოღვიძება უნდა იყოს საწინდარი ერთი გლობალისტური იმპერიის ადგილზე ბევრი იმპერიის წარმოშობისა, რაც ადამიანთა ღირებულებითი სისტემების მრავალფეროვნებას განასახიერებს.

პასუხის პასუხი: ეს დუგინის ისტორიოსოფია და ამბიციაა. მისთვის რუსეთი არაა ეკონომიკა, ხალხი, არამედ კოლექტიური სულის მისიაა. რომ ჰკითხოთ, ალბათ იტყვის, რომ ასეთი კურსი გააბედნიერებს რუსულ ოჯახებს, რადგან ისინი დერჟავით იამაყებენ, ხოლო მატერიალური დოვლათი აუცილებლად მოვა. დავანებოთ თავი ისტორიოსოფიულ კამათს: ეს შეუძლებელია. დუგინიზმი იდეოლოგიაა და არა მეცნიერება. სხვაგვარად იგი დაფიქრდებოდა, თუ რატომ არ იყო „რუსული გზა“ ნოვგოროდისა და ფსკოვის რესპუბლიკები, ან ლიტვის დიდი სამთავროს მოსახლეობისა და არისტოკრატიის რუსულ-სლავური უმრავლესობა, რომელიც მონღოლური ულუსის მემკვიდრედ გამოცხადებულმა მოსკოვმა ძალით დაიმორჩილა. მაგრამ იგი ლიბერალიზმთან ბრძოლითაა გატაცებული და ისტორიული მეცნიერება აქ არაფერ შუაშია. საკითხავი ერთი რჩება: რატომ უნდა იყოს რუსეთი მსოფლიო მასშტაბის დიდი გამოღვიძების მედროშე, როცა მისი ერთობლივი შიდა პროდუქტი რამდენიმეჯერ ჩამოუვარდება ჩინეთისას? თუ მას გულშემატკივრები ევროპის მემარჯვენე თუ მემარცხენე პოპულისტებში ეგულება, ეს ძალიან საეჭვო და მერყევი დასაყრდენია. რჩება ბირთვული პოტენციალი, მაგრამ იგი ხომ ორლესული მახვილია და მარტო შეშლილი თუ ააგებს საკუთარი იმპერიალიზმის იდეას ბირთვული ღილაკით შანტაჟზე. ღილაკი იცავს, რადგან დუგინისთვის საძულველ დასავლეთში შეურაცხადები არ მართავენ სახელმწიფოებს. მაგრამ მათი ეკონომიკა უპირატესია, რაც გადამწყვეტი ფაქტორია, რაც ერთხელ უკვე გამოჩნდა სსრკ-ს გარდაცვალებით. ყველანაირი ლოგიკით, თუ რუსეთმა საბოლოოდ კონფრონტაცია აირჩია, მისი გარდაცვალებაც გარდაუვალი გახდება. საბჭოეთისაგან განსხვავებით, დღევანდელი რუსეთი არც იმდენადაა დაღდასმული გადაუჭრელი ნაციონალური საკითხით. ჩეჩნური ელიტაც ნაყიდია და თათრულიც. მაგრამ ეს დროებითი გარიგება შეიძლება აღმოჩნდეს, თუ დაძაბულობა საერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ უფრო მოიმატებს. პატარა აფხაზეთი, კიდევ უფრო პატარა ცხინვალის რეგიონი თუ უკრაინის მიტაცებული რეგიონები რუსული იმპერიის თანამედროვე სუროგატის მდგომარეობას მხოლოდ ამძიმებს - ყველაფერი ეს დამატებითი ვალდებულებებია და არა სარგებლიანი მონაპოვრები. ასეთია კაცობრიობის განვითარებისა და თანაცხოვრების ლოგიკა თანამედროვე ეტაპზე. თუმცა ეს უკვე ლიბერალიზმია, რასაც დუგინი ვერ გაიგებს.

რატომაა ტოტალიტარიზმი დასავლეთში და არა აღმოსავლეთში?

დუგინის პასუხი: დასავლურ-ლიბერალურ ტოტალიტარიზმზე ვისაუბრეთ, აღმოსავლურზე კი დუგინი დუმს. მის ისტორიულ წიაღსვლებში არც სტალინურ გულაგებს თუ ბრეჟნევისდროინდელ სამზარეულოში მოგუდულ საუბრებს აქვს ადგილი, არც ჩინურ კულტურულ რევოლუციას და არც კიმ ირ სენის თუ პოლ პოტის სისხლიან ექსპერიმენტებს.

პასუხის პასუხი: მარქსი და ენგელსი ხომ არ იყვნენ ლიბერალები, მაგრამ საუბრობდნენ წარმოების აღმოსავლურ წესზე, აღმოსავლურ დესპოტიებზე. დუგინის სასურველი თურანულ-მონღოლური მემკვიდრეობა ხომ სხვა არაფრის მომცემი იყო (პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით), თუ არა ადამიანის ქცევისა მმართველთა ფეხის მტვრად. ოღონდ ის მმართველებიც ბოლოს მათივე წიაღიდან აღმოცენებული მეტოქეების დასაკეპი ხორცის ნაჭრები ხდებოდნენ. ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე იხვეწებოდა მკვლელობების მანქანაც. თავად დუგინის თეზისი ინდივიდუუმების დივიდუუმებად გადაქცევაზე, რასაც თითქოს დასავლეთში ადამიანთა „დაჩიპვით“ აქვს ადგილი, მაინც მომავალზეა ორიენტირებული. ანუ დუგინი ამბობს, რომ ეს ჯერ კი არ მომხდარა, მოხდება. თან დუგინი არ საუბრობს ამ პროცესის ფიზიკურ გაუსაძლისობაზე. მეტიც - მისი მსჯელობით, ადამიანთა დიდი ნაწილი ამას ალბათ ვერც შეამჩნევს. აი, აღმოსავლეთში კი, ეს ყოველივე მილიონობით ადამიანის წამებითა და ხოცვით ხდებოდა ან ხდება. საკმარისია სტალინის აჩრდილზე დაფიქრება, ან დუგინის სათაყვანებელი სი ძინპინის დღევანდელი ტიბეტურ-უიღურული პოლიტიკის ხსენებაც. ჰუმანიტარული კატასტროფები ევროპამაც იცის, შეიძლება თქვას დუგინმა. მაგრამ თუ ამას იტყვის, თავისდაუნებურად მოუწევს ლიბერალიზმის სიკეთეების აღიარება, რადგან ევროპაში ამ ყველაფერს სწორედ დემოკრატიამ, კანონის უზენაესობამ და თანასწორუფლებიანმა არჩევნებმა მოუღო ბოლო.

დასკვნა: დუგინი დუმს იმის შესახებ, თუ რას უპირისპირებს მისი „კოალიცია“ ლიბერალიზმს. ლოზუნგები პატრიოტიზმზე, ოჯახის პატივისცემაზე, ორსქესიანი სექსის ერთადერთობაზე არ კმარა. უნდა იყოს გაწერილი, თუ რა კონკრეტული ნორმები და ინსტიტუტები უზრუნველყოფს ყოველივე ამას და რის ფასად. ანუ, მაგალითად, ნიშნავს თუ არა ეს ყოველივე, რომ ათასგვარი მანიპულაციებით გამდიდრებული მამის შვილი უაპელაციოდ პრივილეგირებული იქნება იმ ახალგაზრდებთან შედარებით, ვისი მშობლებიც უბრალო მოკვდავები არიან? თუ კი - რატომ? სადაა აქ სამართლიანობა? თუ არა - როგორ? ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის, ისევე როგორც ერთადერთი სამართლიანი საარჩევნო პრინციპის, - „ერთი კაცი - ერთი ხმა“ - გარეშე? არა? მაშინ როგორ უზრუნველყოფთ ამას კონსერვატიულ იმპერიაში? პასუხი არ არის.

დავით დარჩიაშვილი არის რუსეთის კვლევების ცენტრის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

[1] რომლის ურთიერთობა სეკულარულ ინსტიტუტებთან დროებათა დასრულებამდე მეტი დროის მოთხოვნით გამოირჩევა https://fordham.universitypressscholarship.com/view/10.5422/fordham/9780823267163.001.0001/upso-9780823267163-chapter-011

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG