Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმილი და პრივილეგიები: ამტკიცებს თუ არა დათუნაშვილის გამონაკლისი წესს


გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა, დიდმა თუ პატარა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა ჭიდაობის ჩემპიონატზე 11 იანვარს მომხდარი ჩხუბი, შესავლის ნაცვლად თქვენს უკვე არსებულ ცოდნას გამოვიყენებ და გთხოვთ, რომ უბრალოდ, ეს ამბავი გაიხსენოთ.

პირადად ჩემთვის, ამ ამბავში, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, დაზარალებულის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ ძალაუფლების სტრუქტურებს თუ იქაურ ღირებულებებს ასახავს, არამედ ისეთ რამეს, რაც ამ ქვეყანაში მცხოვრებ, ბევრად უფრო მეტ ადამიანს გვეხება.

განცხადება ასეთია:

“მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, რომ ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა.”

“მამაო” გაუგზავნეს. რატომ? რატომ არ მივიდა დასალაპარაკებლად ადვოკატი, მეგობარი, საერთო ნაცნობი, ვიცე-პრეზიდენტი… თან ასეთი უცნაური შეთავაზებით. მღვდელი რომ შერიგებისკენ და კაცთა შორის სიყვარულისკენ მოგიწოდებს, კიდევ გასაგებია, მაგრამ პრივილეგიებს რომ გთავაზობს, დამეთანხმებით, ალბათ, უცნაურია; როგორც ჩანს, არა ყველასთვის.

ვფიქრობ მღვდელი იმიტომ გაუგზავნეს, რომ მღვდლისთვის უარის თქმა ძნელია. რამდენიმე მიზეზის გამო.

  • 1. მღვდელს აქვს მიუკერძოებლის სახელი;
  • 2. ითვლება, რომ მღვდელმა კარგად იცის იმქვეყნიური სამართალი, რომელიც ამქვეყნიურზე უზენაესია და ამიტომ მისი მსჯელობა ყოველთვის მართებულია;
  • 3. მღვდელი ჩვენთან უპირობო პატივისცემას ფლობს, ანუ სულ რომ არაფერი არ ვიცოდეთ მის პიროვნებაზე, პატივი მაინც უნდა ვცეთ;
  • 4. მღვდლისთვის არდაჯერება თავად შენ წარმოგაჩენს, როგორც არაეკლესიურს, შესაბამისად, არარელიგიურს (ეს ორი რამე ერთი და იგივე ჰგონიათ) და შესაბამისად, როგორც ათეისტს, რაც ჩვენთან არცთუ ისე სახარბიელო სტატუსია.

საინტერესო და უცნაური ამ აღწერაში არის ის, რომ ის ე.წ. “კანონიერი ქურდის” აღწერის იდენტურია. ითვლებოდა რომ:

  • 1. ქურდი მიუკერძოებელია;
  • 2. იცის კანონები, რომლებიც სახელმწიფო კანონებზე უზენაესია;
  • 3. უპირობო პატივისცემას ფლობს;
  • 4. მისთვის არდაჯერება შენ წარმოგაჩენს როგორც არაქურდული ცხოვრებით მცხოვრებს, რაც თავის დროზე არცთუ ისე სახარბიელო სტატუსი იყო.

ეს, “ქურდულს” ვგულისხმობ, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ალტერნატივები მაინც არსებობს.

ძალადობას ბოლო მოეღება, როდესაც მოძალადეებს სხვა ძალა აღუდგებათ წინ, ასეთი ყველაზე ეფექტიანი კი სახელმწიფოა. მაშინ ყველასთვის ჯობია ვაცალოთ მას საკუთარი ფუნქციის შესრულება.

თქვენ შეგიძლიად უაზრობად მიიჩნიოთ, ერთი შემთხვევის ასეთი განზოგადება, მაგრამ თავადაც ხომ იცით, რომ ეს ერთი შემთხვევა არ არის? თუ იდენტური შემთხვევა გაინტერესებთ, შეგვიძლია გავიხსენოთ 2009 წლის ინციდენტი, როდესაც ერთ-ერთი საპროტესტო მოძრაობის აქტივისტებმა ჟურნალისტი სცემეს. კონფლიქტის მონაწილეები მაშინ თავად პატრიარქმა შეარიგა, რითიც ინციდენტი ამოიწურა. უცნაურია, რომ მაშინაც მოძალადეებს ძალადობა შერჩათ და დაზარალებულმა დაკმაყოფილება ვერ მიიღო. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ პატიება და მხარეებს შორის მორიგება არ უნდა არსებობდეს. უნდა არსებობდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი დაზარალებული მიიჩნევს ასე საჭიროდ. მაგრამ, აბა, დაფიქრდით, როგორი სათქმელია უარი პატრიარქისთვის, რომელიც შერიგებას გთხოვს? ძნელი.

სწორედ ამიტომ მგონია, ჩხუბების შერიგება სასულიერო პირების საქმე კი არა სასამართლოს საქმეა და კარგი იქნება, თუკი მოქალაქეები ამას კარგად გავაცნობიერებთ. ბოლო-ბოლო, თუ ყველა მოძალადეს მღვდელმა დაულაგა საქმეები, ძალადობას როდის მოეღება ბოლო? არასდროს. ძალადობას ბოლო მოეღება, როდესაც მოძალადეებს სხვა ძალა აღუდგებათ წინ, ასეთი ყველაზე ეფექტიანი კი სახელმწიფოა. მაშინ ყველასთვის ჯობია ვაცალოთ მას საკუთარი ფუნქციის შესრულება.

დათუნაშვილის განცხადების მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესოა. მას გაჩუმების სანაცვლოდ პრივილეგიებს სთავაზობენ. პრივილეგიები, ალბათ, სულ არსებობდა და იარსებებს, მაგრამ ვფიქრობ მათ ძალიან სპეციფიკური ადგილი უკავიათ ჩვენს ცნობიერებაში. ცნობიერებაში, რომელიც უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ფორმირდებოდა. რატომ ეს პერიოდი? ვინაიდან ჩვენს დღევანდელ ყოფაზე სამწუხაროდ საბჭოთა კავშირმა ბევრად უფრო დიდი გავლენა იქონია, ვიდრე მის წინ არსებულმა, ჩემთვის დიდად მოსაწონმა პერიოდმა.

გაიარეთ აბაშიძის ქუჩაზე და წაიკითხეთ სახლებზე აბრები. გგონიათ დამთხვევაა, რომ საბჭოთა კავშირის გამოჩენილი მწერლები, მოცეკვავეები, მეცნიერები და მსახიობები ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ? ან წყნეთში არსებული “სამთავრობო დაჩებზე” თუ გსმენიათ რამე? ელიტურ სკოლებზე?

პრივილეგია საბჭოთა კავშირში იყო ძალაუფლების ერთ-ერთი ინსტრუმენტიც და ამავდროულად თავად ძალაუფლების რეპრეზენტატორიც. ყველას უნდოდა, რომ ჰქონოდა მეტი ძალაუფლება და ეს ძალაუფლება მიღებული პრივილეგიებით განისაზღვრებოდა. მაგალითად, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პარტიის მაღალჩინოსნებში მალევე ატყდა ბრძოლა პრივილეგიებისათვის და ძირითადად ეს სამ რამეზე წვდომაში გამოიხატებოდა: საკვები, სახლი, მანქანა. მაშინ როდესაც ქვეყანაში შიმშილი მძვინვარებდა, მოსახლეობას კომუნალურ ბინებში ტენიდნენ და სატრანსპორტო საშუალებების სრული კონტროლი/განაწილება სახელმწიფოს ჰქონდა თავის თავზე აღებული, პარტიის მაღალჩინოსნებმა უპრობლემოდ გადაინაწილეს “ხალხის მტრების” ბინები და “დაჩები”, ჰქონდათ წვდომა ავტომანქანებზე და საკვების მოპოვებაც არ უჭირდათ. ბავშვობაში რუსული ფილმების ყურებისას სულ მიკვირდა, ვინმე ძეხვს რომ ამოიღებდა ჩანთიდან და ყველა გაკვირვებული უყურებდა, არა ძეხვს, არამედ მის პატრონს. ძეხვი ამბობდა, რომ მისი პატრონი დიდი კაცია. შესაძლოა საკვებზე ფიქრობთ, რომ ასეც არ იქნებოდა. თქვენი ნებაა. მაგრამ ბინებზე რომ ასე იყო, ხომ დღესაც ძალიან თვალსაჩინოა? გაიარეთ აბაშიძის ქუჩაზე და წაიკითხეთ სახლებზე აბრები. გგონიათ დამთხვევაა, რომ საბჭოთა კავშირის გამოჩენილი მწერლები, მოცეკვავეები, მეცნიერები და მსახიობები ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ? ან წყნეთში არსებული “სამთავრობო დაჩებზე” თუ გსმენიათ რამე? ელიტურ სკოლებზე? როდესაც ქალაქი წლიდან-წლამდე იზრდებოდა, როდესაც მასობრივად ასახლებდნენ ხალხს ე.წ. ხრუშჩოვკებში, რატომ აძლევდნენ დიდი ბინებს “გამოჩენილ ადამიანებს” და სინამდვილეში ძალაუფლებასთან დაახლოებულ პიროვნებებს? იმიტომ, რომ ისინი პრივილეგირებულები იყვნენ. როგორ დადიოდა ეგ ხალხი საზღვარგარეთ, როდესაც ყველა დანარჩენისათვის ეს აკრძალული იყო? პასუხი იგივეა. და პირველი „ვოლგა“ და „მერსედესი“ ვის ჰყავდა ქალაქში? …

დღესაც ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას მოიპოვებენ, მომენტალურად ცდილობენ მის პრივილეგიებში თარგმნას. ანუ ისეთი რამის გაკეთებას იწყებენ, რაც უმრავლესობისათვის ან აკრძალულია ან მიუწვდომელი.

უცნაურია, რომ საყოველთაო თანასწორობის შექმნის იდეით აღტკინებულმა ადამიანებმა, მაინც პრივილიგირებული და არაპრივილეგირებული კლასების შექმნით დაამთავრეს. სამაგიეროდ არ არის უცნაური, რომ ჩვენ დღემდე გამოგვყვა ეგ გაგება. დღესაც ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას მოიპოვებენ, მომენტალურად ცდილობენ მის პრივილეგიებში თარგმნას. ანუ ისეთი რამის გაკეთებას იწყებენ, რაც უმრავლესობისათვის ან აკრძალულია ან მიუწვდომელი. სწორედ ამიტომ, საქართველოში ხშირად მოისმენ გაკვირვებულ საუბარს, ვთქვათ, ბილ გეითსზე, რომელიც სწრაფი კვების ობიექტის რიგში დგას. უკვირთ, რომ ფული და ძალაუფლება არ აძლევს მას სხვაზე რიგში გადასწრების უფლებას. უკვირთ ისევე, როგორც ერთ ცნობილ ქართველ თეატრის რეჟისორს უკვირდა, ახალგაზრდები გადაგვარდნენ, ამას წინათ ბანკში რიგში ვიდექი და არავინ გამატარაო. არადა, არ გადაგვარდნენ. პირიქით.

ზურაბ დათუნაშვილის ძალიან მცირე განცხადების მესამე ნაწილი, ვფიქრობ წინა ორზე საინტერესოა. ის უარს ამბობს პრივილეგიებზე და ამბობს, რომ სწორედ ეს არის, რაც მას არ მოსწონს სისტემაში. უცნაურია. რომ შევაჯამო, გამოდის, რომ რაც დავწერე ყველაფერი მცდარია. ვთქვი, რომ მღვდელს უარს ვერავინ ეუბნება, და რომ პრივილეგიებისადმი სწრაფვა დღესაც აქტუალურია ჩვენში. არა და, აგერ დათუნაშვილმა გაასაჯაროა მღვდელთან შეხვედრის ფაქტი, რითიც უარი უთხრა მას, და თან უარი თქვა პრივილეგიებზეც. სინამდვილეში, რაც დავწერე მართალი რომ არ იყოს, არც ეს განცხადება და არც თავად ეს სპორტსმენი უკანასკნელ დღეებში ასეთი პოპულარული არ გახდებოდა. რატომ გაუკვირდათ ის, რაც მან თქვა? იმიტომ, რომ იშვიათია. იმიტომ, რომ ახალია. და სწორედ ეს სიახლე, ერთხელ უკვე ხმამაღლა გაჟღერებული, ძალიან დიდი იმედის მომცემია, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკეთესობისკენ მივდივართ.

XS
SM
MD
LG