ეს რუსი ბიზნესმენები სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ 2007 წელს კურშეველში გამართული წვეულების გამო. მაშინ ელიტურ რუს კლიენტებზე გათვლილი ესკორტ-გოგონების ქსელის შექმნის ეჭვის საფუძველზე საქმეს ფრანგული პოლიცია იძიებდა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ფაილებიდან ასევე ცნობილი გახდა 2014 წელს ვლადიმირ პუტინისა და ნიდერლანდელი არქიტექტორის, რემ კოლჰაასის დაგეგმილი არასაჯარო შეხვედრის შესახებ. ახლა კოლჰაასი ამბობს, რომ ევროპაა დამნაშავე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში.
რადიო თავისუფლების ცენტრალურმა სამსახურმა შეისწავლა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ 2026 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული „ეპსტინის არქივები“, რომლებიც ეპსტინის წინააღმდეგ წარმოებულმა გამოძიებამ შეაგროვა. მათში არაერთხელ არიან მოხსენიებული რუსეთთან დაკავშირებული ფიგურები - ბიზნესმენებიდან დაწყებული, კულტურული და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებით დამთავრებული.
„გულღრძოები, ცრუმორწმუნეები, მეწვრილმანეები“
2018 წლის თებერვალში ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ (ФБК) გამოაქვეყნა გამოძიება იმ ესკორტ-გოგონების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ნავალნის შტაბების წინააღმდეგ გამართულ აქციებში, მათი პროტესტი კი მოჰყვა დმიტრი მედვედევის შესახებ გადაღებულ ფილმს, „ის თქვენი დიმონი არ არის“.
აქციების მონაწილე ერთ-ერთი გოგოს ინსტაგრამ-გვერდზე განთავსებული იყო ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკასთან ერთად, მის იახტაზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები. მათგან ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა ადამიანი, რომელიც რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს, სერგეი პრიხოდკოს ჰგავდა. ქალის მეტსახელი -„ნასტია რიბკა“ - მრავალი წლის განმავლობაში რუსული პოლიტიკის გამორჩეულ მემად იქცევა. მისი ნამდვილი სახელი კი ანასტასია ვაშუკევიჩია.
ФБК-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გოგო, რომელიც ტაილანდში დააკავეს, ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ დერიპასკას იახტაზე ვიღაც „რუსი ჩინოვნიკი“ მასთან ერთად განიხილავდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. დერიპასკამ სასამართლოში უჩივლა ვაშუკევიჩსა და მის კომპანიონს, „სექს-ტრენერ“ ალექს ლესლის და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აიძულა ქალს როგორც ბოდიშის მოხდა, ასევე რუსულ მედიაში ამ სკანდალზე გამოქვეყნებული სტატიების წაშლა. თავის მხრივ, ნავალნის ФБК-მ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა და მოითხოვა დერიპასკასთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პროსტიტუციის ორგანიზების გამო.
„ეპსტინის ფაილებში“ დერიპასკა რამდენჯერმეა მოხსენიებული. როგორც ირკვევა, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ (ФБК) ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების დღეს, 2018 წლის 8 თებერვალს, ადამიანი, რომლის ვინაობაც დაფარულია, ეპსტინს უგზავნის The Washington Post-ში ნასტია რიბკასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ბმულს, რომელსაც ახლავს მოკლე მინაწერი: „pussy fail“.
ნახევარი წლის შემდეგ, 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ეპსტინმა დერიპასკა ახსენა ამერიკელ კონსერვატორ პოლიტიკურ აქტივისტ სტივ ბენონთან ჩატში საუბრისას. ბენონი და ეპსტინი განიხილავდნენ საუდის არაბეთის ჟურნალისტისა და დისიდენტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობას.
ბენონი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს, „ჭკუიდან გადასულად“ მოიხსენიებს (სწორედ ბინ სალმანს ასახელებდნენ მკვლელობის დამკვეთად, თუმცა თავად მემკვიდრე პრინცი ასეთ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს). ეპსტინი ეთანხმება ბენონს და საუდის მმართველის გვერდით სხვა სახელებსაც ამატებს:
„[ისინი] უფროსკლასელი გოგოებივით არიან. ადვილად იბუტებიან. გულღრძოები, ცრუმორწმუნეები, მეწვრილმანეები, გაბღენძილები და კაპრიზულები არიან. ნავთობი - ზამელი, ნადერი, დერიპასკა. ყველგანაა თითის ანაბეჭდები“, - წერდა ეპსტინი ბენონს.
დერიპასკას პრესმდივანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბიზნესმენი ეპსტინს პირადად არ იცნობდა.
„გათავხედებული ვაჭრუკანები“
კიდევ ერთი გახმაურებული სექს-სკანდალი, რომელშიც რუსი ბიზნესმენები არიან მოხსენიებული, ნასტია რიბკას ისტორიამდე 11 წლით ადრე მოხდა - მისი ერთ-ერთი მონაწილე 2014 წელს ეპსტინს უნდა შეხვედროდა.
2007 წლის 9 იანვარს ფრანგულ სამთო კურორტ კურშეველში ფრანგულმა პოლიციამ დააკავა მსხვილი რუსული ბიზნესის რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელი „ლუქსის“ კლასის პროსტიტუციის ქსელის საქმის გამოძიებისას. ოპერაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 50 პოლიციელი, რომლებმაც გაჩხრიკეს სამი სასტუმრო: Byblos-ი, Le Lana და Les Airelles-ი.
„დაკავებულთა შორის აღმოჩნდა „ნორილსკი ნიკელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ პროხოროვი, მისი თანაშემწე დმიტრი შატოვი, კომპანია „სიტის“ ხელმძღვანელი ოლეგ ბაიბაკოვი და კიდევ რამდენიმე რუსი დამსვენებელი. მათთან ერთად ლიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს რამდენიმე გოგონა, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს“, — წერდა მაშინ რუსული სამთავრობო „როსიისკაია გაზეტა“.
ფრანგული პრესის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ ჯერ კიდევ 2005 წლის თებერვალში შამბერი-ვოგლანის აეროპორტში, რომელიც კურშეველთან ყველაზე ახლოსაა, დააკავა ავსტრიის მოქალაქე, რომელსაც აღმოაჩნდა ქალების („გოგონები გამოძახებით“) კატალოგი ფოტოებითა და აღწერებით - სავარაუდოდ, მდიდარი რუსი მოთხილამურეებისთვის.
„ეს აზიანებს რუსეთის იმიჯს და საზოგადოებას ბიზნესის წინააღმდეგ განაწყობს. როგორ შეიძლება ასე - შახტში მომუშავე ადამიანები შორს არიან დიდი ხელფასებისგან, ხოლო გენერალური დირექტორი ფულს ფლანგავს და თან კურორტზე მიჰყავს 15 ქალი? არცერთი უცხოელი მეწარმე არ აძლევს თავს იმის უფლებას, რასაც ჩვენი გათავხედებული ვაჭრუკანები კადრულობენ“, - ამუნათებდა პროხოროვს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ევგენი პრიმაკოვი, რომელიც ეპსტინის პირველი სამხილების გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა.
პროხოროვი და მისი მეგობრები პოლიციიდან პრაქტიკულად მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო 2009 წელს საქმე მარსელის პროკურატურამ მტკიცებულებების უკმარისობის გამო დახურა.
ხუთი წლის შემდეგ, 2014 წელს, ჯეფრი ეპსტინი წერდა ადრესატს, რომლის ვინაობაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გამოქვეყნებულ ფაილებში დაფარულია, რომ 15 მაისს პირადად აპირებდა შეხვედრას ოლეგ ბაიბაკოვთან, შეხვედრის ორგანიზატორი კი მისი „მეგობარი“ იყო.
ბაიბაკოვმა, რომელიც დღეს პროხოროვის კომპანია „ონექსიმ-დეველოპმენტის“ პრეზიდენტია, არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს - შედგა თუ არა მისი შეხვედრა ეპსტინთან და რა განიხილეს მასზე. სავარაუდო შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, 2015-ში, გაზეთმა The New York Times-მა აღმოაჩინა, რომ ოლეგ ბაიბაკოვს ბინა ჰქონდა ნიუ-იორკის Time Warner Center-ში. იმავე შენობაში ფლობდა აპარტამენტებს მიხეილ პროხოროვის კიდევ ერთი ყოფილი ბიზნესპარტნიორი - მაქსიმ ფინსკიც.
„ეპსტინის ფაილებში“ თავად პროხოროვიც ჩანს.
2016 წლის მარტში რუსი მოდელი და ტანმოვარჯიშე კირა დიხტიარი ეპსტინს სწერდა, რომ რუსი ბიზნესმენი სთხოვდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, უორენ ბაფეტთან შეხვედრის მოწყობას.
მოგვიანებით დიხტიარი ჰყვებოდა, რომ 15 წლის ასაკში თითქოს ბორის ბერეზოვსკიმ გააუპატიურა და რომ ეპსტინი დაეხმარა მას ამ ტრავმის გადატანაში. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როგორც The Washington Post-ი წერდა, კირა დიხტიარი რუსეთში დაბრუნდა, მიატოვა საკუთარი რეალითი-შოუ და პუტინს დაუჭირა მხარი, თუმცა ახლა მის ინსტაგრამზე კვლავ აშშ-ში გადაღებული ფოტოებია და აშშ-საც კვლავ თავის „სახლს“ უწოდებს. შედგა თუ არა საბოლოოდ პროხოროვისა და ბაფეტის შეხვედრა, რომლის ორგანიზებასაც დიხტიარი ცდილობდა, უცნობია.
ლავროვი "ეპსტინის ფაილებში"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ეპსტინის ფაილებში“ 140-ზე მეტჯერ არის ნახსენები. ერთ-ერთი ყველაზე დეტალური ფრაგმენტი ეხება 2018 წლის 8 ოქტომბერს. ამ დღეს ეპსტინი მიმოწერას აწარმოებდა მირო ლაიჩაკთან - სლოვაკეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან და მოსკოვისთვის მეგობრული ქვეყნის პრემიერის ექს-მრჩეველთან. მიმოწერაში განიხილებოდა „ლამაზი გოგოები“ მოლდოვიდან და ის, თუ რომელი „უნდა რგებოდა მიროს“. ამავე დიალოგში ეპსტინი სწერს, რომ მიიღო გარკვეული საჩუქარი ლავროვის თანამშრომლისგან, ვიტალი ჩურკინისგან და აგრეთვე ჩურკინისა და ლავროვის ერთობლივი ფოტო. პასუხად ლაიჩაკი სწერს: „ვნახოთ, რას მომცემს ლავროვი ხვალ“.
ეპსტინი სწერს, რომ თავადაც სურდა ლავროვთან შეხვედრა. მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, ლაიჩაკი პასუხობს, რომ „უყვარს ლავროვი“. სხვა რეპლიკაში ეპსტინი ეკითხება: „როგორ არის საქმეები რუსეთში?“ კონტექსტიდან ივარაუდება, რომ ადრესატი ისევ ლაიჩაკია. ის პასუხობს, რომ ლავროვთან 3,5 საათი გაატარა და შეხვედრა სიგარის მოწევით დასრულდა. ღია წყაროებში არ არსებობს ინფორმაცია ლაიჩაკისა და ლავროვის რაიმე ოფიციალური ან არაოფიციალური შეხვედრის შესახებ (იგულისხმება 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისი).
სერგეი ლავროვის სახელი უფრო ადრეულ მიმოწერებშიც ფიგურირებს. 2016 წლის სექტემბერში ის ჩნდება ეპსტინის დიალოგში ტურბიორნ იაგლანდთან, რომელიც იმ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იყო. ეპსტინი ინტერესდება, როდის გეგმავს იაგლანდი პუტინთან შეხვედრას. იაგლანდი პასუხობს, რომ შეხვედრა მხოლოდ სექტემბერშია შესაძლებელი, ხოლო შეხვედრის დეტალები მეორე დღეს ლავროვთან უნდა განიხილონ.
ლავროვის სახელი ჩანს ეპსტინის შიდა კრებსებშიც, რომლებიც, როგორც დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, მისმა თანაშემწეებმა მოამზადეს. ერთ-ერთ ასეთ მიმოხილვაში დღის მთავარ მოვლენად დასახელებულია ლავროვის შეხვედრა ჯონ კერისთან, აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან. ეპსტინი ყურადღებით ადევნებდა თვალს სირიის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს - სწორედ ეს თემა იყო მაშინ კერისა და ლავროვის კონტაქტების ყურადღების ცენტრში.
რაც შეეხება ვიტალი ჩურკინს, გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს. ეპსტინისა და ჩურკინის 2016 წლით დათარიღებული მიმოწერა ეხება დიპლომატის შვილის, მაქსიმის დახმარებას აშშ-ში ადაპტაციასა და დასაქმებაში. ეპსტინი ხაზს უსვამს, რომ მისი ეს დახმარება ბოლომდე კონფიდენციალური უნდა იყოს, ხოლო ჩურკინი ეპსტინს „შესანიშნავ მასწავლებელს“ უწოდებს და თავისთან სახლში ეპატიჟება.
„ბრმად მივყვებოდით ამერიკას“
ჯეფრი ეპსტინის ერთ-ერთი რეგულარული კორესპონდენტი იყო ჯონ ბროკმანი - ამერიკელი ლიტერატურული აგენტი და Edge Foundation-ის დამფუძნებელი; ეს ორგანიზაცია ერთდროულად წარმოადგენდა ინტელექტუალურ კლუბსა და პოპულარულ-სამეცნიერო ჟურნალს, რომლის საქმიანობაშიც ასობით მეცნიერი (მათ შორის ნობელის ლაურეატები), ტექნოლოგიური მეწარმე, ფილოსოფოსი და ხელოვნების მოღვაწე მონაწილეობდა. ბროკმანისა და ეპსტინის მჭიდრო კავშირის შესახებ დიდი ხანია, ცნობილია - 2019 წელს გამოცემა The New Republic-ი ბროკმანს მოიხსენიებდა ეპსტინის „ინტელექტუალურ ხელშემწყობად“, რომლის მეშვეობითაც ეპსტინი მრავალ ცნობილ ინტელექტუალს გაეცნო.
ბროკმანის 2014 წლის 19 ნოემბერის წერილში ეპსტინისადმი აღწერილია დახურული ღონისძიების პროგრამა, რომელიც იმავე წლის 8 დეკემბერს კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში უნდა გამართულიყო. ბროკმანი ასახელებს პოტენციურ მონაწილეებს - მათ შორის არიან მხატვარი მარინა აბრამოვიჩი, არტ-კურატორი იან ულრიხ ობრისტი, Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი, ილონ მასკი და სხვა ცნობილი ადამიანები.
მონაწილეებს შორის ბროკმანმა ცალკე გამოყო საბჭოთა წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი ანდრეი ლინდე - სამყაროს წარმოშობის ინფლაციური მოდელის ერთ-ერთი ავტორი.
წერილში ასევე ნახსენებია ღონისძიების კიდევ ერთი შესაძლო მონაწილე - ნიდერლანდელი არქიტექტორი რემ კოლჰაასი. „სამწუხაროდ, 7 დეკემბერს ის მოსკოვში ხვდება პუტინს, ამიტომ არ ვიცით, როგორ მოვახერხოთ [მისი მონაწილეობა პალო-ალტოს ღონისძიებაში]“, - წერს ბროკმანი. ამ მოსკოვური შეხვედრის შესახებ, თუ ის მართლაც შედგა, ოფიციალური ინფორმაცია არსად გავრცელებულა. კრემლის ვებსაიტის მიხედვით, 2014 წლის 7 დეკემბერს პუტინი ტელეფონით ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და სერბეთის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩს, ხოლო მეორე დღეს პუტინი გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ერმიტაჟში უმასპინძლა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ირინა ბოკოვას.
რემ კოლჰაასი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორია, რომლის პროექტებს შორისაა სიეტლის ცენტრალური ბიბლიოთეკა, მუსიკის სახლი პორტოში, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის შტაბ-ბინა პეკინში, სიმონა ვეილის ხიდი ბორდოში, პრადას ფონდის შენობა მილანში.
2010-იანი წლების დასაწყისში კოლჰაასმა დაიწყო მუშაობა მოსკოვში და იქცა რუსეთის საერთაშორისო გამოცდილებისადმი გახსნილობისა და თანამშრომლობის ერთ-ერთ სიმბოლოდ „მედვედევის დათბობის“ პერიოდში.
კოლჰაასი იყო მოსკოვში დაფუძნებული მედიის, არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტ „სტრელკის“ საგანმანათლებლო კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი და ლექტორი (ინსტიტუტს აფინანსებდნენ ბიზნესმენები სერგეი ადონევი და ალექსანდრ მამუტი), მონაწილეობდა რომან აბრამოვიჩის კულტურულ პროექტებში: წარადგინა პეტერბურგის „ახალი ჰოლანდიის“ რეკონსტრუქციის იდეა და მოსკოვის გორკის პარკში მიტოვებული რესტორანი „წელიწადის დრონი“ ნანგრევებიდან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად აქცია.
ეს მუზეუმი - „გარაჟი“ - გაიხსნა 2015 წელს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უკვე კვლავ ვლადიმირ პუტინი იყო, ხოლო ყირიმი მოსკოვს ანექსირებული ჰქონდა. 2018 წელს კოლჰაასმა მოსკოვში წარადგინა ახალი „ტრეტიავკის“ („ტრეტიაკოვის გალერეა“) შენობის რეკონსტრუქციის პროექტი.
კოლჰაასისა და პუტინის პირადი შეხვედრების შესახებ არასდროს გავრცელებულა ინფორმაცია. 2014 წელს ნიდერლანდელმა არქიტექტორმა, რომელიც პირველად ჯერ კიდევ 1967 წელს ეწვია სსრკ-ს და არაერთხელ გამოუტყდა სიყვარულში რუსულ ლიტერატურას, ავანგარდს და საბჭოთა კონსტრუქტივიზმს, ხელი მოაწერა მიმართვას, რომლის ავტორები პუტინს შუხოვის კოშკის გადარჩენას სთხოვდნენ. საბოლოოდ კოშკის დანგრევის გეგმებზე უარი ითქვა, თუმცა მისი დაგეგმილი რეკონსტრუქცია დღემდე არ დაწყებულა.
2025 წლის მაისში კოლჰაასმა თქვა, რომ არ ნანობს რუსეთთან გაბმულ საქმიანობას.
„მოხდა განხეთქილება. ევროპას სურდა აღმოსავლეთის ქვეყნების შთანთქმა და უფრო დიდი გაერთიანების შექმნა. მას ჰქონდა გარკვეული აკვიატებული ხედვა და მიზანი - გაეკეთებინა ეს, მაგრამ დაავიწყდა, რომ სხვა ქვეყნებთანაც საჭიროა საუბარი. ვფიქრობ, ჩვენ ბრმად მივყვებოდით ამერიკას. ჩვენ სულ უფრო ნეგატიურად ვეკიდებოდით რუსეთს და იგნორირებას ვუკეთებდით მას, მაშინ როდესაც დიალოგის წარმოება შეიძლებოდა“, - უთხრა არქიტექტორმა გამოცემა Politico-ს.
კითხვაზე, შეინარჩუნებდა თუ არა მომავალში კავშირებს რუსეთთან, კოლჰაასმა უპასუხა: „ახლა - არა, მაგრამ ოდესმე, როცა ეს [ომი უკრაინაში] დასრულდება. რუსებთან საუბარი შეიძლება, თუმცა არა აუცილებლად პუტინთან“.
ფორუმი