Accessibility links

ერგნეთის შეხვედრები განახლდება. რა მოლოდინი აქვთ დაკავებულთა ოჯახებს?


ფოტოარქივი: ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, 9 თებერვალი, 2019 წ.

30 ივლისს უნდა განახლდეს ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც, თითქმის ერთი წელია, აღარ გამართულა.

ახლა მეჯვრისხევში ხვიჩა მღებრიშვილისა და ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები და ნათესავები ამ შეხვედრის მოლოდინში არიან. გახელაძის ოჯახს წითელი ჯვრიდან პასუხი ჯერაც არ მიუღია. საერთაშორისო ორგანიზაციამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოენახულებინა საქართველოს დაჭრილი მოქალაქე, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში იმყოფება. ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუტური, ამბობს, რომ წითელმა ჯვარმა დე ფაქტო ხელისუფლებას ზაზასთან სპეციალური ეკიპირებით შესვლაც შესთავაზა, მაგრამ პასუხი ჯერ ვერ მიიღო.

„კარანტინის გამო ვერ შედიან. რა ვიცი, ამათმა (წითელმა ჯვარმა) შესთავაზეს, რომ უნიფორმას ჩაიცვამდნენ და ისე შესულიყვნენ, მაგრამ არ შესულან. იმათმა (დე ფაქტო ხელისუფლება) უნდა მისცენ დასტური. ერთადერთი მოთხოვნა ისაა, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, მეტი არაფერი“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზე დღეს, 21 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეებმა - საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა, და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკამ - გასული კვირების განმავლობაში გამართეს ინტენსიური კონსულტაციები, რომ შეხვედრების ფორმატის განახლების შესაძლებლობა გამონახულიყო.

თანათავმჯდომარეები მიესალმებიან შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს დიალოგის განახლების სურვილის შესახებ და ასევე აღნიშნავენ, რომ მონაწილეები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზს აქტიურად იყენებენ: „აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერგნეთის „ინციდენტების პრევენციის“ შეხვედრის განახლება სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებულმა ინციდენტმა დააჩქარა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ის ამჟამად ორკვირიან კარანტინშია, თუმცა დე ფაქტო პროკურატურა მას ბრალად სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას და მისი სიცოცხლის ხელყოფას უყენებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი, ამ ინციდენტამდეც მოუწოდებდა მხარეებს მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემია ამ საკითხის გადაწყვეტას აფერხებდა, ინციდენტის შემდეგ კი მხარეებმა ურთიერთბრალდებები გაცვალეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა კი, ეგორ კოჩიევმა, ერთი კვირის წინ გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში, თუმცა პირობად კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინება დაასახელა:

„ამ შემთხვევაში ინციდენტი დაკავშირებულია სროლასთან და ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრის ჩატარება ამ ინციდენტის განხილვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა ჩატარდეს კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ნორმების დაცვით. ამ დროისთვის ჩვენ დავადასტურეთ მზაობა ასეთი შეხვედრის ჩატარებისა“.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს გახშირებული ინციდენტებისა და „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო ხშირად ითხოვდნენ როგორც გალის, ისე ერგნეთის შეხვედრების აღდგენას, მაგრამ შეიარაღებულმა ინციდენტმა ამ ფორმატის აღდგენა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტემენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე, ამბობს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახადა.

„როგორც გალის, ასევე ერგნეთის მიმართულებით შეხვედრების აღდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა ამ ფორმატის აღდგენის კრიტიკული აუცილებლობა. დღეისათვის მხოლოდ ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზით ხდება კომუნიკაცია. კომუნიკაცია გვიწევს ძალიან პრობლემატურ საკითხებზე. ეს გახლავთ უკანონო დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის საკითხები. გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სრულფასოვანი შეხვედრის ჩატარება“.

2019 წლის 29 აგვისტოს ერგნეთში ბოლო შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. ოსური მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. სექტემბერში რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა. გასულ წელს ერგნეთში სულ 5 შეხვედრა ჩატარდა. ტრადიციულად, ყოველწლიურად 11 შეხვედრა ტარდებოდა ხოლმე. გალის მიმართულებით კი „ინციდენტების პრევენციის მექანიზმის“ შეხვედრები 2018 წლის ივლისის შემდეგ ჩაშლილია.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატით განიხილება პრობლემური საკითხები - მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავების, ბორდერიზაციის, სარწყავი წყლით სოფლების მომარაგების, ოკუპაციის ხაზთან ფერმერთა მიერ მიწის უსაფრთხოდ დამუშავების და სხვა ყოფითი საკითხები. ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე, რომელიც ფეხშია დაჭრილი. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი, გენადი ბესტაევი, ორწლიან სასჯელს ცხინვალის ციხეში იხდის. მას ბრალად ე.წ. საზღვრის მრავალჯერადი დარღვევა და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდა წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG