Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულობის ლაბირინთებში გახვეული საზოგადოება


ავტორი: ზაზა მიქელაძე, სოლიდარობის თემის დამფუძნებელი

გთრგუნავს გარემო, საიდანაც გრიყავენ. უსამართლობა გფიტავს ადამიანურად, ემოციურად, სულიერად და მორალურად, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ხვდები, რომ სწორ მხარეს დგახარ და ყველაფერი რაც შენშია, განსაზღვრავს შენს იდენტობას და ღირსებასაც. მთელი ბავშვობა მიწევდა ბრძოლა მემტკიცებინა, რომ ვიყავი საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელმაც ლამის შეიწირა ჩემი ღირებულებათა სისტემა და ნაციონალისტური ფაშიზმისაკენ მომცა მიდრეკილება, მაგრამ დავფიქრდი მალევე და ვნახე, რომ ადამიანი მაშინ ვიქნებოდი, როცა ჩემში რეალურად არსებული მსოფლმხედველობით ცხოვრებას შევძლებდი და ვიდგებოდი ადამიანის თავისუფლების მხარეს, ჩემი რელიგიური მრწამსით.

დიახ, მე მუსლიმი ვარ და ეს ჩემი პიროვნულობის განუყოფელი ნაწილია. ის მეტია ჩემთვის ვიდრე რელიგია, რადგან საკუთარი მრწამსისთვის მყარად დგომამ მასწავლა რეალური მრავალფეროვნების ფასი და არა ფასადზე აგებული ფუჭი შეხედულებათა სისტემა. ვიბრძოლე, რომ მე ვყოფილიყავი მე და ამის დათმობას არასდროს ვაპირებ. რთულია იყო ბავშვი, რომელსაც გეუბნებიან, რომ შენ სისხლისმსმელი რელიგიის მიმდევარი ხარ და მთელი ამ ადამიანების შეხედულებათა სტრუქტურა ეფუძნება სიძულვილსა და მტრის ხატის იდეას. ასე გრძელდებოდა მთელი ბავშვობა, გაქვს მოლოდინი, რომ დრო შეცვლის ამ სიმახინჯეს, მაგრამ არა...

უკვე გავიზარდე და დღეს პატარა ბიჭი აღარ ვარ, თუმცა საკუთარი იდენტობისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო ძლიერია, რადგან ვხედავ, რომ არ გინდობენ და გაბატონებული იდეები და საბოლოოდ პოლიტიკაც ღირსებას გართმევს და ნაკლებ ადამიანად მოგნიშნავს. სხვა რწმენა და ლოცვის წესი დაუმსახურებელი სიძულვილისა და ზიზღის საფუძველი ხდება, მაშინ როცა შენი პოლიტიკური იდეები, სურვილი და გამოცდილებაც ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შეცვალო ჩაგრული სოციალური რეალობა და საერთო ინტერესებისთვის დაიხარჯო, არავის აინტერესებს. მერე რა, ვინ ხარ და რა შეგიძლია გააკეთო საყოველთაო საქმისთვის, არ ხარ მართლმადიდებელი და არ ხარ სათანადო ადამიანი თურმე.

მოკლედ, რატომ გადავწყვიტე ყოველივე ეს გამეზიარებინა:

16 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა ქალბატონ თეა დარჩიას ინტერვიუ ფერიის პანსიონთან დაკავშირებით, სადაც ბევრ პრობლემურ საკითხთან ერთად საუბრობს ისლამოფობიური და ქართველი კათოლიკეებისა და მუსლიმების მიმართ გამრიყავი რიტორიკით. ის ამბობს:

„..აი, მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები. ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ. აჭარის რეგიონში გოგონები ჩადრით რომ დადიან და ყურანს სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის. ვინმეს კითხვა დაუსვია რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინცდამაინც ამ სახლებს, იქნებ ვკითხოთ....“

ასევე 19 ივნისს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დარჩია ამბობს:

„ჩემი აზრით, ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელი, ცდილობს მაინც და როცა კითხულობს ბიბლიას, ახალ აღთქმას, ფსალმუნს, ლოცვებს, ეზიარება და ცდილობს აღსარებაში იყოს გულწრფელი. ქართველმა თუ ყურანი ისწავლა და მუსლიმი გახდა - მე ეგ ისტორიიდან ვიცი, რომ ამას ისე ებრძოდნენ ქართველი მეფეები, რომ გოგოებში იმხელა თვითშეგნება იყო, თავს იკლავდნენ, რომ არ გამუსლიმანებულიყვნენ...“

რთულია რამე თქვა, არც კი ვიცი, საერთოდ, აზრი აქვს თუ არა. მაგრამ მაინც...

  1. მედრესეების თუ კათოლიკური ბავშვთა სახლების რაოდენობის გამკონტროლებელი ვერ იქნება ვერავინ და მათ შორის ვერც ქალბატონი დარჩია, თუ ამის საჭიროება არსებობს, ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტების მონიტორინგის ქვეშ უნდა მოხდეს. მისი მხრიდან მედრესეების სიმრავლის პრობლემად დასახელება, არაჯანსაღი მსჯელობის ერთი საფეხურია. თუმცა ქალბატონმა თეამ არ იცის, რომ 3 წლის წინ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, მუსლიმური პანსიონატების ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა და მათი დიდი ნაწილი დაიკეტა. მაშინ მუსლიმებმა ბევრი წუხილი გამოვთქვით, მაგრამ ჩვენი ხმა ეთერშიც არ მოხვდა.
  2. საქართველოში მუსლიმური პანსიონების პროფილი არ განეკუთვნება მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებებს და ის ძირითადად ან საკვირაო სკოლის ან რამდენიმე დღიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმით ფუნქციონირებს, სადაც მოზარდი მშობლის აბსოლუტური ჩართულობით სწავლობს რელიგიის ძირითად შესავალ საკითხებს და ყურანის გამართულ კითხვას. უფროსი ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც დამამთავრებელ კლასებში არიან, ან აბიტურიენტი/სტუდენტი გახდა, შესაბამისი საჭიროების გათვალისწინებით, მისი იქ ცხოვრების უზრუნველყოფა ხდება და გარდა სარიტუალო რელიგიური ცოდნის გაუმჯობესებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას საერო განათლებას უთმობს. ქალბატონი დარჩიასათვის მსგავსი ფაქტები უცნობია და ზედაპირული, ძირითადად სიძულვილით გაჟღენთილი ინფორმაციის გავლენით სრულ სიცრუეს ავრცელებს.
  3. აქვე საუბრობს, რომ მშობლები სიღარიბის გამო აღსაზრდელად მუსლიმურ მედრესეებში ბავშვებს აბარებენ გურიასა და ზემო აჭარაში. იქნებ კონკრეტულად მიგვითითოს მსგავსი ფაქტების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი აგოს თავის სიცრუეზე. მუსლიმური პანსიონების საქმიანობა უფასო რელიგიური ცოდნის მოზარდზე გადაცემას მოიცავს და სახსრების არ არსებობის შემთხვევაში სასკოლო საგნებში მომზადებას გულისხმობს. დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ოჯახებს უჭირთ. თუმცა, შიმშილის გამო მუსლიმი ოჯახები ბავშვებს პანსიონში აბარებდნენ, ასეთი ფაქტი უცნობია ჩემთვის და თუ ამას არგუმენტით გააჯერებს მნიშვნელოვანი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ცილისწამება აღიაროს.
  4. დაასახელა ჰიჯაბის მატარებელი მუსლიმი გოგონების პრობლემურობა. გაუგებარია ჩემთვის, რატომ შფოთავს ქალბატონი დარჩია საკუთარი გადაწყვეტილებით თავსაბურავით შემოსილ ქალებზე, რომელთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას სწორედ წართმეული ღირსების დასაბრუნებლად იღებს. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენი ქალების რწმენის, სიმშვიდის და თვითაღქმის ნაწილია. უტიფრობა მგონია სხვას განუსაზღვრო როგორ უნდა იმოსებოდეს. ვურჩევ, ოდესმე მაინც იქონიოს ჰიჯაბიან ქალებთან ნამდვილი ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ ამ ტოქსიკური შეხედულებისაგან გათავისუფლდება.
  5. ქართველობის ფენომენი და ეს მრავალწლიანი ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული ეთნო კონფესიური ნაციონალიზმის რიტორიკა ყელში ამოუვიდა ხალხს და იქნებ, ოდნავ მაინც დააღწიოთ თავი ამ ფაშიზმს. რა თქმა უნდა, ვერც ქალბატონი დარჩია და ვერც რომელიმე სხვა ვერავის განუსაზღვრავს ეროვნულობის ხარისხს, მაგრამ ყველაზე მტკივნეულია, როცა ეს განწყობა გააჩნია ჩვენი საზოგადოების დანარჩენ წევრებსაც. მაინც ვურჩევდი, განტევების ვაცის ძიებას სჯობს საკუთარ პრობლემას გაუსწოროს თვალი, რადგან ამით უფრო მეტად შეინარჩუნებს ადამიანურ და საბოლოოდ ქრისტიანულ სახესაც. როდის აქეთ გახადა უნივერსალური რელიგია ქრისტიანობის სახით ვიწრო ეთნიკურ რელიგიად ქალბატონმა თეამ და სად ისწავლა ქრისტიანობა თავად მან?
  6. როცა ქართველ მეფეებზე საუბრობს, იქნებ გაიხსენოს როსტომ ხანი და არამარტო. საქართველოს მუსლიმი და არამუსლიმი მეფეები, რომლებიც მის მსგავს ზიზღს არ აფრქვევდნენ მათ რიგებში მყოფი მრავალფეროვანი ხალხის მიმართ. თუმცა ისტორიისადმი ასეთი წარმოდგენა რა გასაკვირია, ჩვენ ხომ ფაშიზმს ვსწავლობთ ჯერ კიდევ გარდასულთა დროთა სახელით. ქალბატონი თეას კრიტერიუმებით, ის უარს ამბობს მემედ აბაშიძეზე, ყადირ შერვაშიძეზე, სულეიმან დიასამიძეზე, გულო აღა კაიკაციშვილზე, ხასან თხილაიშვილზე, სელიმ ხიმშიაშვილზე, შერიფ ხიმშიაშვილზე, ოსმან მიქელაძეზე, რომელთა კისერზე იდგა საქართველოს ერთიანობის საკითხი, სამუსლიმანო საქართველოს გამათავისუფლებელი კომიტეტის თაოსნობა და სახელმწიფოს მშენებლობაში თავდაუზოგავი თანამონაწილეობა, თუმცა არ მიკვირს, ქალბატონ დარჩიას, რომ ამ საკითხებზე მინიმალური წარმოდგენაც არ აქვს. ამავე მიდგომით, იგი გამორიცხავს ზაქარია ფალიაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, იოსებ ოცხელის, მიხეილ თამარაშვილის და სხვანის ქართველობას, არც ეს მიკვირს, უკვე ჩემთვის ყველაფერი ნათელია.
  7. ისლამი დღეს ჩვენთვის თავისუფალი არჩევანია და ჩვენი ღირსების, იდენტობის, სოციალური ორგანიზების ორგანული ნაწილი. მე ისლამმა მომცა შესაძლებლობა დღეს მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და სხვა ადამიანების მიმართ სოლიდარული ვიყო. და ჩვენ, ქართველი მუსლიმი ახალგაზრდები დღეს ამისთვის ბევრს ვშრომობთ და კიდევ უფრო მეტის გაკეთებასაც ვგეგმავთ.

დიახ, რთულია აიტანო უსამართლობა, დაუმსახურებელი სიძულვილი, გარიყულობა, სხვად მონიშვნა და მუდმივად გიწევდეს უმტკიცო ვინმეს შენი ადამიანობა, მოქალაქეობა. ჩვენ ქართველი მუსლიმები თუ მიუღებელი მოქალაქეები ვართ, რაღა უნდა ითქვას ჩვენს აზერბაიჯანელ, სომეხ, ქისტ, იეზიდ, ბოშა და სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც საერთო ისტორიის, კულტურის, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის შექმნაში მონაწილეობენ და თურმე სათანადო მოქალაქეები და ადამიანები არ ყოფილან?! იცით, ყავლი გაუვიდა ამ ამბავსაც, თითქოს. თუმცა წარსული გამოცდილების მონელება არცთუ ისე მარტივია და იქნებ, დადგა დრო უარი ვთქვათ ამ მითოლოგიზებულ, მავნებლურ, დამაქუცმაცებელ და კედლებმაშენებელ ენაზე და წარმოდგენებზე. უფრო ფართოდ გავახილოთ თვალი და საერთოს ძიების უფრო მნიშვნელოვან განსჯაში შევიდეთ...

კეთილი, პასუხი ჩემთვის გასაგებია...

"თვალსაზრისში" გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG