Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტების თქმით, კორონავირუსის შეკავება უკვე დაგვიანებულია


გასულ კვირაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაავადების შემთხვევების მომრავლების გამო მსოფლიოში იზრდება შიში, რომ ვეღარ მოხერხდება Covid-19-ის გლობალური მასშტაბის პანდემიის თავიდან აცილება.

მას შემდეგ, რაც დაავადების ახალი კერები გაჩნდა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, სულ უფრო მეტი საერთაშორისო ექსპერტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შეკავება უკვე შეუძლებელია.

შეკავება კარგა ხანია, აღარ შეგვიძლია. ამჟამად უცხო ტერიტორიაზე ვიმყოფებით.
მაიკლ ოსტერჰოლი

ეს მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრის დირექტორმა მაიკლ ოსტერჰოლმმა, როცა ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის, ირანისა და იტალიის მთავრობებმა დაადასტურეს, რომ მათ ქვეყნებში კორონავირუსი ვრცელდება.

„ვერ ვიტყვით, რომ ის შეკავებულია“, თქვა ოსტერჰოლმმა 21 თებერვალს Politico-სთვის მიცემულ კომენტარში. „შეკავება კარგა ხანია, აღარ შეგვიძლია. ამჟამად უცხო ტერიტორიაზე ვიმყოფებით“.

ეპიდემიოლოგებს შორის სულ უფრო მეტად იზრდება კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსს „საბოლოოდ ვეღარ შევაკავებთ“.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეპიდემიოლოგმა მარკ ლიპსიჩმა 24 თებერვალს The Atlantic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის 40-დან 70 პროცენტამდე დაავადდება კორონავირუსის ინფექციით. თუმცა, მისი თქმით, უმეტესობას „მსუბუქი დაავადება“ ექნება ან საერთოდ ვერ შენიშნავს სიმპტომებს.

მაგრამ, მიუხედავად შემთხვევებისა, რომლებიც დღეისთვის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს აბჰანომ ღებრეიესუსი თავს იკავებს სრული მასშტაბის გლობალური პანდემიური განგაშის გამოცხადებისგან. ასეთი განგაში გულისხმობს გაეროს ამ უწყების მიერ რიგი რეგულაციის ამოქმედებას ქვეყნებში, რომლებმაც 2005 წელს ხელი მოაწერეს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციებს“.

30 იანვარს WHO-ს საგანგებო კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ ღებრეიესუსმა გამოაცხადა, რომ ცენტრალურ ჩინეთში დაავადების გავრცელება „საერთაშორისო მასშტაბის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობაა“.

ღებრეიესუსმა უკანასკნელი გაფრთხილება გამოთქვა 21 თებერვალს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, არ დაკარგოს დაავადების შეკავების შანსი, რომელიც სულ უფრო მცირდება.

WHO-ს თანახმად, ლოკალიზებული ეპიდემია პანდემიად გადაიქცევა მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დადასტურდება დაავადების მრავალი კერა.


სინამდვილეში ახალმა ვირუსულმა დაავადებამ, რომელიც დეკემბერში გაჩნდა ჩინეთში, როგორც ჩანს, უკვე გადალახა ის მასშტაბები, რომლისთვისაც სხვა დროს WHO გლობალურ პანდემიურ განგაშს გამოაცხადებდა.

ორგანიზაცის განმარტებით, პანდემია არის მსოფლიო მასშტაბით გავრცელება ახალი ინფექციური დაავადებისა, რომლის მიმართ ადამიანების უმრავლესობას არა აქვს იმუნიტეტი.

WHO-ს თანახმად, ლოკალიზებული ეპიდემია პანდემიად გადაიქცევა მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დადასტურდება დაავადების მრავალი კერა, რომელთა დაკავშირება არ შეიძლება დაავადების საწყის კერასთან.

„გავლენა ან სიმწვავე უფრო მაღალია პანდემიის შემთხვევაში ნაწილობრივ იმის გამო, რომ მასში ჩართულია ბევრად უფრო დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რომელსაც არ მოეპოვება ახალი ვირუსის მიმართ წინასწარი იმუნიტეტი“, ნათქვამია WHO-ს 2010 წლის რჩევებში.

მაგრამ WHO-ს წარმომადგენლის, ტარიკ იასარევიჩის თქმით, ორგანიზაცია აღარ იყენებს განგაშის ძველ სისტემას, რომელსაც მან მიმართა 2009 წელს ე.წ. ღორის გრიპის H1N1 ვირუსის გავრცელებისას მექსიკის ფარგლებს გარეთ.

„WHO აღარ იყენებს ფაზების ძველ სისტემას, რომელსაც შეიძლება ზოგი იცნობდეს 2009-დან“, თქვა იასარევიჩმა. მისი სიტყვებით, პანდემიისთვის აღარ არსებობს „ოფიციალური კატეგორია“.

ამის ნაცვლად, WHO პანდემიის გლობალურ ფაზებს განასხვავებს პანდემიის გამოცხადებისგან ან განცხადებისგან, რომ დაავადების გავრცელება „საერთაშორისო მასშტაბის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობას“ წარმოადგენს.

ქალაქ ყომთან დაკავშირებით ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემები მკვეთრად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელსაც აღწერს ყომელი პარლამენტარი აჰმად მირაბადი-ფარაჰანი.


WHO-ს თქმით, მან შეცვალა პანდემიის გლობალური ფაზებისადმი მიდგომა 2009 წელს „ღორის გრიპის“ პანდემიიდან ნასწავლი გაკვეთილების საფუძველზე.

„გლობალური ფაზები აშკარად არ არის კავშირში რისკების მენეჯმენტის თაობაზე გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებთან ქვეყნების დონეზე“, გამოაცხადა WHO-მა 2017 წლის მაისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება Pandemic Influenza Risk Management.

ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ სახელმწიფოების მთავრობები წაახალისოს, „ეროვნულ დონეზე რისკების შეფასება, რამდენადაც შეიძლება, გამოიყენოს მმართველობის საკითხებში გადაწყვეტილებებისთვის, მათი ქვეყნების კონკრეტული სიტუაციებისა და საჭიროებების საკეთილდღეოდ“.

მაგრამ ამ პოლიტიკას გამოცდა მოუწყო ირანის მთავრობამ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდა დაავადების არსებობას და კვლავაც ცდილობს, უფრო მსუბუქად წარმოაჩინოს ვითარება.

ქალაქ ყომთან დაკავშირებით ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემები მკვეთრად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელსაც აღწერს ყომელი პარლამენტარი აჰმად მირაბადი-ფარაჰანი.

24 თებერვალს ფარაჰანიმ გამოაცხადა, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ყომში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 ადამიანი.

ეს რიცხვი მაშინვე უარყო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კიანუშ ჯაჰანპურმა, რომელმაც ამირაბადი-ფარაჰანის ინფორმაციას „სრული სიცრუე“ უწოდა და განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 12 იყო.

ირანის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩიმ ასევე უარყო ფარაჰანის მიერ წარმოდგენილი რიცხვი და 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის თანამდებობას დატოვებს, ყომში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ზე მეტი რომ აღმოჩნდეს.

ჟურნალისტებმა, რომლებიც ჰარირჩის პრესკონფერენციას აშუქებდნენ, შენიშნეს, რომ ჯანდაცვის მინისტრს ოფლი სდიოდა და ის თავს კარგად ვერ გრძნობდა.

25 თებერვალს ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაზარდა და დაადასტურა, რომ თავად ჰარირჩისაც კორონავირუსის დაავადება დაუდგინდა.

XS
SM
MD
LG