Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანს და ხონს ახალი მაჟორიტარი ჰყავს საქართველოს პარლამენტში 


არჩევნების დღე ხონში
არჩევნების დღე ხონში

ხონისა და ვანის N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია სამოცივე უბნის მიხედვით.

მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაურ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი, როგორიც ჰყავს „ქართულ ოცნებას“ დანარჩენ რაიონებში...
გიგი უგულავა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექვს რეგისტრირებულ კანდიდატს შორის ყველაზე მეტი ხმა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა, მიღებული ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე გიგი უგულავაა. საარჩევნო ხმები, წინასწარი შედეგებით,შემდეგნაირად გადანაწილდა: N 2 გიორგი უგულავა - 10 404 (38.38%), N17 გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%), N21 ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%), N23 მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%), N41 გივი ჭიჭინაძე 15 684 - (57.86%), N42 ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, 28 აპრილს შუალედური არჩევნების კენჭისყრა და ხმების დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. დღის განმავლობაში, ვანისა და ხონის გაერთიანებულ საოლქო კომისიაში სამი საჩივარი შევიდა, რომლებიც ტექნიკური ხასიათისაა და შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

არჩევნები შეაფასა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ, მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ისევ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებითა და ბევრი ფულით ახდენს არჩევნებზე მანიპულირებას:

არჩევნების დღე ხონში
არჩევნების დღე ხონში

"პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვანელსა და ხონელს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მხარი დამიჭირა და მენდო... როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქიდან. მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე. ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ დარჩენილ ორი წელიწადს ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაურ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი, როგორიც ჰყავს „ქართულ ოცნებას“ დანარჩენ რაიონებში".

„ქართული ოცნების“ შტაბში გამარჯვება გვიან ღამით აღნიშნეს, მედიასთან კომენტარი გააკეთა თავად გივი ჭიჭინაძემ, მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისთვის და განაცხადა, რომ მისთვის, როგორც გამარჯვებული კანდიდატისთვის, ემოციურად დატვირთული დღეა: „ძალიან მიხარია და ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ხონის და ვანის მუნიციპალიტეტების გაერთიანებული ოლქის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში". მმართველი პარტიის კანდიდატის შეფასებითვე, წინასაარჩევნო პროცესებმა და კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, რაც დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

არჩევნების დღე ხონში
არჩევნების დღე ხონში

N54 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 57.9%. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13 731-მა ქალმა (49.31%) და 14 115-მა კაცმა (50.69%). საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG