Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინირებულთა უპირატესობა მსოფლიოსა და საქართველოში


პანდემიით მნიშვნელოვნად დაზარალებული ქვეყნები ეკონომიკის გამოცოცხლებას ვაქცინაციას უკავშირებენ. იგივე ეხება ტურიზმის აღდგენასაც და საქართველოში გარკვეული იმედები სამთავრობო გადაწყვეტილებებმა გააჩინა. გაჩნდა კითხვაც: რამდენად რეალისტურია ან რამდენად უსაფრთხო COVID-19-ის ვაქცინით აცრილი უცხოელი მოქალაქეების ჩასვლა საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც მასობრივი ვაქცინაცია ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

თამარ მარუთიანმა, რომელიც ისრაელში საქართველოდან არის ჩასული, 24 იანვარს „ფაიზერის“ ფირმის მეორე ვაქცინაც გაიკეთა და უკვე იცის, რომ შესაბამისი ცნობით შეუძლია უპრობლემოდ ჩამოვიდეს საქართველოში. უხარია და ჩამოსვლასაც აპირებს, მაგრამ როდის - გაურკვეველია, რადგან ჯერჯერობით ისრაელის დატოვება, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, შეუძლებელია.

„თეორიულად, მოგზაურობა შესაძლებელია ბოლო აცრიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ ახლა ისრაელი დაკეტილია. აეროპორტი არ მუშაობს. ჩამოსვლით აუცილებლად უნდა ჩამოვიდე საქართველოში, ძალიან მომენატრა და საქმეებიც მაქვს... რამდენადაც მე ვიცი, 1 თებერვლიდან ვაქცინაციის ცნობითაც შეიძლება ჩამოსვლა... ისრაელი ჯერჯერობით ასეთ ცნობებს არ აღიარებს შემომსვლელებისთვის და, ჯერჯერობით, ისრაელის მოქალაქეების გარდა აქ ვერავინ შემოდის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ მარუთიანმა.

აცრილი ადამიანები საქართველოში ყველანაირი ტესტის, თვითიზოლაციისა თუ კარანტინის გარეშე შემოვლენ და ეს წესი 1 თებერვალს განახლებულ სამთავრობო რეგულაციებშია ასახული.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვყნებული განცხადების თანახმად: „ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა“.
  • საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეჟიმი არ იცვლება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებით და ის კვლავ ჩაკეტილია.

ვაქცინაციის მასშტაბით ისრაელი (40,21%) მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ( 41,09%) შემდეგ. ამ წყვილს მაჩვენებლებით ბევრად ჩამოუვარდებიან, მათ შორის, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი - 17,7%; აშშ - 9,44%; საფრანგეთი - 2,75% თუ გერმანია 2.73%.

ჯერჯერობით, ვაქცინირებული პირები არ ხვდებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დისკრიმინაციის ფაქტორის გამო ჯერჯერობით წამყვანი ქვეყნები ვერც სპეციალური კოვიდპასპორტების შემოღებაზე შეთანხმდნენ.

ვინ ვის აჯობებს

ქვეყანებმა, სადაც ვაქცინაცია დაიწყო, კარგად იციან, რომ მეტი აცრილი ადამიანი, მეტი სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, ეკონომიკის უფრო სწრაფ აღდგენასა და გაძლიერებას ნიშნავს. ჟურნალ „ეკონომისტის“ ბოლო კვლევის თანახმად, ამ მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოები სხვადასხვა სასტარტო პირობებში არიან და ოთხ პირობით ჯგუფად იყოფიან.

კვლევის მიგნებები ასეთია:

• მდიდარ ქვეყნებში პრიორიტეტული ჯგუფების მარტის ბოლომდე ვაქცინირების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა 2021 წლის შუაში გაუმჯობესდება.

  • ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში აჩქარდება.
  • „ნორმალური ცხოვრება“ 2021 წელს იოლად არ აღდგება, რადგან უმეტეს ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა 2022 წლის შუამდე ან ბოლომდე გასტანს.

„ეკონომისტის“ კვლევის თანახმად, საქართველო ოთხი ჯგუფიდან ბოლოსწინა, ანუ მესამე ჯგუფშია და ის ე.წ. ჯოგური, საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი რაოდენობის ადამიანების აცრას მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის შეძლებს.

ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია საქართველოსთვის არცთუ ახლო პერსპექტივაა:

  • საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით,2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია“.
  • საქართველოს მთავრობის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან 30 ათასამდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლითაც პირველ ეტაპზე 15 ათასამდე სამედიცინო მუშაკი უნდა აიცრას.

ეკონომიკის აღორძინება პირდაპირ რომ უკავშირდება ფართომასშტაბიან ვაქცინაციას, ეს ეკონომიკის ექსპერტებისთვის ცხადია საქართველოშიც. „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამის ახსნას რესტორნების მაგალითით ცდილობს.

„წარმოვიდგინოთ რესტორანი საქართველოში, სადაც ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია არ არის და წარმოვიდგინოთ რესტორანი რომელიმე ფართოდ ვაქცინირებულ ქვეყანაში. იქ, იმ რესტორანს შეუძლია, კონკრეტულ ფართობზე მიიღოს 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი სტუმარი, ვიდრე რესტორანმა საქართველოში. მას არ ექნება მუშაობის შეზღუდული გრაფიკი და შედეგად, შემოსავალიც მეტი ექნება.

იმ რესტორანს არ ექნება ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯები - ხსნარების, ტესტებისა თუ სხვა მოწყობილობებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ის არის, რომ მათ არ ექნებათ მოულოდნელად დახურვის შიში და ამიტომ ინვესტიციებსაც ჩადებენ განვითარებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გერლიანმა.

ვაქცინირებული ტურისტები არავაქცინირებულ ქვეყანაში

თუკი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას კიდევ ერთხელ გადავხედავთ, იქ წერია, რომ საქართველოში შემოსასვლელად სტუმარმა უნდა წარმოადგინოს „ნებისმიერი კოვიდვაქცინის“ ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუმცა, ჯერჯერობით დაუდგენელია, „ნებისმიერი ვაქცინით“ აცრა უზრუნველყოფს თუ არა აბსოლუტურ უსაფრთხოებას:

„შეიძლება ვაქცინა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმედ დაავადებისგან და სიკვდილისგან, მაგრამ კითხვის ნიშნები რჩება - რჩება თუ არა ვაქცინირებული ადამიანი ინფექციის გადამტანად?

ერთადერთია „ასტრაზენეკა“, რომელმაც 3-4 დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომ 76%-ით არის დაცული ინფექციის გადადების პროცესი ვაქცინირებული პირისგან. არაფერი ვიცით ჯერ „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსულ „სპუტნიკსა“ და ჩინურ ვაქცინაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

მისი თქმით, ვიდრე ამ მხრივ სხვა ვაქცინების ამბავი გაირკვევა, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელი იქნება ყველა ვაქცინირებული მოგზაურისთვისაც, რადგან არსებობს რისკი, რომ არავაქცინირებული ქვეყნიდან მან ვირუსი ჩაიტანოს თავის ქვეყანაში და რომელიმე აუცრელ ადამიანს გადასდოს.

ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რაც აცრილი ადამიანების გაძლიერების ხარჯზე აუცრელების დაცვას გულისხმობს, სხვადასხვა მოსაზრებით, 60-85%-ის ფარგლებში მერყეობს. კულუმბეგოვი მაღალ მაჩვენებელს ემხრობა და გვეუბნება იმასაც, რომ მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის „ჯოგური იმუნიტეტი“ მხოლოდ ამ ქვეყნის შიდა დაცულობისთვის გამოდგება; საერთაშორისო კონტაქტების დაცულობისთვის კი - „გლობალურად მსოფლიოში 80-85%-იანი დაცვის უზრუნველყოფაა აუცილებელი“.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ჯერჯერობით ასევე დაუზუსტებელია, რა ხანგრძლივობის იქნება ამა თუ იმ ვაქცინის ზემოქმედების შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ - ვაქცინირებული მოგზაურების ქვეყანაში უპრობლემოდ შემოშვების შესახებ, გარკვეული იმედები გაუჩინა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. როგორც რამდენიმე მათგანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლოა, სამომავლოდ ტურიზმმა საქართველოში სწორედ ვაქცინირებული მოგზაურების წყალობით ამოისუნთქოს.

თუმცა საკითხს ასე არ უყურებს ტურიზმის ექსპერტი, კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი. ის ფიქრობს, რომ საქართველო არ არის მზად ტურისტების მისაღებად იმ პირობებში, როდესაც ტურიზმის ყველა რგოლის ბიზნესი სავალალო მდგომარეობაშია და არაპროგნოზირებად სიტუაციაში, დროებით გახსნას შესაძლოა უფრო ხანგრძლივი დაკეტვაც მოჰყვეს. ტურისტული სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ასათაშვილი მხოლოდ ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებას უკავშირებს:

„ახლა რაიმე გათვლა იმ ქვეყნებზე, სადაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია, იქნება იმის ტოლფასი, რაც მთავრობამ გააკეთა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა მწვანე დერეფნად გამოაცხადა და ელოდებოდნენ ტურისტების ნაკადებს. მაგრამ პირველივე მზარდ ტენდენციაზე საზღვრები ჩაიკეტა და რაც მოხდა, ვნახეთ...

მესმის, ბიზნესის წარმომადგენლები ხავსს ეჭიდებიან, მაგრამ - ახლა თუ ეს ცრუ მოლოდინი კიდევ გაჩნდა, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი გაკოტრებული კომპანია საბოლოოდ. ვერაფერს მოგვცემს ეს, ვიდრე ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია არ გვექნება საქართველოში და საზღვრები არ გაიხსნება“, - ეუბნება ასათაშვილი რადიო თავისუფლებას.

თუკი ვაქცინირებული მაღალბიუჯეტიანი მოგზაურები მართლაც ჩამოვლენ საქართველოში, რამაზ გერლიანის თქმით, „ეს გარკვეულ შემოსავალს მართლაც მოიტანს“; თუმცა ფიქრობს, რომ ეს რამდენიმე თვეზე ადრე ვერ მოხდება და საქართველოს 6.1%-ით შემცირებულ ეკონომიკას ხელშესახებ შედეგს ვერ მისცემს. ბიზნესის ამოსასუნთქი ერთადერთი გამოსავალი, გერლიანის შეფასებით, შიდა რეგულაციების შემსუბუქება და ქვეყნის გახსნაა - „ბუნებრივია, სიფრთხილის ზომებითა და ამ ზომების სათანადოდ გაკონტროლებით“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG