Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობა


ვაცლავ ჰაველი რადიო თავისუფლებაში.
ვაცლავ ჰაველი რადიო თავისუფლებაში.

„დემოკრატიის ნაკლი არის ის, რომ ვინც მისი ერთგულია, მას ხელებს უბოჭავს, ხოლო ვინც არ არის მისი ერთგული, თითქმის ყველაფრის საშუალებას აძლევს“. - ეს სიტყვები ვაცლავ ჰაველს ეკუთვნის. ჰაველი - ჩეხი უფლებადამცველი, დრამატურგი, პოლიტიკოსი - თითქმის შვიდი წელია, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი მოსაზრებები აქტუალობას არ კარგავს - მით უმეტეს, არ კარგავს აქტუალობას ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლა, რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. როგორია ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობა? რა არის ის მთავარი, რაც მან დატოვა?

ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

"აქ გვაქვს მსოფლიო რუკა. მასზე აღნიშნულია ყველა ქვეყანა, რომელიც ვაცლავ ჰაველმა სიცოცხლეში მოინახულა", - გვიხსნის კაროლინა სტრანსკა, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის თანამშრომელი.

პრაღაში ვაცლავ ჰაველის მუზეუმის მოძებნას ამაოდ შეეცდებით, მაგრამ, გარკვეულად, მუზეუმის ფუნქციასაც ასრულებს ჰაველის ბიბლიოთეკა, სადაც ნახავთ მის ფოტოებსა და ნივთებს. ამ კედლებში აუცილებლად მოისმენთ ისეთ რამეს, რაც მოგინდებათ სწრაფად სხვებსაც გაუზიაროთ.

"ჩვენს ქართველ მეგობრებს ნამდვილად დააინტერსებთ, რომ აქ აღნიშნულია საქართველოც“, - ააქტიურებს ელექტრონულ რუკას კაროლინა სტრანსკა. - „მაგალითად, აქ წერია, რომ 1967 წელს 31 წლის დრამატურგი ვაცლავ ჰაველი, საბჭოთა კავშირში მოგზაურობის ფარგლებში, ესტუმრა საქართველოსაც. მოგვიანებით იგი წუხდა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ნახვა შემდგომში ვეღარ შეძლო".

ვაცლავ ჰაველს ორი ეპოქის ზღვარზე მოუხდა სახელმწიფოს მეთაურის ტვირთის ტარება. იგი პრაღის კრემლში შევიდა როგორც ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი, ხოლო 13 წლის შემდეგ, როდესაც ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტს ეთხოვებოდა, ეს ქვეყანა უკვე იყო ნატოს წევრი, რომელიც ერთ წელიწადში ევროკავშირშიც მიიღეს. თუმცა აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც სწორედ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაგრძელდა ის საქმე, რაც ვაცლავ ჰაველს ყველაზე მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდა - სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

“ვაცლავ ჰაველმა თავად დაწერა ერთგვარი საკუთარი ანდერძი ამ დაწესებულებაზე“, - იხსენებს მარტინ ვიდლაკი, ვაცლავ ჰაველის ყოფილი თანაშემწე. - „მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ცოცხალი ინსტიტუტი, არა ძეგლი ან მუზეუმი, სადაც ადამიანები მხოლოდ ივლიდნენ, არამედ ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები იპაექრებდნენ, სადაც იქნებოდა აზრთა ჭიდილი ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსა და მრავალ სხვა თემაზე".

ვაცლავ ჰაველი
ვაცლავ ჰაველი

ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობა დაგვრჩა რადიო თავისუფლების სათავო ოფისშიც: საკონფერენციო დარბაზს, რომელშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რედაქტორები იკრიბებიან, სადაც ოფიციალურ სტუმრებს ვიწვევთ ხოლმე, ვაცლავ ჰაველის სახელი აქვს მინიჭებული. თავად ჰაველიც ხშირად ყოფილა რადიო თავისუფლების სტუმარი - მაგალითად, 2009 წლის 25 აპრილს სწორედ ის გაუძღვა პირველ სარედაქციო შეკრებას ჩვენი რადიოს მაშინ ახალ შენობაში.

ჩეხეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მადლობა გადაიხადა რედაქტორების თათბირზე მიწვევისათვის და გაიხსენა პერიოდი, როცა მასავით ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან სახიფათო იყო რადიო თავისუფალი ევროპა - რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობა:

"მე გარკვეული სიამაყით ვამბობ, რომ მივეკუთვნებოდი ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ცდილობს შესაძლებლისათვის დაწესებული საზღვრების ოდნავ მაინც გადაწევას. მაგალითად, 60-იან წლებში ვიყავი პირველი ჩეხი ლიტერატორი, რომელიც მიუნხენში ესტუმრა რადიო თავისუფლების ცენტრალურ ოფისს. ვიცოდი, რომ რეჟიმისათვის ეს, რასაკვირველია, ცნობილი იქნებოდა. და ბევრჯერ გამიკეთებია ასე, რათა გადამეწია შესაძლებლისათვის დაწესებული საზღვრები".

სწორედ ამ კედლებში იშვა ინიციატივა, რომელიც ვაცლავ ჰაველის კიდევ ერთ მემკვიდრეობად შეიძლება ჩაითვალოს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, 2011 წლიდან აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

ეფიმ ფიშტეინი
ეფიმ ფიშტეინი

ვაცლავ ჰაველს სჯეროდა, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლია ერთ ადამიანს. პუბლიცისტი და მწერალი ეფიმ ფიშტეინი, რომელიც ჯერ კიდევ დისიდენტობის პერიოდიდან იცნობდა ჰაველს, ფიქრობს, რომ მთავარი, რაც მან დატოვა, არის სულიერი მემკვიდრეობა:

"ვგულისხმობ არა მარტო მის პიესებს, დადგმებს, რომლებსაც დღემდე ნახავთ ჩეხეთის სხვადასხვა თეატრში, არამედ ვგულისხმობ, რასაკვირველია, მის პოლიტიკურ სულიერ მემკვიდრეობას. ის იყო დემოკრატი. დემოკრატია ესმოდა არა როგორც საზოგადოების მოწყობა, არამედ როგორც ხასიათის თვისება, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობის წესი. (...) ჰაველი ძალიან ფაქიზად ეკიდებოდა განსხვავებულ აზრს".

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG