3-დან 6 ივნისამდე რუსეთის მასპინძლობს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს (ПМЭФ), რომლის მთავარი თემაა „პრაგმატული დიალოგი — გზა სტაბილური მომავლისკენ“. თუმცა ფორუმის გახსნის დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო არა პეტერბურგის გზატკეცილზე მდებარე საგამოფენო-კონგრეს ცენტრ „ექსპოფორუმისკენ“, არამედ კრონშტადტისკენ, სადაც უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ასევე სანქტ-პეტერბურგის კიროვისა და კრასნოსელსკის რეგიონებისკენ, სადაც აფეთქებები მოხდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწისა და ფორუმის ერთ-ერთი მასპინძლის, იური უშაკოვის თქმით, ღონისძიებაში 130-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 20 000 ადამიანი მონაწილეობს: დელეგაციები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, უზბეკეთიდან, მონღოლეთიდან, ლაოსიდან, ფილიპინებიდან, ჩრდილოეთ კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფორუმში სპეციალური „სტუმარი ქვეყნის“ სტატუსით მონაწილეობს საუდის არაბეთი. გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. სამეფოს დელეგაციაში დაახლოებით 200 წევრია, რომელთა შორის არიან ენერგეტიკის მინისტრი პრინცი აბდულაზიზ ბინ სალმანი და კომპანია Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობა.
"ყველაფერი ევროპის ბრალია" - რა თქვა პუტინმა?
5 ივნისს გამართულ პლენარული სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, ტანზანიის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-თავმჯდომარე ჰან ჩჟენი, ვრცელი სიტყვით გამოვიდა ვლადიმირ პუტინი.
პუტინმა 40 წუთის განმავლობაში ძირითადად ეკონომიკის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში არსებული პრობლემები ძირითადად ევროკავშირისა და მისი ბიუროკრატიის აგრესიული, არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის ბრალია:
„ჩვენ ვხედავთ, რა რყევებს განიცდიან ენერგეტიკული ბაზრები, როგორ იზრდება დაძაბულობა ცალკეულ რეგიონებში, პირველ რიგში ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთში, როგორ ხორციელდება ევროპული ბიუროკრატიის არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა, რომელსაც აგრესიული რიტორიკა ახლავს თან და რომელიც ევროპას მსოფლიო ეკონომიკაში პოზიციების შემდგომ დაკარგვამდე მიჰყავს, გარდა ამისა კი, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებასაც ძირს უთხრის.“
პუტინის თქმით, მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სტრუქტურულ ტრანსფორმაციას განიცდის ისევ და ისევ ევროკავშირის გამო.
„ევროპული ელიტები ქაოსს აღვივებენ, რომელშიც სულ უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევას ცდილობენ. ეს პროცესები თავისთავად არ წარმოშობილა. ისინი იმის შედეგია, რომ მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სტრუქტურულ ტრანსფორმაციას გადის. ასეთი ტრანსფორმაცია მხოლოდ ციკლის ერთი ფაზიდან მეორეზე გადასვლა არ არის: „ხდება თავად გლობალური განვითარების პარადიგმის ცვლილება”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, - "ათწლეულების განმავლობაში გლობალური განვითარების მოდელი ეფუძნებოდა ფინანსური ცენტრების, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, სადაზღვევო და ლოგისტიკურ ჰაბების, სარეიტინგო სააგენტოებისა და სარეზერვო ვალუტების შეზღუდულ რაოდენობას. ასეთი კონსტრუქცია „წარმოდგენილი იყო როგორც უნივერსალური, თითქოს ყველასთვის შესაფერისი და, რაც მთავარია, თითქოს ნეიტრალური. სინამდვილეში, ის სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური ზეწოლისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ინსტრუმენტად, როდესაც გადახდები, ტექნოლოგია, ლოჯისტიკა ან თუნდაც ინფორმაციაზე წვდომა შეიძლებოდა მყისიერად შეწყვეტილიყო იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც გადაწყვეტდა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არსებითად იყო განზრახ შექმნილი დამოკიდებულების ან რესურსების მოპოვების სისტემა“.
პუტინმა ბევრი ილაპარაკა BRICS-ის შესახებ და მოიტანა არაერთი მაჩვენებელი, რომელიც, მისი მტკიცებით მნიშვნელოვნად აღემატება G7-ის მაჩვენებლებს, რაც თავის მხრივ გლობალური სამხრეთისა მზარდ პერსპექტივაზე მეტყველებს.
პუტინმა თავისი ვრცელი სიტყვა რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობისადმი გახსნილობის შესახებ საუბრით დაასრულა. „ძლიერი, სუვერენული სახელმწიფო არ შეიძლება იყოს ჩაკეტილიო“, - თქვა მან.
ამ პლენარული სესიის მოდერატორი იყო India Today-ის აღმასრულებელი რედაქტორი და წამყვანი, გიტა მოჰანი, რომელმაც 2025 წლის დეკემბერში, კოლეგა ანჯანა ომ კაშიაპთან ერთად, ინტერვიუ ჩამოართვა პუტინს. საუბრის დროს ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ „პუტინმა, რომელიც რუსეთს რთულ წლებში გაუძღვა, ქვეყნის პოზიციების განმტკიცებით რუსეთი აქცია ძალად, რომლის ანგარიშგაწევაც აუცილებელია“. გიტა მოჰანი ასევე იმყოფებოდა დონეცკში, ლუჰანსკსა და ხერსონში. პუტინთან საუბრისას მან განაცხადა, რომ იქ მცხოვრები ადამიანები იმედგაცრუებულები იყვნენ, როდესაც კიევმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ენის გამოყენება შეზღუდა, თუმცა „ასევე შოკირებულები იყვნენ“ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით. გარდა ამისა, ინდოელმა ჟურნალისტმა მაშინ რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, მართლაც აწუხებდა თუ არა მას NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და ხომ არ იქცა ეს, დასავლეთის მხრიდან რუსეთის იზოლაციის მცდელობასთან ერთად, საფუძვლად ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილებისთვის.
2025 წელს პლენარული სხდომის მოდერატორი იყო ტელეარხ Sky News Arabia-ს წამყვანი ნადიმ დაუდ კოტეიში;
2024 წელს — სერგეი კარაგანოვი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
2023 წელს — პოლიტოლოგი და რუსეთის „პირველი არხის“ წამყვანი დმიტრი საიმსი.
ПМЭФ (პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმი) - შეიქმნა 1997 წელს. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეგიონული ანალოგი, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ფარგლებში ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. პირველი ფორუმის ინიციატორები იყვნენ რუსეთის ფედერაციის საბჭო და დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. ღონისძიება ძირითადად რუს მონაწილეებსა და მეზობელი ქვეყნების პარტნიორებზე იყო ორიენტირებული. დროთა განმავლობაში ფორუმის გეოგრაფია გაფართოვდა, პროგრამა კი გართულდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება 2006 წელი, როდესაც ფორუმი პუტინის პატრონაჟის ქვეშ გადავიდა.
ფორუმის სტუმრები: ტეიტიდან AfD-ის წევრებამდე
ПМЭФ -ის ფორუმის დღეებში რუსეთში ჩავიდა ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებული ბლოგერი ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა ტრისტანი, რომლებსაც აეროპორტში რუსული ტრადიციული „პურით და მარილით“ დახვდნენ და „მატუშკა ზემლია“ უმღერეს.
ტეიტის რუსეთში სტუმრობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა Z-ბლოგერმა „Рыбарь”-მაც კი გააკრიტიკა.
„ეს არის სკანდალური ფიგურა, ადამიანებით მოვაჭრე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და რომელიც თითქმის ყველა მსხვილმა პლატფორმამ დაბლოკა. ტეიტების ნებისმიერი გამოჩენა რუსეთის მედია-სივრცეში რეპუტაციული დარტყმაა“, — დაწერა „რიბარმა“.
თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ენდრიუ ტეიტისათვის დამტკბარიყო წითელი მოედნით, სადაც ასეთი შინაარსის კომენტარი გააკეთა:
„ამბობენ აქ რთულია მოხვედრა, შესაძლოა ადრე მართლა ასე იყო. რატომ არ უნდა დავტკბეთ ამ ადგილით? <...> რუსები, როგორც მე, შინაგანად ბედნიერები არიან. გესმით? სულიერად რუსი ვარ. შინაგანად ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ“.
ენდრიუ ტეიტი - ბლოგერი და ყოფილი კიკბოქსერი, რომელიც ცნობილია ქალთმოძულე განცხადებებით. ტეიტს არაერთხელ უთქვამს, რომ ქალები „მამაკაცებს ეკუთვნიან“, ხოლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს თავადაც ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა მომხდარზე. ერთ-ერთ პოდკასტში ტეიტი ჰყვება, როგორ მოტეხა ყბა ქალს და როგორ არ დაისაჯა ამისთვის. მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ პარტნიორს ღალატისთვის მაჩეტეს ჩაარტყამდა. 2022 წლის აგვისტოში Facebook-მა, Instagram-მა, YouTube-მა და TikTok-მა, პლატფორმების წესების დარღვევის გამო ტეიტის ანგარიშები დაბლოკეს მას შემდეგ, რაც ბლოგერის მიზოგინიურ განცხადებებზე მრავალი საჩივარი შევიდა. ტეიტი ასევე დაბლოკა X (ყოფილი Twitter)-მაც, თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ილონ მასკმა შეიძინა, ტეიტს ანგარიში აღუდგინეს. ამჟამად ტეიტს X პლატფორმაზე თითქმის 11 მილიონი გამომწერი ჰყავს.
2022 წლის დეკემბერში რუმინეთს შს სამინისტრომ ძმები ტეიტები დაადანაშაულა ადამიანებით ვაჭრობაში, სექსუალური ხასიათის დანაშაულებსა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში. 2025 წლის იანვრამდე მათ ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ, თუმცა შემდეგ რუმინეთის ხელისუფლებამ ეს შეზღუდვა მოულოდნელად მოხსნა. Financial Times-ის ცნობით, ამის მოთხოვნა მომდინარეობდა ტრამპის ადმინისტრაციიდან, რომელსაც ენდრიუ ტეიტი აქტიურად უჭერს მხარს. საბოლოო ჯამში ძმებმა ტეიტებმა აშშ-ში გამგზავრება შეძლეს.
ПМЭФ-ს ფორუმზე ასევე მიწვეულია (თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატიის როლზე სასაუბროდ) აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი და გაეროს ექს-ინსპექტორი სკოტ რიტერი, რომელსაც 2011 წელს 2,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ვიდეოჩატში მასტურბაციისთვის: „15 წლის გოგონა“, ვისაც რიტერმა კადრები გაუგზავნა პოლიციის აგენტი აღმოჩნდა.
ფორუმის სტუმრებს შორისაა ულტრამემარჯვენე აქტივისტი კენდის ოუენსი, რომელიც ავრცელებდა კონსპირაციულ თეორიებს, თითქოს ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი ქალია და თითქოს ამერიკელები მთვარეზე არასოდეს ყოფილან. ПМЭФ-ზე ოუენსი მონაწილეობს დისკუსიაში, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს ეძღვნება.
ამერიკის “დელეგაცია”?
ფორუმის ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2018 წლის შემდეგ ПМЭФ-ში პირველად მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს როდნი კუკი, აშშ-ის ადმინისტრაციის სახვითი ხელოვნების კომისიის ხელმძღვანელი.
ПМЭФ-ზე ამერიკული დელეგაციის შესახებ კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაც. 4 ივნისს სენატის ასიგნებათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სენატორმა დიკ დურბინმა (დემოკრატი ილინოისის შტატიდან) რუბიოს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (ПМЭФ) ამერიკული დელეგაციის მონაწილეობის შესახებ. რუბიომ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის ოფიციალური დელეგაციის ყოფნის შესახებ
„ჩემთვის უცნობია, რომ იქ რაიმე დელეგაცია იყოს გაგზავნილი. ვიცი ამ ღონისძიების შესახებ, ვიცი, რომ ის ტარდება, მაგრამ არ მგონია, რომ საუბარი იყოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე“, — განაცხადა ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ფორუმის შესახებ იცის, თუმცა თავად მასში არასოდეს მიუღია მონაწილეობა.
სენატორმა დურბინმა ყურადღება გაამახვილა სტივენ სიგალზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელია რუსეთ-ამერიკის ჰუმანიტარული კავშირებისა და საერთო კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის საკითხებში.
„ვიცი, ვინც არის“, — თქვა მარკო რუბიომ და განაცხადა, რომ სიგალი „აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი არ არის“.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პირველად აშშ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ოფიციალური დელეგაციით იქნებოდა წარმოდგენილი. მისი თქმით, დელეგაციას უხელმძღვანელებდა როდნი კუკი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის სახვითი ხელოვნების კომისიის ხელმძღვანელია.
4 ივნისს როდნი მიმს კუკმა-უმცროსმა ПМЭФ-2026-ის ერთ-ერთ თემატურ სესიაში („რუსეთი-აშშ: კულტურათა დიალოგი“) მართლაც წარადგინა პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო როგორც მისი ბიოგრაფიის და კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე რუსეთში მისი ვიზიტები და კულტურული კავშირები რუსეთთან. კუკმა ფორუმის მონაწილეებს ასევე აჩვენა ატლანტაში მდებარე თავისი აგარაკი (ფოტოები), რომელიც, მისივე თქმით, „რუსული სოფლის სტილშია“ აშენებული. სხვა სლაიდებზე კუკმა ბოლო ათწლეულებში რუსეთში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები წარმოადგინა. კუკი არაერთხელ სტუმრობდა ლევ ტოლსტოის სახლ-მუზეუმს იასნაია პოლიანაში. ერთ-ერთ ფოტოზე კუკი და მუზეუმის დირექტორი, ვლადიმირ ტოლსტოი ცხენებით სეირნობენ.
„ეს მართლაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტებია. იასნაია პოლიანაში ცხენით გასეირნებამ დაუვიწყარი მოგონებები დამიტოვა“, — განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
რუსეთში მიმდინარე ვიზიტზე საუბრისას კუკმა აღნიშნა, რომ სანქტ-პეტერბურგში მას განსაკუთრებული გულთბილობით შეხვდნენ. „ამ დარბაზში მყოფთაგან ბევრი ჩემი პირადი მეგობარია უკვე რამდენიმე ათეული წელია“, — განაცხადა დოდნი მიმს კუკმა, ატლანტაში დაბადებულმა ინჟინერ-არქიტექტორმა.
გერმანელები - მხოლოდ AfD-დან
ე.წ. რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნებიდან პეტერბურგის ფორუმზე ყველაზე ფართოდ წარმოდგენილია გერმანია პარტია „ალტერნატივა გერმანიის“ (AfD) წევრების სახით.
DW („გერმანული ტალღა“) - ის ცნობით, 2026 წელს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის სტუმრებს შორის არიან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო არაერთხელ მოხვედრილან ყურადღების ცენტრში. საუბარია ბუნდესტაგში AfD-ის ფრაქციის წევრებზე: შტეფენ კოტრე (Steffen Kotré) და მათიას მოსდორფი (Matthias Moosdorf), ასევე AfD-ის საქსონიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იორგ ურბანი (Jörg Urban). სააგენტო AFP ასევე წერს ფორუმში ბუნდესტაგის დეპუტატ მარკუს ფრონმაიერის (Markus Frohnmaier) მონაწილეობაზე. გამოცემა Bild-თან საუბარში ღონისძიებაზე ჩასვლის განზრახვა დაადასტურა AfD-ის ევროპარლამენტარმა პეტრ ბისტრონმა (Petr Bystron).
პეტრ ბისტრონი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ თანმიმდევრულად გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ და მხარს უჭერდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას.
პეტრ ბისტრონის სახელს უკავშირდება სკანდალი: 2024 წლის გაზაფხულზე ჩეხეთის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს პრორუსული მედიის, „Voice of Europe“-ის, გარშემო შექმნილი გავლენების ქსელი, რომლის გამოძიების ცენტრშიც სწორედ ბისტრონი აღმოჩნდა. გაზეთ Die Zeit-ის ინფორმაციით, ბისტრონი იმ პირთა წრეს ეკუთვნოდა, რომლებიც სავარაუდოდ ფინანსურ ანაზღაურებას იღებდნენ „Voice of Europe“-ის საქმიანობის მხარდაჭერისთვის. საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება, თავად ბისტრონი კი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
DW-ს მიხედვით, ამჟამად პეტრ ბისტრონი ევროპარლამენტის წევრია. თუმცა, 2025 წლის აპრილში ევროპარლამენტმა მას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ანტიკონსტიტუციური სიმბოლიკის გამოყენების თაობაზე — კერძოდ, ფოტომონტაჟის გავრცელებას, რომელზეც აკრძალული ჰიტლერული მისალმება იყო გამოსახული.
პეტრ ბისტრონი AfD-ის საგარეო პოლიტიკის სპიკერის თანამდებობაზე (2021-2024 წლებში) შეცვალა მათიას მოსდორფმა, რომელიც ასევე იმყოფება პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე.
მათიას მოსდორფი — ვიოლონჩელისტი და რუსული კულტურის მოყვარული ასევე მკვეთრად აკრიტიკებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. 2024 წელს, კიევისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებულ საპარლამენტო დებატებზე, მოსდორფი ამბობდა:
“ვინც რუსეთთან კონფლიქტში ჩაებმება, დაასრულებს ან როგორც ნაპოლეონი 1812 წელს ან, რაც კიდევ უარესია — როგორც გერმანელები 1945 წელს“.
ვინც რუსეთთან კონფლიქტში ჩაებმება, დაასრულებს ან როგორც ნაპოლეონი 1812-ში ან, როგორც - გერმანელები 1945 წელს, - მათიას მოსდორფი
2024 წელს მოსდორფმა მიიღო შეთავაზება გამხდარიყო რუსეთის გნესინების სახელობის მუსიკის სახელმწიფო აკადემიის საპატიო პროფესორი. „მსურს, რუსეთში ახალგაზრდებს მივცე განცდა, რომ ისინი ევროპას არ ჩამორჩებიან. მუსიკამ არ იცის იდეოლოგიური საზღვრები. გნესინების აკადემიაში მე ვერანაირ პოლიტიკურ მიმართულებას ვერ ვხედავ“, — განაცხადა მაშინ მოსდორფმა.
სხვა რა ხდება?
როგორც გამოცემა „აგენტსტვომ“ აღნიშნა, ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ პუტინის ნათესავებიც — მისი ბიძაშვილის შვილი, რუსეთის რკინიგზის (РЖД) სამედიცინო მიმართულების დირექტორი ელენა ფისენკო და პუტინის ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა.
ელენა ფისენკომ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მუშაობენ კომპანიის ფსიქოლოგები „ადამიანებთან, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან ბრუნდებიან“, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ РЖД-ის ჯანმრთელობის ცენტრებში ექიმები ქალების დარწმუნებას, უარი თქვან აბორტზე.
ტიხონოვა, როგორც წინა ორი წლის განმავლობაში, ფორუმს ვიდეოკავშირის საშუალებით შეუერთდა. პუტინის ქალიშვილმა ფარმაცევტულ სფეროში იმპორტის ჩანაცვლების საკითხებზე ისაუბრა და აღიარა, რომ სახელმწიფო შესყიდვების 90%-ზე მეტი ამჟამად კვლავ „დასავლური წარმოების“ პროდუქციაზე მოდის.
4 ივნისს გაიმართა ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პანელური დისკუსიაც, სადაც ეკონომისტებმა და ფინანსური ბლოკის წარმომადგენლებმა იმაზე ილაპარაკეს, თუ როგორ შეიძლება რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერა ომის პირობებში.
ფორუმის ძირითად გამომსვლელთა შორის ტრადიციულად შედის ხოლმე რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა, თუმცა წელს მან მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„მჯერა, რომ ყველა მამაკაცი ნამდვილი ჯენტლმენი იქნება და მისი არყოფნისას არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ყველაფერში მაღალი საბაზო საპროცენტო განაკვეთია დამნაშავე“, — იხუმრა სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი მაკაროვი. გამოცემა „Ведомости“-ს წყაროს ცნობით, ნაბიულინა ფორუმზე პირადი მიზეზების გამო არ ჩავიდა — კერძოდ, მისი მრჩევლის, ფინანსისტ ალექსეი მოჟინის გარდაცვალების გამო.
პირველი პანელური დისკუსიის დროს პრეზიდენტის თანაშემწემ მაქსიმ ორეშკინმა მონაწილეებს მოუწოდა, სანქციების გაუქმებისა და „ძველი მდგომარეობის დაბრუნების“ მოლოდინი არ ჰქონოდათ.
„2022–2023 წლებში არსებული წმინდად თავდაცვითი მოდელიდან თანდათან უფრო დაბალანსებულ მოდელზე გადავდივართ და ეს პროცესი მხოლოდ უნდა დაჩქარდეს“, — განაცხადა მან.
ამასთან, მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის სტატისტიკურმა სამსახურმა (Росстат) დააფიქსირა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდა 0,2%-მდე შენელდა. ანგარიშები ქვეყნდება ორნიშნა საბაზო საპროცენტო განაკვეთისა და გაზრდილი საგადასახადო ტვირთის ფონზე, რაც დაკავშირებულია თავდაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების ხარჯების ზრდასთან.
თუმცა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა პირველ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე.
„ვხედავთ, რომ პირველ კვარტალთან შედარებით ვითარება უმჯობესდება. იზრდება საგადასახადო შემოსავლები — როგორც მოგების გადასახადი, ისე დღგ. სწორედ ამ მაჩვენებლებით შეიძლება შეფასდეს ეკონომიკური განვითარების შემდგომი ტენდენციები. გადასახადები სტატისტიკურ მონაცემებზე სწრაფად გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ხდება ეკონომიკაში, და ეს საგადასახადო პარამეტრები იზრდება“, — განაცხადა მან.
რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის (РСПП) ხელმძღვანელმა ალექსანდრ შოხინი კი განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა უკვე სექტემბერში წარმოადგინოს ახალი წინადადებები ზემოგებაზე დაწესებული გადასახადისა და ახალი აქციზების შემოღების შესახებ. მისი თქმით, ასევე დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 2028 წლიდან გამარტივებული საგადასახადო სისტემით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის საჭირო შემოსავლის ზღვარი 10 მილიონ რუბლამდე შემცირდება, „ბიზნესის გაჩერებას“ გამოიწვევს.
ომის გავლენის ათწლეულებზე გათვალა
ПМЭФ-ის ორგანიზატორთა თქმით, მიმდინარე ფორუმის პროგრამა ეძღვნება მსოფლიო ეკონომიკის ტრანსფორმაციის პირობებში გლობალური განვითარების ახალი მოდელის ჩამოყალიბებას, თუმცა ფორუმში მონაწილეებმა გვერდი ვერ აუქციოს ვერც რუსეთის ტერიტორიაზე მისულ ომს და ვერ ომის გამო რუსეთის ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს.
ფორუმზე უკვე განიხილეს ის საფრთხეებიც, რომელთა წინაშეც, მონაწილეთა აზრით, რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს. ВЭБ.РФ (რუსეთის ფედერაციის ვნეშეკონომბანკი) -ის თავმჯდომარემ იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ არსებობს რისკები, რომლებიც რუსეთის ტექნოლოგიურ ლიდერობას ემუქრება. რუსული ონლაინ-პლატფორმებისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე მან ინტერნეტის ტოტალური ბლოკირებები გააკრიტიკა.
„ჩვენ მართლაც შევძელით მოსკოვის ფუნდამენტურად შეცვლა. ყველაფერი, რასაც დღეს მოსკოვში ვხედავთ და რის გამოც მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად მივიჩნევთ, დაკავშირებულია იმასთან, რომ ინვესტიციები განხორციელდა ციფრულ სერვისებში, სახელმწიფო მომსახურებებში — რომლებიც ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა მსოფლიოში... ზოგადად, ბევრი რამ გვაქვს მიღწეული და ის გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ბოლო თვეებში გაჩნდა, უბრალოდ დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას“, — განაცხადა შუვალოვმა.
როსნეფტის ხელმძღვანელის მრჩეველმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) გადამდგარმა პოლკოვნიკმა ანდრეი ბეზრუკოვმა, რუსეთის საზოგადოებას მოუწოდა, მზად ყოფილიყვნენ ომის გაგრძელებისთვის.
„უნდა ვაღიაროთ, რომ მომდევნო რამდენიმე წელი, შესაძლოა რამდენიმე ათწლეულიც კი, ომის პირობებში მოგვიწევს ცხოვრება. ეს შეიძლება იყოს ძალიან ცხელი ომი — ისეთი, როგორიც ახლაა; ან შეიძლება იყოს გაჭიანურებული (მცოცავი) კონფლიქტი, რომელიც შესაძლოა სხვა რეგიონებში გადავიდეს. მალე გვეყოლება ომის ორი თაობა. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ამ ომთან ერთად ცხოვრება“, — განაცხადა ძალოვანი უწყების ყოფილმა წარმომადგენელმა.
უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) თავდასხმების გახშირების ფონზე, სანქტ-პეტერბურგის ზოგიერთმა მცხოვრებმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ ცხოვრება მეტად გართულდა.
„ბოლო პერიოდში აღარ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ძალიან საგანგაშო დროა, მუდმივი თავდასხმების საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ“, — თქვა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
ПМЭФ დასრულდება 6 ივნისს საერთაშორისო ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმით „მომავლის დღე“, რომელიც 30-ზე მეტ სესიას მოიცავს.
ფორუმი