Accessibility links

site logo site logo

ვინ იცის სიმართლე 2020 წლის სადავო არჩევნებზე?


საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა

კვლავ სადავოდ რჩება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რომელმაც ოპოზიციის 6-თვიანი ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ 2-2 დეპუტატით დაკომპლექტებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას სრულ უნდობლობას უცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. შეკითხვები, რომლებიც კომისიის დასკვნამდე ჰქონდა, კვლავაც რჩება არასამთავრობო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციები კომისიის დასკვნაში მთავარ „დამნაშავეებად“ არიან გამოყვანილი. „ოცნებას“ საკამათო თემებზე წერტილის დასმა სურდა, თუმცა ამ წერტილს ახლა დოკუმენტის შემქმნელი ორი პარტია და კიდევ ცოტა ვინმე თუ ხედავს.

  • რა ფასი აქვს დოკუმენტს, რომელიც მოდავე მხარეს ვერაფერში არწმუნებს?
  • რისი დამტკიცება სცადა „ქართულმა ოცნებამ“?

საგამოძიებო კომისიის მდივანი, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი ბოლო სხდომასა და დადგენილების კენჭისყრის პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, თუმცა სრულად იზიარებს დოკუმენტების შინაარსს, რომ 2020 წლის ხმაურიანი საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.

„სადღაც 3-4%-იან ცდომილებას მოველოდი, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ახლა სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გამოვლენილი დარღვევები ვერანაირ შედეგს ვერ მოახდენდა არჩევნების საერთო შედეგზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ზილფიმიანი და დასძენს, რომ სიმართლის დადგენა მისი „ღირსების საქმე“ იყო.

როგორც „ევროპელი სოციალისტი“ დეპუტატი გვეუბნება, მისთვის საგანგებო ინტერესის საგანს იმთავითვე უპრობლემო ოქმების შემოწმება წარმოადგენდა.

„ბოლოს გავიტანე ჩემი იდეა - გვერდზე გადაგვედო ყველა პრობლემური, სადავო ოქმი (სადაც ზოგში ბიულეტენების მეტობა, ზოგშიც - ნაკლებობა იყო) და შედეგები დაგვეთვალა მხოლოდ არაპრობლემური ოქმების მიხედვით... რომ დავიანგარიშე, ყველა პრობლემურის გამოკლებით, სხვაობები მივიღე მეასედები და მე ჩემი დასკვნა, როგორც მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა, გავაკეთე...

ანუ ის პრობლემური ოქმები ყველა რომ დაკმაყოფილებულიყო, არაფერს მოიტანდა მაინც... 1%-საც არ იძლეოდა სხვაობას... სამეცნიერო თვალსაზრისით ეს გზა გამართლებულია, წესია ასეთი… ჩემი კოლეგა აკადემიკოსიც რომ მომიყვანონ, დამთანხმდება, რომ სწორია ეს მეთოდი“, - გვეუბნება კომისიის მდივანი.

საგამოძიებო კომისიამ გახსნა ბიულეტენების ფუთებიც. ზილფიმიანი ითვლის და გვეუბნება, რომ გაიხსნა 32 უბანი, თუმცა, კომისიის დასკვნის თანახმად, გახსნილი უბნების რიცხვი 12-ით ნაკლებია:

  • კომისიის სხდომაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადასათვლელად შეარჩიეს 20 საარჩევნო უბანი - მათ შორის 10 თბილისში.
  • 7 თვის მანძილზე შენახული ბიულეტენები 3-4 ივნისს გადათვალეს და კომისიამ დაადგინა, რომ „ყველაზე პრობლემურად მიჩნეულ საარჩევნო უბნების მონაცემებში ადგილი არ ჰქონია ისეთ ცვლილებას, რომელიც გავლენას იქონიებდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე“.
  • ბიულეტენების გადათვლის პროცესს უძღვებოდა ცესკოს მიერ შეთავაზებული 299-წევრიანი სიიდან შერჩეული 12 მთვლელი. ისინი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები იყვნენ. დაზღვევის მიზნით შეირჩა კიდევ 12 სათადარიგო მთვლელი.

კომისიის მდივანი ჩვენს დარწმუნებას იმაშიც ცდილობს, რომ ფუთებსა და მათ შიგთავსს მანიპულაციის კვალი არ ეტყობოდა.

„აშკარად არ იყო “ნაჩალიჩარი“ და დალაგებული... სხვაობები შერჩენილი იყო... როცა ვიღაცა რაღაცას ცდილობს, რომ გაასწოროს, ზუსტად დასვამს მონაცემებს“.

ერთი სიტყვით, კომისიამ დაადგინა, რომ ცესკოს მონაცემებთან შედარებით, გადამოწმებული სხვაობა 1%-საც არ უტოლდება. შესაბამისად, 2020 წლის დეკემბერში დადებული პირობის მიხედვით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს - პოლიტიკიდან წასვლა, ხოლო მმართველ პარტიას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აღარ მოუწევს.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ეჭვებს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ 26 ივლისს პარლამენტში განაცხადა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ცდილობდა საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, არჩევნები გაყალბდა და ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს, რასაც შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა იმ საბოლოო შედეგებზე, რომელიც ცესკომ წარმოაჩინა“.

მაგრამ უკვე კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არასოდეს აღიარებს 4-წევრიანი კომისიის დასკვნას.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გვეუბნება, რომ არჩევნების ხარისხთან დაკავშირებულ რეალობას „შარლ მიშელის შეთანხმება“ უფრო ასახავს, სადაც „ოცნებას“ 43%-იანი ზღვარი დაუწესდა. თუკი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველი პარტიის შედეგი 43%%-ზე მეტი არ იქნება, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები (2022 წელს) უნდა ჩატარდეს.

„რომ არა 2020 წლის არჩევნების გაყალბება, არც შარლ მიშელი მოითხოვდა ამ დათქმის ჩაწერას და არც „ქართული ოცნება“ მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტს. ეს არჩევნები დათქმით იმიტომ ტარდება, რომ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა. „ქართული ოცნება“ იქნება თუ ფრიდონ ინჯია („ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი), ახლა სიტუაციის გალამაზებას ცდილობენ, რომ ვითომ, აი, კომისიამ გამოიძია და დადო შედეგი...

უკაცრავად, მაგრამ, ეს პროცესიც 3 თვის შემდეგ დაიწყეს - კარგად რომ გადაწერეს ოქმები, კარგად რომ დაალაგეს ყველაფერი ცესკოსა და ოლქებში - და ახლა ვინ რა უნდა გამოიძიოს?! იმიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში... თუ რამის განხილვა და გადამოწმება უნდოდათ, დროზე უნდა გაეკეთებინათ, როცა გასაჩივრების პროცესში ვიყავით და აქეთ-იქით უშედეგოდ დავრბოდით“, - გვეუბნება ოპოზიციონერი დეპუტატი.

თუკი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და პარლამენტის შესაბამისი დადგენილების 26 ივლისს დამტკიცებულ ტექსტებს გადავხედავთ, ახლო წარსულში ხშირად შევხვდებით შეფასებებს, რომლებიც ხშირად გვესმოდა „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან.

მწვავე შეფასებებისა და საკმაოდ მძიმე ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ოპოზიციასთან ერთად, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორების ფაქტს „სამართლიან არჩევნებს“ საგამოძიებო კომისიის დასკვნაც შეახსენებს და იქვეა ბრალდებაც:

„საგამოძიებო კომისიის საქმიანობით გამოიკვეთა, რომ პარალელური დათვლის არასწორი შედეგები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო როგორც უხეში შეცდომით, ისე მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედებით“.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ:

  • „არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის არასწორმა შედეგებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე, გაამყარა ოპოზიციის დიდი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანას მიაყენა რეპუტაციული ზიანი და სერიოზულად შელახა თავად ორგანიზაციის იმიჯი“.
  • „სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, „სავარაუდო შემთხვევებზე“ მითითებით, საუბარია „წაშლილ ზღვარზე სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის“. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სავარაუდო შემთხვევების მოცულობისა და ხარისხის, აგრეთვე მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, აღნიშნული შეფასება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.
  • „ანგარიშებში, აგრეთვე, მიმოხილულია სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და თვალთვალის ფაქტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. არცერთი ეს ფაქტი არ არის დადასტურებული მტკიცებულებით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაშიც, პოლიტიკური პარტიებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ესაუბრათ ზეწოლასა და მუქარაზე მათი წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ბრალდებები დამაჯერებლობას არის მოკლებული“.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში გამოკითხა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. მათ შორის არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება:

„აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მუქარისა და ზეწოლის ფაქტებთან მიმართებით თითქოს მხოლოდ ვარაუდები გვაქვს და არ ვფლობთ მტკიცებულებებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემთან მიმართებით ასეთი კითხვები საერთოდ არ დასმულა. საგამოძიებო კომისიისგან შეკითხვები მხოლოდ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით მივიღეთ...

ყველა ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები. სიცრუეა, რომ თითქოს არ იყო მტკიცებულებები ასევე სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის ურთიერთგამიჯვნის პრობლემასთან მიმართებით. დიახაც, იყო ასეთი მტკიცებულებები. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც ფაქტები შესაბამისი წესით უნდა დადასტურდეს და ეს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ“, - გვეუბნება სიმონიშვილი.

მისი განმარტებით, ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების უგულებელყოფასა და ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს.

საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული 5-დან 3 რეკომენდაცია არასამთავრობო სექტორისკენ არის მიმართული. სიმონიშვილი ამბობს, რომ დასკვნაში არ არის შესაბამისი რეკომენდაციები მათთვის, ვინც ამას რეალურად საჭიროებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ საგამოძიებო კომისიას ერთადერთი რეკომენდაცია აქვს - „ცესკომ უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების სათანადო გადამზადება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG