Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი, ძველი, მოულოდნელი და გამქრალი სახეები „ოცნებისა“ და ოპოზიციის პარტიულ სიებში


ვინ მოხვდა და ვინ ვერ მოხვდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში?
ვინ მოხვდა და ვინ ვერ მოხვდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში?

150-წევრიანი პარლამენტისათვის „ქართული ოცნების“ 170-წევრიან საარჩევნო სიას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, ახლანდელი პარლამენტარებიდან 14 სახელი აკლია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც თინა ბოკუჩავა უდგას სათავეში და რომლის ოცეულშიც ბევრი ახალი სახეა, სიაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის სახელი ისე შეიტანა, რომ მისი „ნებართვა არ ჰქონია“.

2024 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პოლიტიკურმა პარტიებმა დაასრულეს პარტიული სიების ცესკოში შეტანა. 26 სექტემბრის მონაცემებით, სია 19-მა პარტიამ წარადგინა. სწორედ ეს 19 სუბიექტი ეცდება პარლამენტის დაკომპლექტებას.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ექვსი მათგანის პარტიულ სიებს, სიახლეებსა და დანაკლისებს სიებში და სხვა საინტერესო დეტალებს.

„ქართული ოცნება“ - 170

„ქართულმა ოცნებამ“ 170 სახელისაგან შემდგარი სია წარადგინა ცესკოში.

თანაც ისე, რომ ახლანდელი საპარლამენტო უმრავლესობიდან 14 სახელი ამ 170-შიც არ მოხვედრილა. მათ შორის საზოგადოებამ მოისაკლისა:

  • არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ბექა ოდიშარია, მეათე მოწვევის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ელგუჯა გოცირიძე, კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი, „ჩაჩავას კლინიკის“ აქციონერი.

არ არიან არც კახა კახიშვილი, ხატია წილოსანი და სხვები.

თუმცა, „ოცნების“ თანახმად, მათ უმრავლესობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში უპირებენ გადაყვანას.

„მათი არყოფნის მიზეზი არის ერთადერთი: ამ 14-მდე ადამიანიდან სულ ერთი ან ორია ისეთი, რომელთანაც კონსულტაცია მათივე ნებით არ მიმდინარეობს აღმასრულებელ რგოლში ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 26 სექტემბერს, ცესკოში სიის წარდგენის შემდეგ.

მდინარაძემ ასევე დააზუსტა, რომ:

  • არჩილ თალაკვაძესთან „ძალიან სერიოზულ თემაზე“ მიმდინარეობს კონსულტაციები, - რასაც, ჯერჯერობით, შეთანხმებამდე, ვერ ამბობს;
  • ასევე ბექა ოდიშარიასთანაც;
  • კიდევ ერთ დეპუტატს, ხატია წილოსანს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შესთავაზა „ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე [მუშაობა] დიპლომატიურ სამსახურში“.

„ოცნების“ პირველ ოცეულს აკომპლექტებენ ბიძინა ივანიშვილი, მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, სხვა ერთგული კადრები და სახელოვანი სპორტსმენები რამდენიმე ახალ სახესთან ერთად.

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ მისი საპარლამენტო გუნდი იქნება „საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის“ გარანტი.

პირველი ოცეულის შემდეგ მოდის 30 „დელეგატი“. წელს მაჟორიტარული ოლქები აღარ არსებობს, „დელეგატების“ ცნება კი „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, სავარაუდოდ, ამ დანაკლისის ამოსავსებად.

დელეგატების სახელები 21-ედან 50-მდე ადგილამდე ანბანის მიხედვითაა დალაგებული, - სიმბოლურად, რათა რაიმე პრიორიტეტით არცერთი რეგიონის „დელეგატი“ არ სარგებლობდეს.

51-ე ადგილიდან 93-ემდე კი ის მოქმედი პარლამენტარები არიან, რომლებიც არც დელეგატებს შორის და არც პირველ ოცეულში არ ყოფილან.

არიან „ხალხის ძალის“ წევრებიც, ბიზნესმენები, იურისტები და „ოცნების“ გუნდის სხვა წევრები.

მმართველი პარტიის სრული საარჩევნო სიის ნახვა აქ არის შესაძლებელი:

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია არჩევნებზე მცირედ მოდიფიცირებული სახელწოდებით - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - და განახლებული შემადგენლობით გამოდის.

  1. სიის პირველი ნომერი თინა ბოკუჩავაა, პარტიის თავმჯდომარე, მოქმედი პარლამენტარი;
  2. მეორე ადგილზეა გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაუერთიანდა ყოფილ გუნდს;
  3. სოფო ჯაფარიძე - ექიმი სტომატოლოგი, ენმ-ის შედარებით ახალი სახე. ის 2021 წელს შეუერთდა პარტიას. იმ დროისათვის იგი ამბობდა, რომ არც კი იცნობდა მიხეილ სააკაშვილს. 2024 წლის ივლისში ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა.

ძველ სახეებს შორის ათეულში არიან კობა ნაყოფია (#4) და პეტრე ცისკარიშვილი, პარტიის ლიდერები 2003-12 წლების მმართველობის პერიოდიდან.

მეხუთე ადგილზეა გია ჯაფარიძე, - ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ძმა. ათეულში არიან სხვა პარტიების (ყოფილი) წარმომადგენლებიც. მაგალითად, გიგი წერეთელი (#7) - რომელიც „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის წასვლის შემდეგ ენმ-სთან დაბრუნდა; ასევე, პარლამენტარი თამარ კორძაია (#9), ყოფილი „რესპუბლიკელი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის ყველაზე მოულოდნელი სახე არის ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, სიის მერვე ნომერი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ („სოვლაბის“) მკვლევარი.

„აქამდე არნახულად კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას, ძალების კოორდინაციასა და საერთო ეროვნული ამოცანისათვის ბრძოლას - ყველა ჩვენგანის ვალად მივიჩნევ“, - წერს იგი.

მე-15 ადგილზეა კიდევ ერთი ისტორიკოსი, „სოვლაბის“ თანადამფუძნებელი, ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის აწ უკვე ყოფილი დირექტორი.

სიაში არიან მოქმედი დეპუტატებიც: მილიონერი კახა ოქრიაშვილი (#11 - აფთიაქების ქსელ პსპ-ის დამფუძნებელი), რამაზ ნიკოლეიშვილი (#12), პაატა მანჯგალაძე (#18, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და გუბაზ სანიკიძე (#20, ისტორიკოსი).

პარტიის ყოფილი თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ მე-14 ადგილზეა.

ახალ სახეებს შორისაა დიმიტრი ჩიქოვანი - 21-ე ნომრად. ის პარტიის სამდივნოს წევრია. არის თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულის“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა.

პარტიის სიაში უნებართვოდ მოხვედრილა აჰმედ იმამკულიევი, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიის მერობის კანდიდატი მარნეულში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

იმამკულიევი 2014 წლიდან 2017 წლამდე ენმ-ის წევრი იყო, შემდეგ კი, 2024 წლის ზაფხულამდე „ევროპული საქართველოს“ რიგებში ირიცხებოდა. პარტია მან ბოლოდროინდელი დაპირისპირების ფონზე დატოვა.

„ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას საპარლამენტო სიაში“, - დაწერა მან ფეისბუკზე. პარტიას ამაზე ჯერ განმარტება არ გაუკეთებია.

#4: „კოალიცია ცვლილებებისთვის“

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასა და ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას ახლად დაფუძნებული პარტია „ახალი“ სხვა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანდა და ჩამოაყალიბა „კოალიცია ცვლილებებისთვის - ახალი, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება“.

ალიანსის საარჩევნო სიაში ყოფნაზე უარი თქვა ნიკა გვარამიამ. „ვრჩები კოალიციის ლიდერადაც, მე ვრჩები პარტია „ახალის“ ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს“, - განაცხადა მან 25 სექტემბერს.

ყველასთვის მოულოდნელად, ამ ალიანსის პირველ ნომრად დაასახელეს ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების ერთ-ერთი სიმბოლო.

პარლამენტის გვერდით ევროკავშირის დროშით, წყლის ჭავლთან მისი ბრძოლის ფოტოებმა და კადრებმა მსოფლიო მედიის გვერდები მოიარა. იგი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში მუშაობს წამყვან სპეციალისტად. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღირსების მედლით ჰყავს დაჯილდოებული.

ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მეორე-მესამე ადგილებზე არიან.

ელენე ხოშტარია მხოლოდ მე-16 ნომერია. მისი პარტიიდან ხუთეულში არის გიგა ლემონჯავა (#4).

მეხუთეა „ახლის“ ახალი სახე, თენგიზ თევზაძე. მეექვსე - „გირჩი - მეტი თავისუფლების“ საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე.

მეშვიდე ნომერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი კირთაძე.

მას მოსდევს ივა ჭყონია - ბიზნესმენი, „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა „კოალიციას ცვლილებებისთვის".

ყოფილი „რესპუბლიკელი“ და მოქმედი დეპუტატი ხათუნა სამნიძე მეცხრე ადგილზეა.

ათეულის ბოლოს კი მწერალი და მთარგმნელი ოქტაი კაზუმოვია გამწესებული. ის აქტივისტური ჯგუფის, „სალამის“ წევრია.

#9: „ძლიერი საქართველო“

„ლელოს“ გარშემო შეკრულია კოალიცია ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან შეუთანხმებლობის შემდეგ მხოლოდ ოთხი სუბიექტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გადის არჩევნებზე:

  1. „ლელო“,
  2. ანა დოლიძის „ხალხისთვის“,
  3. ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და
  4. ახლად შექმნილი „თავისუფლების მოედანი“.

სიაში ადგილებიც ამ გაერთიანებების შესაბამისად არის გადანაწილებული.

სიას სათავეში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უდგას. „ლელოს“ თანადამფუძნებელი და ხაზარაძის უახლოესი პარტნიორი, ბადრი ჯაფარიძე მესამე ადგილზეა.

მეორეა ანა დოლიძე. მეოთხე - ანა ნაცვლიშვილი, „საიას“ ყოფილი თავმჯდომარე და „ლელოს“ პარლამენტარი.

შემდეგ, მე-5 ადგილზე, მოდის ლევან ცუცქირიძე, „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი. სწორედ მის საჯარო განცხადებებს უკავშირებდნენ გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებების ჩაშლას.

პარტიის სახეები, ირაკლი კუპრაძე (გენერალური მდივანი) და საბა ბუაძე (თბილისის საკრებულოს წევრი) მე-6 და მე-8 ადგილებზე არიან.

მეშვიდე ადგილზეა ქეთევან თურაზაშვილი, ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელი.

თავად ალეკო ელისაშვილი მე-20 ადგილზეა.

მეცხრეა სალომე სამადაშვილი, მეათე კი - დავით რაქვიაშვილი, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას უშიშროების საბჭოს მდივანი.

„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიაში არ არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 25 სექტემბერს შეუერთდა ალიანსს. თუმცა მან მაშინვე თქვა, რომ მისთვის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის საინტერესო.

დასახელებულ 26 წევრს შორის არ არის არც დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი.

#25 - „გახარია საქართველოსთვის“

გიორგი გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დამოუკიდებლად გადის არჩევნებზე.

პირველი ნომერი თავად გიორგი გახარიაა, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც მაშინ ტელეკომპანია „იმედი“ უწოდებდა, „სუპერძალოვანი მინისტრი“ და მოგვიანებით პრემიერი. გადადგომის შემდეგ კი - „მოღალატე“.

მისი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სიის მეორე ადგილზეა.

მესამე ადგილზეა დიმიტრი ცქიტიშვილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, რომელმაც პარტია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ „ოცნების“ მიერ პროპორციულ არჩევნებზე დაპირების დარღვევის შემდეგ დატოვა. მისი ავტორობით განხორციელდა შრომის კანონმდებლობის რეფორმა.

სიის მეოთხე ნომერია კახაბერ ქემოკლიძე, უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი და გახარიას დიდი ხნის თანამებრძოლი.

მეხუთე ნომერია ზვიად ძიძიგური, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი. ის იყო საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იგი, ცქიტიშვილთან ერთად, გახარიას პარტიის ახალი სახეა.

სიაში მეექვსეა ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

მეშვიდე-მერვე ადგილებზე არიან პარტიის ლიდერები, ანა ბუჩუკური და ბერდია სიჭინავა. პარლამენტარი ბექა ლილუაშვილი სიაში მეათეა.

მეცხრე ადგილას კი როინ ქოჩორაშვილია, როგორც გახარიამ უწოდა, გუნდის „საყრდენი ნახევარმცველი“. ის ესპანური „ლევანტესა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაა.

ექსპრემიერის დასახელებულ 30 წევრს შორის არ არის მიხეილ დაუშვილი, გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტარი.

პარლამენტარი თეონა აქუბარდია, გიორგი ვაშაძის პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყოფილი წევრი, გახარიას გუნდს აგვისტოში შეუერთდა. ის მეთერთმეტეა პარტიულ სიაში.

აქუბარდიას მოსდევს ლევან გოგიჩაიშვილი, „ოცნების“ ყოფილი პარლამენტარი.

გახარიას გუნდის ახალი სახეა ელგუჯა ხოკრიშვილი, „ოცნების“ პერიოდში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი. ის მე-17 ადგილას არის სიაში გამწესებული.

სიაში მეოცეა სოფია ხორგუანი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე.

პარტიის სლოგანი „ქართული ოცნების“ სლოგანის მოდიფიცირებული ვერსიაა: „ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ“.

#8 - „პატრიოტთა ალიანსი“

პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ წინა მოწვევის პარლამენტში ადგილები მოიპოვა, თუმცა ლიდერებმა შესვლაზე უარი განაცხადეს და მათ ნაცვლად შევიდნენ დეპუტატები, რომლებმაც მოგვიანებით „ევროპელი სოციალისტები“ დააარსეს.

ახლა ის თანამოაზრეებთან ერთად იყრის კენჭს. მათ შორისაა „ალტ-ინფო“/„კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საჯარო რეესტრმა რამდენიმე თვის წინ გააუქმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ორი საკვანძო ლიდერიდან ერთ-ერთი, დავით თარხან-მოურავი სიაში არ არის.

პირველი ნომერია ირმა ინაშვილი. მეორე-მესამე - გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, ალიანსის ძველი წევრები.

ალტ-ინფო და პატრიოტთა ალიანსი. 2024 წლის 24 ივნისი
ალტ-ინფო და პატრიოტთა ალიანსი. 2024 წლის 24 ივნისი

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ზურაბ მახარაძე, „ალტ-ინფოს“ ლიდერი, მეექვსეა სიაში.

ოცეულში არ არის კოკა მორგოშია, „ალტ-ინფოს“ მეორე ლიდერი, რომელსაც „მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე დაუწესეს სანქციები. მაგრამ არის მისი ძმა, ირაკლი მორგოშია - მე-7 ნომრად.

"ალტ-ინფოს" ლიდერებიდან სიაში არიან: გიორგი ქარდავა (#5), ირაკლი მარტინენკო (#8) და მისი ძმა შოთა მარტინენკო (#12). მეათე ნომერია მსახიობი გია კორკოტაშვილი. სიაში მეცხრე ნომრად წერია ლევან ჩაჩუა, „ქართული იდეის“ ყოფილი თავმჯდომარე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG