Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ირჩევენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად? - პარლამენტი მესამე კენჭისყრისთვის ემზადება


ფოტოილუსტრაცია: თბილისის სააპელაციო სასამართლო
ფოტოილუსტრაცია: თბილისის სააპელაციო სასამართლო

30 მაისს პარლამენტი კიდევ ერთხელ ეცდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩიოს. მესამე კენჭისყრაზე 4 კანდიდატს, რუსუდან კვინიკაძეს, გოგა კიკილაშვილს, ლევან ნემსაძესა და ნინო ნიშნიანიძეს დააყენებენ. 

ეს ის ოთხი კანდიდატია, რომლებსაც 17 მაისის კენჭისყრაზე დანარჩენ 22 კონკურსანტთან შედარებით უკეთესი შედეგები ჰქონდა - მათ მხოლოდ რამდენიმე ხმა დააკლდათ არჩევამდე.

17 მაისის კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო:

  • რუსუდან კვინიკაძე - 89 მომხრე;
  • გოგა კიკილაშვილი - 89 მომხრე;
  • ლევან ნემსაძე - 88 მომხრე;
  • ნინო ნიშნიანიძე - 87 მომხრე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 9 მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული მოსამართლეა. პარლამენტი 5 არამოსამართლე წევრს ირჩევს, ერთს კი - საქართველოს პრეზიდენტი. ხუთის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, რისთვისაც საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის დახმარება სჭირდება.

დარჩენილი კანდიდატები პარლამენტმა 18 მაისს ვერც მეორე მცდელობაზე აირჩია და კენჭისყრის მესამე ტური ჩაინიშნა.

ვინ არიან კანდიდატები?

"2012 წლის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად არის​"

რუსუდან კვინიკაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი.

მისი წარმდგენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალგაზრდა ადვოკატები და საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრია.

რუსუდან კვინიკაძე
რუსუდან კვინიკაძე

"2012 წლის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად არის​​"

ახალგაზრდა ადვოკატების მიერ გავრცელებულ ცნობაში რუსუდან კვინიკაძის შესახებ წერია, რომ 1983-დან 2019 წლამდე, დროის სხვადასხვა მონაკვეთში საქმიანობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სხვადასხვა თანამდებობრივ პოზიციაზე. 2019-2021 წლებში მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2022 წლის 10 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გასაუბრებაზე მისულმა რუსუდან კვინიკაძემ თქვა, რომ სამართლის სფეროში თეორიული და პრაქტიკული მუშაობის 39-წლიანი გამოცდილება აქვს. კვინიკაძემ საბჭოს ამჟამინდელი საქმიანობა დადებითად შეაფასა და, როგორც თქვა, არ ფიქრობს, რომ იქ რაიმე ცვლილება შეიძლება იყოს საჭირო:

"მიმაჩნია, რომ იქ ყველაფერი არის აბსოლუტურად ნორმალურად და გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობით. რაიმე განსაკუთრებული [მოსაზრება] არ გამაჩნია, რომ იქ რაიმე ცვლილებაა განსახორციელებელი”.

კანდიდატს სისტემურ პრობლემებზე არ უსაუბრია და დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კითხვას, 2012 წლის შემდეგ იუსტიციის საბჭოში ჩატარებულ რომელ რეფორმას გამოყოფდა პოზიტიურ თუ ნეგატიურ კონტექსტში - ასე უპასუხა:

"2012 წლის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად არის, პროგრესულად არის, მეტი ნდობაა საზოგადოების და ყველაფერი კანონის შესაბამისად და ნორმალურად მიმაჩნია, რომ არის".

გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი)

კანდიდატი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარადგინა.

გოგა კიკილაშვილი
გოგა კიკილაშვილი

"პროცედურები გახდა გამჭვირვალე, ღია"

გოგა კიკილაშვილის თქმით, მისი პროფესიული კარიერა მინიმუმ 10 წელს ითვლის და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინპსექციაში, სამსახურებრივი სამმართველოს მრჩევლის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო.

გასაუბრებაზე კიკილაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ადვოკატად მუშაობს, ამას გარდა, 2020 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრია. მისივე სიტყვებით, ამ პოსტიდან გამომდინარე, სრულად ჩართულია ყველა იმ პროცესსა და რეფორმაში, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტარდება.

კანდიდატმა გასაუბრების დროს პოზიტიურად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწყობისა და დაკომპლექტების წესი და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე არსებული მოდელი პოლიტიკური აქტორებით იყო გაჯერებული, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საფრთხეს ჰქმნიდა.

"მივესალმები იმ მოდელს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს უმრავლესობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს მაინც სასამართლო ხელისუფლებაა და სწორია, რომ მოსამართლეები აკომპლექტებენ უმრავლესობას. ასევე, რაც ყველაზე გამორჩეულია, პროცედურები გახდა გამჭვირვალე, ღია".

ლევან ნემსაძე - სამართლის დარგის სპეციალისტი

იგი "სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ" და "თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაციამ" წარადგინა.

ლევან ნემსაძე
ლევან ნემსაძე

"მოსამართლეები დღეს დამოუკიდებლები არიან"

ნემსაძემ პრეზენტაციის დროს თქვა, რომ სასამართლო სისტემაში მუშაობა 2008 წლიდან, მცხეთის სასამართლოში, მანდატურის პოსტზე დაიწყო, შემდეგ დაწინაურდა და სამსახურის უფროსი გახდა. 2011 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა, სადაც ჯერ კანცელარიის განყოფილებაში სექტორის უფროსად, შემდეგ კი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსად მუშაობდა. 2015-22 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი იყო, სადაც თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტში ხარისხის მართვის სამმართველოს და სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.

“მე ვფიქრობ, მოსამართლეები დღეს დამოუკიდებლები არიან", - თქვა კანდიდატმა გასაუბრებაზე და დაამატა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაა.

"ზოგადად, როცა მოსამართლე უვადოდ ინიშნება, კანონის მიხედვით განსაზღვრულ ასაკის მიღწევამდე, რა თქმა უნდა, ეს მისთვის მეტი თავისუფლების მომტანია, მას იმ ასაკამდე ვერავინ შეეხება, ვერავინ გადააყენებს. ავტომატურად, ასე ვთვლი, რომ რაც უფრო მეტად დაცულია მოსამართლე, ეს მეტად ამაღლებს მის დამოუკიდებლობის ხარისხს… მოსამართლეების ინდივიდუალური დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას უწყობს ხელს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მოსამართლეებიც არიან და სასამართლო სისტემაც დამოუკიდებელია".

კანდიდატმა სისტემაში არსებულ გამოწვევად სასამართლოს გადატვირთულობა დაასახელა და დასძინა, რომ ეს ხალხის მხრიდან ნდობას უკავშირდება:

"ისევ გავდივართ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მიუკერძოებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს იმედი არ აქვს [ადამიანს], სარჩელსაც არ შეიტანს".

ნინო ნიშნიანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

იგი “საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირმა” წარადგინა.

ნინო ნიშნიანიძე
ნინო ნიშნიანიძე

"გავლენის ჯგუფები არის ყველა ორგანიზაციაში"

ნინო ნიშნიანიძემ, კითხვა-პასუხის დროს, სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საბჭოდან უნდა გამოიყოს ვინმე, ვინც საზოგადოებამდე მიიტანს "საღ ინფორმაციას" საბჭოს საქმიანობაზე.

"რას გავაკეთებდი, თუ ამირჩიეს? პირველი, რაც მე ძალიან მაწუხებს, ესაა საზოგადოების უნდობლობა, რაც გამოხატულია სასამართლო ხელისუფლების მიმართ, უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ, როგორცაა სასამართლო ხელისუფლება.

განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, უნდა გამოიყოს სპიკერი, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არადამაზიანებელ, საღ ინფორმაციას მიიტანს საზოგადოებამდე და გარკვეული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას, თუ რა სამუშაოს ასრულებს და რა ღონისძიებები მიმდინარეობს სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისათვის".

ნიშნიანიძე ამბობს, რომ "ვერ იტყვის", არსებობს თუ არა სასამართლოში "გავლენიანი ჯგუფი" და ფიქრობს, რომ ასეთი ჯგუფები ყველა ორგანიზაციაში შეიძლება არსებობდნენ.

“მე არ გავურბივარ ამ კითხვას, მაგრამ ძალიან უხერხული სიტუაცია იქნება, გიპასუხოთ ამ კითხვაზე იმ ორგანიაზაციასთან, ინსტიტუციასთან მიმართებით, სადაც არცერთი დღე არ მიმუშავია. ვერ გეტყვით. თუ ამირჩევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, მე ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებებზე ვაგებ პასუხს.

მე მიმაჩნია, რომ გავლენის ჯგუფები არის ყველა ორგანიზაციაში ალბათ, სადაც არის სუბორდინაციის მომენტი. ასე რომ, მივაყენო შეურაცხყოფა ორგანიზაციას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელსაც პატივს ვცემ, რომლის წევრი მინდა გავხდე და თავიდანვე ასეთი პოზიცია გამოვხატო, არ იქნება სწორი.

ალბათ არის რაღაცა სუბორდინაცია, არის ალბათ რაღაცა მომენტები…”.

5-დამ უკვე არჩეული 3-ის კავშირები გავლენიან მოსამართლეებთან?

17 მაისს პარლამენტის მიერ არჩეული სამი არამოსამართლე წევრიდან ერთ-ერთი ზურაბ გურასპაშვილია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, მას გავლენიან და აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან აქვს კავშირი:

  • “2006-2010 წლებში ზურაბ გურასპაშვილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში იყო პროკურორი. ზუსტად ამ პერიოდში ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა კლანის ერთ-ერთი წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე;
  • ზურაბ გურასპაშვილის და მისი მეუღლის სოციალური ქსელის Facebook-ის მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ მათ კავშირი აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან ლანა თევზაძესთან. საგულისხმოა, რომ ლანა თევზაძე თავის მხრივ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა.
  • გურასპაშვილი ირაკლი შენგელიასთან ერთად მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში".

გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია წერს, ზურაბ გურასპაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ცოლი თამარ ბლიაძე 2022 წლის მაისამდე თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის - სხდომის მდივანი იყო, 2022 წლის მაისიდან კი იგი მოსამართლის თანაშემწედ დაწინაურდა.

მეორე არჩეული წევრი გიორგი გზობავაა, რომლის კანდიდატურა პარლამენტს “ახალგაზრდა ადვოკატებმა” წარუდგინა. იგი საბჭოს წევრობამდე ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, გიორგი გზობავას პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემურ გამოწვევებზე და ყურადღება მხოლოდ ისეთ ტექნიკურ-ლოგისტიკურ პრობლემებზე გაამახვილა, როგორიცაა არასაკმარისი სასამართლო დარბაზები, თარჯიმნების ნაკლებობა, კომპიუტერული ხარვეზები და სხვა.

მესამე არჩეული არამოსამართლე წევრია ტრისტან ბენაშვილი. ორგანიზაციამ მასსა და გავლენიან სანქცირებულ მოსამართლეებს შორისაც აღმოაჩინა კავშირები, კერძოდ, ტრისტან ბენაშვილი 1999-2005 წლებში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესა და ირაკლი შენგელიასთან ერთად სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში.

კანდიდატზე ინფორმაციას ავრცელებს ასევე ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“. როგორც ორგანიზაცია წერს, პარლამენტში გასაუბრებისას ტრისტან ბენაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში "რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, არის და იქნება". მისივე აზრით, ნელ-ნელა, მაგრამ სასამართლო მაინც ვითარდება. ამის რწმენის საფუძველს მას აძლევს საქართველოს კონსტიტუციაში და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ბოლო დროს შესული ცვლილებები.

მანაც, კანდიდატ ლევან ნემსაძის მსგავსად, სასამართლოს მიმართვიანობის ზრდა, სისტემის მიმართ ნდობას დაუკავშირა.

"თუ ავიღებთ სტატისტიკას, ყოველ თვე, ყოველ წელს იზრდება მიმართვიანობის სტატისტიკა. თუ [სასამართლოს მიმართ] ნდობა არ არსებობს, შესაბამისად, სარჩელებიც არ შევა. ამას მოწმობს სასამართლოს სტატისტიკა ადმინისტრაციული მიმართულებით, როდესაც 60-65% შემთხვევებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები იგებენ სასამართლო პროცესებს და უამრავი სხვა ფაქტორი მოწმობს ამას. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, შესაბამისი კვლევები. ავიღოთ მაგალითად „იფსოს ფრანსის“ კვლევა და სხვა", - ამბობს კანდიდატი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, საბჭოს სიღრმისეულ რეფორმასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12-დან მე-3 შესასრულებელი რეკომენდაციაა.

რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები?

პარტიის "საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდი დარჩენილი 4 კანდიდატიდან არცერთს არ უჭერს მხარს.

"არ გვჯერა, რომ ის კანდიდატები არიან, ვინც დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები იქნებიან, ვინც არ შეუწყობს ხელს გავლენის ჯგუფის ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცებას. გასაუბრებიდან გამომდინარეობდა, როგორი იყო მათი პოზიციონირება, მიდგომები, რა პრობლემებს ხედავდნენ სასამართლო სისტემაში, რის გამოსწორებაზე იმუშავებდნენ. ამ კითხვა-პასუხიდან შეგვექმნა ეს შთაბეჭდილება", - ეუბნება დაუშვილი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ მისი პარტია მანამდე გიორგი ბურჯანაძის, მეორე ეტაპზე კი, სულხან სალაძისა და კახა წიქარიშვილის კანდიდატურებს უჭერდა მხარს.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ თემაზე მმართველ პარტიასთან კონსულტაციებს აზრი არ ჰქონდა და ასეთი, მისი ინფორმაციით, არც გამართულა.

"ვინმემ ვინმესთან რაიმე თუ ილაპარაკა, არ ვიცი. კონსულტაცია რომც გამართულიყო, ჩვენი გუნდი მასში მონაწილეობის ვერანაირ შინაარსს ვერ ვხედავდით. იმ 4 ადამიანზე რაზე უნდა ვიმსჯელოთ და რაზე ვილაპარაკოთ, ძნელად წარმოსადგენია.

ერთადერთი შინაარსი, რაც შეიძლებოდა დაგვენახა, არის ის, რომ ხელახლა გამოცხადებულიყო კონკურსი, 2 ახალი რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატის ასარჩევად".

"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თავის დროზე "ქართულმა ოცნებამ" თავად არ გამართა ოპოზიციასთან კონსულტაციები და ეს მას შემდეგ მოინდომა, რაც მისთვის სასურველი კანდიდატები გადაიყვანა კენჭისყრაზე.

"გასული წლის ბოლოს იყო 2 შეხვედრა, ჩვენ იქაც ვამბობდით, რომ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანების ასარჩევად, კონსენსუსისთვის მზად ვართ. ეს პროცესი გაიჭედა, ჩვენ შემდეგომი თვეების განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდეთ ["ქართულ ოცნებას"] კონსულტაციების დაწყებისკენ... შემდეგ ყველამ ნახა, რაც მოხდა და ახლა გვაქვს ასეთი ვითარება: "ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური პროცესი, არ მოისურვა პოლიტიკური კომპრომისი ოპოზიციასთან. მან მოისურვა დახურულ კარს მიღმა დალაგება, ამ გზით უკანა კარიდან სამი წევრი შეიყვანა იუსტიციის საბჭოში, ამ გზით მეორე ტურში გადაიყვანა 4 ადამიანი. ახლა ოპოზიციას ეუბნება, მოდი ამ პროცესში შემომიერთდი და მიავაღწიოთ კონსენსუსსო. ეს ვერ შეფასდება და ვერ გაიყიდება, როგორც პოლიტიკური კონსენსუსისთვის მზაობა, ესაა ნაქურდალის განაწილებაში მონაწილეობის შეთავაზება. მე ამ პროცესში ოპოზიციის ადგილს ვერ ვხედავ", - ამბობს დეპუტატი.

მისივე თქმით, "ლელოს" საჯაროდ არ დაუსახელებია მისთვის სასურველი კანდიდატები, თუმცა, დღეს, მესამე ტურში გადასული ადამიანები არიან ისინი, ვინც მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" არის მისაღები.

  • "პირველ რიგში, პროცესია მიუღებელი, როცა ვსაუბრობთ კონსენსუსზე, უნდა შედგეს პოლიტიკური დიალოგი. ასეთი პროცესი ამ ყველაფერს არ უძღოდა წინ;
  • მეორე - ამ კანდიდატებს ვინმე თუ იცნობს რაიმე დამსახურებისთვის მართლმსაჯულების სისტემაში? თუ მათი კარიერის ბიოგრაფიის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაუცავს საჯარო ინტერესი რაიმე სტრუქტურაში და ვინმე ამის მაგალითს მოყვება, კარგი იქნება. საზოგადოება ამ ხალხს არ იცნობს. რა ნიშნით შეარჩია ისინი „ქართულმა ოცნებამ“? რა დამსახურებისთვის შეარჩია?"

"ეს ხალხი არსად მინახავს"

ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სფეროში მისი 13-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, არცერთ საჯარო დისკუსიასა თუ შეხვედრისას არ უნახავს ის კანდიდატები, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა.

"არცერთ დისკუსიაში, ეს იქნებოდა საჯარო შეხვედრები თუ პრეზენტაციები, ან მათ თუ ექნებოდათ რაიმე ღონისძიებები სასამართლოზე, მე ინფორმაციას არ ვფლობ და ეს ხალხი არსად მინახავს. თუ ასე აწუხებდათ სასამართლო და იყვნენ ინფორმირებულები, რაღაც კუთხით უნდა ემოქმედათ", - ამბობს ჯანეზაშვილი.

მისივე სიტყვებით, პერსონალურად არცერთ კანდიდატს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ერთ-ერთი მათგანი იუსტიციის სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრია:

"ოფიციალურად ეს არაა შემაფერხებელი, თუმცა კავშირებზე მიანიშნებს".

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში არამოსამართლე წევრის არჩევა უნდა ემსახურებოდეს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას და იმ გამოწვევების აღმოფხვრას, რაც სასამართლო სისტემაშია.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნის კონკურსში 31 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, შესაბამისად, 17 მაისს კენჭი უყარეს 29 კონკურსანტს;
  • ხმების საჭირო რაოდენობა მხოლოდ სამმა კანდიდატმა (ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი) მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავდა, ამიტომ კანდიდატების დასამტკიცებლად ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებოდა;
  • მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ მათი რიგებიდან დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას კანდიდატების დამტკიცებაში ეხმარებოდა, სხდომათა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს;
  • რამდენიმე საათში გაირკვა, რომ კენჭისყრის დროს კანდიდატების დანიშვნას ემხრობოდა ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით პარლამენტში შესული რამდენიმე დეპუტატი (ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე). ამის გამო ამ დეპუტატებს ფრაქცია დაატოვებინეს.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG