Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში - მოლოდინი და პარალელი


ქუჩაში კიდებენ ამერიკის და უკრაინის დროშებს ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის წინ. აშშ, 2022 წლის 21 დეკემბერი
ქუჩაში კიდებენ ამერიკის და უკრაინის დროშებს ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის წინ. აშშ, 2022 წლის 21 დეკემბერი

21 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის მე-300 დღეს პირველად დატოვა უკრაინა და აშშ-ში გაემგზავრა, სადაც უკრაინის ლიდერი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირისპირ ხვდება.

წინასწარი ინფორმაციით, ომში მყოფი უკრაინის არმიის უმაღლესი მთავარსარდალი მხოლოდ ერთი დღით გადის ქვეყანიდან, რომლის მრავალი ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, ხოლო ასიათასობით ადამიანს კვლავ დიდი შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია და გათბობის საშუალებები რუსეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგოობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო და საავიაციო იერიშების შედეგად.

„როდესაც ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა, მას შესაძლოა ზუსტად ისეთი განცდა დაეფლოს, როგორიც ჩერჩილს, რომელმაც საშობაოდ გაჩახჩახებული აშშ-ის დედაქალაქი იხილა უშუქო სახლში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ“, - წერს ტელეკომპანია CNN-ი და ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისეთივე გულთბილი დახვედრა ელის ვაშინგტონში, როგორც ომში მყოფი ბრიტანეთის იმდროინდელ ლიდერს, რომელიც ვაშინგტონში 1941 წლის 22 დეკემბერს ასევე სამხედრო დახმარების მოლოდინით ჩავიდა.

ზელენსკის ვიზიტამდე გახმოვანებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან მატარებლით ჩავიდა პოლონეთში, საიდანაც აშშ-ში თვითმფრინავით ჩაფრინდება. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უცნობია, თუ როდის დატოვა ზელენსკიმ კიევი და ზუსტად დღის რომელ მონაკვეთში ჩავიდა პოლონეთში.

ზელენსკის მშვიდობიანი ფრენა უსურვა აშშ-ის პეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც უკრაინის ლიდერს ოთხშაბათს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

„იმედია მაქვს, რომ მშვიდობიანი ფრენა გექნება, ვოლოდიმირ. მოხარული ვიქნები თქვენი აქ ნახვით. ჩვენ ბევრი რამის განხილვა მოგვიწევს“, - დაწერა ტვიტერში ჯო ბაიდენმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმაც სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა პირველი ცნობა თავისი ვიზიტის შესახებ „მივემგზავრები ვაშინგტონში, რათა განვამტკიცოთ უკრაინის თავდაცვითი პოტენციალი და წინააღმდეგობის უნარი“, - წერს ზელენსკი ტვიტერში.

ვაშინგტონისკენ ამ მოლოდინით მიმავალ უკრაინის პრეზიდენტს გზაშივე დაეწია კარგი ამბავი.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის ვიზიტის წინ თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინისათვის 1.8 მილიარდ დოლარის მოცულობის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს.

დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 1.8 მილიარდ დოლარს აღწევს. აქედან 1 მილიარდი საკუთრივ „პეტრიოტის“ ღირებულებაა. უკრაინისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზუსტი მახასიათებლები და მისი მოდიფიკაცია უცნობია, მაგრამ საზენიტო ბატარეა, ჩვეულებრივ, მოიცავს რვა გამშვებ მოწყობილობას ოთხი რაკეტით, რადარს და მართვის პუნქტს.

„უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისგან, პირველ ყოვლისა, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაძლიერებას ელიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის "მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორმა, რომელიც არ იზიარებს ვარაუდს, თითქოს ვაშინგტონი შეეცდება ზელენსკიზე ზეწოლას, რათა დაიყოლიოს იგი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე.

„შემთხვევითი არაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონისკენ ბახმუტის მონახულების შემდეგ გაეშურა. რადგან ამით მან (ზელენსკიმ), აჩვენა, რომ იგი დგას უკრაინის დამცველების გვერდით, არ ეშინია ფრონტის ხაზზე ჩასვლა, რითაც მან უბრალოდ კი არა დაუპირისპირა საკუთარი თავი ვლადიმირ პუტინს, არამედ, ფაქტობრივად, დაამტკიცა, რომ ხელმძღვანელობს ქვეყანას, რომელიც 300 დღეზე მეტია უსწორდება რუსეთის აგრესიას. ახლა თუ გავიხსენებთ იმ განცხადებებს, რაც რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის წინ [დასავლეთში] კეთდებოდა, დავინახავთ, რომ დასავლეთი სასტიკად ცდებოდა უკრაინის, როგორც თვითკმარი სახელმწიფოსა და მისი თავდაცვისუნარიანობის შეფასებაში. მაგრამ უკრაინამ ყველას დაუმტკიცა, რომ ის არის რუსეთის რეალური კონკურენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე. გარდა ამისა, უკრაინა, ფაქტობრივად, აწარმოებს ბრძოლას თავისი დამოუკიდებლობისთვის და მას სჭირდება წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც მახვილმა, ბოროტისა და კეთილის ბრძოლაში. და ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ში ორპარტიულ მხარდაჭერაზე საუბარი“, - განაცხადა ევჰენ მაგდამ.

ვაშინგტონში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებას, ხოლო ერთდღიანი ვიზიტის ბოლოს ზელენსკი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის მიწვევით, სიტყვით გამოვა კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე.

"აღფრთოვანებული თქვენი თვალსაჩინო ლიდერობით, კონგრესის ორპარტიული ხელმძღვანელობის სახელით მაქვს პატივი, გთხოვოთ 21 დეკემბერს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლა. ამერიკა და მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხის გმირობით. პუტინის საშინელი ბოროტმოქმედების წინაშე, უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლებმა მთელი მსოფლიო აღაფრთოვანეს იმ რკინისებური ნებისყოფითა და ურყევი სულით, რომლითაც რუსეთის სისასტიკეს და გაუმართლებელ შეჭრას იგერიებენ. უკრაინისთვის ბრძოლა, დემოკრატიისთვის ბრძოლას ნიშნავს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გაგზავნილ წერილში ნენსი პელოსი.

დასავლეთის მედიამ გაიხსენა მაისის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოულოდნელი ვიზიტი ომში ჩაფლულ უკრაინაში და ნენსი პელოსის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ჩვენი ვალია, თქვენ გვერდით ვიყოთ, სანამ ბრძოლა არ დასრულდება“, - თქვა კიევში მყოფმა პელოსიმ და დახმარების ამ მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს მასშტაბური (177 ტრილიონი დოლარის) სახელმწიფო ხარჯების შესახებ კონგრესში ინიციირებული კანონპროექტი, რომელშიც არის დებულება უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ.

ყოვლისმომცველი კანონპროექტი (Omnibus bill) აშშ-ის მთავრობამ სექტემბრამდე უნდა დააფინანსოს, და როგორც მოსალოდნელია, მას კენჭს უყრის წარმომადგენელთა პალატა და სენატი. მაგრამ სენატის რესპუბლიკელთა ნაწილი, ამ კანონპროექტით უკმაყოფილოა. ხოლო მას შემდეგ, რაც მომავალი წლის დასაწყისში რესპუბლიკელები კონტროლს დაამყარებენ წარმომადგენელთა პალატაზე, მათ შეუძლიათ შეაფერხონ უკრაინისთვის დამატებითი დახმარება, მაშინ როცა რუსეთი, შესაძლოა, ახალი იერიშებისთვის ემზადებოდეს.

„ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით“

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოხიდის საშუალებით არაერთი ქვეყნის პარლამენტს მიმართა, არაერთი სამიტისა, თუ საერთაშორისო კონფერენციის საპატიო ვირტუალური სტუმარი იყო. და ყველა გამოსვლაში ზელენსკი ხაზს უსვამს უკრაინის მზადყოფნას, რომ იბრძოლოს მანამდე, სანამ ოკუპანტები არ დატოვებენ უკრაინის მიწებს.

ემოციურად განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, ომიდან სულ რამდენიმე კვირაში, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ბრიტანეთის პარლამენტისადმი.

უკრაინის ლიდერმა გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, ასევე შექსპირი და თქვა, რომ მისი ქვეყანა ბოლომდე იბრძოლებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქალაქებში, ველებსა და მდინარეების ნაპირებზე.

ზელენსკის ეს მიმართვა 21 დეკემბერს აშშ-ის წამყვანმა ტელეარხმა CNN-მაც გაიხსენა, რომელმაც ერთგვარი ანალოგი დაინახა ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა ამჟამინდელ და უინსტონ ჩერჩილის 80 წლის წინანდელ ვიზიტებს შორის.

აღსანიშნავია, რომ უინსტონ ჩერჩილმა, განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში, აშშ-ის ნაპირს 1941 წლის 22 დეკემბერს ხომალდ ლინკორ Duke of York-ით მიაღწია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვირჯინიიდან თვითმფრინავით ჩაფრინდა ვაშინგტონში, სადაც იმავე დღეს პრეზიდენტ ფრაკლინ რუზველტს შეხვდა.

„მრავალი შეხვედრებისა და „ბრეინშტორმინგის“ შემდეგ... ორმა ლიდერმა დაგეგმეს გერმანიისა და იაპონიის იმპერიების განადგურება და საფუძველი ჩაუყარეს დასავლეთის ალიანსს, რასაც ჯო ბაიდენმა ახალი იმპულსი მისცა უკრაინისადმი თავის მხარდაჭერით“, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

უინსტონ ჩერჩილმა, რომელიც თვეობით ელოდა აშშ-ის ჩაბმას მეორე მსოფლიო ომში, რადგან იცოდა, რომ სწორედ ეს იქნებოდა ადოლფ ჰიტლერზე გამარჯვების გასაღები, ისტორიული სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე.

„სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებო, მოხარული ვარ, რომ თქვენ წინაშე გამოვდივარ იმ მომენტში, როდესაც თქვენი ქვეყანა ომში ებმება, რაც არის დადასტურება იმისა, რომ შესაფერისი იარაღითა და შესაფერისი ორგანიზაციით, ჩვენ შეგვიძლია ბოლო მოვუღოთ ამ გამძვინვარებულ ნაცისტს. ის, რასაც ჰიტლერი განიცდის ლიბიაში, არის მხოლოდ მაგალითი იმისა, თუ რა ბედი ელის და რა უნდა მიიღოს მან და მისმა თანამზრახველებმა ჩვენგან, დედამიწის ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც კი უნდა მიგვიყვანოს ამ ომმა... დაბოლოს... ჩემთვის ყველაზე უკეთესი ახალი ამბავი არის ის, რომ როგორც არასდროს, ისე ერთიანმა აშშ-მა იშიშვლა თავისუფლების მახვილი და მოისროლა ქარქაში“, - განაცხადა უინსტონ ჩერჩილმა 1941 წლის 26 დეკემბერს აშშ-ის კონგრესისადმი თავის მიმართვაში.

უკრაინის ლიდერი, როგორც ჩანს, აფასებს ისტორიულ პარალელებს. ბრიტანეთის პარლამენტსადმი თავის მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორედ უინსტონ ჩერჩილი გაიხსენა მარტის დასაწყისში ბრიტანეთის პარლამენტის წევრებისადმი თავისი ემოციური მიმართვის დროს:

„ჩვენ არ დავნებდებით, არ დავმარცხდებით, ჩვენ ბოლოდმე ვიბრძოლებთ“, - რითაც ზელენსკიმ მინიშნება გააკეთა ჩერჩილის გამონათქვამზე მეორე მსოფლიო ომის რთულ დღეებში: „არასოდეს დანებდე“.

რადგან რუსეთის ინტერვენცია ორი კვირის დაწყებული იყო, თავისი გამოსვლისას თემთა პალატის წინაშე, ვოლოდიმირ ზელენსკი, უსაფრთხოების გამო, იძულებული იყო საიდუმლოდ შეენახა თავისი ადგილსამყოფელი.

მაშინ უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის ხალხის სურვილს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და მოიხმო ცნობილი ფრაზა შექსპირის „ჰამლეტიდან“: „ყოფნა, არყოფნა? საკითხავი აი, ეს არის.“ „ო, არა, ეს შექსპირის შეკითხვაა, 13 დღის განმავლობაში შეიძლებოდა ამ შეკითხვის დასმა", - განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც დააზუსტა, რომ ახლა მას შეუძლია თქვას გარკვევით, "დიახ, ყოფნა!“

კოლექტიური დასავლეთის მძლავრი სამხედრო და ფინანსური დახმარების შემდეგ „ყოფნას“, უკვე „გამარჯვება“ დაემატა.

უკრაინა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ გაუძლო სწორედ ქვეყნის დამცველი კაცების და ქალების წყალობით და გაიმარჯვებს დღევანდელ მტერზეც, რაც მთელი უკრაინელი ხალხის გამარჯვება იქნება, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს, უკრაინის დამცველთა დღეზე გავრცელებულ თავის ვიდეომიმართვაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG