Accessibility links

logo-print logo-print

ვსვამთ აბს და ვაქრობთ კოვიდს - შეუძლია თუ არა ეს  მოლნუპირავირს? 


მივიღებ აბებს და კოვიდისგან განვიკურნები - სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს მალე შესაძლებელი გახდება. მათი იმედი ამჯერად მედიკამენტ მოლნუპირავირს (Molnupiravir) უკავშირდება.

რა უდევს საფუძვლად ოპტიმიზმს, რა მედიკამენტია Molnupiravir-ი და რამდენად შეძლებს იმედების გამართლებას?

ექსპერიმენტულმა წამალმა, მოლნუპირავირმა (Molnupiravir), რომელსაც სამედიცინო წყაროებში მოიხსენიებენ კოდით MK-4482/EIDD-2801, შესაძლოა სრულიად შეცვალოს კორონავირუსის სახიფათო თამაშის წესები.

სულ თავიდან, გასული საუკუნის 80-იან წლებში მოლნუპირავირი აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ემორის უნივერსიტეტში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს. ხოლო როცა მსოფლიოს COVID-19-მა შემოუტია, გაირკვა, რომ პრეპარატს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს SARS-CoV-2-თან ბრძოლაშიც.

ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ცხოველებზე (კვერნისებრთა ოჯახი) ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგები, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა:

  • მედიკამენტს შეუძლია 24 საათში დაბლოკოს ინფიცირებულის სხეულიდან ვირუსის გავრცელების პროცესი;
  • მედიკამენტი ამცირებს ვირუსის გამრავლებას სხეულში რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ) ზემოქმედების შედეგად.

2020 წლის აპრილში ჩატარებულმა პირველმა კვლევამ დაადასტურა, რომ საწყის ეტაპზე, დროული მიღების შემთხვევაში, მედიკამენტს (რიბონუკლეოზიდის ანალოგს) შეუძლია იხსნას ინფიცირებული ვირუსის გამრავლებისგან სასუნთქ გზებში და ასევე - ფილტვების დაზიანებისგანაც.

„ამ პრეპარატის მოქმედების მექანიზმით, ის ხელს უშლის რნმ-ს შემცველი ვირუსების რეპლიკაციას. მარტივად რომ ავხსნათ, ვირუსის არასწორი შტამების გამრავლების გზით ახდენს მათ დასუსტებას. ასე ვთქვათ, გამრავლებისას შეცდომის დაშვებას უწყობს ხელს და იმუნური სისტემა მერე იოლად ერევა ასეთ ვირუსებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს მოლნუპირავირი ადამიანების შემთხვევაში. აშშ-ში კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ფაზები კომბინირებულად მიმდინარეობს.

Nature microbiology-სა და clinicaltrials.gov-ის თანახმად, რომლებიც სამედიცინო სამყაროსა და მოხალისეებისთვის კვლევებთან დაკავშირებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს, მოლნუპირავირთან დაკავშირებული 4 კვლევა გათვლილია 3000-ზე მეტ პაციენტზე.

მოხალისეებს მედიკამენტის სამი სხვადასხვა დოზით ყოველ 12 საათში, 5 დღის განმავლობაში მკურნალობენ. მოწმდება მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ყველა პარამეტრი - როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ სივრცეში.

შედეგები ეტაპობრივად, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში გახდება ცნობილი და თუკი მოლოდინმა გაამართლა, მსოფლიო უკვე კოვიდი-19-ის წამლის ფართო წარმოებაზეც იფიქრებს.

ამ ეტაპზე არსებული ცნობები იმედისმომცემია ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორისთვის, ექიმ გიორგი ღოღობერიძისთვის. ეს ოპტიმიზმი იგრძნობა მის მიერ ახლახან ჩაწერილ მორიგ ვიდეობლოგში, რომელსაც სოციალურ ქსელში მრავალი ასეული ნახვა და გაზიარება აქვს.

როგორც ღოღობერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, COVID-19-ის 24 საათში ბლოკირება სენსაციური მაჩვენებელია და თუკი კვლევა სათანადო შედეგებს აჩვენებს - „დაავადებას წერტილი დაესმება“.

მისი თქმით, ეს ბევრ რამეს შეცვლის:

  • COVID-19 ვეღარ გამოიწვევს ადამიანების სიკვდილს, რადგან დაავადებას ეს მედიკამენტი ასუსტებს;
  • დაავადების მძიმე ფორმები აღარ გვექნება და დაავადება ბოლომდე მსუბუქად ჩაივლის;
  • ხალხს აღარ დასჭირდება კარანტინში ჩაკეტვა, რადგან დაავადებული ვეღარ გაავრცელებს ინფექციას სხვებზე;
  • აღარ იქნება აუცილებელი ვაქცინაცია - რადგან მედიკამენტი ვაქცინასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად მოქმედებს. ვაქცინის შემთხვევაში დრო უნდა იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

რამდენად მაღალია ალბათობა, რომ მოლნუპირავირი კვლევის დარჩენილ ეტაპებსაც წარმატებით გაივლის?

ბიძინა კულუმბეგოვი გვეუბნება, რომ „ეიფორია ნაადრევია“, რადგან კვლევების საწყის ეტაპზე პლაქვენილსაც საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები ჰქონდა.

„პლაქვენილი, ანუ ჰიდროქსიქლოროქინი და ქლოროქინი ვირუსის რეპლიკაციას მკვეთრად ამცირებდა და ამიტომაც გაჩნდა თავიდან იმედები, რომლებიც მერე არ გამართლდა...

ასევე დამაიმედებელი იყო თავიდან შიდსის წინააღმდეგ მოგონილი მედიკამენტი (კალიტრაც)... ასეთი მაგალითები, სამწუხაროდ, ბევრია და იგივე შეგვიძლია ვთქვათ რემდესივირზეც, მაგალითად... ვიდრე კვლევის საბოლოო შედეგები არ დაიდება, საზოგადოებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუჩნდეს ცრუ მოლოდინი“, - გვეუბნება კულუმბეგოვი.

კვლევის მეორე და მესამე ფაზები იოლად გადასალახი რომ არ იქნება, ამაზე თითქმის არავინ დავობს. თუმცა ისინი, ვისაც Molnupiravir-ის მომავლის სჯერა, ამბობენ, რომ, თუნდაც ცხოველებში კვლევების დონეზე, ჯერჯერობით ვერცერთმა პრეპარატმა ვერ მოახერხა 24 საათში დაებლოკა SARS-CoV-2-ის გავრცელება და, ამდენად, მოქმედების მექანიზმი მათთვის დამაიმედებელია.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG