Accessibility links

ზალკალიანი PACE-ზე: ევროსაბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრიორიტეტები და ვითარება კონფლიქტურ რეგიონებში


დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში 27 იანვარს სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე და შემდეგ დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი. საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში ისაუბრა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მნიშვნელობაზე - დოკუმენტის, რომლის 70-ე წლისთავიც წელს აღინიშნება. მისი გამოსვლის ოფიციალურ ქართულენოვან ვერსიაში ვკითხულობთ: „75 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, ოსვენციმ-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის ყველა მსხვერპლს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში შეძლონ ჰოლოკოსტის გაკვეთილის გააზრება ხოლო ჩვენ კი გავაორმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რათა მომავალმა თაობებმა ისწავლონ განსხვავებულობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა“.

ზალკალიანმა ასევე ისაუბრა პრიორიტეტებზე, რომლებსაც საქართველო დაისახავს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად ყოფნის პერიოდში. ესენია ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვა - და ამ ორ პრიორიტეტს შორის არსებული კავშირის გამოკვეთა, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შექმნა, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით. ზალკალიანის განცხადებით, ყველა ამ პრიორიტეტთან მიმართებით საქართველო შესაბამის ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას თავმჯდომარეობის პერიოდში.

ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროსაბჭოსთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის დამატებით ერთობლივ პროცედურაზე, საბიუჯეტო საკითხებზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე მიგრაციული პროცესების კონტექსტში, ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერძალადობასთან ბრძოლაზე.

„ევროპის საბჭოს მისიას წარმოადგენს ევროპაში ყველა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და ხელშეწყობა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. და მაინც, ჩვენ კვლავ ვხედავთ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება და სადაც მოსახლეობას წართმეული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს“, - ვკითხულობთ მინისტრის გამოსვლის ტექსტში.

„მინისტრთა კომიტეტი კვლავ ინტერესით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს. მინისტრთა კომიტეტმა მრავალჯერგააკეთა მოწოდება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის შესახებ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მნიშვნელოვანია სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იმედის მომცემია უკვე გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი, კერძოდ, ახალი დინამიკა ნორმანდიის ფორმატში და ტყვეთა გაცვლა დეკემბერში. მეორე მხრივ, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებით, განსაკუთრებით, უმცირესობების წარმომადგენლებთან მიმართებაში“, - ამბობს ზალკალიანი.

მისი გამოსვლის ტექსტში საუბარია ასევე საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტის ზონებში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე: „კომიტეტი განაგრძობს ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს, კერძოდ, გენერალური მდივნის მიერ წელიწადში ორჯერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ანგარიშებში ასახულ ფასეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გასული წლის ნოემბერში, კომიტეტმა გენერალური მდივნის ბოლო ანგარიშის განხილვა მოაწყო. განხილვისას, დელეგაციებმა დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს ჰქონდეს წვდომა კონფლიქტის ზონებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვა“.

ზალკალიანის გამოსვლის ტექსტი ასევე ეხება ბელარუსის საკითხს, რომელსაც ევროსაბჭო სიკვდილით დასჯის გაუქმებას სთხოვს და ზოგადად თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გამოსვლის დასრულების შემდეგ, ზალკალიანმა უპასუხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს, მათ შორის, შეკითხვას კონფლიქტური ტერიტორიების შესახებ. „ნება მომეცით ეროვნული წარამომადგენლობის ფარგლებში ... გაგაცნოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში ამჟამად არსებული ვითარება, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. სამწუხაროდ, გრძელდება ფაქტობრივი ანექსირების, ოკუპაციის პროცესები. პროგრესირებს მავთულხლართების ღობეების და ხელოვნური ბარიერების აგების პროცესი, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ. ახლახან საოკუპაციო ხაზს მიღმა პაციენტთან ჩასული ექიმის გატაცება და დაკავება აღმაშფოთებელი ფაქტი იყო. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოგვეპოვება, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია. რასაც ჩვენ სისტემატურად ვაკეთებთ, თქვენი მხარდაჭერით, სხვადასხვა ინსტრუმენტით, სხვადასხვა ჩარჩოთი. და ეს უნდა გაგრძელდეს, რათა გაიზარდოს ზეწოლა ძალაზე, რომელიც აკონტროლებს ... ამ ტერიტორიებს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG