ზელენსკი და კობახიძე, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს, როცა, თბილისის თანახმად - საუბრის სურვილი უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა.
საუბრის გაუხმაურებელი დეტალები დიდ ინტერესს იწვევს - კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე.
შეხვედრის ფორმატი
გავრცელებული ფოტოებითა თუ ვიდეომასალებით, ორი ქვეყნის ლიდერები სასაუბროდ ცალკე ოთახში არ განმარტოებულან და არც ჩამომსხდარან. საუბარი საერთო სივრცეში შედგა, დაცვის წარმომადგენლების მიერ შექმნილ რკალში - საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
დიპლომატიაში ამას Pull-aside meeting ჰქვია - მოკლე საუბარი ორ ლიდერს შორის, რაც, როგორც წესი, წინასწარი შეთანხმებით იმართება ფართო საჯარო ღონისძიებების - სამიტების, კონფერენციების პარალელურად. ასეთი არაფორმალური შეხვედრები მიზნად ისახავს სწრაფ, პირდაპირ კომუნიკაციას, ძირითადი ფორმატის მიღმა და ხშირად გამოიყენება მესიჯის გადასაცემად ან კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი ლაპარაკობს, დანარჩენები უსმენენ.
"საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო" - მიუთითებს მთავრობის ადმინისტრაცია.
"შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის გადაუჭრელი საკითხები ნამდვილად არსებობს. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და განაგრძობს საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და მისი ხალხის პატივისცემას. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალშიც", - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ X-ზე. ამავე სოციალურ პლატფორმაზე არ იძებნება ირაკლი კობახიძის მსგავსი პოსტი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.
კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო დახურულ ფორმატში გამართული “საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი”.
“სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის - პრობლემებთან დაკავშირებით";
“მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან და იქვე დაამატა რომ, ერევანში, მის განრიგში იყო წინასწარ შეთანხმებული ორი შეხვედრა და მათ შორის - ერთი სწორედ ზელენსკის მიერ ინიციირებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, ყოფილ დიპლომატს, მალხაზ მიქელაძეს უჭირს, რომ ერევანში გამართულ საუბარს წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა დაარქვას.
“იმედია, იმ დონეზე არ დავიდა ჩვენი დიპლომატიური სამსახური, რომ შეხვედრა შეათანხმეს დერეფანში და ვერ მოიძიეს მეზობელ სომხეთში თუნდაც ცალკე ოთახი… ქუჩაში რომ ორი ადამიანი შეხვდება იმ დონეზე გამოლაპარაკებას უფრო ჰგავს, ვიდრე შეხვედრას და როცა შენ შეხვედრად მონათლავ, წამგებიანია შენი ხელისუფლებისთვის - ეჭვის ქვეშ აყენებ, რომ საერთოდ რაიმე გაქვს სალაპარაკო უკრაინასთან და ეს ძალზე სამწუხაროა”, - ამბობს მიქელაძე რადიო თავისუფლების იუტუბ-პროექტში “გამოკითხვა”.
რაზე ილაპარაკებდნენ?
ერევანში გამართული საუბრის დეტალები არცერთ მხარეს არ გაუსაჯაროებია და არც ის დაუზუსტებიათ - რამდენ წუთს გაგრძელდა კომუნიკაცია.
დამატებითი ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ვერც საქართველოში უკრაინის საელჩოსგან მიიღო.
არადა, ინტერესი დიდია.
საუბრის შინაარსი აინტერესებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც და თავის ფეისბუკპოსტში მიანიშნებს ვერსიაზე - რომ უკრაინის მიმართ პოზიციების გადახედვა, უნგრეთის შემდეგ, შესაძლოა „რუსეთის შესუსტებას“ უკავშირდებოდეს.
„სალაპარაკო ორ ქვეყანას ნამდვილად ბევრი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადად პრობლემებში გადაზარდა „ქართულმა ოცნებამ“... საერთო ბედი გვაქვს ჩვენ და უკრაინას, საერთო მტერი გვყავს, საერთო წარსული გვაქვს და მომავალშიც საერთო გზა გვაქვს - როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი ზურაბ ბატიაშვილი; თუმცა ფიქრობს, რომ ახლა საზიარო ინტერესებზე მეტად „ქართულ ოცნებას“ სათავისო მოტივაცია ამოძრავებს.
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან, "ქართულმა ოცნებამ" თავისი ფსონი მთლიანად რუსეთზე დადო და გულშემატკივრობდა რუსეთს; მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა ფრონტის ხაზზე, უკრაინა სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ვხედავთ მის მიერ ჩატარებულ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს, მათ შორის - უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც... ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს რეალობა დაინახა და ახლა ცდილობს უკრაინასთან ურთიერთობების დათბობას, ყოველ შემთხვევაში - ამის იმიტაციას მაინც აკეთებს“, - ბატიაშვილის ვარაუდით, ზელენსკი შეხვედრისას დასვამდა შეკითხვას - „რატომ მტრობს „ქართული ოცნება“ უკრაინას, რომელიც რუსეთისგან გათავისუფლებას ცდილობს“. ანალიტიკოსს სწორედ მტრობად მიაჩნია ომში მყოფი ქვეყნის „დილიდან საღამომდე ლანძღვა“ და დიდ სირცხვილად თვლის - რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის ფოტოების გამოყენებას "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის სლოგანისთვის - "არა ომს, აირჩიე მშვიდობა".
კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრის ფონზე, უკრაინული მედია უკმაყოფილების რამდენიმე საფუძველს გამოყოფს:
- საქართველოს მთავრობა აღქმულია, როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი და რუსეთის დამხმარე, სანქციების გვერდის ავლით.
- კვლავ პატიმრობაშია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო.
იხსენებენ ასევე, რომ უკრაინის პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და მათ შორის, ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა - 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გამოცხადებული გადაწყვეტილებისა და პროევროპელი დემონსტრანტების სასტიკი ცემის შემდეგ - 2024 წლის დეკემბერში.
ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“. ამ სიაში იყო ირაკლი კობახიძის მამაც.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - რაც ევროინტეგრაციის აუცილებელი ეტაპია.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ზელენსკის კობახიძესთან შესაძლოა წამოეჭრა უკრაინის ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლის საკითხიც. უკრაინის პრეზიდენტმა ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი, თუმცა კარიერული დიპლომატი, მიხაილო ბროდოვიჩი ჯერ ისევ არ ჩამოსულა თბილისში.
ახალი ელჩის დანიშვნის ამბავს, იანვარში, თბილისიდან ისევ ხისტი რიტორიკა შეაგებეს.
“ომში ჩათრევა”
ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზადყოფნის გამოხატვასთან ერთად, თბილისიდან კიევის მისამართით რიტორიკის ჩვეული აქცენტები არც სომხეთში გამართული შეხვედრის შემდეგ შეცვლილა.
- „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, მარიამ ლაშხმა, 5 მაისს, პროსახელისუფლებო სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ - უკრაინა „უმადური განცხადებებით“ პასუხობდა თბილისის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე, ჰუმანიტარულ დახმარებას თუ ლტოლვილებისთვის გაკეთებულ საქმეებს.
- “ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის”, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და კვლავ გაიმეორა, რომ კიევს საქართველოს “ომში ჩათრევა” სურდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები არსად წასულა, მაგრამ „უნდა გავუფთხილდეთ“ ორ ქვეყნისა და მათი ხალხების დამაკავშირებელ ტრადიციულ მეგობრობას.
“პრობლემები რაც იყო რჩება, არსად წასულა არც ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. გუშინ არსებითად მეგობრულ საუბარზე ვიყავით კონცენტრირებული. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის პრობლემებთან დაკავშირებით. პრობლემები იყო და არსად წასულა, მომავალზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ”, - განაცხადა კობახიძემ მედიასთან, ერევნიდან დაბრუნების შემდეგ, 5 მაისს.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ამჟამად თბილისის მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინაში, წლებია, სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებს. 2026 წლის მარტის ბოლოდან ის უკრაინის ეროვნულ პოლიციაში იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც დაკისრებული აქვს უკრაინაში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს ფუნქციები.
ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილისთვის არაფერს ნიშნავს ირაკლი კობახიძის განმარტებები რომ - პირადად მას ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასოდეს მოუხსენიებია და რომ ყოველთვის უფრთხილდებოდა სიტყვებს ომში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ - მაშინ, როდესაც კობახიძის პარტიის წარმომადგენლები სიტყვიერად ესხმოდნენ თავს როგორც უკრაინას, ასევე უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკის.
უკრაინასთან ომის გამო “ქართული ოცნება” არა რუსეთის ფედერაციას, არამედ თავად უკრაინას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებდა. “ოცნების” მაღალჩინოსნებს არაერთხელ უთქვამთ, რომ -“უკრაინას ომის თავიდან აცილება შეეძლო” და "დიპ სტეიტის" გეგმით - “უკრაინა პაიკად გამოიყენეს”. პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ნათქვამი, რომ „დიპ სტეიტის” დაკვეთით დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც და რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომიც.
უკრაინული წყაროები ირაკლი კობახიძეს ხშირად პრორუს პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ და კრემლის რიტორიკას ამსგავსებდნენ მის გამონათქვამებსაც - მაგალითად "ღირსების რევოლუციასთან" დაკავშირებით [“ღირსების რევოლუციას” უკრაინაში უწოდებენ ევრომაიდანს, 2013 წლის ნოემბერში უკრაინაში დაწყებულ რევოლუციურ პროცესს, რაც იმდროინდელი პრეზიდენტის - იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმით იყო განპირობებული].
- 2024 წლის მაისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში” და რომ “[„მაიდნის“ შემდეგ] რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ...” უკრაინის "ღირსების რევოლუციის" შემდეგ, უკრაინის სათავეში იყვნენ პრეზიდენტები - პეტრო პოროშენკო [2014-2019 წლები] და ვოლოდიმირ ზელენსკი [2019 წლიდან];
- „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ“ - ესეც კობახიძის სიტყვებია.
ელჩების გამოძახება, გაწვევა
თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც დაძაბული იყო და თავდაპირველად ელჩი საქართველომ გამოიწვია. მთავარ მიზეზებს - თბილისი ექსპრეზიდენტს, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებდა.
"ქართული ოცნების" მთავრობამ უკრაინიდან მაშინდელი ელჩის - თეიმურაზ შარაშენიძის გამოხმობის გადაწყვეტილება 2020 წლის 8 მაისს მიიღო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელების გამო.
კონსულტაციები გახანგრძლივდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში - საქართველოს ელჩი არ ჰყავდა.
თეიმურაზ შარაშენიძე კიევში 2021 წლის 21 აპრილს დააბრუნეს [2021 წლის სექტემბრამდე]. ამას წინ უსწრებდა მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში, როცა მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. მაშინ რუსეთს სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული არ ჰქონდა, მაგრამ მზადება უკვე შეინიშნებოდა.
2021 წლის ოქტომბერში, უკრაინაში საქართველოს ახალ ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
ელჩმა ზაქარაშვილმა კიევი 2023 წლის ივლისში დატოვა. ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება - ელჩს „გადამჭრელი პროტესტი“ გამოუცხადეს და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზეს. მიზეზი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საპატიმროში.
2026 წლის 27 იანვარს, “ქართული ოცნების” საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ - 2023 წლის ივლისის დასაწყისიდან უკრაინის ელჩი ზაქარაშვილი დისტანციურად მუშაობს, თბილისიდან.
“საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამში, გიორგი ზაქარაშვილი 2023 წლის 6 ივლისიდან გამოძახებულ იქნა ქ. თბილისში კონსულტაციების გამართვის მიზნით. ელჩი თბილისიდან აგრძელებს დიპლომატიურ საქმიანობას”, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე - 2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია და მიზეზებად დაასახელა: საქართველოს მთავრობის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და სანქციების დაწესების მიმართ ხელისუფლების პოზიცია.
- 2022 წლის ივნისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი იგორ დოლჰოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ახალი ელჩი - გამოცდილი დიპლომატი, მიხაილო ბროდოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ დანიშნა; თუმცა ელჩის ჩამოსვლა ამ დრომდე გაჭიანურდა.
ფორუმი