Accessibility links

ზელენსკი და პოროშენკო. ვინ სად მოიგო


ხმების დათვლის პროცესი კიევში

უკრაინაში გრძელდება საარჩევნო ბიულეტენების დათვლა 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ხმების 78%-ის დათვლის შედეგებით, 30,40%-ით ლიდერობს შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 16,08%-ით, მესამეზე - ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო 13,24%-ით. ამ ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია. დათვლის პროცესის ბოლო საათებში შედეგები უმნიშვნელოდ არის შეცვლილი.

კანდიდატების მხარდაჭერა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია.

დასავლეთი უკრაინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველი ადგილი ერგო პეტრო პოროშენკოს. ის ლიდერობს ლვოვსა და ტერნოპოლში. ეს რეგიონები მიეკუთვნება ტერიტორიას, სადაც ძლიერია ნაციონალისტური და პროდასავლური განწყობები. ლვოვის ოლქში პოროშენკოს ერგო 36%. დასავლეთ უკრაინაში მდებარე ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში კი ლიდერობს ტიმოშენკო თითქმის 22%-ანი მხარდაჭერით, ხოლო როვნოსა და ვოლინში პირველ ადგილზეა ზელენსკი.

ვლადიმირ ზელენსკი
ვლადიმირ ზელენსკი

ცენტრალური უკრაინა

ქვეყნის ამ ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს ვლადიმირ ზელენსკი. ხშირ შემთხევაში, მეორე ადგილს იკავებს ტიმოშენკო, ხოლო მესამეს - პოროშენკო. მაგალითად, კიევის ოლქში ზელენსკის ერგო თითქმის 30%, მეორეზეა ტიმოშენკო 18%-ით.

აღმოსავლეთი უკრაინა

აქ კიდევ უფრო გამოკვეთილია ზელენსკის, როგორც ლიდერის პოზიცია. დნეპროპეტროვსკში მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45%-მა. აღმოსავლეთის რეგიონებში მეორე ადგილს ხშირ შემთხვევაში იკავებს იური ბოიკო (ყოფილი ვიცე-პრემიერი) მესამეს - პოროშენკო, ან ალექსანდრ ვილკული (ყოფილი ვიცე-პრემიერი).

კონფლიქტის ზონა და დანარჩენი დონბასი

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის დახმარებით მებრძოლ სეპარატისტებს აქვთ დაკავებული, არჩევნები არ ჩატარებულა. ხოლო დონბასის დანარჩენ ტერიტორიაზე ლიდერობს იური ბოიკო. პოროშენკო პირველ ადგილზეა

დონბასის სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისათვის გახსნილ უბნებზე კენჭისყრის შედეგებით. ის მცირე უპირატესობით უსწრებს ზელენსკის.

ანექსირებული ყირიმი

ნახევარკუნძულზე, რომელსაც 2014 წლის მარტიდან რუსეთი აკონტროლებს, არ ჩატარებულა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

საზღვარგარეთი

უკრაინის საზღვრებს მიღმა გამართული კენჭისყრის შედეგებით, უმრავლესობამ - 38%-მა - ხმა მისცა პრეზიდენტ პოროშენკოს. ზელენსკი მეორე ადგილზეა. 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გამართულ საარჩევნო პროცესში მონაწილეობდა 50 ათასზე მეტი ადამიანი.

ელექტორატის აქტივობა

კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 63,5% და აქტივობა საკმაოდ თანაბრად იყო განაწილებული.

არჩევნების მეორე ტური

იმის გამო, რომ კანდიდატებიდან ვერავინ მოაგროვა ხმების ნახევარზე მეტი, 21 აპრილს გაიმართება არჩევნების მეორე ტური პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატების, ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით. 31 მარტს გავრცელებული ცნობით, კანდიდატები დებატებს გამართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG