Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

400-ზე მეტი ინფიცირებული საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 აპრილს


ამირან გამყრელიძე: ჯერ პიკი არ არის

დადასტურებული შემთხვევა - 402

გარდაცვლილი - 4

გამოჯანმრთელებული - 95

კარანტინში - 4779

სტაციონარში - 561

„ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ, როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული“, - უთხრა „პირველ არხს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ მაღალი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ ქცევას მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში. „თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“, - ამბობს გამყრელიძე.

შეკითხვაზე, დაიკლებს თუ არა შემთხვევები სამი კვირის შემდეგ, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ პროგნოზირება რთულია.

წაიკითხე მეტი.

ბრმა ტყვია, დაკავებული პოლიციელი და მკვლელობა კომენდანტის საათის დროს

20 აპრილს, აღდგომის მეორე ღამეს, იმ დროს, როდესაც საქართველოში კომენდანტის საათი დადგა და ქუჩაში მოძრაობა აიკრძალა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

ზუსტად ამ დროს, დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ მოპირდაპირე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მინის ჩამსხვრევის ხმაზე ოთახში, სადაც 50 წლის თამარ ანთელავა და მისი მოხუცი დედა ისხდნენ, თამარის ქმარი და შვილი შედიან. ქალს ტყვია კეფაში აქვს მოხვედრილი. სიძე ამბობს, რომ იგი ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდათ.

„იყო პატარა, დაახლოებით, თეფშის გატეხვის ხმა. მოხუცი დედა წინ ეჯდა, იმან მოიხედა და ჰკითხა რა ხდებოდა. რომ არ გასცა ხმა, მერე ქმარი და შვილი გამოვიდნენ გვერდით ოთახიდან“, - უთხრა გარდაცვლილის სიძემ, თემურ პირველაშვილმა მთავარ არხს.

მომხდარიდან მეორე დღეს, დილიდან პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მის ვინაობას საგამოძიებო სტრუქტურები არ ამხელენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

პროკურატურა აღწერს მკვლელობის გარემოებებს - განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამმა პოლიციელმა საკუთარი ბინის აივნიდან იარაღიდან მოპირდაპირე კორპუსისკენ უმისამართოდ ისროლა. პოლიციელის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერიდან ირკვევა, რომ ნაპოვნია რამდენიმე მასრა, რაც რამდენიმე გასროლაზე მიანიშნებს. ოფიციალური განცხადებიდან არ ირკვევა, ვისი და რა ტიპის იარაღიდან მოხდა მკვლელობა.

წაიკითხე მეტი.

დღეს გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა აკრძალვა ავტომობილებზე

21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს აკრძალვა, რომელიც ავტომობილით გადაადგილებაზე ვრცელდება და მთელ ქვეყანას ფარავს. გადაწყვეტილება 17 აპრილს დღის 12 საათზე ამოქმედდა.

21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც. მის 10 მაისამდე გაგრძელებას ითხოვს პრემიერი, რომელზეც ჯერ პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო, შემდეგ კი საკითხი განსახილველად უკვე პარლამენტს გადაეცემა. საკითხს პარლამენტი 22 აპრილს უყრის კენჭს. მმართველი პარტია ამბობს, რომ ამ წინადადებას საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა ექნება. თუმცა განცხადებები მოწმობს, რომ ეს პროცესი ისე მარტივად არ წარიმართება, როგორც ეს 21 მარტს მოხდა. ამჯერად ოპოზიცია ხელისუფლებისგან ამ გადაწყვეტილების მეტად დასაბუთებას ითხოვს.

წაიკითხე მეტი.

მოთხოვნის კოლაფსის ფონზე, ნავთობის ფასი უკიდურესად დაეცა და ნეგატიური გახდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, ენერგიაზე მოთხოვნის კოლაფსის ფონზე ნავთობის ფასი აშშ-ში ორშაბათს ისტორიაში პირველად ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა, მოვაჭრეებს არ სურთ ნედლი ნავთობის ფლობა იმ პირობებში, როცა მისი შესანახი ადგილი არ არის.

სააგენტო ასოშიეიტედ პრესის თანახმად, ნეგატიურ ტერიტორიაზე ჩამოსვლა დიდწილად ტექნიკური მიზეზებითაა განპირობებული - მაისის მიწოდების კონტრაქტებს ვადა ეწურება, ვაჭრობის მოცულობის შემცირების პირობებში, რაც ხელს უწყობს მასშტაბურ ცვლილებებს.

ნავთობზე მოთხოვნამ იმდენად დაიკლო, რომ ნედლი ნავთობის შესანახი სივრცეები თითქმის სავსეა. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მყიდველებს უხდიან თანხას, რათა ნავთობისგან გათავისუფლდნენ.

"სჯობდა, რომ არ წავსულიყავი იმ დღეს" - ინტერვიუ 80 წლის ქალთან, რომელმაც COVID-19 დაამარცხა

„ძალიან რთული გზა გავიარე, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 80 წლის გიული ურუშაძე, რომელმაც კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19) დაამარცხა და საავადმყოფოდან 16 აპრილს გაწერეს. მის მდგომარეობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გარკვეულ ეტაპზე კრიტიკულადაც კი აფასებდა. გიული ურუშაძის ინფიცირება ე.წ.რომანოვების კლასტერსუკავშირდება. პროფესიით ინჟინერი, პროფესორი გიული ურუშაძე 1995 წელს მოკლული პოლიტიკოსის, სულიკო ხაბეიშვილის მეუღლეა. მას ლელა კუნჭულია ესაუბრა. ყოფილმა COVID ინფიცირებულმა პაციენტმა გაიხსენა სიმპტომები და მკურნალობის პროცესი, რომელიც მან უკვე წარსულში მოიტოვა.

წაიკითხე მეტი.

რატომ მიიჩნევენ, რომ ახალი კორონავირუსი შეიძლება უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გავრცელებულიყო? და საერთოდ, რამდენად სავარაუდოა ეგ ვერსია?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG