Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრმა ტყვია, დაკავებული პოლიციელი და მკვლელობა კომენდანტის საათის დროს


19 აპრილს, აღდგომის დღეს, იმ დროს, როდესაც საქართველოში კომენდანტის საათი დადგა და ქუჩაში მოძრაობა აიკრძალა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

ზუსტად ამ დროს, დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ მოპირდაპირე კორპუსში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მინის ჩამსხვრევის ხმაზე ოთახში, სადაც 50 წლის თამარ ანთელავა და მისი მოხუცი დედა ისხდნენ, თამარის ქმარი და ძმა შედიან. ქალს ტყვია კეფაში აქვს მოხვედრილი. სიძე ამბობს, რომ იგი ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდათ.

"იყო პატარა, დაახლოებით, თეფშის გატეხვის ხმა. მოხუცი დედა წინ ეჯდა, იმან მოიხედა და ჰკითხა რა ხდებოდა. რომ არ გასცა ხმა, მერე ქმარი და შვილი გამოვიდნენ გვერდით ოთახიდან", - უთხრა გარდაცვლილის სიძემ, თემურ პირველაშვილმა მთავარ არხს.

მომხდარიდან მეორე დღეს, დილიდან პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მის ვინაობას საგამოძიებო სტრუქტურები არ ამხელენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

პროკურატურა აღწერს მკვლელობის გარემოებებს - განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამმა პოლიციელმა საკუთარი ბინის აივნიდან იარაღიდან მოპირდაპირე კორპუსისკენ უმისამართოდ ისროლა. პოლიციელის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერიდან ირკვევა, რომ ნაპოვნია რამდენიმე მასრა, რაც რამდენიმე გასროლაზე მიანიშნებს. ოფიციალური განცხადებიდან არ ირკვევა ვისი და რა ტიპის იარაღიდან მოხდა მკვლელობა.

ამაზე საუბრობს მედია. რამდენიმე ნაციონალურმა მაუწყებელმა ერთმანეთის პარალელურად თქვა, რომ ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელმა, სოსო (სიმონ) გაბრიაძემ მეგობრებთან ქეიფის შემდეგ, ტაბელური იარაღიდან გაისროლა. მეზობელი სახლების მობინადრეები ყვებიან, რომ დღესასწაულებზე მათ სისტემატურად ესმოდათ სროლის ხმა.

"[პოლიციელს] ვუთხარი, რომ ახლა, ამ ახალ წელს ჩემს კონდიციონერს გაარტყა და შემდეგ ახალ წელს ფანჯარაში, რომ შემოაგდოს, რას იზამთ მეთქი?! საერთოდ რეაგირება არ ჰქონდათ... ეჭვი მაქვს, რომ მაგ პოლიციელმა ისროლა აქაც", - ყვება TV პირველთან ინტერვიუში კაცი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ ახალ წლის სროლის შემდეგ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პოლიციაშიც კი განაცხადა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პროკურატურამ გადაიბარა. ამ მომენტიდან შემსუბუქდა საქმის კვალიფიკაციაც - განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით შეიცვალა.

კვალიფიკაციის შემსუბუქებით პროკურატურამ სასამართლოს დაკავებულის გასამართლების ზედა ზღვარი დაუდგინა: "მოსამართლეს უფლება არ აქვს კვალიფიკაცია დაამძიმოს და ეს საქმე განზრახ მკვლელობით ვეღარ დაკვალიფიცირდება", - ამბობს ადამიანის უფლებებზე მომუშავე "უფლებები საქართველოს" იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

მას მიაჩნია, რომ პროკურატურა ლოიალურია პოლიციელის მიმართ, რადგან ეს შემთხვევა განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციას განეკუთვნება.

"განზრახ მკვლელობა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ვიღაცას იცნობ და გამიზნულად გინდა მოკვლა - არამედ, ცეცხლსასროლი იარაღის იმ მიმართულებით გასროლაა, რომელიც, დიდი ალბათობით, ადამიანს მოკლავს".

თუკი, დაკავებულს განზრახ მკვლელობის ბრალდებისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებოდა, ახლა, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის შესაძლოა ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა, ან სულაც ექვს თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა მიუსაჯონ. პოლიციელისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. სასამართლოზე გაირკვევა, მოითხოვს თუ არა პროკურატურა ბრალის წაყენების შემდეგ მისთვის პატიმრობის შეფარდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG