Accessibility links

თადუმაძის დიპლომი


ყალბია თუ ნამდვილი იურისტის დიპლომი, რომელიც მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ეკუთვნის და რომელსაც ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს?

9 ოქტომბრის საკომიტეტო მოსმენაზე, პარლამენტში, სადაც თადუმაძე სწორედ მოსამართლეობის კანდიდატად წარსდგა დეპუტატების წინაშე, მას სწორედ ამის მტკიცება მოუწია. იმ კითხვებზე პასუხის გაცემაც, რომლის თაობაზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 7 ოქტომბერს გაავრცელა: კერძოდ ის, რომ თადუმაძის დიპლომში არსებული არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, არეული თარიღები მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებდა.

რა შეუსაბამობა აღმოაჩინა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თადუმაძის დიპლომში?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გენერალური პროკურორის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

დიპლომში სწავლის დასრულების თარიღად 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს კი თავის ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული.

გენერალური პროკურორის დიპლომის მიმართ კრიტიკული კითხვები იმიტომაც გაჩნდა, რომ ორგანიზაციამ დიპლომის ასლი თვეების განმავლობაში ვერ მიიღო:

  • მთავრობის ადმინისტრაციიდან;
  • საქართველოს პარლამენტიდან;
  • გენერალური პროკურატურიდან;
  • იუსტიციის სამინისტროდან;
  • ადვოკატთა ასოციაციიდან.

უარს სხვადასხვა მოტივი ჰქონდა.

საბოლოოდ, თადუმაძის დიპლომის ასლის მოპოვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხერხდა.

9 ოქტომბერს, პარლამენტში, შალვა თადუმაძის კანდიდატურის საკომიტეტო მოსმენისას, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ საჯაროდ კიდევ ერთი დოკუმენტი გააცნო იქ შეკრებილ საზოგადოებას. ეს იყო 2003 წლის 5 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სწორედ 2003 წლის 5 დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და ის გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი.

„ახლა რა სახელია მითითებული შალვა თადუმაძის თითქოს 1998 წელს გაცემულ დიპლომში?! არა ის სახელი, რომელიც ამ დაწესებულებას 1998 წელს ერქვა, არამედ ის სახელი, რომელიც მას 5 წლის შემდეგ უნდა მინიჭებოდა. ანუ დიპლომის გამცემმა იცოდა წინმსწრებად, 5 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით რა სახელი უნდა მინიჭებოდა ამ დაწესებულებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი!“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ და თადუმაძეს მოუწოდა არა მხოლოდ მოხსნას კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კონკურსიდან, არამედ, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდანაც.

თადუმაძის პასუხი: არის თუ არა ეს დიპლომი?

- პირდაპირ რომ მოვყვე დიპლომის ამბავი? - კითხვაზე კითხვით უპასუხა 9 ოქტომბერს შალვა თადუმაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის შეკითხვებს თადუმაძის დიპლომზე.

- 1978 წელს ხართ დაბადებული, 1993 წელს 15 წლის იყავით. როგორ მოხდა, რომ სტუდენტი გახდით?

შალვა თადუმაძის ვერსია მისი იურისტობის დამადასტურებელი დიპლომის შესახებ ასეთია:

თადუმაძემ სკოლა 1994 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩააბარა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტიტი. თადუმაძის სიტყვებით, ამ ინსტიტუტს ჰქონდა უფლება გამოეშვა სტუდენტები სამართალმცოდნის კვალიფიკაციით.

1994 წელს მიღებული კანონი ნებისმიერ სტუდენტს აძლევდა უფლებას ექსტერნად დაესრულებინა რომელიმე კურსი. თადუმაძემ ეს უფლება გამოიყენა, 1998 წელს გამოცდაზე გავიდა და დიპლომიც აიღო.

მაშინდელი კანონმდებლობით, განმარტავს თადუმაძე, დიპლომში აუცილებელი იყო მითითებული ყოფილიყო არა ის, თუ როდის ჩააბარა სტუდენტმა, არამედ სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა.

„1998 წელს მე დავამთავრე 5 წლიანი პროგრამა ექსპერნატის ფორმით, შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო მასში ჩაეწერა ხუთწლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა - ამიტომაც ჩაიწერა იქ 1993-1998 წლები. სწავლის დაწყების თარიღად დიპლომში მიმითითეს დრო, როცა ეს ინსტიტუტი არ არსებობდა, თუმცა ეს ჩანაწერი დიპლომში გაკეთდა მაშინ, როდესაც ეს ინსტიტუტი უკვე ფუნქციონირებდა. სხვა შესაძლებლობას მას 1997 წლის კანონი არ უტოვებდა“, - ასე უპასუხა თადუმაძემ მდინარაძის შეკითხვას.

რაც შეეხება გაურკვევლობას ინსტიტუტის სახელწოდების თაობაზე: თადუმაძის დიპლომში წერია, რომ მან ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტური დაამთავრა. თუმცა ეს სახელი მას 2003 წლიდან აქვს. თადუმაძემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

„1994 წელს მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად, ყველა შპს ვალდებული იყო, ჰქონოდა თავისი სახელწოდება, თუმცა, საწარმოს და იურიდიულ პირს კანონი არ უკრძალავს, რომ სამეწარმეო სახელად სხვა რამ გამოიყენოს. მე არ ვიცი, ვინ რა და როგორ ჩაწერა, იმიტომ, რომ მე ჩავაბარე “ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“, მე დავამთავრე ამ სახელწოდების ინსტიტუტი. საგადასახადოში რა ერქვა ამ შპს-ს, მე არ ვიცი, მაგრამ იმ დიპლომზე, რომელსაც თავისის სარეგისტრაციო ნომერი გააჩნია, მითითებულიაიგივე საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც მას ჰქონდა 2003 წელს. სარეგისტრაციო სახელი შეიძლება სხვა იყოს, საწარმოო სახელი კი სხვა - იურიდიულად, მაშინ, ეს შესაძლებლობა არსებობდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

როგორ დგინდება დიპლომი ნამდვილია თუ ყალბი?

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს.

ამისათვის საჭიროა, თავად დიპლომის მფლობელმა, ამ შემთხვევაში თავადა თადუმაძემ ამ მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა ცენტრში მიიტანოს ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი, პირადობის მოწმობა და მანვე დაწეროს განცხადება (ან ელექტრონულად შეავსოს) და გადაიხადოს მომსახურების საფასური, 26 ლარი. შემდეგ კი ცენტრს აქვს ერთთვიანი ვადა დოკუმენტის ნამდვილობის შესასწავლად.

ცენტრში განმარტავენ, რომ რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა, ამ თხოვნით მათ შეუძლია მიმართოს მხოლოდ:

  • დიპლომის მფლობელმა;
  • ან მინდობილმა პირმა.

ეს ერთი თვე კი ცენტრს სჭირდება იმისთვის, რომ შეისწავლოს კონკრეტული სასწავლებლიდან (ან თუ ის აღარ არსებობს, არქივიდან) გამოთხოვილი დოკუმენტები, შეადაროს ისინი იმდროინდელ კანონმდებლობას, გაარკვიოს რამდენწლიანი სასწავლო პროგრამა ჰქონდა აღნიშნულ სასწავლებელს და საბოლოოდ დაასკვნას, ხომ არ არის დიპლომი ყალბი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას ასევე უთხრეს, რომ დიპლომის სიყალბის დამტკიცების შემთხვევაში, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა და ის გამოსაძიებლად პროკურატურას ეგზავნება.

თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უკვე არის საფუძველი განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისათვის, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, თავად დაიწყოს მოკვლევა ამ საკითხზე.

„თადუმაძის პასუხი უკვე მოითხოვს შესაბამისი ორგანოსგან პასუხს - არის თუ არა მისი დიპლომი ნამდვილი. ეს არის ძალიან მნიშვნელვანი საკითხი, იმიტომ, რომ საუბარია უმაღლესი თანადებობის პირზე, რომელსაც ამავე დროს სურს მოსამართლეობა. ამ ამბავმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, დემოკრატიას და ა.შ.

რა ხდება მაშინ, თუ დადგინდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია?

მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, მან უნდა შეწყვიტოს კონკურსში მონაწილეობა და აღარ უნდა ეკავოს გენერალური პროკურორის თანამდებობა, რაც შეეხება სხვა საქმეების გადახედვას, რასაც მისი სახელი უკავშირდება, ეს უკვე კომპლექსური საკითხია და ინდივიდუალურად მიდგომა სჭირდება.

შალვა თადუმაძე არ არის მოქმედი ხელისუფლების პირველი მაღალჩინოსანი, ვისი დიპლომიც საყოველთა კრიტიკის საგანი გახდა. ერთ-ერთი იყო, მაგალითად, თადუმაძის ერთ-ერთი წინამორბედი ოთარ ფარცხალაძე.

ფარცხალაძის დიპლომი

2013 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს შვებულების შეწყვეტისა და მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა ოპოზიცია აცხადებდა, რომ ფარცხალაძეს არ გააჩნდა თანამდებობისთვის საჭირო მინიმალური კვალიფიკაცია, რომ ყალბი იყო მისი დიპლომი და რომ 1991 წელს, „ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს (რომელშიც ფარცხალაძე სწავლობდა) არ ჰქონდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

მაშინ მთავარმა პროკურორმა დიპლომის ასლიც გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ მან უნივერსიტეტში 1991 წელს ჩააბარა (როცა ის 15 წლისა იყო) და 1995 წელს დაამთავრა. მაშინდელი საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებდა, რომ ფარცხალაძემ სკოლა 1992 წელს დაამთავრა და 1991 წელს ვერ ჩააბარებდა.

წულუკიანის დიპლომი

შემდეგ იყო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დიპლომის სკანდალი.

იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ წულუკიანმა 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო რა განხრით. თსუ-მ მაშინ დაადასტურა, რომ წულუკიანმა ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით აიღო. ასე რომ, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლება მას იურისტის კვალიფიკაციას არ ანიჭებდა.

საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) კი, წულუკიანმა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (MPA) მოიპოვა. წულუკიანსაც ედავებდონენ იმას, რომ მას სამართალმცოდნის ხარისხი არ ჰქონდა.

საქართველოს კანონმდებლობით კი, იმისათვის, რომ პროკურორი გახდეს, პირს მოეთხოვება ჰქოდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობდეს სამართალწარმოების ენას, გავლილი ჰქონდეს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში (ან იურისტად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება) და ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის, სისხლის სამართალში.

მაშინ თეა წულუკიანმა გადაცემა „აქცენტებში“ თავისი დიპლომების ჩარჩოში ჩასმული ასლებიც მიიტანა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 8 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორი კანდიდატის, ზაზა თავაძის და მირანდა ერემაძის იურისტის დიპლომის ნამდვილობის საკითხი დააყენა და თქვა, რომ მათი უმაღლესი იურიდიული განათლების შესაბამისობა მოთხოვნებთან კითხვებს ბადებს.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საკმარისი არ არის და მათ მოეთხოვებათ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG