Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა ბაგრამის ბაზაზე


ბაგრამის ბაზა თავდასხმის შემდეგ
ბაგრამის ბაზა თავდასხმის შემდეგ

ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და სულ ცოტა 70 დაშავდა, ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალების მთავარ საავიაციო ბაზაზე ოთხშაბათ დილით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშის შედეგად.

დაშავებულებს შორის არიან ქართველი სამხედრო მოსასახურეებიც - მე-12 ბატალიონის ჯარისკაცები: გოჩა მურადაშვილი, სოსო კვინიკაძე, რომან გიუნაშვილი, ილია თაყაძე და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაული. საქართველოს სამხედრო უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქართული ქვედანაყოფი ბაგრამის ბაზაზე "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში ასრულებს საბრძოლო ამოცანებს, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძვიან ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ. ბაგრამის ბაზაზე აღმართულია სამხედრო პატრულირების დროს 2015 წლის 22 სექტემბერს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის მემორიალი.


„მან თავი გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ამით უკვდავყო საკუთარი სახელი“, - გვამცნობს მარმარილოს სადა ქვაზე ინგლისურად გაკეთებული წარწერა.

ავღანეთიდან ჩვენი წყაროებით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად, 11 დეკემბერს ქართველი ჯარისკაცები დაშავდნენ იმ დროს, როდესაც ბაგრამის ბაზის სარდლობის ბრძანებით მე-12 ბატალიონის მებრძოლებს, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, დაევალათ თავდამსხმელების მოგერიება. ოფიციალური ცნობით, ორი თვითმკვლელი მოიერიშე ოთხშაბათს, გამთენიისას დანაღმული ავტომობილებით, დაესხა თავს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.

თავდასხმას მოჰყვა ნახევარსაათიანი ინტენსიური სროლა „კოალიციური ძალების წარმომადგენლებსა და თავდამსხმელებს შორის, რომლებიც უშუალოდ ბაზაზე შეღწევას ცდილობდნენ“, - განაცხადა ვაჰიდ შაჰკარმა, ფარვანის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა.

ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ძალების სარდლობის ცნობით, თავდასხმა უდანაკარგოდ მოიგერიეს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა და კოალიციის პარტნიორებმა. იერიშისა და ორმხრივი სროლების შედეგად, გვარიანად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უფრო საიმედოდ დაცული ბაზის მახლობლად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ნაწილში მდებარეობს.

ავღანური წყაროების თანახმად, თავდამსხმელებმა ბაზის ტერიტორიაზე შესაღწევად გამოიყენეს ცნობილი ტაქტიკა.

„ექსტრემისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობით გაანადგურეს ერთ-ერთი უსაფრთხოების პოსტი და აფეთქების შედეგად კედელში წარმოქმნილი ხვრელით შეაღწიეს ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ბრძოლაში ჩაებნენ უსაფრთხოების ძალებთან,“- ასეთ ცნობას ავრცელებს ბაგრამის რაიონის გამგებელი ჰაბი აბდულ ყუდუსი.

ყველა ეს ცნობა ერთად აღებული აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ტერორისტებისათვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება ბაგრამის ბაზა, სადაც გვერდიგვერდ მდებარეობენ კოალიციის მთავარი დამრტყმელი ძალა - ამერიკული ავიაცია და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ავანგარდული ნაწილი.

11 დეკემბრის თავდასხმა კიდევ ერთი რამით არის მნიშვნელოვანი. თუ მანამდე ექსტრემისტები, ძირითადად, გარედან უშენდნენ ცეცხლს ბაზას ანდა ჩასაფრებიდან ესხმოდნენ თავს მოკავშირეთა მოძრავ პატრულს, ამჯერად მათ დანაღმული ავტომობილების გამოყენებით სცადეს ბრძოლით შეჭრა ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ სამხედრო ბაზაზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი დაჯგუფება დგას ამ თავდასხმის უკან, ანდა რა იყო მოიერიშეების მთავარი მიზანი - მხოლოდ ჰოსპიტლის განადგურება, თუ უფრო ღრმად შეღწევა ციტადელში, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად ასევე მდებარეობს ცნობილი საპატიმრო, რომელშიც, ავღანეთის ხელისუფლებას, საშიში დამნაშავეები, ტერაქტებში ბრალდებული ექსტრემისტები და მათთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები ჰყავს იზოლირებული.

სწორედ ბაგრამის საპატიმროში იხდიდა სასჯელს სამი გავლენიანი თალიბი, მათ შორის „ჰაყანის“ ქსელის ლიდერი, სირაჯუდდინ ჰაყანის უმცროსი ძმა, ანას ჰაყანი, რომელიც ავღანეთის მთავრობამ ქაბულის ამერიკული უნივერსიტეტის ორი პროფესორის გათავისუფლების სანაცვლოდ, 12 ნოემბერს, გაათავისუფლა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG