Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომა ბაგრამის ბაზაზე


ნატოს კოალიციური ძალების ყველაზე დიდ ავღანურ ბაზაზე, ბაგრამის სამხედრო აეროდრომზე მდებარე ქართული შტაბის წინ, აღმართულია სამხედრო პატრულირების დროს 2015 წლის 22 სექტემბერს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის მემორიალი. „მან თავი გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ამით უკვდავყო საკუთარი სახელი“, - გვამცნობს მარმარილოს სადა ქვაზე ინგლისურად გაკეთებული წარწერა. ასეთი მემორიალიებით მოფენილია არა მხოლოდ ბაგრამის, არამედ ნატოს კოალიციური ძალების ქაბულის, მაზარი-ი-შარიფის, ჰერათის, ლაგრამისა და ყუნდუზის ბაზები. ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი“ (ISAF) თუ „მტკიცე მხარდაჭერის“ (RSM) მისიების განმავლობაში მრავალეროვნულმა ძალებმა 4000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში აგებული საავიაციო ბაზა 2001 წლიდან ამერიკის სარდლობით მოქმედმა ნატოს კოალიციამ კიდევ უფრო გააფართოვა, უზრუნველყო ულტრათანამედროვე ლოგისტიკით, აღჭურვა დაზვერვის რადარული, მიწისზედა და საჰაერო (დირიჟაბლების) სისტემით, შემოავლო 800 კილოგრამი ტროტილის აფეთქებაზე გათვლილი რკინა-ბეტონის კედლები და 25 კილომეტრი რადიუსის მქონე ტერიტორია, სადაც 20 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს, კოალიციური ძალების მთავარ საავიაციო ბასტიონად აქცია. სხვათა შორის, სწორედ ბაგრამის ბაზაზე მდებარეობს საიდუმლო ციხე, რომელშიც საშიში დამნაშავეები, ტერაქტებში ბრალდებული ექსტრემისტები და მათთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები არიან იზოლირებული.

შესაბამისად, თალიბანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც სწორედ ბაგრამის ბაზა და მასზე განლაგებული ნატოს სამხედრო ავიაციაა. ჩინური თუ რუსული წარმოების ყუმბარები, რომლებსაც ექსტრემისტები თვითნაკეთი დანადგარებიდან უშენენ, ბაგრამის ბაზას პრაქტიკულად არანაირ ზიანს არ აყენებს. მაგრამ ბაზის გარე პატრულირების დროს მახლობლად მდებარე ბაღებში ექსტრემისტები ხშირად აწყობენ ჩასაფრებებს, უშენენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ცეცხლს სამხედრო პატრულს. სწორედ ასეთი ჩასაფრების დროს დაიღუპა 2015 წლის სექტემბერში რიგითი ყულჯანიშვილი, მეტსახელად „სმაილა“, რომელიც დაჭრილი თანამებრძოლის, სერჟანტ როსტბაიას გადარჩენას ცდილობდა.

ვასილ ყულჯანიშვილისა და ავღანეთში დაღუპული 31-ვე ქართველი ჯარისკაცის სახელებს ყოველდღიურ ლოცვებში იხსენიებენ ბაგრამის ბაზაზე არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამხედრო მოძღვრებიც, რომლებიც როტაციის წესით ენაცვლებიან ერთმანეთს. ქართველი სამხედროების ხელით აშენებულ ეკლესიაში ღვთისმსახურებას ამჟამად მამა ზაქარია ეწევა. სამხედრო მოძღვარი აპრილის დასაწყისში ჩამოჰყვა საქართველოს შეიარაღებული ძალების 52-ე ბატალიონს, რომელიც ნატოს ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობს.

ქვედანაყოფი ჩამოსულიც კი არ იყო ბაგრამში, რომ განგაშით მოუწია სამხედრო ბაზის გარეთ, საბრძოლო დავალების დროს გზიდან გადავარდნილი ამერიკული ჯავშანმანქანის ეკიპაჟის დასახმარებლად გასვლა.

მამა ზაქარია ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს ანაფორას ატარებს, ბაზის ტერიტორიაზე კი ჩვეულებრივ აცვია საველე სამხედრო ფორმა, რომელიც საკმაოდ უხდება. როგორც გაირკვა, ყოველდღიური ლოცვების გარდა, სამხედრო მოძღვარი ჯარისკაცებთან ერთად ვარჯიშობს, დარბის საშუალოდ 5-10 კილომეტრს და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, მათ შორის, ფეხბურთისა და კალათბურთის ამხანაგურ მატჩებშიც მონაწილეობს. 30 აპრილს ბაგრამის ბაზაზე ქართველ და ჩეხ სამხედროებს შორის გაიმართა ფეხბურთის ამხანაგური მატჩი, რომელიც ქართველმა სამხედროებმა მოიგეს ანგარიშით 4:2. მამა ზაქარიას იმ დღეს არ უთამაშია ფეხბურთი, რადგან ჯარისკაცებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიისათვის ემზადებოდა.

ბაგრამის ქართული ბაზის ხელმძღვანელობამ, რომელიც დიდ პატივს სცემს ყველა სარწმუნოების ჯარისკაცების აღმსარებლობის თავისუფლებას, მართლმადიდებლებისათვის 500 კვერცხის წითლად შეღებვა დაავალა ბაზაზე მდებარე სასადილოს ხელმძღვანელობას. წირვას, რომელიც საველე ეკლესიაში ავღანეთის დროით ღამის 10 საათზე დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს სამხედრო დელეგაცია, როტაციით შეცვლილი 861 ქართველი ჯარისკაცის ინსპექტირების გარდა, ორი სადღესასწაულო მოვლენის, აღდგომისა და ქართული არმიის დღესასწაულის მოსალოცად ჩამოვიდა. 30 აპრილს ქართულ არმიას დაარსების 25 წელიწადი შესრულდა, ზუსტად ამდენივე წელი მსახურობს ქართულ ჯარში გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც ჯარისკაცები დიდ პატივს სცემენ საბრძოლო გამოცდილებისა და უბრალოების გამო. სხვათა შორის, გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ საქართველოს გენშტაბის უფროსმა ქაბულიდან უკანა გზაზე სტამბოლამდე, 2 მაისს, რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფთან ერთად იფრინა. ქართული არმიის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირი ჩვენთან ერთად იჯდა თვითმფრინავის ეკონომკლასში, რამაც ჩემი ჩეხი კოლეგის, ოპერატორ რომან კუპკას გაკვირვება გამოიწვია.

30 აპრილის ღამეს ბაგრამში, სწორედ გენერალ კაპანაძეს და პოლკოვნიკ ძაგნიძეს სთხოვა სამხედრო მოძღვარმა, მამა ზაქარიამ ხატების გამოტანა ლიტანიობისათვის, რომელშიც აღდგომის ღამეს ქართველი, სერბი, რუმინელი და ამერიკელი მართლმადიდებლებიც მონაწილეობდნენ.

იმ ორი დღის განმავლობაში, რაც მე ბაგრამში დავყავი, გავიცანი და დავუახლოვდი 52-ე ქვედანაყოფის ბევრ ოფიცერს და ჯარისკაცს. ბატალიონის მეთაური და შტაბის უფროსი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკადემიის იმ ნაკადის კურსდამთავრებულები აღმოჩნდნენ, რომელსაც მე ლექციებს ვუკითხავდი საზოგადოებასთან ურთიერთობაში. მას შემდეგ 14 წელი გავიდა. ეს თაობა უკვე სათავეში უდგას ქართულ ჯარს, მათ ზურგს უკანაა არაერთი საერთაშორისო მისია და 2008 წლის აგვისტოს ომი. სწორედ ამ ომში დაიღუპა 2002 წლის გამოშვების კურსანტი, კაპიტანი კობა სერგია, ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და ენაწყლიანი სტუდენტი. 52-ე ბატალიონის შტაბის უფროსი, მაიორი გიგა ლოლუა, რომელიც ბაგრამში ყოფნის დროს გვერდიდან არ მომცილებია, ცხინვალთან დაიჭრა და კონტუზია მიიღო.

ჩემი შეგნებული ცხოვრების მოზრდილი ნაწილი, 10 წელიწადი, დავყავი ქართულ ჯარში და არასოდეს დამიმალავს, რომ ყველა პროფესიის ადამიანებზე მეტად პატივს ჯარისკაცებს ვცემ. თავიანთი კარიერის განმავლობაში, სამხედრო პირებს წარმოუდგენელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანა უხდებათ, რასაც ემატება ოჯახებიდან მოწყვეტა 6-7 თვით, საყვარელ ადამიანებთან განშორება და აუტანელი მოლოდინის განცდა.

სწორედ მტანჯველი მოლოდინით გამოწვეული სევდა ამოვიკითხე 30 აპრილს ბაგრამის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კუთხეში მდგარი მედდის, სვეტლანა ლაფაჩის თვალებში. ეს ახალგაზრდა ქალი სამი ჯარისკაცის დედაა. ხოლო მისი უფროსი შვილი თავის ქვედანაყოფთან ერთად ზუსტად ერთი თვის წინ დაბრუნდა შინ ავღანეთიდან. ფაქტობრივად, დედამ შვილი ჩაანაცვლა ბრძოლის ველზე.

უცებ რაღაც მახსენდება, ნელი ნაბიჯით გავდივარ ეკლესიიდან, მობილურზე ვკრეფ ნაცნობ ნომერს და დედაჩემს დამდეგ დღესასწაულს ვულოცავ...

12 საათი სრულდება. ბაგრამში მდებარე წმინდა გიორგის პატარა ეკლესია სავსეა ჯარისკაცებით, ეზოშიც უამრავი ადამიანია ანთებული სანთლით ხელში. ერთი პირობა კი გავიფიქრე, რომ რადიო თავისუფლების ვიდეოდაიჯესტისათვის ჩამეწერა ან რუმინელი, ან ამერიკელი სამხედრო პირი, მაგრამ, საბოლოოდ, არ მივიჩნიე ეთიკურად გამართლებულად სალოცავად ეკლესიაში მისული ადამიანისათვის კამერის მიშვერა და ბანალური შეკითხვის დასმა იმაზე, თუ რას განიცდის ან რას ნიშნავს მისთვის მაცხოვრის აღდგომა.

რომანს უბრალოდ ვთხოვე, რამდენიმე კადრი გადაეღო ეკლესიის შიგნით და მის გარეთ, ეჩვენებინა ანთებული სანთლებით ხელში ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი ქართველი, რუმინელი, სერბი თუ ამერიკელი ჯარისკაცები, ეკლესიის კედელზე მიყუდებული მათი საბრძოლო შაშხანები, რაც, ჩემი აზრით, ბევრად უფრო სიმბოლური და მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენში საყოველთაოდ გავრცელებული ე.წ „მრევლის კომენტარი“.

სააღდგომო ლიტურგიის შესრულების დროს მამა ზაქარიას დახმარებას უწევდნენ „მოხალისე“ მგალობლები და მედავითნეები ბაგრამის ბაზაზე მყოფი 52-ე ბატალიონიდან. ფარვანის პროვინციაში შექმნილი რთული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებელმა ჯარისკაცმა ვერ მოახერხა ეკლესიაში მოსვლა. ნაწილი საბრძოლო პოსტებზე დარჩა, ზოგიერთი კი საბრძოლო მორიგეობიდან იარაღით მოვიდა და ამერიკული M4 ტიპის ავტომატები ეკლესიის შიგნით, კედელს მიაყუდა.

ასეთმა სურათმა და ქართველი ჯარისკაცების გალობამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ლამის დამავიწყდა, გადამეცა სამხედრო მოძღვრისათვის ის კელაპტრები, რომლებიც სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარმა, სოხუმიდან დევნილმა მამა სერაფიმემ გამომატანა ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისათვის.

სხვათა შორის, 52-ე ბატალიონის სამხედრო მოძღვარი მამა ზაქარიაც სოხუმელი აღმოჩნდა. მასთან დიდი ხანი ვისაუბრე 1 მაისს ბაგრამის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ჩვენ გასაცილებლად და დასალოცად მოვიდა ორჯერ უშედეგო გაფრენის მცდელობის შემდგომ.

არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ დილის ექვს საათზე სამხედრო შვეულმფრენის რეისზე დაბარებულ მე და რომან კუპკას ბაგრამის ბაზის აეროპორტში 8 საათი მოგვიწია ყოფნა. მაგრამ, რომ იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ზუსტად ისე მოხდა: დროის ამ მონაკვეთში ბევრი რამე მოვასწარი: აეროპორტის მოსაცდელში დიდ ეკრანზე ვუყურე აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „პლეიოფის“ პირველ თამაშს „ოკლაჰომა სანდერსსა“ და „სან ანტონიო სპურსს“ შორის, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გავსინჯე ბაგრამის ბაზაზე შეღებილი სააღდგომო წითელი კვერცხი, ახლოს გავიცანი და ძალიან ბევრი ვესაუბრე ქართველ სამხედრო მოძღვარ მამა ზაქარიას, დაბოლოს, დავიწყე ამ პოსტის წერა, რაც ქაბულში დაბრუნებულმა, ჩემი მივლინების ბოლო დღეს დავასრულე. „დავასრულე“ პირობითად, რადგან სულაც არ არის იოლი წერტილის დასმა ავღანეთში გატარებული ხუთი დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე და იმ ქართველ ჯარისკაცებზე წერისას, რომლებიც სხვა დიდი ქვეყნების მაღალანაზღაურებადი წარმომადგენლების მხარდამხარ, მხედრული ღირსებითა და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებენ საბრძოლო მისიას მშფოთვარე ავღანეთის მიწაზე - ქაბულში, ბაგრამსა თუ მაზარი-ი-შარიფში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG