Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ზურაბიშვილი - სპორტული ჟურნალისტი


1 ივლისი, კვირა

კვირა დღე განსაკუთრებულად მიყვარს. ის განახლების, გაცოცხლების დღეა. ღმერთის დღეც არის კვირა, მაგრამ სამწუხაროდ ჭეშმარიტებისთვის ჯერ არ მოვიცალე. მიჭირს. ნეტავ როდის მოვიცლი? იქნება კი ასეთი დღე? ჯერჯერობით არ გამომდის, როგორც ძილის წინ ნაფიქრის, გადაწყვეტილის შესრულება არ გამომდის ხოლმე.

მაინც რაზე ვფიქრობდი წინა ღამეს? ჩემს თავთან როდესაც მარტო ვარ, მაშინ ვიცი რა არის მართლა მნიშვნელოვანი. ვწრიალებ, ვწვალობ - ვხვდები, რომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო. მერე გათენდება, ვიღვიძებ და ისევ იგივე. ამ წრიდან როდის, როგორ ამოვხტები? მარიამი მეფერება და მამშვიდებს. მეუბნება, რომ რახან ვფიქრობ და ვაზროვნებ, ეს უკვე კარგია და ძალაც აუცილებლად მოვა. ეს ძალა ჯერჯერობით სულიდან ვერ ამოვფხიკე, რომ ჩემს ეგოს დავაჯახო და გადავტეხო, ან გადავჭრა - სუფთად, როგორც სამურაიმ. მო-ლოდი-ნი - კიდევ ერთი ლოდი. ჩემგან ყველა რაღაცას ელოდება. როგორ მინდა მოვისროლო ეს ტვირთი და რაც მართლა მნიშვნელოვანია, იმას მივხედო. არ გამოდის. მეც ველოდები. ისიც აკეთებს იმას, რასაც ელოდებიან და ასე, როგორც შამანები კოცონის გარშემო, ტრიალებს, ცეკვავს არსებობა - microphone check, one two!

რა მაცოცხლებს ვიცი. ეს მარიამის სიტყვა და ჩახუტებაა. ვგრძნობ, რომ ღმერთს ბავშობიდან ვუყვარვარ და მიხარია რომ არ მიმატოვა. პირიქით, მარიამი გამომიგზავნა. კვირა დღე კიდევ ამიტომაც მიყვარს - მარიამი არ მუშაობს და შეგვიძლია ერთად ვიყოთ. თუმცა, დღევანდელი კვირა დღე ჩვეულებრივი არაა. მსოფლიო ჩემპიონატი გახურებულა, ფეხბურთის ღმერთებს სუფრა გაუშლიათ და ყველა მუზა ამ მაგიდის გარშემო ტრიალებს. ერთი ის არის, მუზა სამსახურად მექცა და ცოტა დამძიმდა. ცხოვრებაა.

თამაშები ისეთ დროსაა, გამოძინებას კარგად ვასწრებ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს და ენერგიის აღდგენა მჭირდება. პირველი გადაცემა ოთხის თხუთმეტ წუთზე მეწყება და გარეთ ძალიან ცხელა. განსაკუთრებით პლეხანოვზე, სადაც ვცხოვრობ, ჰაერი თითქმის არ მოძრაობს. სახლში უცხოურ პრესას თვალი გადავავლე და სამსახურისკენ გავწიე. სპორტული რედაქცია ტელევიზიის მეოთხე სართულზეა. შენობის ეს მონაკვეთი ძალიან ავარიული და თითქმის დანგრეულია. მე რატომღაც მომწონს ასეთი აურა. დაუვარცხნელი. რაც არის ეგ არის. გაზიზინებული, ევროპული ოფისი ჩემი გემოვნება არ არის. მთავარია ხალხი იყოს კარგი და სიტუაცია იყოს ჯანსაღი. 25 ადამიანის უფროსობა ადვილი საქმე არ არის და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. რედაქციაში ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. საერთოდ, პირველი არხი იმით არის კარგი, რომ აქ ყველა თაობის და ყველანაირი გაგების ადამიანს შეხვდები. მენეჯერობის დროს რამდენიმე მარტივი წესით ვხელმძღვანელობ. მთავარი ოქროს კანონი ასეთი მაქვს: თუ გინდა რომ თანამშრომელმა ხარისხიანად იმუშაოს და მაქსიმუმი დადოს, ის კმაყოფილი უნდა იყოს. ერთი ის არის, მსოფლიო ჩემპიონატის დროს ეს ცოტა რთულდება, რადგან ჩვენი რედაქცია პატარა ბუკმეკერული კანტორა ხდება. თანაც ყველა აგებს. ანდა როგორ უნდა მოიგო? ვინც თამაშობს ისინი ხო აგებენ და ახლა ისეთი პერიოდია ვინც არ თამაშობს, ისიც თამაშობს და აგებს. მემონტაჟეები, პროდიუსერები, ვების ხალხი - მთელი დღე ვიდეოებს ჭრიან, ამონტაჟებენ, გადაცემისთვის ამზადებენ, შრომობენ და ყურების დროს პატარა აზარტი ხომ უნდა ქონდეთ? აზარტი გაიჩინეს, მაგრამ ახლად ჩარიცხული ხელფასი უკვე აღარაა. ქარმა წაიღო. მე არ ვთამაშობ. ცხოვრებაში ერთი-ორჯერ მაქვს დადებული და რომ წავაგე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ეგრევე მივხვდი - უნდა შევეშვა. ჩემი არ არის.

დღის პირველი გადაცემაც გავიდა, ვილაპარაკეთ, ანალიზი გავაკეთეთ, მაგრამ რად გინდა? 6 საათზე ესპანეთი - რუსეთი დაიწყო. რა ანალიზი უნდა გააკეთო? დიდის ამბით დავჯექი ამ მატჩზე, ვიფიქრე გავიხარებ-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა. ეს არის ფეხბურთი. ამიტომაც აგებს ხალხი. აბა როგორ უნდა მოიგო?! ესპანეთმა ბურთი გააგორა და გააგორა. მერე საქმე პენალტებამდე მივიდა, იქ კიდევ ესპანეთი და რუსეთი ერთი და იგივეა. თამაში მორჩა, რუსეთმა გაიხარა და დაიწყო ლაპარაკი: პუტინმა იყიდა, რუსებმა ჩააწყვეს... ვოვას თამაში ნაყიდი რომ ჰქონოდა, სტადიონზე დმიტრი მედვედევი არ იქნებოდა მივლენილი. თვითონ მივიდოდა ბელადი და დაუჯდებოდა გვერდით ბატონ ჯანის. ასეა. ხდება ხოლმე. ესპანეთის თამაში კი იცით რას ჰგავდა? რეჟისორი ახალგაზრდობაში შედევრს რომ შექმნის და მერე როდესაც დაბერდება, ყველა შემდეგი ფილმი ამ შედევრის უნიჭო იმიტაცია რომ არის. ეგ იყო ესპანეთიც და გავარდა. თავისი თავის აჩრდილი, შტამპი გახდა, ცეცხლი ჩაქრა და აღარ გამოვიდა. მე კიდევ გული იმაზე დამწყდა, რომ ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ, თავისი ბოლო სანაკრებო თამაში ისე ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა. მის ნაცვლად ფერნანდო იერომ, დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი ბულდოგი, კოკე ათამაშა, რომელმაც 64 პასიდან 61 უკან გააკეთა. ეს არის თანამედროვე ფეხბურთის მთავარი უბედურება. ამიტომაც სამართლიანად მოხდა ყველაფერი. ინიესტამ კი თავისი უკვე ითამაშა და მოიგო კიდეც. მაინც გული დამწყდა. რას იზამ, ცხოვრებაა და ფეხბურთი.

საღამოს თამაში და გადაცემა მე არ მიმყავს, ასე რომ, სახლისკენ გავწიე. როდესაც დრო მაქვს, მამაჩემთან ერთად მიყვარს ფეხბურთის ყურება. ბავშვობაში ერთად ვუყურებდით ხოლმე და იმ დროს მახსენებს. საღამოს მატჩიც ხორვატია-დანია დიდი არაფერი გამოვიდა. აქაც პენალტების სერია იყო და საბოლოოდ ხორვატებმა მოიგეს. ჩემი ბავშვობის გმირი პეტერ შმეიხელი კი შემეცოდა, მაგრამ მაინც ხორვატების გასვლა მინდოდა. რუსეთთან მეტი შანსი ექნებათ. თანაც, დანიამ რომ ლაუდრუპისეულ ფეხბურთს უღალატა - გული დამწყდა. ნორვეგიელი მწვრთნელი რათ უნდა დანიის ნაკრებს? ზედმეტი პრაგმატიზმი ხელოვნებას ძალიან არ უხდება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ. ვისთვისაც ხელოვნება არ არის, მხოლოდ შედეგი და ფიზკულტურა არის, სხვანაირად ფიქრობს. ღმერთმა გაუმარჯოს. დანია სახლში, ხორვატია რუსეთს შეხვდება.

2 ივლისი, ორშაბათი

ორშაბათი დღე ყოველთვის თავისებურია. მძიმედ ვიღვიძებ. მგონი გავცივდი. კონდიციონერმა გამაცია. ახლა იქნება ჩემი გაციება?! ყველაზე მეტად მჭირდება ენერგია და ჯანზე ყოფნა. მძიმედ ავდექი, ყავა გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე. ეს ჩემი ტრადიციული რიტუალია. დილით ერთი ჭიქა ყავა და მადლიბის მტვრიანი ბიტები. სიგარეტი გადავაგდე, აღარ ვეწევი.

ორშაბათობით ჩემში მეამბოხე სული იღვიძებს ხოლმე. რაღაცნაირად მინდება, რომ ადამიანის შექმნილ ხელოვნურ ნორმებს დავცინო და საპირისპირო გავაკეთო. ამიტომ მიყვარს ორშაბათს დილიდან ქეიფის დაწყება. ქეიფს ვიწყებ დილიდან, ესე ექვსი-შვიდიდანო. მე და შავგულა ასე მოვდივართ ბავშობიდან. საერთოდ, რომ მკითხოთ ყველაზე კარგად რა გამომდის, ალბათ „პადძელნიკობა“, თანამზრახველობა. ისე მგონია, ეს მნიშვნელოვანი თვისებაა და თავადაც მიყვარს ასეთი ხალხი. მოსაწყენ ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირს და კიდევ ისეთ ხალხთან, მარტო სამსახური რომ აქვთ ცხოვრება. დათუნა ცხაკაია, ჩემი საუკეთესო თანამზრახველი დღეს ცოცხალი აღარ არის და სხვა ბიჭებიც უკვე დაიფანტნენ. ზოგს რა საქმე აქვს, ზოგი რას აკეთებს. იცვლება დრო და უკვე პატარებიც აღარ ვართ. უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება ჩვენი ყოფა. როგორც სოკრატე ამბობდა, უფრთხილდით ყოველდღიური ცხოვრების დატვირთულობას! ეს არის ადამიანის სულისთვის და გონებისთვის ყველაზე საზიანო რამე. ორშაბათის ფიქრები. თავისებური დღეა. მე კიდევ ვერ გავიზარდე. ისევ ბავშვი ვარ. არ მგონია ცუდი იყოს ეს ამბავი.თითქოს, სახარებაშიც წერია - ბავშვივით ვინც არის, სასუფეველს ის დაიმკვიდრებსო. თავს ვიმშვიდებ. დედაჩემი მეუბნება ხოლმე ინფანტილური ხარო, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ. ვერ გავიზარდე და არც ვაპირებ კიდევ კაი ხანი.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, უიმბლდონი იწყება. ნამდვილი კლასიკა. სპორტი და მუსიკა რომ არ არსებობდეს, ნეტავ რამე აზრი ექნებოდა ცხოვრებას? როდესაც ტელევიზორს ვრთავ და მომაჯადოებელ მწვანე ბალახს ვხედავ, ეკრანს ვეღარ ვცილდები. თეთრი კლასიკური ფორმებიც ძალიან მიყვარს და საერთოდ სხვა ემოციაა უიმბლდონის ყურება. განსაკუთრებული მომენტია, როდესაც წვიმას იწყებს და თამაში ჩერდება. ჩემი სულის კონსერვატიულ ნაწილს უხარია ასეთ დროს. როგორ ვიცვლებით ადამიანები წლიდან წლამდე... ყველაფერი გვეცვლება - შინაგანი სამყარო, გარემოს აღქმა, აბსოლუტურად ყველაფერი და ამის ფონზე არსებობს რაღაც ჩვენგან დამოუკიდებლად უდრეკი, უცვლელი და შეიძლება მარადიული, რომელიც ფესვებს გვახსენებს. უიმბლდონზე წვიმა არის ასეთი რამე და კიდევ როჯერ ფედერერი - მხატვარი ჩოგბურთის კორტზე, რომლის თამაშის ყურებაც ჩემთვის ნამდვილი დელიკატესია, ხელოვნების და ადამიანის ნიჭის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება. ამიტომაც მიყვარს სპორტი. ნეტავ კიდევ დიდხანს იყოს როჯერი.

სამსახურში უკვე გაძლებაზეა ხალხი. დიდი ხანია შესვენება არ ყოფილა, შაბათ-კვირასაც არ გამოდის პაუზის აღება. ეს სიცხეც ძალიან მოქმედებს. პირველი თამაში ისეთი გამოვიდა, როგორიც მოსალოდნელი იყო. ბრაზილიამ ბრაზილიურად შეუბერა და მექსიკას აჯობა. მექსიკელები თავიდან აქტიურობდნენ, სხარტად, სწრაფად უტევდნენ, მაგრამ კლასმა თავისი ქნა. ბრაზილიის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ძალიან ვაფასებ ბრაზილიურ ფეხბურთს.1982 წლის სანტანას ნაკრები მამაჩემის საყვარელი გუნდია და ალბათ ამანაც იმოქმედა. სოკრატესი კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია ფეხბურთში. დღევანდელი ბრაზილია სხვა არის, მაგრამ ტიტეს ხელში მაინც მომწონს ეს გუნდი. წინა, პრაგმატულ ბრაზილიებს არც შევადარებ. ისე,რაღაცებში მაინც არ ვეთანხმები ტიტეს. რობერტო ფირმინო მგონია რომ უპირობოდ იმსახურებს ძირითადში თამაშს. ის კარგად ანაწილებს ბურთებს, არიგებს პასებს, დისპეტჩერობს და მგონია ნეიმარს ასეთი ცენტრ-ფორვარდი უფრო მოუხდება. საერთოდ, მიყვარს პლეიმეიკერი თავდამსხმელები. ჯერ კიდევ ბავშვობაში პატრიკ კლიუვერტი შემიყვარდა, მერე ბერკამპი და ახლაც ძალიან ვაფასებ თავდამსხმელში ამ თვისებას. ბევრი ვერ აფასებს და ვერც ხედავს, როგორც ბენზემას თამაშს ვერ აფასებენ სათანადოდ. ან გონიათ, რომ ეს თავდამსხმელის საქმე არ არის. მე ასე არ ვთვლი. მოკლედ, ვნახოთ. ტიტე ჯიუტია და არ მგონია რამე შეცვალოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც იგებს. წააგებს და მერე გვიანი იქნება.

საღამოს მატჩი მოულოდნელად დრამატული გამოდგა. იაპონიამ ბელგიას პირველ ტაიმში ისეთი პრესინგი ეთამაშა, რომ არაფრის საშუალება არ მისცა. ეს იყო იდეალური პრესინგი. მგონი მხოლოდ იაპონელებს შეუძლიათ ასე. ბელგიელებიც დაიბნენ, ორი გოლი გაუშვეს და მერე მოუწიათ დრამატულ სტილში თამაშის შემოტრიალება. გამოუვიდათ. საერთოდ, ბელგია იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან კარგად შეუძლია როგორც ბურთის ფლობა და პირველ ნომრად თამაში, ისევე კონტრშეტევებზე გაქცევა და სივრცეების გამოყენება. იშვიათი თვისებაა, რომ გუნდს ორივე ეს კომპონენტი ასეთ მაღალ დონეზე ჰქონდეს დახვეწილი. ბელგიას ორივე შეუძლია და ამიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდი. 2-3. ბელგია მეოთხედფინალშია და იქ ბრაზილიას შეხვდება. შეიძლება ჩემპიონატის საუკეთესო თამაშიც კი გამოვიდეს. მე რომ წავიყვან ამ შეხვედრას, თავიდანვე გარკვეულია. ახლა მეწყვილე უნდა შევარჩიო. გია თვალაბეიშვილმა ყველას დაასწრო და მთხოვა, აუცილებლად დამსვი ამ თამაშზე, ჯერ ბრაზილია არც ერთხელ არ წამიყვანიაო. საერთოდ, უარის თქმა არ ვიცი და თვალიამ ყველას დაასწრო.

დღის ბოლო გადაცემაც დასრულდა და ზედმეტად გადამწვარი ვარ. გაციებამაც თავისი ქნა - მგონი სიცხე მაქვს. სახლამდე ძლივს მივედი და ეგრევე დავწექი. სერიალი ჩავრთე და მალევე ჩამეძინა. The Wire-ს ვუყურებ, ბოლო პერიოდში ალბათ მეხუთედ. ჩემი საყვარელი სერიალია. უფრო სოციოლოგიური კვლევაა ვიდრე გასართობი რამე. არ მბეზრდება.

3 ივლისი, სამშაბათი

ისევ მძიმედ გავიღვიძე. მაინც ძალიან ცუდი რამეა ეს კონდიციონერი... დილის რიტუალი შევასრულე და სამსახურისკენ ფეხით გავწიე. სულ რაღაც 15 წუთი მინდა და ძალიან თუ არ მეჩქარება, ყოველთვის ფეხით მივდივარ ხოლმე. სეირნობა მიყვარს და თან ვცდილობ მომატებული წონა დავიგდო. ვარჯიში არ გამომდის და ესე მაინც ვცდილობ რაღაცას. ისე ვარჯიში ბავშობიდან არ მიყვარს. ერთი წელი ფეხბურთზე შემიყვანეს და სირბილი ისე მეზარებოდა, წრეზე ძუნძულის დროს კუთხეებს ვჭრიდი ხოლმე. მეკარეობაც ამიტომ ავირჩიე, რომ ბევრი არ მერბინა ვარჯიშის დროს. საერთოდ, მოძრაობა არ მეზარება, თუ რამე აზარტს ვხედავ ამაში. მაგალითად ბურთს თუ დავსდევ, ან რამეს თუ ვთამაშობ. ირაო სტადიონი რაც დაანგრიეს და მის ნაცვლად სავაჭრო ცენტრი გახსნეს, ფეხბურთის თამაშიც იშვიათად გამომდის. ესე უბრალოდ, ზომბივით დარბაზში მისვლა და პედლების ტრიალი ჩემი საქმე არ არის. არ შემიძლია. თან ამაზრზენი მუსიკა რომ ირთვება და ვიღაც ვითომ ლენს არმსტრონგი ამერიკული ხმით და ღიმილით რომ გაქეზებს. ბლექ მირორ.

ისე ფეხით სიარული ძალიან მიყვარს. ასეთ დროს ფიქრობ და ვითარდები ადამიანი. ქალაქში კი საშინელება ხდება. რამდენი მწვავე პრობლემა გვაქვს: ერთმანეთის ზიზღი, განსხვავებულის სიძულვილი, სიღარიბე, უთანასწორობა, ფაშისტური ნარკოპოლიტიკა და ბევრი სხვა, მაგრამ ქალაქში დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა მაინც ჰაერის დაბინძურება მგონია, რადგან ეს აბსოლუტურად ყველას ეხება. გმირთა მოედანზე სუნთქვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მართლა საგანგაშო სიტუაციაა. ორიდან ხუთ წლამდე ყოველ მესამე ადამიანს ორგანიზმში ნორმაზე გაცილებით მაღალი ტყვიის შემცველობა აქვს. სრული კატასტროფაა. კიბოს დიაგნოზი უკვე ჩვეულებრივი ამბავია. გასაგებია, რომ მანქანები გაუმართავია, მაგრამ სახელმწიფოც რომ არაფერს აკეთებს?! ეს ტექდათვალიერება რა გახდა?ყვითელი ავტობუსები ისეთ კატასტროფულ გამონაბოლქვს გამოყოფენ, მართლა გასაოცარია. თან უკვე რამდენი წელია ასეა. ამდენი ხანი რა გახდა ამ ავტობუსების გამოცვლა? გამწვანებაზე აღარაფერს ვამბობ. ირაო ვახსენე - დაანგრიეს და კიდევ ბევრი ასეთი კოლორიტული ადგილი ინგრევა. ლაგუნა ვერე რა დღეშია? გაპარტახებულია. ამბობენ ბიძინასიაო. იმასაც ამბობენ ძველი იპოდრომის ტერიტორია არი ბიძინასიო. სასწაული პარკი გაშენდებოდა მაგ ადგილას, შეუერთდებოდა მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიას და დიდი გამწვანება იქნებოდა ქალაქში. ეს არის ჩემი ოცნება, მაგრამ ქართული ოცნება როგორც ჩანს სხვა არის. ისე დაკვირვებული ვარ და სოფელში გაზრდილი ადამიანი სიმწვანეს ყოველთვის ნაკლებად აფასებს. ასე ხდება - რაც ჭარბად გაქვს ადამიანს, გიჭირს იმის დაფასება. ბიძინას კი რასაც ვუყურებ, ტიპური ტექნოკრატია. ქალაქის ესთეტიკა და იერსახე დიდად არ ადარდებს. აბა ეს პანორამა თბილისი რა უბედურებაა?! სიმწვანეზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომაც არის ერთპიროვნული მმართველობა ძალიან ცუდი. აქტუალური პრობლემა შეიძლება მმართველისთვის საერთოდ არ იყოს აქტუალური და ყოველთვის ასე ხდება. ყველაფერი ერთი ადამიანისთვის აქტუალური ვერ იქნება. ამიტომაც უნდა იყოს პასუხისმგებლობები განაწილებული.

სამუშაო დღე დავასრულე. საღამოს მე და მარიამი ბუკასთან და ნანიკოსთან ავედით. ბუკა ჩეჩელაშვილი ჩემი პირველი ძმაკაცია. მაგარი რამეა, როდესაც ადამიანები დაბადებიდან ერთად იზრდებით და მერე ბუნებრივად ისე გამოდის, რომ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის. ბუკა ლეგენდარული ქართველი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის შვილიშვილია - ნამდვილი არისტოკრატი კაცი,მეფურად გაზრდილი. ჩვეულებრივი მოკვდავების პრობლემები მას არ აწუხებს. საქმე იმაშია, რომ ბუკა მამას დაემსგავსა და ის ნამდვილი მეცნიერი სულია. გამომგონებელი. ახლა რაღაც ექსპერიმენტს აკეთებს და როგორც ამბობს, შეიძლება ისეთ რამეს მიაგნოს - სამყაროს შეცვლის. მიყვარს ასეთი შემართება და ბოლომდე მჯერა ხოლმე ამგვარი ამბების. გარდა ფიზიკაზე საინტერესო საუბრებისა, კიდევ გვიყვარს დოტა 2-ის თამაში და ჩემპიონატების ყურება. ბოლო ორ წელიწადში იმდენი დოტა 2-ის მატჩი მაქვს ნანახი, რომ ალბათ ფეხბურთზე ბევრად მეტი. ელექტრონული სპორტი მაგარი რამეა და განსაკუთრებით ეს თამაში. ჭადრაკიც არი, გუნდური თამაშიც არი და მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. ჩვენ დოტას ვუზივართ ხოლმე, გოგოებმა კიდევ პრეფერანსი დაამუღამეს და იმას თამაშობენ. ჩვენ უკვე ამოვწურეთ პრეფერანსი, იმდენი გვაქვ ნათამაშები. მოგვბეზრდა. ახლა ცოლებმა დაიწყეს და მაგრა მოიწამლნენ. იკრიბებიან ხოლმე მარიამი, ნანიკო, ჩემი და - ანასტასია, ასევე ელენე აფხაზავა და ყომარობენ. კიდევ რაღაც სუნთქვით იოგაზე დადიან ხოლმე. მე ერთხელ წავყევი და ინსტრუქტორმა ისე გამაღიზიანა, მეორედ მიმსვლელი აღარ ვარ. რაღაც მაღალფარდოვან მითებს იგონებდა და აბოლებდა ბავშვებს. მაღალფარდოვანი სიბრძნის მე არ მჯერა. ფარსი. მოკლედ, ოთხი გოგო სულ იკვრება.თამაშობენ. გასაკვირია და არ ჩხუბობენ საერთოდ. აბა, ჩვენ ვჭამთ ხოლმე ერთმანეთს. ჯერ იმ დონეზე არიან, პირველ ოთხ კარტში ორი შვიდიანი რომ მისდით და ეგრევე მიზერზე ფიქრობენ. ისწავლიან ნელ-ნელა.ბიჭები დოტას უსხედან, გოგოები კი პრეფერანსს. ალბათ უცნაური სანახავია. ასეთია ჩვენი თანამედროვე ყოფა.

4 ივლისი, ოთხშაბათი

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დასვენების დღეა და ჩვენც ვისვენებთ. მართლა ძალიან დროულია ეს პაუზა. როდესაც მხოლოდ გულშემატკივარი ხარ, არ გიყვარს - გინდა ყოველი დღე სანახაობა იყოს. მაგრამ,როდესაც საქმე ხდება - საჭიროა. დღეს ალბათ სახლში ვიქნები. მიყვარს ხოლმე ასეთი დღეების ოთახში გატარება, მუსიკის მოსმენა და კომპიუტერის თამაში. თუმცა, მანამდე რამდენიმე საქმე მაქვს გასაკეთებელი.

პირველ რიგში, „შავ ლომში“ არაყი უნდა წავიღო, თორემ მამუკა გამიბრაზდება. თვითონ ქვიშხეთშია, ახალ პარტიას ხდის და დაიბარა - წაიღეო. არყების კეთება ოჯახური ტრადიცია გვაქვს. ბიძაჩემი, მამუკა კოპალეიშვილი, ოჯახის და შეიძლება ქალაქის მთავარი კალვადოსისტია. ისეთ სასმელებს აყენებს - ხელოვნებაა. ვაშლის, მსხლის, ქლიავის, რომელი გინდა? მეც ვიბრალებ ხოლმე: „ჩემი არაყია!“ ვტრაბახობ. არადა, ჩემი იმიტომ არის, რომ ბიძაჩემის და ჩემი რამ გაყო - ერთ სახლში ვცხოვრობთ და ერთი ოჯახი ვართ, თორემ ისე ჩემი წვლილი მაგაში მინიმალურია. უფრო კოკა ბაქანიძე ეხმარება, თავისი ძმაკაცი. ლეგენდარული გიო ბაქანიძის მამა და ასევე ლეგენდარული ჟორა ბაქანიძის შვილი. თვითონაც ლეგენდაა, ოღონდ უცნობი. ასევე, გეგა ხუფენია, ჩემი დეიდაშვილი. ზურა გაბუნიაც ჩაადგება ხოლმე კამპანიას, სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო და იკვრება ოთხეული. მერე მიდის არყის ხდა და წყვილებში ბელოტის თამაში! მაგარი სანახავია, ბარსელონა-რეალის თამაშებს დაძაბულობით არ ჩამოუვარდება. ძირითადად იმით მთავრდება ყველაფერი, რომ გეგა რაღაც შეცდომას დაუშვებს, მერე ზურა წყობიდან გამოდის - არი ყვირილი და ერთი ამბავი. მამუკა და კოკა კიდევ სარგებლობენ, ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებენ და ხომ იცით ყომარის ღმერთი როგორც არის - მერე კარტიც უფრო მისდით ხოლმე. მე დიდად დრო არ მაქვს. ქვიშხეთში ხდება ალქიმია და ვერ ვიცლი დასახმარებლად. არადა, როგორ მინდა ქვიშხეთში ყოფნა. ყველაზე მეტად მიყვარს იქაურობა. გიგიტაშვილების წყაროზე ძმებთან ჩასვლა და მზე რომ გადავა ფეხბურთის გაგორება. აბა მწერლების სახლი, სადაც ჩემი ბავშვობაა, დაცარიელდა და დღეს იქ ჩემი თაობის აღარავინ არის. ფეხბუთიც ბავშვობაში ქვიშხეთში შემაყვარა ცირკუსამ, ჩემმა ძმამ, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი. სხვანაირად უყვარდა ფეხბურთი, უანგაროდ და მეც შემაყვარა. მერე ქეიფი. ანდა, მთელი დღე ეზოში, სიმწვანეში ყოფნა, ჰამაკში წოლა და ნამდვილი დასვენება. ის კი არა უცხოეთში რომ მიდიხარ ვითომ დასასვენებლად და უფრო დაღლილი ჩამოდიხარ. არა, ნამდვილი დასვენება. მაგრამ ჯერ მსოფლიო ჩემპიონატია და გაძრომა არ გამოდის. მოკლედ, უსტაბაში მამუკაა და დაიბარა არაყია წასაღებიო. უნდა შესრულდეს.

არაყი მივიტანე და სახლში დავბრუნდი. ოთახში ავედი და მუსიკას ჩავუჯექი. „დისკოგსზე“ გამოსაწერი ვინილები შევარჩიე. გოგოები რომ ტანსაცმელს არჩევენ ხოლმე, ეგრე ვარჩევ ვინილებს. საშინლად მოწამლული ვარ. ხელფასის დიდ ნაწილს ამაში ვხარჯავ. მერე დედაჩემს უნდა უსმინოთ: „ისევ დისკებში ხარჯავ მთელ ფულს?!?!?!“ რა ვქნა, მიყვარს. საერთოდ სხვა შეგრძნებაა, როდესაც ვინილს ყუთიდან ამოიღებ, შეაბზრიალებ, მტვერს მოაცილებ, ნემსს დაადებ, მერე მიირინდები და ვიბრაციას უსმენ. დაფხაჭნილი ფირფიტის ხმა რომ დაყვება ტრეკს, ეგეც მომწონს. სხვა რომანტიკაა. რამდენიმე ჰიპ-ჰოპ ინსტრუმენტალი ჩავრთე. ცოტა გავრეპე, ვიფიქრე რამე ლირიკა დამეწერა, მაგრამ დამეზარა. მუზა არ იყო და ენერგია. თამაშს ჩავუჯექი. Divinity Original Sin 2 - ახლა ყველაზე აქტიურად ამას ვთამაშობ. საერთოდ, როგორც იტყვიან, დიდი გეიმერი ვარ. თამაშები ძალიან მიყვარს. მგონი ყველაფერი დახურული მაქვს. თამაშს გვიანობამდე შევყევი და მზემაც გამოანათა. ხვალ თავისუფალი დღე მაქვს და შემიძლია გათენება.

5 ივლისი, ხუთშაბათი

გავიღვიძე თუ არა, გიორგი ყანჩელმა დამირეკა. უკვე გითხარით, ყველაზე კარგად თანამზრახველობა გამომდის. არაყი გადავასხი და ტაქსი გამოვიძახე. საერთოდ ყველგან დამაქვს ჩემი სასმელი. ჯერ ერთი საუკეთესოა და მეორეც, ისეთ ადგილებში სადაც ხშირად ვსტუმრობ, სულ უნდა იყოს გადაჩეკილი. ასეთი წესი მაქვს. კიდევ რამდენიმე კაპრიზი მაქვს. მაგალითად, ერთჯერადი, პლასტმასის ჭიქებით შანსი არ არის სასმელი დავლიო. კაცია და ბუნება. ყანჩელთან სტუმრობა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი გვიან შეძენილი ძმაკაცია, რომელსაც ბავშვობის მეგობრებისგან ვერ ვასხვავებ. ზრდასრულ ასაკში მეგობრის შეძენა, როგორც წესი, ადამიანური თვისებების გარდა, ძირითადად საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში ეს ინტერესი და ცხოვრების სიყვარული არის მუსიკა. გიორგი საქართველოში და ალბათ მთლიანად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნო დიჯეია. ახალ საინტერესო მუსიკას მასმენინებს ხოლმე, მეც ჩემს აზრს ვუზიარებ და მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდებაო. პირიქითაც არის, მელომანსაც სჭირდება კარგი მიმწოდებელი. „პადძელნიკობაც“ მშვენივრად გამოგვდის და მეტი რა გვინდა? თან სოლოლაკი ძალიან მიყვარს. გიორგი და მისი მეუღლე, შესანიშნავი ფოტოგრაფი, დარო სულაკაური, სოლოლაკის ყველაზე ძველ სახლში ცხოვრობენ, ამაღლების, ყოფილი დავითაშვილის ქუჩაზე. სულაკაურების სახლია და ხელოვნების ნიმუშია. სოლოლაკი კი მართლა მაგარი უბანია. საოცარი შიდა ეზოებით. დეტალებისგან თუ გიყვარს კაცს სიამოვნების მიღება, ვერ ამოწურავ. თითო კარის სახელური, თითო აივანი, თითო ეზო - ყველაფერი უნიკალურია. ასევე უნიკალურია „ცეკას“ სტადიონი კანცელარიასთან. იქ როგორი ფეხბურთები არ გახურებულა. თანაც მარტო სოლოლაკელები იგებენ. სხვა უბნელებს ამ მოედანზე შანსი არ აქვთ. თავისებური სტადიონია - პატარა, კვადრატული ფორმის და ყველა პოზიციიდან შეიძლება კარში დაარტყა. მე მიყვარს იქ თამაში, რადგან მეკარე ვარ და სულ თამაშში ვარ ჩართული. აბა, დიდ მოედანზე დგომა და ცდა, როდის შემოგიტევს ვინმე და მერეც ისე დაგირტყამს, შანსი არ გაქვს - მოსაბეზრებელია. მოთმინება არ მყოფნის და არ არის ჩემი საქმე. საერთოდ, მოთმინება ჩემი სუსტი მხარეა. ამიტომაც არ მიყვარს პოკერის თამაში.

ყანჩელს უკვე იმდენი ვინილი მოუგროვდა, ტრეკებს ვეღარ პოულობს და ახლა თავისი კოლექციის დახარისხებით არის დაკავებული, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. სტუდიაში დიდი ქაოსი აქვს. თან სახლში რემონტის კეთებაც დაუწყია. რა მომიგონა შუა ზაფხულში და პაპანაქება სიცხეში რემონტის კეთება? ახლა მაქვს დრო და მოვითავებ საქმესო, ასე მითხრა. საერთოდ, ტექნოსავით გერმანული ყაიდის კაცია - ძალიან მოწესრიგებული და არ უყვარს საქმის გადადება. ალბათ ამიტომაც არის ის ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი და მე ამიტომაც ვარ დამწყები უკვე მეხუთე წელია. ეგეთი მოწესრიგებულობა და შრომის წყურვილიც თავისებური ნიჭია ადამიანის. ვილაპარაკეთ, მოვწრუპეთ, მოვწიეთ, მუსიკას მოვუსმინეთ და დავიშალეთ. თავისი რამდენიმე ახალი ტრეკი მომასმენინა და მომეწონა. ერთია, ბოლომდე მიყვანა უჭირს ხოლმე - წერტილის დასმა. ბოლოს არის შავი სამუშაო და მაგიტომ. შემოქმედებითი საქმე მანდ უკვე ნაკლებია და გულის დადებაც ჭირს. გაშალაშინება უნდა ტრეკს, ისევე როგორც ტექსტს, წერის დროს. ეგ არის ყველაზე უსიამოვნო საქმე. საყრდენი ნახევარმცველის სამუშაოს ჰგავს. ნგოლო კანტე. ზიდანებს უჭირთ ეგეთი თამაში და დიდად სურვილიც არ აქვთ. უბრალოდ, თანამედროვე სტანდარტებია ეგეთი. სხვა დრო მოვიდა და უნდა შეგეძლოს. ფეხბურთშიც, მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც.

თავისუფლების მოედნამდე ჩავისეირნე და ტაქსიში ჩავჯექი. სიცხე ძალიან მაცლის ენერგიას. ხვალ ისევ ჩემპიონატის დღეა. გადამწყვეტ ფაზაში შედის ტურნირი, მეოთხედფინალები იწყება და ყველა თამაში ძალიან საინტერესოა.

6 ივლისი, პარასკევი

ფეხბურთში ბავშობიდან საფრანგეთს ვგულშემატკივრობ. საფრანგეთი და ლონდონის არსენალი -ეს არის ჩემი ჩემი ბავშვობის სიყვარული. ასაკში უკვე სხვა ემოციებია, გული ოდნავ გამიცივდა, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. თუმცა, როგორც გაირკვა ურუგვაის კავანი არ ეყოლება და სანერვიულოც არაფერია. კავანის გარეშე სუარესიც აღარ არის სანერვიულო. მარტო მკაცრი თამაშით ფეხბურთს ვერ მოიგებ. ოსკარ ტაბარესს დიდი პატივისცემა, მაგრამ ურუგვაის ფეხბურთი არ მიყვარს. ქვეყანა მიყვარს, მათი ყოფილი პრეზიდენტიც სამაგალითო მმართველი მგონია, მაგრამ არა ფეხბურთი. რასაც თამაშობენ ანტიფეხბურთი უფროა. არ გაუჭირდა საფრანგეთს მოგება. რეალურად პირველ გოლამდე იყო თამაში. ვარანმა გაიტანა და უკვე ვიცოდი, დამთავრებული იყო საქმე. მერე მეკარე მუსლერამ ისეთი შეცდომა დაუშვა, მართლა გული ჩამწყდა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც უხეში შეცდომის შედეგად გადის გოლი. პირად ტრაგედიად აღვიქვამ ხოლმე და გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს. განსაკუთრებით, როდესაც მეკარეს ემართება ასეთი უბედურება. მეც გამომიცდია და ვიცი რა გრძნობაცაა. ეზოში დაშვებული შეცდომის გამო რამდენიმე ღამე არ მძინებია და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რომ გაწირავ გუნდს, წარმოიდგინეთ რა საშინელებაა. საფრანგეთმა კი დამსახურებულად მოიგო და ძალიან ღონიერი გუნდი ჩანს. ერთადერთი ნაკრები მგონია, რომელსაც ჯერ თავისი მაქსიმუმი არ უჩვენებია. ყველა რგოლში ძლიერია. მხოლოდ ერთი რამე მაშინებს - დიდიე დეშამი არის ზედმეტად ფრთხილი მწვრთნელი. მე რომანტიკოსი ვარ და მინდა უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშოს გუნდმა. თან ამის რესურსი არის. დეშამი სხვანაირად ფიქრობს და ჯერჯერობით ამართლებს. ვნახოთ, მერე რა იქნება.

დღის მეორე მატჩი მე მიმყავს და თამაშიც ამას ჰქვია! როდესაც ორივე გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული, საერთოდ სხვანაირი საყურებელი ხდება ფეხბურთი. ბელგიამ ბრაზილიას 2-1 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ტურნირს გამოეთიშა. ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ფელაინის ძირითადში დაყენებამ ძალიან გაამართლა. ბელგიელი ბუჩქი ნეიმარის აჩრდილად იქცა და ბრაზილიის ლიდერს არაფერი გააკეთებინა. საერთოდ ნეიმარმა ამ ჩემპიონატზე თავისი ვარცხნილობებით და სიმულაციებით უფრო დაგვამახსოვრა თავი, ვიდრე ფეხბურთის თამაშით. ყველაზე საინტერესო და უცნაური გადაწყვეტილება, რაც მარტინესმა მიიღო, ეს რომელუ ლუკაკუს ფლანგზე გადაწევა და კევინ დე ბრუინის ცრუ ცხრა ნომრის პოზიციაზე დაყენება იყო. მარსელო მუდმივად შეტევაშია ჩართული და ლუკაკუს ფლანგზე თამაში, ერთ-ერთ ცენტრალურ მცველს ამავე ფლანგზე გადასვლას აიძულებდა. შესაბამისად, გაიწელა დაცვის ხაზი. ცენტრში სივრცეები გაჩნდა, რაც დებრუინმა და აზარმა იდეალურად გამოიყენეს. მართლა მოულოდნელი და კარგი ტაქტიკური მიგნება იყო. ისე ბელგიის ნაკრებს ტიერი ანრის ხელი ძალიან დაეტყო. განსაკუთრებით ლუკაკუს, რომელმაც ფლანგზე მართლა ანრის სტილში ითამაშა და მეორე გოლის მომენტშიც ლეგენდარული ფრანგივით გაისარჯა. ბრაზილიას კი ძალიან არ გაუმართლა. მეორე ტაიმში ერთი გოლი გაქვითა და კიდევ არაერთხელ უნდა გაეტანა. არ შევარდა მეორე გოლი. ხდება ხოლმე. ფეხბურთია. ჩემპიონატს საუკეთესო გუნდი გამოეთიშა.

7 ივლისი, შაბათი

პარასკევი და შაბათი, როგორც წესი ჩემთვის კლუბების დღეა. რამდენი წელი გავიდა და მაინც არ მბეზრდება კლუბური გართობა. ჩემი თაობის ერთ-ერთი გამოცდილი „ქლაბერიც“ შეიძლება მერქვას. რა ვქნა, არ მბეზრდება.მით უმეტეს ახლა, როდესაც საქართველოში საოცარი სცენა ჩამოყალიბდა და პრაქტიკულად ყოველ უიქენდზე თბილისში და ქუთაისში მსოფლიოში საუკეთესო წვეულებები იმართება. არტისტებიც ძირითადად ჩემი მეგობრები არიან და თავიანთი საქმეც მშვენივრად იციან. კარგი და ალალი ხალხია დღეს უმეტესად ამ სფეროში. ერთიანობაც სამაგალითოა.თუმცა, ქართულ სცენას უნიკალურობას მაინც მსმენელი და მოცეკვავე ხალხი აძლევს. რომელი ქვეყნის კლუბში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ საცეკვაო მოედანზე ისეთი გულწრფელი ენერგია, როგორიც ჩვენთან არის, არსად შემხვედრია. არაერთი დაუვიწყარი ღამე მაქვს კლუბში გატარებული. რომელი ერთი გავიხსენო? განსაკუთრებით შეუდარებელი იყო კლუბ „მტკვარზე“-ს გახსნის წვეულება. მაშინ გრინჩი ცოცხალი იყო და იმ ღამეს მიღებული ემოცია არასოდეს დამავიწყდება. ძალიან ინტიმური რამეა ეს და თუ თავად არ გამოსცადე, რთულია სიტყვებით გადმოსცე. გუშინ, ღამე „ბასიანზე“ ბენ ქლოქი უკრავდა და არ წავედი. დამეზარა. სულ თითზე ჩამოსათვლელი წვეულება მექნება გამოტოვებული და გუშინ იყო ასეთი ღამე. ძალიან ბევრი ხალხი იქნებოდა და დამეზარა მისვლა. ესე 10 საათზე ავდექი და დილით გადავწყვიტე „ბასიანზე“ შევლა. ჩემი რამდენიმე მეგობარი ჯერ კიდე ვცეკვავს. დილის ხოდი. ენერგია ყველაზე კარგი მაშინ არის, ხალხი რომ შეთხელდება და მზე ამოდის. ნამდვილი რეივი მაშინ იწყება. დილით ადრე გაღვიძებულს დიდად არ მეგულავება, მაგრამ ვიფიქრე, მივალ, მეგობრებს დავხედავ, ვნახავ რა ხდება. შევიარე და მალევე ნიკუშა ბერაძესთან წავედით. მარტო ცხოვრობს მეგობართან ერთად და კლუბის მერე, ძირითადად ნიკუშასთან მივდივართ ხოლმე. ვაგრძელებთ გართობას და „პახმელიიდანაც“გამოვდივართ. აფთერფართის მადლი. მე დღეს ნაგულავები არ ვარ და მომვლელის ფუნქციებს ვასრულებ. ესეც საჭიროა. ძირითადად მე მივლიან ხოლმე და ხანდახან მეც უნდა მოვუარო სხვას. როდესაც ძილისკენ წავიდა სიტუაცია, წამოვედი.

დღეს კიდევ ორი თამაშია. პირველი მე მიმყავს. დიდი არაფერი თამაში გამოვიდა. ინგლისმა შვედეთს იმაში აჯობა, რაშიც სკანდინავები თავად არიან ყველაზე მაგრები. შვედებისთვის კი მეოთხედფინალი აშკარად მაქსიმუმი იყო. დიდად თავიც არ გამოუდიათ და თითქოს თამაშის განმავლობაშივე შეეგუენ წაგებას. ინგლისს კი მართლა ისტორიული შანსი აქვს. როდესაც ამ გუნდზე წნეხი არ არის, გაცილებით უადვილდებათ თამაში. გარეთ საუთგეიტი კი მართლა იმსახურებს ქებას. ჰარი მაგუაირს, სხვა მწვრთნელი ალბათ საერთოდ არ გამოიძახებდა ნაკრებში, საუთგეითმა კი ძირითადის მოთამაშედ აქცია და მაგუაირიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ინგლისი ნახევარფინალშია. ფეხბურთის სამშობლოა და სულ ორჯერ ყოფილან ასე შორს. თავიდან, იცით, საერთოდ არ მონაწილეობდენ ტურნირებზე. მერე 1966 წელს გავიდნენ ნახევარფინალში, როდესაც თასი ასწიეს და კიდევ 1990 წელს. დიდი დრო გავიდა. თეორიულად შეიძლება ინგლისი-საფრანგეთის ფინალი მივიღოთ და ეს იქნება, რაც იქნება!ასწლიანი ომის გაგრძელება. თუმცა, ჯერ ადრეა.

ინგლისის მეტოქე საღამოს გაირკვა. ხორვატიამ ისევ პენალტებამდე მიიყვანა საქმე და ისევ მოიგო. რუსეთმა კინაღამ სასწაული გააკეთა, მაგრამ ცოტა დააკლდა. რაკიტიჩმა გადამწყვეტი პენალტი ისევ გაიტანა და ოკუპანტი ქვეყანაც გავარდა. კარგ ხასიათზე დავდექი. ვნახოთ შემდეგ დღეებში რა იქნება. ორი დღე შესვენებაა და მერე ნახევარფინალები. საფრანგეთი-ბელგია. ხორვატია-ინგლისი. კარგი წყვილები დაჯდა! ვინ მოიგებს არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ საბოლოოდ შემოქმედებითობა ყოველთვის იმარჯვებს. შეიძლება ანგარიშით არა, მაგრამ მეხსიერებაში და გულში ყოველთვის ხელოვნება იგებს. ფეხბურთია. და ცხოვრება.

თავისუფლების დღიურები: გიორგი ზურაბიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:26:08 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG