Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თანამედროვე ალი ბაბა“: დამალვაში მყოფი ბულგარელი ოლიგარქი აცხადებს, რომ ის მთავრობამ გაქურდა


ვასილი ბოჟკოვი
ვასილი ბოჟკოვი

ბულგარეთის უმდიდრესი ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად, საკუთარი გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გაქცეულია და დუბაიში ცხოვრობს, ბულგარეთის ხელისუფლებას სოციალური მედიით უტევს და ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მულტფილმში თავს ფოლკლორულ პერსონაჟს, ალი ბაბას, ადარებს.

ფეისბუკზე 1 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში ვასილი ბოჟკოვი, რომელიც სათამაშო ბიზნესით გამდიდრდა და რომელსაც მეტსახელად „თავის ქალას“ უწოდებენ, საკუთარ თავს აღწერს არაბული ლიტერატურის ამ ცნობილ პერსონაჟად, რომელმაც თავის გამოქვაბულში დიდძალი ქონება დააგროვა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ეს ქონება მთავრობას წაეღო.

ბოჟკოვი, რომელმაც ქონება დააგროვა კაზინოებით და სათამაშო და ლატარეის თამაშებით, იანვრიდან დუბაიში ცხოვრობს - მას შემდეგ, რაც მას ბულგარეთში ბრალად წაუყენეს გადასახადებისთვის თავის არიდება, მოქრთამვის მცდელობა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა. ბულგარეთის პროკურორები აცხადებენ, რომ ბოჟკოვმა სახელმწიფოს დაუმალა 700 მილიონ ბულგარულ ლევამდე თანხა (ანუ 403 მილიონამდე დოლარი), გადაუხდელი გადასახადების სახით.

ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბულგარეთის არცთუ სანაქებო სურათი, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის თვალსაზრისით, და ასევე წარმოშვა შეკითხვები, ხომ არ სარგებლობდა ბოჟკოვი ბულგარეთის სხვადასხვა მთავრობის მფარველობით.

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი სახელმწიფო, რომელსაც მართავდა 240 ყაჩაღი“ (ანუ ბულგარეთის პარლამენტართა რიცხვი), დაწერა ბოჟკოვმა ფეისბუკზე, მულტფილმის თანმხლებ ტექსტში: „ალი ბაბაც იქ ცხოვრობდა. 2013 წელს [ალი ბაბამ] აღმოაჩინა ახალი გამოქვაბული, ეროვნული ლატარეა, რომელიც ძალიან პატარა იყო - ყაჩაღებს ის არ შეუმჩნევიათ და მასზე საგანგებო გადასახადი არ დაუწესებიათ“.

ზღაპრის პერსონაჟი, ალი ბაბა, ღარიბი ხის მჭრელი იყო, რომელიც ყაჩაღთა ბანდის სიმდიდრეს წააწყდა. თავგადასავლების სერიის შემდეგ, ალი ბაბამ გამარჯვება მოიპოვა და დარჩა ერთადერთ ადამიანად, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი იყო საიდუმლო გამოქვაბულში მდებარე განძი.

საჯაროდ დასახელებული სახელები

როგორც ვთქვით, მულტფილმში ოლიგარქი საკუთარ თავს თანამედროვე ალი ბაბად გამოსახავს. მულტფილმის პერსონაჟი გამოწყობილია შავ მაისურში, რომელსაც თავის ქალა ახატია და ბოჟკოვის განუშორებელ სიგარას ეწევა. მულტფილმი ჰყვება ამბავს ბიზნესმენისა, რომელმაც მმართველი ძალების ყურადღება მიიქცია და მათ მეტი გადასახადის გადახდა მოსთხოვეს.

2013 წელს პრემიერ-მინისტრ პლამენ ორეშარსკის კაბინეტი გამოვიდა წინადადებით ცვლილებები შესულიყო კანონში, რომელიც ლოტოს დარბაზებს, ლატარეებსა და ბანქოს თამაშებს გადასახადებისგან ათავისუფლებდა. ეს ცვლილებები პარლამენტმა 2014 წელს დაამტკიცა.

ბოჟკოვის მიერ ფეისბუკით გავრცელებული მულტფილმი მთავრდება ალი ბაბას „ფინანსთა ხელმძღვანელის მოადგილესთან“ შეხვედრის აღწერით.

„ჩვენ დაგეხმარეთ. შენ ამ კანონის შესაბამისად იმუშავებ და მოგების 20 პროცენტს მოგვცემ“, - ამბობს მულტფილმის პერსონაჟი პოლიტიკოსი, რითიც მიანიშნებს კანონში არსებულ ბუნდოვანებაზე, რომლის საფუძველზეც, ბოჟკოვის მტკიცებით, მას საგადასახადო ტვირთის შემცირებას დაჰპირდნენ.

ვასილი ბოჟკოვის ერთ-ერთი კარიკატურა
ვასილი ბოჟკოვის ერთ-ერთი კარიკატურა

ერთ დღეს, 2 ივნისს, ბოჟკოვმა იგავები მიატოვა და უფრო პირდაპირ ალაპარაკდა - ფეისბუკზე გამოაქვეყნა ცხრილი „მათთვის, ვინც ზღაპარი ვერ გაიგო“. და ამ ჯერზე უკვე კონკრეტული სახელები დაასახელა.

ბარბაროსული ხუნტა

ბოჟკოვი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და ფინასთა მინისტრი ვლადისლავ გორანოვი (ორივე ფიგურა მმართველი კოალიციის წევრია, რომელსაც კონსერვატიული პარტია ГЕРБ-ი ხელმძღვანელობს), მას სთხოვდნენ 20-პროცენტიან წილს ბულგარეთის უმსხვილეს ლატარეის ბიზნესში და სანაცვლოდ ხელსაყრელი კანონმდებლობის მიღებას სთავაზობდნენ. სწორედ ამაზე მიანიშნებდა მულტფილმიც.

ბოჟკოვი, რომლის ქონებაც, გავრცელებული ინფორმაციით, 1.5 მილიარდ დოლარამდეა, წერს, რომ თავისი მოგების 20 პროცენტს უხდიდა „კონკრეტულ პირებს“, როგორც „დახმარების სანაცვლო გადასახადს“. მას ეს პირები არ დაუსახელებია და არც ის დაუზუსტებია, კონკრეტულად რა თანხას უხდიდა მათ.

ბოჟკოვი ასევე ფლობს საფეხბურთო კლუბ Левски София-ს და ანტიკური ნივთებისა და ნახატების მდიდარ კოლექციას.

ბულგარეთიდან დუბაიში საკუთარი გადაწყვეტილებით გადასვლის შემდეგ, ბოჟკოვი ფეისბუკზე თითქმის ყოველდღე აქვეყნებს მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებს და ბულგარეთის ლიდერებს უწოდებს „ბარბაროსებსა“ და „ხუნტას“. ის აცხადებს, რომ მთავრობა „ყველა მორალურ და ეთიკურ ხაზს კვეთს“.

ბოიკო ბორისოვი
ბოიკო ბორისოვი

ბორისოვი, რომელიც ხელისუფლებაში 2017 წელს დაბრუნდა 2009 წლის შემდეგ მესამე ვადით, პირობას დებდა, რომ კორუფციას აღმოფხვრიდა. ბოჟკოვის ბრალდებებზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

გორანოვმა აღიარა ბოჟკოვთან შეხვედრები, თუმცა განაცხადა, რომ ეს სტანდარტული პრაქტიკაა ფინანსთა მინისტრსა და გადასახადების მსხვილ გადამხდელს შორის.

ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა, ივან გეშევმა, არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, აპირებს თუ არა ბოჟკოვის ბრალდებების გამოძიებას.

„მე მთავარი პროკურორი ვარ და არა ზედამხედველ პროკურორი. ნახეთ ჩემი უამრავი ინტერვიუ, რომლებშიც დეტალურად ვხსნი განსხვავებას გენერალურ პროკურორსა და ზედამხედველ პროკურორს შორის“, - განაცხადა მან სატელეფონო საუბარში.

გამქრალი კეთილგანწყობა

ბოჟკოვი სწრაფი ტემპით ჩამოვარდა ძალაუფლების მწვერვალიდან. მან ქონება ადრეულ 1990-იან წლებში დააგროვა, ვალუტის გადაცვლითა და კაზინოებით. უწინ მას კარგი კავშირები ჰქონდა და ბულგარეთის სხვადასხვა მთავრობის კეთილგანწყობით სარგებლობდა.

ახლა ის პოლიტიკურად მიუღებელია, მისი ლატარეა ბაზრიდან მოხსნეს, დააკავეს მისი ოჯახის რამდენიმე წევრი და მასთან ასოცირებული რამდენიმე პირი.

ბულგარეთში ბოჟკოვს ბუნდოვანი რეპუტაცია აქვს, მას ბევრი ბრალად სდებს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას.

მაისში საგანგებო პროკურორის ოფისმა გამოაცხადა, რომ იძიებს ბოჟკოვის ჩართულობას ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფში, რომელიც 2012 წლიდან მონაწილეობდა მკვლელობებში, გამოძალვასა და გაუპატიურებებში.

2005 წელს საიტმა „ვიკილიქსმა“ გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაჟონილი ცნობა, რომ ბოჟკოვი ჩართული იყო „ფულის გათეთრებაში, პრივატიზაციის გაყალბებაში, გამოძალვასა და რეკეტში“.

საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) კორუფციის აღქმის ინდექსის 2019 წლის ანგარიშში ბულგარეთს 74-ე ადგილი ეკავა 198 ქვეყანას შორის, რითიც ის ამ ანგარიშში ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო იყო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

XS
SM
MD
LG