Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი აგურით დაგმანული მეცამეტე საუკუნის ძეგლის კარი


სოციალურ ქსელში, ხელოვნების ისტორიკოსების ჯგუფში, 23 სექტემბერს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, საბაწმინდის ეკლესიისა და ვეჯინის დედათა მონასტრის რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ნათლად ჩანს, ძეგლების არქიტექტურულ იერსახეში უხეში ჩარევის ფაქტები.

ვეჯინის დედათა მონასტრის კარი ამოჭრილია და ზედ ღუმელის მილია დატანილი.

შეეხება საბაწმინდის ეკლესიას, იქ ვითარება გაცილებით რთულია. ფოტოების თანახმად, ეკლესიის ორი კარი თეთრი აგურითაა ამოშენებული.

ორივე ძეგლი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას ექვემდებარება. რადიო თავისუფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ექვთიმე ლეჟავას დაუკავშირდა. ის ირწმუნება, რომ ვეჯინის მონასტერსა და საბაწმინდის ეკლესიაში სამუშაოები ნორმების სრული დაცვით წარიმართა:

- მე არ ვიცი, რა ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი დარღვეული არ არის და არანაირი საგანგაშო მდგომარეობა იქ არ არის. ჩემთან შეთანხმებული იყო ეს სამუშაოები.

- ამგვარი სამუშაოების დაგეგმვის დროს აყენებთ თუ არა საქმის კურსში ან საპატრიარქოს ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს?

- იცით რა, გითხარით, დამიჯერეთ, არ არის საგანგაშო ვითარება, მე კომპეტენტური ვარ ამ საკითხებში და მიიღეთ ჩემგან ეს ინფორმაცია. მეკითხებით, გპასუხობთ. და თუ ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გაკმაყოფილებთ, მაშინ გადაამოწმეთ სხვა წყაროებთან.

მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები, 24 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდა, უწყების ზედამხედველობის ჯგუფი, კვლევის სამსახურის სპეციალისტთან ერთად, გურჯაანში, ვითარების შესასწავლად გაემგზავრა.

როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე გვეუბნება, სწორედ მათ მიერ მომზადებული ანგარიში განსაზღვრავს სააგენტოს სამომავლო რეაგირებას ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე. თუმცა, მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ აშკარაა არქიტექტურულ იერსახეში უხეში ჩარევის ნიშნები.

ბექა ბარამიძე ამბობს, რომ გურჯაანის ეპარქიას არ მიუწოდებია სააგენტოსთვის არანაირი ინფორმაცია ძეგლებზე დაგეგილი სამუშაოების შესახებ. არადა, მისი თქმით, ეს არის აუცილებელი ვალდებულება სამუშაოების წარმოების ნებართვის მისაღებად:

„საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც დაგეგმილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩაატაროს სამუშაოები, იქნება ეს მცირე თუ კომპლექსური რეაბილიტაციის სამუშაოები, უნდა მოამზადოს სათანადო პროექტი და მას შემდეგ, რაც ეს პროექტი განიხილება საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების არქიტექტურის საბჭოზე, ის გადაიგზავნება სააგენტოში, ურბანული და შუა საუკუნეების საბჭოში. თუკი საბჭოს წევრებს გააჩნიათ შენიშვნები, პროექტი უკან უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს. პროექტთან ერთად საინიციატივო ჯგუფს მიეწოდება დასკვნა და ეძლევა ექვსთვიანი ვადა, რომ შეასწოროს პროექტი და განმეორებით შეიტანოს ის სააგენტოში კვლავ განსახილველად. პროექტის განხილვა მიმდინარეობს იმ დრომდე, სანამ მას საბჭოს წევრები საბოლოოდ არ მისცემენ დადებით შეფასებას. ამის შემდეგ სააგენტო გასცემს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას. მსგავსი ტიპის პროექტი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიიდან სააგენტოში არ შემოსულა“.

იყო თუ არა საქმის კურსში საქართველოს საპატრიარქო გურჯაანის ეპარქიაში, ორ კულტურულ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება: „ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, დრო იქნება საჭირო“.

თუკი სააგენტოსა და საპატრიარქოსგან მიღებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მაშინ ფაქტია, რომ გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიამ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება ყოველგვარი განხილვისა და მსჯელობის გარეშე მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირები თვითნებურად იღებენ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილებას ისტორიულ ძეგლებზე.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ყიწვისის ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა თვითნებური რემონტი გააკეთეს და ტაძარში მწვანე მარმარილოს იატაკი დააგეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მაშინ საჯაროდ დაწერა, რომ მათი ინსპექტორები ყინწვისში არც კი შეუშვეს. სააგენტომ ეკლესიასთან ვერაფერი გააწყო და კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი დაზარალდა.

საბაწმინდის ეკლესია მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლია. ეკლესია გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობაა. ის აშენებულია ძირითადად აგურით. ეკლესიის შიდა სივრცეს საკურთხევლის სამი და გუმბათის ყელში გაჭრილი თორმეტი მაღალი სარკმლის გარდა, კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომლებიც გაჭრილია სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ღერძზე.

ეკლესიას XX საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს გუმბათის ყელი და ლავგარდანი.

საბაწმინდის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსს.

რაც შეეხება ვეჯინის სამონასტრო კომპლექსს, ტერიტორიაზე მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში აგებული რამდენიმე ეკლესია მდებარეობს, მათ შორის, ყველაწმინდის, ამაღლების, აღდგომის მცირე, ღვთისმშობლის, მოციქულის და წმ. გიორგის ტაძრები.

გუმბათიანი ეკლესია, სადაც დღეს დედათა მონასტერი მდებარეობს, აშენებულია გვიან შუასაკუნეებში. ეკლესია აგებულია თავისი ეპოქისათვის დამახასიათებელი მხატვრულ-არქიტექტურული სახით. შენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აგებულია ვეჯინის ციხეში, რომელიც ჯერ კიდევ მერვე-მეცხრე საუკუნეებში წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ციხე-სიმაგრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG