Accessibility links

ილია II: ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 აპრილს


ილია II-მ მიმართვა გამოაქვეყნა

„მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის მიმართვაში.

პატრიარქი სულიერ შვილებს მიმართავს და სთხოვს შეასრულონ მითითებები, დაესწრონ წირვა-ლოცვას ეკლესიის ეზოში, შინ დარჩნენ ისინი ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ან ხანდაზმულები არიან.

უცვლელი რჩება ზიარების წესი. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

წაიკითხე მეტი.

117 ინფიცირებული და კარანტინის მესამე დღე

დადასტურებული შემთხვევა - 117

კარანტინში - 5437

სტაციონარში - 260

გამოჯანმრთელებული - 23

1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 94 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა შორისაა ნიკოლოზ გამყრელიძე. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გუშინ დატოვა პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმაც.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ექიმებისთვისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე სპეციალისტებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლი შეიმუშავა. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად - სატელეფონო ან ვიდეო-ონლაინ-კომუნიკაციის გზით - უნდა გაუწიონ კონსულტაცია და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები. პროტოკოლის მიხედვით, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადავლენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მდგომარეობა დამძიმდება, იმ შემთხვევაში კი, თუ სახლში თვითიზოლაციის პირობები არ აქვთ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მათი განთავსება საკარანტინო სივრცეში.

ცოტა ხანში კი შესაძლოა მოქალაქეებმა მობილური აპლიკაციით მიიღონ შეტყობინებები თუ ისინი ინფიცირებულ პირთან სიახლოვეში იმყოფებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა. მობილურ აპლიკაციაზე ჯერ მუშაობენ.

და ბოლოს, კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც კარანტინის ამოქმედების შემდეგ შევიდა ძალაში. რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა. დისტანციურად, საჭმლის გარდა, ვერაფერს იყიდით. მაგალითად, შესაძლებელია გამომცხვარი პიცის ან წვნიანის შეკვეთა, მაგრამ ვერ იყიდით წიგნს, სათამაშოს და ა.შ.

წაიკითხე მეტი.

ნატოს "ისტორიული" მინისტერიალი და ახალი პაკეტი საქართველოსა და უკრაინისთვის

კორონავირუსის გლობალური კრიზისის პირობებში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სავალდებულო კარანტინის გამო, შეხვედრა პირველად გაიმართება ვიდეოკონფერენციის სახით. ამ უჩვეულო ფორმატში კი საქართველოსა და უკრაინისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ. „მოველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 1 აპრილს გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

მინისტერიალზე იმსჯელებენ ასევე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ კრიზისზე. გაეროსა და ევროკავშირის გარდა, NATO აქტიურად განაგრძობს Covid-19-ის ინფექციით ყველაზე უფრო დაზარალებული მოკავშირეების სამედიცინო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და გლობალურ საფრთხეებზე რეაგირებას. „ამასთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი უმთავრესი ამოცანის შესრულებას - საიმედო და ქმედით თავდაცვასა და შეკავებას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 1 აპრილს ე.წ. ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც, კორონავირუსთან დაკავშირებული სავალდებულო კარანტინის გამო, ჟურნალისტების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. კიდევ რით არის გამორჩეული დღევანდელი მინისტერიალი, წაიკითხე აქ.

დღეს 1 აშშ დოლარი 3.24 ლარი ეღირება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 აპრილს 1 დოლარი 3.28 ლარი ღირდა.

2 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - ​3.2413 ლარი (1 აპრილი - 3.2816);
  • 1 ევრო - 3.5460 ლარი (1 აპრილი - 3.5960);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0127 ლარი (1 აპრილი - 4.0584);
  • 100 რუსული რუბლი - 4.1164 ლარი (1 აპრილი - 4.2022);
  • 1 თურქული ლირა - 0.4864 ლარი (1 აპრილი - 0.5003).

1 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.2000 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

ანტიქართული პროპაგანდა ცხინვალში, მზადება საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ საქართველოს ტერიტორიას ასახელებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო ჩაკეტილია ე. წ. საზღვარი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები მაინც ცდილობენ ამ „საზღვრის დარღვევას“.

„26 თებერვლიდან 30 მარტამდე სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის მიერ დაფიქსირებულია საზღვრის დარღვევის 20 შემთხვევა. სამხრეთ ოსეთის და საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს მწვავე რესპირატორული დაავადება დაუდგინდა. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მათ ახალ კორონავირუსზე ანალიზი აუღეს, საქართველოს მოქალაქეები რესპუბლიკიდან გაძევებულები არიან“, - ვკითხულობთ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა ამ განცხადებაში არ კონკრეტდება რამდენი მოქალაქე გააძევეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის განთავსების შემდეგ ცხინვალის ხელისუფლების სამთავრობო ტროლებმა ანტიქართული კომენტარების განთავსება დაიწყეს. მაგალითად, ერთი მომხმარებელი იმასაც წერდა, რომ ქართველები ახალ კორონავირუსს სამხრეთ ოსეთში დრონების მეშვეობით ავრცელებენ და მესაზღვრეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებდნენ.ცხინვალში მთავარი ინფორმაციის წყარო ახლა ადგილობრივი სახელისუფლებო და რუსეთის პროპაგანდისტული მედიაა, თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ინტერნეტით ალტერნატიულ ინფორმაციასაც ეცნობიან.

წაიკითხე მეტი.

ვირუსი, რომელმაც სიკვდილთან მარტო დაგვტოვა

86 წლის ნაზიკო ორი წელი, ფეხგადმოუდგმელად იწვა ლოგინში და მარტის ბოლოსკენ მოკვდა. პატარა ქალაქის პატარა უბანში მისი სიკვდილი არავის გაჰკვირვებია. მარტო ისა თქვეს, ვაჰ, რა ცუდ დროს მოკვდაო. ნაზიკოს შვილმა მეზობელს სთხოვა, ყურადღება მიაქციე, სამძიმარზე მოსულებმა დისტანცია დაიცვან და ოთახში რიგრიგობით შემოვიდნენო. რძალმა დაიჩივლა, სტუმრები უყვარდა და ახლა ღვინის წამქცევი და შესანდობარის მთქმელიც ძნელად საპოვნი იქნებაო.

მანანა ვაშალომიძე, ნაზიკოს კარის მეზობელი, ჭირისუფალს ოზურგეთის სასაფლაომდე გაჰყვა:

მარტო ერთი პანაშვიდი ჩატარდა, დასაფლავების წინა დღეს. დისტანციას ეზოშივე იცავდა ხალხი. ყველა პირბადით შედიოდა. ჭირისუფალიც ორი-სამი სკამის გამოტოვებით იჯდა. დასაფლავების დღეს იმდენი ხალხიც ვერ მოგროვდა, რომ ჩასასვენებელი მცირე მანძილზე მაინც ხელით წაესვენებინათ, - ამბობს ის.

ამბები სიჩუმეში დამარხული მიცვალებულების შესახებ და ისტორიული პარალელები წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

  • COVID-19: ქართველი ექიმები მითების წინააღმდეგ.
  • ექიმების ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG